Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ჭყოიძე: კოალიციაში შემავალ პარტიებს ცალ-ცალკე ზუსტად ისეთივე რეიტინგი აქვთ, როგორიც რესპუბლიკელებს

ირაკლი ჭყოიძე: კოალიციაში შემავალ პარტიებს ცალ-ცალკე ზუსტად ისეთივე რეიტინგი აქვთ, როგორიც რესპუბლიკელებს

798

ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების ბერკეტებს ებღაუჭებაასეთია ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის შეფასება საარჩევნო სისტემის შეცვლის გადავადებაზე. ხელისუფლების პოზიცია _ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2020 წლამდე გადავადების შესახებგაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც. ხელისუფლება ცაიტნოტზე ლაპარაკობს და თვლის, რომ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შეუძლებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუსაბუთებლად მიიჩნევენ კოალიციაქართული ოცნებისგეგმებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე. როგორც, მაგალითად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აღნიშნავს, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიტანონ ცვლილებები 2020 წლის არჩევნებამდე, მაშინ, როცა სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნა შესაძლებელია 2016 წლის არჩევნებისთვისაც.

პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მიმართვა, რომელსაც 14 პოლიტიკური პარტია და რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ემხრობოდა, პარლამენტში 2015 წლის 2 ივნისს შევიდა. ეს მიმართვა გულისხმობდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების გამართვას ერთიანი პროპორციული და სამხარეოპროპორციული სისტემით. 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავაც ამჟამად მოქმედი შერეული სისტემით გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ ოლქების მასშტაბებს შორის დისპროპორციის შემცირება, აგრეთვე, იგეგმება მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის 50 პროცენტამდე აწევა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 8 იანვარს ბრიფინგი გამართა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა: “მთელი პოლიტიკური სპექტრი _ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიციით მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ ცვლილება განხორციელდეს 2016 წელსვე, ხოლო განსხვავებული პოზიციაა მმართველ კოალიციაში, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს. ვფიქრობ, რომ მთლად არგუმენტირებული და გასაგები არ არის, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ ოთხი წლით”, _ განაცხადა პრეზიდენტმა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ თანხმობამდე.

ვის არ აძლევს ხელს საარჩევნო სისტემის შეცვლა? რატომ არ დაადო ვეტო პრეზიდენტმა თავის დროზე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება პრეზიდენტთან ერთად? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრ ირაკლი ჭყოიძეს ვესაუბრეთ.

_ ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების, უფრო ზუსტად, არშეტანილი ცვლილებების გამო. კოდექსში ცვლილებების შესატანად 240 ათასი ხელმოწერაც შეგროვდა, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ცვლილების შეტანას. რატომ არ აძლევს ხელს ხელისუფლებას ცვლილების განხორციელება ამ ეტაპზე?

_ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება არ უჭერს მხარს, მხოლოდ მას არ აძლევს ხელს ამ უვარგისი საარჩევნო კოდექსის შეცვლა, მიზეზი, მგონი, გასაგებია, ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია, სახელისუფლო კოალიციაში ბევრი ისეთი პარტია და ადამიანია, რომლებიც ცვლილების განხორციელების შემდეგ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან.

საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემა ნებისმიერი ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაში იქნება, მოხერხებულია განსაკუთრებით მაშინ, თუ რეიტინგს კარგავენ. მოქმედი საარჩევნო სისტემა მორგებულია ყველაზე, ვისაც სურს, ძალისმიერი მეთოდით შეინარჩუნოს ხელისუფლება.

არსებული სისტემის წყალობით სახელისუფლო პარტია გაცილებით მეტ მანდატს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე რეალური მხარდაჭერა და ამომრჩევლების მიერ გამოხატული ნებაა. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ამ მიზეზით ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ეს სისტემა შეინარჩუნოს.

