ოფიცრები ხდებიან მოწოდებით. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბავშვები ინტერესდებიან სამხედრო ისტორიით, გეოგრაფიით, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრებით, შემდგომ ოცნებას ისრულებენ სამხედრო სასწავლებელში შესვლით.
მოზარდები უკვე გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სამხედრო სამსახური მოითხოვს მკაცრ დისციპლინას, უფროსისადმი უყოყმანო დამორჩილებას, საქმისადმი ერთგულებას, სამშობლოსადმი თავგანწირვას. იციან, რომ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მათ შეხვდებათ ისეთი სიძნელეები, რომლებიც მათგან მოითხოვს დიდ ფიზიკურ და მორალურ დატვირთვას.
ამასთანავე, მათ კარგად იციან, რომ სახელმწიფოც კისრულობს გარკვეულ ვალდებულებებს სამხედრო მოსამსახურის წინაშე: მისცეს ჯამაგირი, შემოსოს, საცხოვრებელი პირობებით დააკმაყოფილოს, მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უზრუნველყოს ღირსეული საპენსიო პირობებით და გაწვრთნას საბრძოლო მოქმედებებში ჩასაბმელად.
სამხედრო სასწავლებლებში, ნაწილებსა და დაწესებულებებში ცხოვრების წესი მკაცრად რეგლამენტირებულია წესდებით და მეცნიერულად დასაბუთებული დღის განრიგით, რომლის თვითნებურად დარღვევის უფლება არავის აქვს, რადგან მისი დარღვევის შემთხვევაში ირღვევა პირადი შემადგენლობისთვის გათვალისწინებული აუცილებელ ღონისძიებათა ჩატარების ციკლი: კვებისა და ძილის რეჟიმი, მეცადინეობებისა და თვითმომზადების ჩატარების დრო და სხვა ღონისძიებები.
სამხედრო წესდება არეგულირებს ურთიერთობებს უფროსებსა და უმცროსებს, მეთაურებსა და ხელქვეითებს შორის, განსაზღვრავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს სამსახურის გავლის სხვადასხვა პირობებში. წესდებაზე აგებული ცხოვრების წესი იძლევა საშუალებას, განმტკიცდეს დისციპლინა, ამაღლდეს ბრძოლისუნარიანობა, დამყარდეს კოლექტივში ჯანსაღი ურთიერთობები სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ჩამოყალიბდეს ღირსეული ტრადიციები; იზრდება პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისადმი.
სამხედრო ნაწილებსა და შტაბებში 15-20 წლის განმავლობაში მსახურება ოფიცრებს უვითარებს ბევრ კარგ თვისებას, ამცირებს ან, საერთოდ, აღმოფხვრის ნაკლოვანებებს. მათ უვითარდებათ ნებისყოფა, თავმოყვარეობა, ამტანობა, ინიციატივა, სწავლისადმი და სამართლიანობისადმი მიდრეკილება, სპეციალობის სიყვარული, სამხედრო ფორმის პატივისცემა, მუშაობის საშტაბო კულტურა, ვითარების შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ხშირი ვარჯიშითა და წესდების მოთხოვნების მკაცრი შესრულებით ყველაფერი ეს, საბოლოოდ, ჩვევებად ყალიბდება და აზროვნებისგან დამოუკიდებლად ვლინდება. ოფიცერი ხდება კეთილშობილი, ეროვნული ტრადიციებისა და მაღალი იდეების მქონე _ ნამდვილი სამხედრო ინტელიგენტი. მას უვითარდება მეთაურის ხასიათი: შეუძლია, მართოს კოლექტივი ნებისმიერ ვითარებაში და პირადი მაგალითით გავლენა მოახდინოს ქვეშევრდომებზე.
ახალგაზრდისგან სრულფასოვანი ოფიცერი რომ ჩამოვაყალიბოთ, მან თანამიმდევრობით უნდა გაიაროს სამხედრო ცხოვრების გარკვეული საფეხურები, წვრილმანებში შეისწავლოს ისინი, შეიცნოს ამ საფეხურების საიდუმლოებები. ამას კი სჭირდება არანაკლებ 15-20 წელიწადი _ თავდაპირველად სამხედრო ნაწილებში, შემდგომ კი მართვის ორგანოებში სამსახურის აუცილებელი გავლით.
