Home რუბრიკები საზოგადოება დავით იაკობიძე: სააკაშვილი სულ იმას გაიძახოდა, აი, ჩვენ რომ ნავთობი გვქონდეს, ნავთობი...

დავით იაკობიძე: სააკაშვილი სულ იმას გაიძახოდა, აი, ჩვენ რომ ნავთობი გვქონდეს, ნავთობი რომ გვქონდესო… კი, მაგრამ, მანგანუმი რომ გაქვს?!

რუბრიკის სტუმარია საქართველოს ლეგენდარული ფინანსთა მინისტრი, ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე.

_ ნაახალწლევს დავოსში გამართულმა ყოველწლიურმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ხაზგასმით გამოკვეთა, რომ მსოფლიო მეოთხე სამრეწველო რევოლუციის პერიოდში შედის. რას ნიშნავს ეს, ბატონო დავით, საერთოდ და, კერძოდ, ჩვენი ქვეყნისთვის? როგორ ვეწერებით ამ რევოლუციაში?

_ დავოსის ფორუმზე განხილული საკითხების ნუსხა მდიდარი და მრავალფეროვანია, მაგრამ მთავარი მაინც “მეოთხე სამრეწველო რევოლუცია” იყო, რომლის მამოძრავებელ ძალად წარმოგვიდგება ხელოვნური ინტელექტის, რობოტოტექნიკის, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების, ნანოტექნოლოგიურ და თანამედროვე მეცნიერების სხვა სფეროებში მოპოვებული მიღწევები. დიდი ციკლების თეორიის მიხედვით, 2018 წლიდან დაიწყება აღმასვლა ეკონომიკაში. დავოსის წლევანდელმა ფორუმმა სწორედ ეს განაცხადა. 2016 და 2017 წლები იქნება გადასვლისთვის მზადების პერიოდი. გაძლიერდება და განვითარებული გახდება ის ეკონომიკები და ის ბაზრები, რომლებიც მოემზადება ამ სიახლეების დასანერგად.

საქართველოს როგორც ახლა არ აქვს რესურსი, ისევე არ ექნება მომავალში. მაშ, რაზე ვლაპარაკობთ?! პირდაპირ გეტყვით: თუ არ შემიძლია ამ რესურსის დანახვა, არც მექნება. სააკაშვილი სულ იმას გაიძახოდა, აი, ჩვენ რომ ნავთობი გვქონდეს, ნავთობი რომ გვქონდესოკი, მაგრამ, მანგანუმი რომ გაქვს _ “შავი ქვა”, რომელიც რკინის მადნების შემდეგ თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილზე დგას მეტალურგიასა და სამთომომპოვებელ მრეწველობაში?!

მანგანუმს 6 მილიონი ტონის ოდენობით აწარმოებს ჩინეთი, ავსტრალია _ 4 მილიონ ტონას, ამდენივეს _ სამხრეთ აფრიკა, 2 მილიონ ტონამდე ავიდა გაბონი, 3 მილიონ ტონას აწარმოებს ბრაზილია. ყაზახეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში საერთოდ არ აწარმოებდა, რადგან შედარებით უხარისხო მადანი ჰქონდა და ძვირიც, ამჟამად 2 მილიონ ტონაზე გავიდა, უკრაინა ერთ მილიონ ტონას აწარმოებს. და ჩვენ, ვინც 800 ათას ტონაზე მეტს ვაწარმოებდით, 300 ათას ტონამდე ჩამოვედით. თანაც, ეს მაჩვენებელი, მგონი, მაინცდამაინც ზუსტი არ არის.

რა ხდება? რატომ ვერ ხედავდა და ვერ ხედავს ამ რესურსს დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება? კი, ამოქმედდება გლობალური მსოფლიო სისტემა, მაგრამ როგორ იცხოვრებს შენი პენსიონერი, როგორ იმკურნალებს შენი ავადმყოფი, როგორ განათლებას მიიღებს შენი ახალი თაობა, რომელ ენაზე და ა.შ. ამ ყველაფერს კოსმოსიდან ვერავინ გადაგიწყვეტს.

ხომ ასეა? მაშ, ამას უნდა მივხედოთ მეოთხე სამრეწველო რევოლუციის გარდამავალ პერიოდში.