_ “ქართულ ოცნებაშიბევრი ისეთი პარტია და პოლიტიკოსია, რომლებიც თავის დროზე სწორედ ამ ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ საარჩევო კოდექსში, მაგრამ დღეს სხვაგვარად ალაპარაკდნენ

_ კოალიციაში შემავალი ბევრი პოლიტიკოსი, მართლაც ითხოვდა საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანას. ამ მოთხოვნით ბევრი მათგანი შიმშილობდა კიდეც, მათ ძალიან კარგად იციან სისტემის მანკიერი მხარეები.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის საარჩევნო კოდექსი, ამიტომ პოლიტიკოსებს ისინი ადვილად შეჰყავთ შეცდომაში. ხშირად ვისმენთ პოლიტიკოსებისგან, რომ ასეთი ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემა აქვს ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, მაგრამ ეს ტყუილია. ჩვენი სისტემის შედარება სხვასთან არ შეიძლება. საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონი ყველაზე უვარგისია. მხოლოდ საქართველოში შეიძლება, რომ პარტიამ მოიპოვოს ხმების 30% და ხელისუფლების სათავეში უმრავლესობით მოვიდეს მაჟორიტარების ხარჯზე. ასეთი სისტემის დატოვება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ სურს, ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფო შექმნას. სამართლიანი საარჩევნო სისტემა არის უპირველესი ნაბიჯი დემოკრატიისკენ. ვითარებას, რომელიც დღეს არის შექმნილი, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეა ახლაც. ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აბსურდული გახადა საარჩევნო პროცესი. მათ დაჩეხეს საზღვრები, ოლქები თანხვედრაში არ არის, პრობლემებია კანონშიც. ერთ-ერთ ქვეპუნქტში წერია, რომ ცვლილება ეხება ყველა ოლქს, გარდა ხონისა და ვანისა… ეს იცით, როგორი რაღაც არის: სისხლის სამართლის კოდექსში რომ ეწეროს მკვლელობა ისჯება, მაგრამ ეს სასჯელი არ ეხება გრიშას, თუ მოკლა მიშა… ძალიან ალოგიკური კანონი შექმნეს, ახსნას არავინ ცდილობს. არსებული საარჩევნო კოდექსი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი შემქმნელები არაკომპეტენტურები არიან.

_ ამბობენ, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები იმიტომ არ შეგვაქვს, რომ დროში ვერ ვეტევითო

_ საქმე ის არის, რომ საარჩევნიო სისტემის ცვლილებას 2012 წლიდან ითხოვენ. ეს საუბრები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. თუ დღეს ყველა გათვლილი და კანონით განსაზღვრული პროცედურის დაცვით დაიწყეს ცვლილება, მაშინ ვერ მოესწრება, მაგრამ ყველაფერი მაინც სურვილზე და პარლამენტარების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაფერი იცვლება, ტექნიკური ცვლილება არ ხდება, ამიტომ არ მგონია, რომ დიდი პრობლემა იყოს ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისთვის ბევრი პრობლემა ჩნდება, რთულდება პროცესი, მაგრამ ყველაზე ძნელია, როდესაც არასამართლიანი კანონის სამართლიანად გადაქცევა გიწევს. კომისიის წევრებს გვევალება, კანონის ფარგლებში მოვექცეთ, მაგრამ მომავალ არჩევნებს სამართლიანად მაინც ვერ ვაქცევთ. ამომრჩეველთა ხმები არაადეკვეტური იქნება მიღებულ შედეგთან, მიღებულ მანდატებთან.

_ საქართველოს პრეზიდენტმა ვრცელი ბრიფინგი გამართა საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, თუმცა თავის დროზე მან კანონს ვეტო არ დაადო. რა თამაშს თამაშობს პრეზიდენტი?

_ პრეზიდენტმა ვრცელი ბრიფინგი სწორედ იმიტომ გამართა, რომ თავისი შეცდომა გამოესწორებინა და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა, აეხსნა, რატომ არ დაადო ვეტო კანონს, რომელსაც მაინც დაძლევდნენ. პრეზიდენტი ხელისუფლებისგან არაფრით განსხვავდება, შესაძლოა, ეს კანონი მასაც დასჭირდეს. პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, თანმიმდევრული არ იყო, ის იმ თამაშს თამაშობს, რომელსაც დაუკვეთენ.

