Home რუბრიკები საზოგადოება “ვერ ვბრუნდები, რადგან საქართველოში უმუშევარი დავრჩები და ოჯახი როგორ ვარჩინო?!”

“ვერ ვბრუნდები, რადგან საქართველოში უმუშევარი დავრჩები და ოჯახი როგორ ვარჩინო?!”

რუბრიკის სტუმარია 47 წლის ხათუნა ახალაია, რომელსაც, იმისათვის, რომ ოჯახს ლუკმაპურის ფულით დახმარებოდა, საბერძნეთში მოუწია გამგზავრება. ქალბატონმა ხათუნამ საქართველო 2006 წელს დატოვა და ამჟამად ათენის ერთერთ რაიონში უვლის მოხუცებულს.

_ არავის უნდა სამშობლოს მიტოვება და უცხოეთში ცხოვრება, მით უმეტეს, ოჯახის გარეშე, მაგრამ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, რა უნდა ქნა?! ძალიან მცირე ხელფასი მქონდა, მეუღლე არ მუშაობდა, რადგან ჯანმრთელობას უჩიოდა. ორი შვილი მყავს, სკოლაში კარგად სწავლობდნენ და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაზე ოცნებობდნენ, ჩვენ კი ძალიან გვიჭირდა,ზოგჯერ უფროსები პურს არ ვჭამდით, ბავშვებს რომ ჰქონოდათ. სახელმწიფო კი ვერაფრით გვეხმარებოდა, ამიტომ გადავწყვიტე საბერძნეთში წამოსვლა. არალეგალურად ჩამოვედი, იმდენჯერ დამაბრუნეს ქუთაისიდან ჩხოროწყუში, რომ აღარც მჯეროდა, ოდესმე თუ წამოვიდოდი. მაგრამ ერთ დღეს, ბავშვები სკოლაში რომ გავაცილე, მაინც წამოვედი. ეს რომ მახსენდება, გული მტკივა. ქუთაისში ავტობუსში რომ ჩავჯექი, გაცნობიერებული მქონდა, რა სახიფათო გზაზე მოვდიოდი _ მიუხედავად იმისა, რომ დიდძალ ფულს იხდი, თუ დაგიჭირეს, არავინაა პატრონი. ამიტომ მივენდე უფალს და მისი წყალობით მშვიდობით ჩამოვაღწიე ათენამდე. აქ კი ჩემი ბიცოლა დამხვდა, მან შემიფარა.

_ როგორ დაიწყეთ მუშაობა?

_ ბერძნული არ ვიცოდი და სამუშაოდ მივედი მოხუც ცოლ-ქმართან, ქმარი რუსი იყო, ამიტომ ურთიერთობა არ გამჭირვებია და ამასობაში ბერძნულის სწავლასაც შევუდექი. შუადღით, როცა იძინებდნენ, დავჯდებოდი აივანზე და ჯერ ქართულად აღვწერდი ჩემ გარშემო რაც ხდებოდა, შემდეგ ლექსიკონით ვთარგმნიდი თითოეულ სიტყვას და ასე ვისწავლე ენა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე შემეძლო საუბარი. გადავწყვიტე, ბავშვებთან მემუშავა. ასე აღმოვჩნდი გლიფადაში (ათენის ერთ-ერთი რაიონი _ ქ. ტ.) ორი ბავშვის მომვლელად, უმცროსი ორი თვის იყო, ხოლო უფროსი _ ორი წლის. იქ დავხვეწე ბერძნული ენა, თავისუფლად ვკითხულობდი და ვწერდი. ბავშვებთან 7 წელი ვიყავი, საკუთარი შვილებივით გავზარდე ორივე. ამჟამად ბებიას ვუვლი, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება აქვს და მთელი ღამე დადის, ამიტომ არც მე მძინავს. სკლეროზიც აქვს, ასჯერ უნდა გაუმეორო ერთი და იგივე, მოთმინება უნდა გქონდეს და ეს ჩვენ გვაქვს – ემიგრანტებს…