_ ჩვენი რუბრიკის ერთი პერიოდი _ “დღეს” _ ჩავთვალოთ, რომ გავიარეთ. მინდა გთხოვოთ მეორეზე გადასვლა (რომელიც რიგით პირველია) _ “გუშინ”. და რადგან მანგანუმით დავიწყეთ, ეგებ, ამავე კონკრეტიკით გავნაგრძოთ საუბარი _ მანგანუმი, ჭიათურა

_ გუშინ ამაზე მეტი რომ გვეფიქრა, მანგანუმის წარმოება მაღალ დონეზე გვექნებოდა. საქართველოში იყო მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვამზადებდით ამ დარგის მრავალმხრივ სპეციალისტებს და ა.შ., მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიყავით კონცენტრირებული იმაზე, როგორ უნდა ვამუშაოთ ჭიათურა ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში.

ჭიათურის მნიშვნელობა კარგად რომ გვქონოდა გათვითცნობიერებული, 300 ათას ტონაზე არ გავჩერდებოდით, იმუშავებდა უფრო მეტის მოსაპოვებლად; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დაამზადებდა უფრო მეტ პროდუქციას და მსოფლიო ბაზარზე დავიმკვიდრებდით ჩვენს ადგილს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარდამავალ პერიოდში, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენი დავით შალიკაშვილი მართავდა ზესტაფონის “ფეროს”, უამრავი წინააღმდეგობა შეიქნა გადასალახი: ვერ თანხმდებოდნენ მანგანუმის ფასზე, საქმეს აბრკოლებდა არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო, რომელიც კორუფციული ელემენტებით იყო უხვად გაჯერებული და ა.შ. დავით შალიკაშვილს ებრძოდნენ ყოვლად დაუშვებელი მეთოდებით და კიდეც შეიწირეს. ნათელში იყოს მისი სული.

მაგრამ შემდეგ ვისია ჭიათურა, იცით? ვისია “ფერო”?

_ არა, არ ვიცი.

_ მეც მანდა ვარ. ჟურნალისტურ გამოძიებებს რომ ვისმენ, ვრწმუნდები, რომ თქვენი კოლეგები ერთ დახშულ წრეში ტრიალებენ, რაღაც წვრილმან თემებზე ხარჯავენ ძვირფას დროს და მიდის ერთი და იმავეს ღეჭვა. წადი რა, შე მამაცხონებულო, ასეთ პრობლემურ თემებში ჩაიხედე, შენს ქვეყანას უკეთესად შეისწავლი და შენც გაიზრდები, თვალსაწიერს გაიფართოვებ! ამას წინათ გაგა რაზმაძის ფილმი აჩვენეს და ითქვა, რომ პირველად აღმოაჩინეს ჭიათურის კინემატოგრაფიული სახე(!). პირველად?! როცა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმი ჭიათურაზე ჯერ კიდევ როდის! შენ კი შენი ქვეყნის ამ სიმდიდრიდან თვითიზოლირებული ხარ! ამ შემთხვევაში ჩემი საყვედური ეკუთვნის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, მწერლებსაც, დრამატურგებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ერის ელიტურ ნაწილს წარმოადგენენ. პოეტი იყო აკაკი წერეთელი, დრამატურგი _ შალვა დადიანი. აბა, ნახეთ, რას აკეთებდნენ ჭიათურისთვის და რა თავდადებულები იყვნენ. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ჭიათურამ გააგზავნა სასწავლებლად კონსტანტინე გამსახურდია, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ბიძინა რამიშვილიამ ინდუსტრიულმა აკვანმა შექმნა ხელოვანთა ეს ბრწყინვალე თაობა.

როცა ჩვენს თანამედროვე ამათ კოლეგებს მოვუწოდებდით, მოდით, ერთად ვიმუშაოთ ჭიათურის პრობლემების გადასაწყვეტად, იცით, როგორ ეკიდებოდნენ ჩვენს შეთავაზებებს? ტვინი წაიღეს ამათ თავიანთი ყიყინითო…

სტალინს, რომელსაც უზარმაზარი რუსეთი ჰყავდა ფეხზე წამოსაყენებელი, ხელი ვეღარ მიუწვდა ჭიათურაზე და ისღა დარჩენოდა, რომ 1925 წლის 12 ივნისს მანგანუმის საბადოს კონცესია გადაეცა ამერიკულ ფირმაჰარიმანისთვის”, ყველაზე მოწინავე მეტალურგიული სისტემისთვის. 1900-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში ამოღებული მადნისქართული წილი” 54,4 პროცენტი იყო, 1925 წლისთვის 18,8 პროცენტამდე დაეცა. დღევანდელ ვითარებაზე ზემოთ მოგახსენეთ.

