ზუსტად ორი დღის წინ, დავწერე წერილი სათაურით „სანამ მეტეორი თავზე არ დაგვცემია“. გუშინ კი, ამ საახალწლოდ, „რუსთავი 2“-მა მართლა „დაგვცა თავზე მეტეორი“ და ყოველივე მართლმადიდებელი ეკლესიის ფარული გამასხარავებისთვის გამოიყენა.
გთავაზობთ ამონარიდებს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო, 32-ე სერიიდან:
1. დარბაზში შემოდის შავანაფორიანი მამაო (რაც ოპერატორის მიერ ოსტატურადაა ხაზგასმული) და იწყებს საკონკურსო საკითხების ცენზურულ განხილვას – ითხოვს სიმღერების თარგმანს, რომ „რამე“ არ გაეპაროთ ტექსტში.
აღმოჩნდება, რომ კატო (სერიალის ერთ-ერთი მთავარ გმირი) სიყვარულზე მღერის.
– როგორი სიყვარულია – უხამსი, ეროტიკული, ვნებიანი, როგორია ტექსტი? – ჩაეძიება მღვდელი.
მაშინვე გიჩნდება კითვხა – რატომ უნდა ატარებდნენ მამაოები სილამაზის კონკურსებს და, მით უმეტეს, ერეოდნენ მის საორგანიზაციო საკითხებში.
2. დიქტორი აცხადებს: „ყაზარმულზე გადავიდა ჩვენი ქვეყნის სინოდი… გთავაზობთ არქიმანდრიტ ზენონის კომენტარს:
– სინოდი საღამოს ატარებს საგანგებო სხდომას, სადაც ჩვენი მთავარი, ბოლო – 2014-15 წლის ცოდვები განიხილება… და ვეცდებით ამ ცოდვების საკუთარ თავზე აღებით და ლოცვის აღვლენით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა სასტიკ განაჩენს“.
ნათლად არ ჩანს, სიტყვა „ჩვენში“ ვისი „ცოდვები“ იგულისხმება – ხალხის თუ სინოდის, თუმცა რადგან „განიხილება“, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ სინოდი არის ნაგულისხმევი.
3. ტელეწამყვანი: „მეტეორთან ბრძოლის გეგმაზე ჩაგვერთვება მამა გიორგი „ვაკე-საბურთალოს“ ეპარქიიდან:
– შედგა სინოდის შეკრება და ჩვენ ვიმსჯელეთ ამ უმძიმეს თემაზე. უპირველეს ყოვლისა, ამ ორი დღის განმავლობაში უნდა გაუქმდეს ყოველგვარი ცოდვაშემცველი აქტივობა საზოგადოების მხრიდან – გაუქმდეს კონცერტები, დაიხუროს რესტორნები, გასართობი გადაცემები…“.
გამოდის, რომ კონცერტები და რესტორნები ეკლესიას ცოდვად მიაჩნია. ნუთუ შეიძლება ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს? მაშ, რაში დასჭირდა რეჟისორს ეკლესიის ასეთი გროტესკი?
აქვე უნებლიედ ჩნდება კითხვა – თუკი კონკურსი ეკლესიას ცოდვად მიაჩნია, მაშ „ეპარქია“ და ზემოთ ნახსენები მამაო რატომ ატარებს აღნიშნულ კონკურსს, – სცოდავს?
4. „ვერდიქტმაც“ არ დააყოვნა და ორგანიზატორი კონკურსანტებს მიმართავს: „მეტეორი გვიახლოვდება და ამასთან დაკავშირებით, ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეიცავს ცოდვის ელემენტებს (იგულისხმება ცენზურაგავლილი კონკურსი), მოიხსნება ან გადაიდება. ეპარქიამ დაჟინებით მოითხოვა, რომ „მის ორსული საქართველო“ აღარ ჩატარდეს.
– „ეს რა ცოდვაა, ჩვენთვის ვდგავართ და კონკურსი გვაქვს“, – კითხულობს ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული კატო, რითიც კვლავ ხაზგასმულია, რომ ეკლესია, თითქოსდა, კრძალავს კონკურსების ჩატარებას.
– „ერთგვარად გართობასთან არის დაკავშირებული, ხომ გესმით…“ – ისმის ამ მოსაზრების დამადასტურებელი პასუხიც, საიდანაც ასევე ვასკვნით, რომ „გართობა, სინოდის შეხედულებით, ცოდვაა“.
5. სერია სასიხარულო ამბით მთავრდება – მეტეორი თავზე აღარ დაგვეცა. ტელევიზიით კი, დიქტორი გვამცნობს: „როგორც არქიმანდრიტი ზენონი აცხადებს, ლოცვა-კურთხევამ გაჭრა!“
აქაც აშკარა ირონიაა, რამეთუ მეცნიერებას (მეტეორის არჩამოვარდნის მეცნიერულ ახსნას) რელიგიას უპირისპირებენ.
* * *
შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ ყოველივეს არასწორი კუთხით შევხედეთ, რომ სასულიერო პირთა მსუბუქი გროტესკით ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენება რეჟისორის თვითმიზანი არ ყოფილა… მაგრამ ფაქტია, ნებსით თუ უნებლიედ, ყოველივე ერთობ ირონიულად გამოუვიდა, – „რელიგიის თემა“ მთელ სერიას ლეიტმოტივად გასდევს და „მეტეორის შესაძლო ვარდნა“ მხოლოდ საამისო ფაქტორია.
რა ინტერესს წარმოადგენს სასულიერო პირების გასართობ სერიალში ასე ფართოდ წარმოჩენა? თუკი ავტორს ან რეჟისორს სურდა სიუჟეტში მეტეორთან დაკავშირებული აურზაური ეჩვენებინა, ხომ შეეძლო მოვლენები ისე განევითარებინა, რომ სასულიერო პირები საერთოდ არ აესახა.
რა თქმა უნდა, ცენზურა მიუღებელია და რეჟისორი თავისუფალია არჩევანში. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რას და როგორ გადაიღებს… ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს უფლება ნანახზე საკუთარი აზრი გამოვთქვათ და ყოველივეს თავისი სახელი დავარქვათ.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სასულიერო პირთა საკმაოდ დიდი ნაწილი არათუ კრიტიკას, ზოგადად, ეკლესიიდან განდევნასაც კი იმსახურებს (მსგავს ფაქტს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი). ალბათ, სწორედ ამითია განპირობებული საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართ.
მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს საბაბი, მთლიანად ეკლესიას მივაყენოთ ჩრდილი, მით უმეტეს დღეს, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ როგორმე ფსევდოტოლერანტული „ღირებულებები“ მოგვახვიონ თავს. უკვე საუბარია მომავალი წლიდან სკოლებში სპეციალური საგნის შემოღებაზეც. ამ ბოროტებისგან ჩვენს ერთადერთ დამცველად კი, სწორედ დედაეკლესია გვეგულება, რომლის როლის დაკნინებას ღიად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობადი სახეები.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაცვლად, სერიალში სხვა კონფესიის, მაგალითად მუსლიმანური რელიგიის სასულიერო პირები რომ ყოფილიყვნენ ასახულნი, ალბათ, სერიოზული სკანდალის მომსწრე გავხდებოდით.
იმედი დავიტოვოთ, რომ პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი ტელესერიალის მესვეურებმა პრინციპით „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“ იხელმძღვანელეს და ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ.
დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია.
ლევან ზანგურაშვილი