Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენ ნატოში კი არ შევალთ, შევძვრებით!

ჩვენ ნატოში კი არ შევალთ, შევძვრებით!

ასეთი სათაური ვინმეს შეიძლება გაჰკვირვებოდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურ დონეზე განაცხადა, _ საქართველოს ნატოში თუ არ შეუშვებენ, ფანჯრიდან გადაძვრებაო, რაღა უნდა იყოს გასაკვირი?!

სწორედ თინა ხიდაშელის ამ განცხადებამ მისცა ზეშთაგონება ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტს და მან დაიწყო გარკვევა, _ კარიდან ან ფანჯრიდან შესვლის გარდა, კიდევ რა საშუალებები აქვს “რეზერვში” ჩვენს გენიოს თავდაცვის მინისტრს ნატოში შესასვლელად.

ვარაუდი სწორი გამოდგა და სხვანაირად არც შეიძლებოდა. აბა, თინა მაგის ჩიტია, რომ კარზე ბრახუნის შემდეგ, თუკი ფანჯარაც არავინ გაუღო, თავი ჩაღუნოს, ბედს დამორჩილდეს და სახლში წამოვიდეს?

ჩვენი კორესპონდენტი ფიქრობდა, რომ თინას აუცილებლად ექნებოდა ნატოში შესვლის კიდევ არაერთი ვარიანტი და, დიდი მცდელობის შემდეგ, ჩვენ მისი ყველა საიდუმლო გეგმა გავშიფრეთ.

სიტუაცია ასეთია: ვინაიდან საქმე გვაქვს ისეთ უცნაურ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ნატო, ანუ ორგანიზაციასთან, რომლის კარიც 25 წლიწადია ღიაა და აგერ, 25 წლის მერე, როდესაც ამ კარს მივუახლოვდით, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, რატომღაც სწორედ ახლა იხურება!

ვინაიდან საქმე გვაქვს ორგანიზაციასთან, რომელსაც, თურმე, კარს როცა კეტავს, ფანჯარა შეიძლება ღია დარჩეს და ა. შ.

ვინაიდან ასეთ არეულ, დაულაგებელ და და ძალიან არაპროგნოზირებულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.

კერძოდ, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ შესაძლოა, ნატოს არათუ დარჩეს ფანჯარა ღია, არამედ ისე საგულდაგულოდ დაგმანოს, როგორც 25 წლის განმავლობაში ღიად დატოვებული კარი ჩარაზა სასტიკად და მოულოდნელად!

გამოსავალი? რა პრობლემაა? _ დავიჯეროთ, ასეთ სახელგანთქმულ ალიანსს სადმე, რომელიმე ოთახში, ბუხარი არ ექნება?! ადგება თინა და, გამოიყენებს სანტა კლაუსის მეთოდს _ საკვამურიდან ჩაძვრება ნატოში.

აი, სწორედ ეს ვერსია გადაამოწმა ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდნეტმა და, უპირველესად, ნატოს ბუხრის საკვამური დაათვალიერა. არც შემცდარა _ იქ მართლაც აღმოჩნდა თინა ხიდაშელისა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დავით უსუფაშვილის ნაფეხურები.

კვალის საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თინასა და მის მეუღლეს დიდხანს უწვალიათ საკვამურში ჩაძრომაზე, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილის მსხვილი გაბარიტების გამო შიგ ვერც ერთი ჩატეულა.

ამიტომ, როგორც ჩანს, ამ გეგმაზე იძულებით უთქვამთ უარი. ის-ის იყო ჩვენი გაწბილებული კორესპონდენტი რედაქციაში დაბრუნებას აპირებდა, რომ იქვე, ნატოს ჩარაზულ კართან და დაგმანულ ფანჯარასთან, ანაზდად შეამჩნია ბალახის უცნაური წყობა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბალახისა და მიწის თხელი ფენის ქვეშ საიდუმლო ხვრელია გათხრილი, რომლის მეორე ბოლო პირდაპირ ჯეიმს აპატურაის კაბინეტში ადის.

აი, მივაგენით! საიდუმლო გეგმაც გახსნილია! თუკი ნატოში კარიდან და ფანჯრიდან არ შეგვიშვეს, ჩვენი მამაცი თავდაცვის მინისტრი და მისიყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკიქმარი ნატოს ქვეშ ორმოს გამოთხრიან და იქიდან შეგვაძვრენენ ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში.

უკვე ისიც გასაგებია, რატომ აცხადებდა ასე გადაჭრით თინა ხიდაშელი, _ საერთოდ აღარ მინდა არანაირი მაპი, პირდაპირ ნატოში შესვლას ვითხოვო.

ერთი ისღაა საფიქრალი, იმ ხვრელის თხრისას და იქ შეძრომისას, ემანდ პუტინმა არ მოჰკრას თინას თვალი, თორემ, გარდა იმისა, რომ გაბრაზდება… რა ვიცი… მაინც კაცია და…

ხვრელში უხერხულ პოზაში ჩამძვრალი ქალის დანახვა, ასე თუ ისე, მაინც უხერხულად გვეჩვენება…

1 COMMENT

  1. მერე შეეტევიან ეგ და მაგის ქმარი ბუხარში? ორივეს ღაბაბები დაეკიდა, რაც ბიძოს
    ბაგაზე მოხვდნენ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here