_ მძიმე ტვირთია სამშობლოსგან, შვილებისგან მოშორებით ცხოვრება

_ იცით, რა მძიმეა სამშობლოდან, ოჯახისგან შორს ყოფნა? ეს რომ გაიგო, ემიგრანტი უნდა იყო. ყველაფერი უცხოა, რასაც უნდა აკეთებდე, სული და გონება ყოველთვის შვილებთანაა, შენს სახლშია. როცა შორს ხარ, უფრო მეტად გიყვარს სამშობლო, ჩემი შვილის მიერ გამოგზავნილი პირველი ამანათის ცელოფანის პარკი ახლაც შენახული მაქვს, რადგან ქართულად ეწერა _ “ყველაზე ძნელი შვილების უნახავობაა”. მიკვირს, როგორ ვძლებ… სკაიპით რომ ვესაუბრები ხოლმე, მინდა, მოვეფერო, გულში ჩავიკრა ორივე, ისინი მაძლევენ ძალას, რომ ავიტანო აქაურობა. არ მახსოვს, გულიანად როდის გავიცინე, ვიღიმები და თვალი ცრემლით მევსება, არაფერი მიტაცებს აქ, უგულოდ ვათვალიერებ ხოლმე ყველაფერს. მიუხედავად უდიდესი ნოსტალგიისა და ოჯახის მონატრებისა, ვერ ვბრუნდები, რადგან საქართველოში სამუშაო არ მექნება და ოჯახი როგორ ვარჩინო?! როდესაც საბერძნეთში ჩამოვედი, მეგონა, მხოლოდ ორ წელს დავრჩებოდი, მაგრამ, უკვე მეათე წელია, აქ ვარ. შორიდან დავტირი ძმის საფლავს, ახალი ჩამოსული ვიყავი, ძმა რომ გარდამეცვალა და ვერ დავიტირე, აღარ შემიძლია, ყველაფერი მენატრება…

_ რა პირობები უნდა შექმნას საქართველოს ხელისუფლებამ, ოჯახს რომ დაუბრუნდეთ?

_ ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ სამუშაო იყოს. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, ვინც დაბრუნდა, ისევ ჩამოვიდა საბერძნეთში. მინდა, ხელისუფლებამ ხალხზე იზრუნოს, შექმნას სამუშაო ადგილები, არ მათხოვრობდნენ პატარა ბავშვები და მოხუცები. როდესაც მეცოდინება, რომ უმუშევარი არ დავრჩები, მაშინ დავბრუნდები და ვიმედოვნებ, ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ სინათლეს გვირაბის ბოლოს. არალეგალურად ჩამოვედი, საბუთები არ მაქვს, ოჯახი, სადაც ვმუშაობდი, დაუკავშირდა ადვოკატს, რათა საბუთები გაეკეთებინათ ჩემთვის, _ მათ შვილებს ვზრდიდი და ეშინოდათ, _ პოლიციელებს რომ გავეჩერებინე, დამიჭერდნენ, ქვეყნიდან გამომაძევებდნენ, მაგრამ ადვოკატმა თქვა, ვიდრე სახელმწიფო არ მიიღებს კანონს არალეგალ ემიგრანტებზე, ვერაფერს გავაკეთებთო. საქართველოს საელჩო არაფერში გვეხმარება ქართველ ემიგრანტებს.