ჰარიმანმა რა ჰქმნა?

საქმე ისე ააწყო, რომ ეს დარგი მომგებიანი გახადა. შემოსა ხალხი, აქტიურად განაგრძო საბაგირო გზების გაყვანა, ბილიარდი ჩამოიტანა ჭიათურაში, ჩოგბურთის თამაში დაიწეს აქაურებმა (ეღიმება), ანუ კაპიტალიზმის სისტემური ელემენტი შემოიტანა ჭიათურაში გაგანია ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, “სტალინური დესპოტიზმისპირობებში.

ჭიათურაში დაფრთიანებული სპეციალისტების ერთი ნაწილი, რომელიც აქ ვერ გამოვიყენეთ, ახლა საზღვარგარეთ განაგრძობს მუშაობას. მაგალითად დაგისახელებთ გაბონის რესპუბლიკას, ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და სტაბილურ ქვეყანას, რომელიც გამორჩეულია მანგანუმისა და ოქროს საბადოებით.

ისევ იმ შეკითხვას ვუბრუნდები: ვისია დღეს ჭიათურა? არავითარი გამართლება არ აქვს ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომელიც იხსნის პასუხისმგებლობას და ამას ამართლებს კერძო საკუთრებაში ჩაურევლობის პრინციპით.

მთავრობა რომ ხარ, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინე თუნდაც დასაქმების პრობლემა. ახლა, მაგალითად, 3500 კაცი დარჩა დაუსაქმებელი. შენ რას გააკეთებ? ახალ საწარმოოს გაუხსნი?

ისეთ რა ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებ, რომ ამხელა საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად 300 ათას ტონა ნედლ მანგანუმს იძლევა (უფრო მეტის მოპოვება შეუძლია), გაჩერება არ გეხება?! როცა კრედიტების, პროცენტების გაზრდაშემცირების საკითხებს განიხილავენ, მთავრობაში იბარებენ ბანკების პრეზიდენტებს და საზოგადოებრიობა ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. აქ რატომ არ ჩანან ხელმძღვანელები? მეორე და მესამე კი არა, მეათე რიგის პირებთან საუბრით რატომ იფარგლება მთავრობა?!

ამას მარტო ჭიათურაზე კი არ ვამბობ, მადნეულის კომბინატსაც ვგულისხმობ, სხვა საწარმოებსაც, მაგალითად, ცემენტის ქარხნებს, რომელთა ფაქტობრივი პატრონები არიან ვიღაც-ვიღაცები საქართველოდან, აღჭურვილნი დეპუტატის ან რომელიმე სხვა ქვეყნის საპატიო კონსულის სტატუსით, ან, სულაც, _ “ჩვენ უჩინონი” გახლავან! ჩემთვის გაუგებარია, ჭიათურას ასე რომ ჰკრავენ ხელს ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელები.

ჩემს ეჭვს გაგიზიარებთ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინა, როგორც გითხარით, აწარმოებს მილიონ ტონა მანგანუმს, ჭიათურა, როგორც ვთქვით, _ 300 ათას ტონას.

ნიკოპოლში წარმოებული მანგანუმის შენაერთს ძირითადად გამოიყენებენ მარიუპოლის, კრივოი როგისა და სხვა ქალაქების საწარმოებში. მარიუპოლში ამჟამად საომარი სიტუაციაა, წარმოება ჩავარდნილია, .. ზესტაფონის ნამზადი ჭარბია, ზედმეტია, აბა, უკრაინაში ხომ არ გააჩერებენ საწარმოო პროცესს?!

ე.ი. ვიღაც მაინც იღებს გადაწყვეტილებებს ამ რთულ სიტუაციაში.

ვინ? _ იკითხავ და გეტყვიან, მაგალითად, რომ ეს ვიღაც მოღვაწეობს ამერიკაში, მაფიოზია. შეგაშინებენ. შიშს თესავენ, ოღონდ ხმა ჩაგაკმენდინონ.