_ საუბრობენ, საარჩევნო სისტემას არ ცვლიან იმიტომ, რომ სურთ, რესპუბლიკელები გადაარჩინონო

_ ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად, კოალიციაში შემავალ პარტიებს ცალ-ცალკე ზუსტად ისეთივე რეიტინგი აქვთ, როგორიც რესპუბლიკელებს. ასე რომ, მხოლოდ ამ პარტიაზე ვერ ვისაუბრებთ. გადარჩენა სჭირდება ყველას. კოალიციაა გადასარჩენი. დარწმუნებული ვარ, კოალიცის ყველა წევრს სურს, არსებული საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს.

_ ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, კოალიცია ხელისუფლებაში 2030 წლამდე იქნება, მაგრამ გვპირდებიან, რომ 2020 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვლება ზუსტად ისე, როგორც ამას ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ

_ ძნელი წარმოსადგენია, რომ 2030 წლამდე დარჩნენ ხელისუფლებაში, მაგრამ, თუ მაინც დარჩებიან, ე. ი. ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობაში იქნებიან და მაინც იმას გააკეთებენ, რაც სურთ. გამოდის, რომ ჩვენი საშველი არ ყოფილა.

_ როგორ მიიღებს ხალხი მისი მოთხოვნის იგნორირებას? 240 ათასი ხელმოწერა ცოტა არ არის. როგორი იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ ხალხისთვის მისაღები კანდიდატები უსამართლო საარჩევნო სისტემის მსხვერპლნი გახდებიან?

_ საარჩევნო სისტემა არის თემა, რომელიც საზოგადოებამდე უფრო გამჭირვალედ უნდა მიდიოდეს. მედია ამ საკითხს დიდ ყურადღებას არ უთმობს. არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოება საარჩევნო სისტემით ყველაზე ნაკლებად არის დაკავებული და ბოლოს შედეგით უკმაყოფილო რჩება. არჩევნები ჩვენს მომავალს წყვეტს, სწორედ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანა, ვის ხელში ჩავაგდებთ. საარჩევნო კოდექსი პოპულარული თემა არ არის, ამიტომ ამ კუთხით მოსახლეობის საპროტესტო აქციები ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ძალიან მალე დაიწყება საარჩევნო კამპანიები და, ალბათ, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს, თუ მათ მოახერხეს ამომრჩევლის ყურამდე საკითხის სწორად მიტანა, შესაძლოა, მაშინ არეულობაც დაიწყოს. გამორიცხული არ არის. მთავარია, საზოგადოება საკითხის სიმწვავეს ჩასწვდეს. ეს კი პოლიტიკოსების საქმეა. საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები.

ფაქტია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა საზოგადოების ნებას ვერ გამოხატავს და ვერც ამ სისტემით არჩეული პარლამენტი იქნება ქართველი ხალხის ნებასურვილის გამომხატველი, რაც ნამდვილად იქნება იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს და საპროტესტო ტალღა აგორდეს. საარჩევნო კოდექსში ხელუხლებლად დარჩა მუხლი, რომელშიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა დაშვებული და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა მოხდა რამდენიმე თვის წინათ საგარეჯოში, ძნელი მისახვედრი არ არის, ვისთვის ან რისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

სპეცუბნები პრობლემად რჩება, ეს კი ვის დაქვემდებარებაშია, ყველასთვის ცნობილია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. პროპორციული სისტემა საერთოდ უნდა გაუქმდეს. სად არის საქართველოში პოლიტიკური პარტიები? ერთადერთი წარმონაქმნი რომელიც პოლიტიკურ პატრტიას ჰგავს რესპუბლიკური პარტიაა! ამიტომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით!!! დეპუტატის ცნობადობა აუცილებელია! დეპუტატი აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული იდეების მატარებელი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here