_ როგორი ჩანს საქართველო შორიდან

_ შორიდან ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ უკან მიიწევს ქვეყანა, შური, გაუტანლობა და გულგრილობაა, ხალხს ძალიან უჭირს, განათლება არ ფასდება და კიდევ უამრავი პრობლემაა, უამრავი... მინდა, ფეხზე მყარად მდგარი, ეკონომიკურად ძლიერი და თავისუფალი ვნახო ჩემი ქვეყანა, მოქალაქეებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის და მშობლებს სადარდებელი არ ჰქონდეთ, რა აჭამონ სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ, თვითონ ცხოვრობენ კომფორტულად და მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, ასე რომ არ იყოს, სიღატაკის ზღვრამდე არ მივიდოდა მოსახლეობა. საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ აქ ყველაზე დაბალი პენსიის მქონე მოხუცსაც კი შეუძლია იცხოვროს თავისი პენსიით, წამლების ნახევარს სახელმწიფო უფინანსებს მათ. ჩვენს ქვეყანაში კი პენსიით შეიძლება თავის გატანა? _ არა, რა თქმა უნდა, საქართველოში უამრავი დაუცველი ადამიანის არსებობა ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს. არჩევნები ახლოვდება. საქართველოდან, დიდი ხანია, წამოსული ვარ, პოლიტიკურ პარტიებზე კი ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ინფორმაციას, ძირითადად, “ფეისბუქიდან” ვიღებ. აქ გავიცანი ქართველები, რომლებიც ითხოვენ საქართველოს ტელევიზიაში _ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაარსდეს გადაცემა “საერო სამზეო”, სადაც მიიწვევენ დეპუტატობის კანდიდატებს, პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც გააცნობენ მოსახლეობას თავიანთ პროგრამას, რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლისას. მეც ვუერთდები ამ მოთხოვნას, რადგან მიმაჩნია, რომ მოსახლეობა ასე უფრო კარგად გააცნობიერებს, ვის უნდა მისცეს ხმა. არ მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში _ ნაცი თუ ქოცი, მინდა, ხალხმა აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც ეყვარება სამშობლო, ხალხი, პატარა ბავშვით დაწყებული, მოხუცით დამთავრებული, ეყვარება თითოეული ხე, ბუჩქი. ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც შეეცდება ადგილობრივი რესურსებით დააყენოს ქვეყანა ფეხზე, რომელსაც ყველა სახელმწიფოსთან ექნება ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობა.

_ რას უსურვებთ ქართველებს?

_ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! თითოეული ქართველი მიყვარს და ყველას ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებასა და სიკეთეს.

სიყვარული გადაგვარჩენს ქართველებს, ერთმანეთის სიყვარული!

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. ყველა ემიგრანტის სათქმელი ითქვა…

    ყველა ემიგრანტს ერთი ფიქრი და ერთი დარდი გვაწუხებს
    სამშობლოს ბედი მის დუხჭირ ხალხთან ერთად
    ნუთუ აღარ უნდა მოეღოს ბოლო ასეთ ცხოვრებას????? განა საკმარისი არ არი ქართველი დედების ასეთი ცხოვრება???? რამდენი წელი უნდა ვიცხოვროდ შვილების გარეშე ან შვილებმა დედის გარეშე ეს ცხოვრების ხარისხზე მიუთითებს?????ასე გაგრძელება შეიძლება???? ვის უნდა , რომელ დედას უნდა ეს მაგრამ ყველაფერი რომ ჩვენი დაულაგებელი ხელისუფლების და საქართველოს ბრალია??? ხალხმა რა დავა შავე თ რ ა ა ა ა ?????? გამოფხიზლდი ერო და გადავარჩინოთ საქართველო..ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და საქართველოზე არ შეიძლება??? მივესალმები რაც კეთდება მაგრამ მსიერ ხალხს დაპურება უფრო არგებს ვიდრე სხვა დანარჩენი..

  2. MARTALI XAR XATO CHVEN YVELAS GVINDA DABRUNEBA CHVEN OJAXEBSHI DA CHVEN SAMSHOBLOSHI ,,,,MAGRAM VFIQROBT DZALIAN BEVRS ROM DAVBRUVDET ROGOR SHEVDZLEBT OJAXIS DAXMAREBAS IQ MTELI SAQARTVELO UMUSHEVARIA ,,AM SAKITXZE SAQARTVELOS MTAVROBA AR FIQROBS, CHVEN RATOM UNDA VEMSAXUROT SXVA QVEYANAS ROCA CHVENI QVEYANA ITXOVS DAXMAREBAS ,,,,CHVEN VEMSAXUREBIT MOXUCEBS DA AQ AXEBULI FULI AR XIRS IMAT ROM CHVENI NERVEBIS FASAD DA IMAZEC VNERVIULOBT ROM MOQUCEBS ARAFERI DAEMARTOT DA UMUSHEVREBI AR DAVRCHET DA SXVIS KAREBZE AR MOGVIWIOS KIDEV BEVRJEL SAMSAXUREBI TXOVNA ,RA IQNEBODA CHVEN SAQARTVELOSHI ROM VIMUSHAOT DA VACOCXLOT CHVENI MOXUCI XALXI ISINI MAINC CHVENI QVEYNIS XALXIA ,,,,AQ KI RAMDEN DAMCIREBEBS VITANT ,,,ES ARAVIN AR ICIS ,,,,,RA IQNEBA GADAWYVETILEBA MIXOS CHVENMA MTAVROBAM ROM CHVEN SAMSHOBLOSHI VIMUSHAOT DA CHVENI QVEYANA AVAXORDZINOT ,,,,,