სამხედრო ხელოვნების ისტორია ადასტურებს, რომ მხოლოდ იქ, სადაც დაცულია ჯარის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების წესი, სადაც სამხედრო იმყოფება სახელმწიფოს მუდმივი მზრუნველობისა და კონტროლის ქვეშ, საბრძოლო ამოცანები გადაიჭრება წარმატებით და მინიმალური დანაკარგებით: იქ კი, სადაც ყურადღება არ ექცევა ოფიცრების ცოდნასა და გამოცდილებას, ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმსა და მორალურ-ზნეობრივ თვისებებს, გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელია.
ამას ჩვენი უახლოესი ისტორიაც ადასტურებს.
პიროვნებას, რომელსაც ჭაბუკობის ასაკში ჯარში არ უმსახურია, სამხედრო სასწავლებელში არ უსწავლია, 25 და მეტი წლის მიღწევისას გაუჭირდება სამხედრო ცხოვრების წესების წვრილმანების გაგება, სამხედრო წესდების მოთხოვნებთან შეგუება, მას უკვე ვეღარ განუვითარდება მეთაურის თვისებები, მისგან ვეღარ დადგება საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილებისა და შტაბების ნამდვილი სამხედრო სპეციალისტი.
შეიარაღებული ძალებისთვის მიუღებელია სამხედრო ნაწილებისა და შტაბების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკომპლექტება გამოუცდელი ან სხვა უწყებებიდან გადმოსული პირებით, განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ისინი ინიშნებიან სამეთაურო თანამდებობებზე.
ასეთ ადამიანებს, ძირითადად, არ აქვთ სამხედრო სფეროში თავიანთი შესაძლებლობების, ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის უნარი, სამაგიეროდ აქვთ დიდი ამბიციები და წარმოდგენა საკუთარ თავზე.
ასეთი მეთაურები და ხელმძღვანელები უგულებელყოფენ კანონებს, ფიცისა და სამხედრო წესდების მოთხოვნებს და მართავენ ნაწილს თავიანთი შეხედულებისამებრ, ადრე მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
და თუ ზემდგომი ორგანოებიდან მოთხოვნები შესუსტებულია და კონტროლი არ არსებობს, მაშინ ასეთი უფროსები უწყებას თუ სამხედრო ნაწილს უყურებენ, როგორც საკუთრებას. იქმნება ახლო მდგომ პირთა პრივილეგირებული წრე, მკვიდრდება უსამართლობა და მლიქვნელობა, ყალიბდება დაუსჯელობის სინდრომი.
ჯარის არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების ასეთი პრაქტიკა ბევრ გამოცდილ ოფიცერს სამართლიანობისა და მომავლის რწმენას უკარგავს. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ პატიოსანი და ერთგული სამსახურით შესაძლებელია თანამდებობრივი და წოდებრივი წინსვლა. მათი ბედი მთლიანად დამოკიდებული ხდება უფროსის განწყობაზე.
ყოველივე ეს კი უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე, დისციპლინაზე, მორალურ მდგომარეობაზე, სამხედრო უწყების ავტორიტეტზე მოსახლეობის თვალში.
პატივისცემით,
ალექსანდრე ტოლსტოი
მივესალმები ბატონ ალექსანდრეს, ჩემს პირველ ხელმძღვანელს,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ოფიცრის თანამდებობაზე სამხედრო სამსახურის დაწყების დროს. ძალიან სწორ ანალიზს აკეთებს ოფიცრის ჩამოყალიბების გზაზე, აქ მოთხრობილია თუ როგორი გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რათა ოფიცრად ჩამოყალიბდეს. მე მას რა თქმა უნდა ვერაფერს ვასწავლი, მაგრამ ერთს კი დავამატებდი: მიმაჩნია, რომ ოფიცრის და ზოგადად, სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბება უნდა იწყებოდეს საშუალო სკოლის ასაკიდან, როგორც ეს იყო 2007 წლამდე, ამ ასაკიდან იწყება ადამიანში ცნობიერებისა და ორიენტაციის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს გააკეთონ სწორი და მათთვის მისაღები გადაწყვეტილება.
ღირსეულად რომ ატარო ოფიცრის წოდება, იამაყო შენი ფროფესიით რომელსაც სამშობლოს დამცველი ჰქვია, რაც არ უნდა მოწოდება გქონდეს და გიყვაარდეს და ცხოვრობდე სამხედროს ცხოვრებით შეუძლებელი იქნება მანამ სანამ იარსებებენ ხიდაშელები, ახალაიები, კეზერაშვილები და ოქრუაშვილები
ახალი თაობა უყურებს ამდენ უსუსურობას და ეს ჩვეული სტილი ჰგონიათ სამხედრო ცხოვრების.