ამას თუ ხედავ შენ, მინისტრი რომ გქვია, არ ჩახვიდე იქ, ჭიათურაში, და თუნდაც სამი-ოთხი დღე არ “დაკარგო” იქაური ვითარების შესასწავლად, ე.ი. საკუთარი ფუნქციები მაინცდამაინც კარგად არ გცოდნია.

მინისტრების გუნდზე ვლაპარაკობ, რომლებსაც პირდაპირ ევალება ამ პრობლემების მოგვარება _ ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილზე, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიაზე და, რაც მთავარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილზე. აი, მათ სჭირდება თავმოყრა, ფუნქციების შეჯერება.

ერთიც.

ვიცი, რომ შეუძლებელია, მთავრობაში არ იყო და მთავრობას მართავდე, მაგრამ ურჩევდე, წინადადებებს სთავაზობდე, ამას წინ არაფერი უდგას.

იცით, ვისაც ვგულისხმობ.

არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილის მამას ცხრა პირი ტყავი აქვს ზურგზე გადამძვრალი მაღაროში მუშაობით, მაღაროში ნაშრომი კაპიკებით გაზარდა შვილები, დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს ამ ჭიათურის არავითარი სიყვარული არ აქვს?! არ უფიქრია, მამამისი, ბავშვობაში იმ ყველსა და მჭადს რომ აჭმევდა, სად შოულობდა, რა შრომის ფასად? თან, სად ცხოვრობდა და ფეხით დადიოდა რვა კილომეტრს მაინც ყოველდღიურად, ცვლებში მუშაობდა. ყველა, ვინც ჭიათურის მაღაროებში მუშაობდა, გმირია, ვაჟკაცი ხალხი!

გვერდით გადგე და შორიდან უყურო, რა ხდება იქ?! არ მესმის, ვერ ვიგებ!

_ ჭიათურის კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ?

_ თუ იმ მოცულობის მანგანუმს ვაწარმოებთ, რამდენსაც ამჟამად (ოდენობის გაზრდას თავი დავანებოთ), ამ პროდუქციას ოფშორების გარეშე თუ გავყიდით, დასაქმების, ბაზრის განვითარების დონე გაცილებით მაღალი გვექნება, ექსპორტ-იმპორტის სალდო გაგვიუმჯობესდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთოდ აისახება ბიუჯეტზე და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. მხოლოდ ასე და ამ გზით, ბატონმა დავითმა რომ ბრძანა, თორემ ჭიათურა, სადაც ჯერ კიდევ გზაც არის და კვალიც, რკინიგზაც მივიდა და ქალაქიც გაშენდა, შეიძლება, აკაკი წერეთლის ნათქვამის არ იყოს, კვლავ უდაბნოდ იქცეს.

1 COMMENT

  1. ჭიათურის მიხედვა აქამდის არ სჭირდებოდათ,ის იჯარით იყო მიცემული სხვადასხვა ქვეყნებზე და მათგან სუფთა ფულს ქაჩავდნენ ქვეყნის მმართველნი,ერსაა დღევანდელი სახე ჭიათურის …მას მიხედვა სჭირდება,იუს ერის საგანძურია

  2. ჭიათურის მიხედვა აქამდის არ სჭირდებოდათ,ის იჯარით იყო მიცემული სხვადასხვა ქვეყნებზე და მათგან სუფთა ფულს ქაჩავდნენ ქვეყნის მმართველნი,ერსაა დღევანდელი სახე ჭიათურის …მას მიხედვა სჭირდება,იუს ერის საგანძურია

  3. მარტო მანგანუმი? ბატონო დავით. საქართველოს ბევრი სიმდიდრე აქვს, რაც ფართო საზოგადოებამ არც იცის. იცის მხოლოდ ოქროს მარაგი, რომლისგანაც მხოლოდ კაპიკები ხმარდება ხალხს! ასევეა მტკნარი და მინერალური წყლის მარაგის საქმეც! რაც შეეხება მამისონის უღელტეხილის ძირში არსებულ სიმდიდრეებს, ფაქტიურად რის გამოც რუსეთმა საზღვარი შოვამდე გადმოსწია, ნაც ბანდის მხარდაჭერით შეგნებით თუ შეუგნებლად, ცალკე ძალიან დიდი თემაა!!!

  4. ბლეფია ეს სტატია შალიკაშვილის დროს მადანი ფეროს გაბონიდან შემოჰქონდა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here