  3. ეჰ! ისეთ სახელმწიფოს რა ვუთხარი სწავლას მოწყურებულ ბავშვს რომ სახსრების გამო ურებ ჩამოყრილს დადოვებსა უფრო მეტიც მშობელს დააცილებს,რა იმედი უნდა გქონდეს ადამიანს ატასი სულელური პარტიები იხსნება კანდელაკიც რომ პარლამენში საჭირო გაგვიხდება თუმცა ისე ხოცავენ ერთმანეთს და პოლიტიკა რინგი გონიათ კუნთებით მოაზროვნე ხალხი უფრო საჭირო გაგვიხდება პარლამენტში სულ რომ არ დახოცონ ერთმანეთი,რამდენი ასეთი სისულელე…ნეტა მსოფლიომშვიდობა იქნებოდეს და ყველა ადამიანი იბრძოლებს საკუთარი თავის თუ ოჯახის გადასარჩენად,მეტის იმედს არც გვიტოვებენ.

  4. უმძიმესი განცდაა სამშობლოდან შორს ყოფნა,მაგრამ მაინც ვეგუები.2000წლიდან ამ უცხო მიწა-წყალზე ყოფნა დიდ გმირობად მიმაჩნია.შეიძლება მკითხონ რატომ არ ბრუნდებიო?! ისევ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვერ ვიქნები,რამაც აქ ჩამოსვლა განაპირობა. პირველად 2002 წელში ჩამოვედი საქართველოში.როგორც კი საქართველოს საზღვარზე – ბათუმში მიწაზე ფეხი დავადგი, წვიმიანი დღეს იყო და ორივე ხელით მიწა ავიღე და ვაკოცე………….ვისურვებდი ყველა ქვეყნის ემიგრანტები- ქართველები მშვიდობით დავბრუნებოდეთ ჩვენს საქართველოს.

  5. aalbat zotati mainz dapikrdebian cveni xelisypalni, rogor dagvexmaron am ojaxebs da sakvarel xalxs monatrebyli daavadmkopebyli kartvelebi, albat ypali gvexmareba gayzlot am gacirvebas da vin izis rodis damtavrdeba es tanjva zameba. velodebit sakartvelohi iset xelisyplebas vinz gaitvaliszinebs rom cven evropis ki ara sakartvelos bekryli hvilebi vart, ojaxebs heziryli dedebi da bebiebi. imis pikrit rom davbryndebit iset samhoblohi, sadaz zxovreba ikneba hesazlebeli, es imedi ypalma ar mogvihalos, ai ras elodeba sazodavad gaxiznyli xalxi.

  6. me piradad vicnob am qalbatons.man dzalian kargad chamoayaliba emigrantis satqmeli da cxovreba..xalxno davigalet imis molidinshi rom saqartvelo win waiwevs magram ushedegod.kargi me davamtavre shvilosnoba magram im axalgazrdebma ra qnan vinc aq aris da rchebian momavlis gareshe.ushvilcirod.isedac shemcirebuli taoba uaresad shemcirdeba.ramdeni rame unda vtqva bevria satqmeli magram vin gismens

  7. ევროკავშირის კანონები ღუპავს ევროპის კონტინენტს ამბობს ინგლისელი ევროპარლამენტარი. ხელს უწყობს უმუშევრობის ზრდას და აქვეითებს პროდუქტიულობას.

  8. საშინელებაა საქართველოში ცხოვრება,ჩვენი მთავრობა ისე გვიჭერს მარწუხებს,იზულებულები ვართ ქვეყნიდან გავიქცეთ ოჯახების გადასარჩენად.2წელი და 5 თვე ვიყავი საბერძნეთში,შვილი გამიხდა საოპერაციოდ და წამოვედი..მეგონა დამლაგებლად მაინც ვნახავდი სამუშაოს,მაგრამ იმედი გამიცრუვდა…დამლაგებლიდან დაწყებული,მაღალ ჩინოსნებით დამთავრებული ყველგან ჩვენი მთავრობის ახლობელ-მეგობრები მუშაობენ..ჩემს შვილს კიდევ წამლები და ათასი მკურნალობა სჭირდება.რა ვქნა მირჩევს ვინმე?იძულებული ვარ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ისევ უცხოეთში გავემგზავრო…ისევ იმ ჯოჯოხეთს დავუბრუნდე რასაც ემიგრანტის ცხოვრება ქვია…

  9. 2016 წელს ახალი არჩევნები მოდის და ალბათ ისევ გავახსენდებით ემიგრანტები რომ ვარსებობთ მერე ისევ დაგვივიწყებენ როგორც მოხდა 2012 წლის არჩენებზე რამდენი დაპირებები იყო და მერე არავის გავხსენებივართ. ნუთუ არგვყავს ქართელ ერს ისეთი ხალხი რომელსაც მართლა ეყვარება საქართველო და ქართველი ხალხი და იზრუნებს ქვეყნისთვის და არა საკუთარი კომფორტისთვის ნუთუ ასე ძნელია ვიყოთ ნორმალური ქვეყანა. გვქონდეს ნორმალური ხელფასები და პენისიები როგორც ყველა ნორმალურ ქვეყნებშია.

  10. იცით რა მაოცებს 9 წლის განმავლობაში ნუთუ ამ \\\”აყვავებულ\\\” ქვეყანაში ვერ დააბრუნეს მართლაც ეს გმირი და შეწირული ადამიანები.და უფრო მეტად მაოცებს ჯერაც რომ ვერ დაბრუნებულა ზოგიერთი მათგანი იქიდან ლანძღავს და მოწოდებებს გზავნის და იმ 9 წელს მისტირის. ვერ ჩამოგიყვანათ 9 წლიანი აღორძინების ხანის მესვეურებმა

  11. 12 weli mtavrdeba,rac wamovedi,12 dghe xom araa,vifiqre maqsimum 3 weli da davbrundebitqo,magram 150 lari puris fuladac ar gekofa kacs,zalian znelia,ise daibadnen da gaizardnen hvilishvilebi,moferebac ar ician,sikvarulze zedmetia saubari,aq ki martalia zalian zneli cxovreba gvaqvs,me sabutic maqvs,mabramise ar aewko chveni qvekana,ro vifiqro scin dabruneba,mtavrobam unda ifiqros xaxali samucshao adgilebis sheqmnas da xalxi daasaqmos.sofelshi meurneobas rom mokido xeli eger turqetida ufro biafad shemoaqvs,vidre chven miweva dagvijdeba,glexs adgilic ar aaqvs rom misiproduqcia gakidos,zviria teqnika shxam qimikatebi da produqcia uxarisxocaa.amitom ifiqros mtavrobam soflis gamagrebaze.tu sofeli magaria,qalaqi zlieria.kvbelas gveshinia amitom uka dabrunebissss.aq wamali da eqimic ufasoa,mand pensiit wamalsac ver vikidit.ar aris elementarli pirobebi,torem xvalve davbrundebodiiiii

  12. უბრალოდ აღარ ვკითხულობ ასეთ წერილებს, ძალიან მეშლება ნერვები, ეხლა იმ თქვენმა შენახულმა ოჯახმა შეგინახოთ, ნუ აგრიალებთ იქ მყოფებს, დაადეთ ფასი თქვენს ნაშრომს, თორე როცა დაბრუნდებით როდისღაც აღარავის არ დასჭირდებით, მიხედეთ თქვენს თავებსაც ჩემო კარგებო, მეც უცხოეთში ვარ, მაგრამ ჩემები ჩემს გაგზავბნილს დასახარჯად ვერ იმეტებენ, იციან რა არის უცხოეტი და იქ მუშაობა, ასე, რომ გაუფრთხილდით საკუთარ ნაშრომს. და კიდევ ერთს დავწერ, თუთაშხიაშია ასეთი ფრაზა, \\\”ერთი მილიონი რა არის დათა ბატონოო\\\’ კარგად გამართულიც ბევრია, მაგრამ სამშობლოსკენ აღარ იხედებიან. წლობით არა განა ვერა მიდიან და ჩაეხუტებიან იქ მყოფებს..

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: cisana asatiani Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here