Home რუბრიკები საზოგადოება სამშობლოს გრძნობა _ გასაკვირველი!..

სამშობლოს გრძნობა _ გასაკვირველი!..

1052

წერილის სათაურად გამოტანილი გალაკტიონის ლექსის ეს სტრიქონი ამეკვიატა მხატვარ ელგუჯა ჩაჩავას გამოფენის დათვალიერებისას, რადგან აქ გამოფენილ 120-მდე ფერწერულ, გრაფიკულ თუ სცენოგრაფიულ ნამუშევარს, შეიძლება ითქვას, ერთიანად მშობლიური მიწის სურნელი, საქართველოს წარსული თუ დღევანდელობა, მისი სულიერება, მისი ადამიანების ხიბლი ასაზრდოებს. გუჯა ჩაჩავას, მართლაც მოჭარბებული აქვსსამშობლოს გრძნობა _ გასაკვირველი”…

უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეს. ეს უკვე მეხუთე პერსონალური გამოფენა ყოფილა მხატვრის ნამუშევრებისა _ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გამოფენები ჰქონია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში… მის შესანიშნავ ფერწერას იცნობენ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ლვოვში, ხარკოვში, ტალინში… კანადაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ინგლისში, არგენტინაში, ესპანეთში, პოლონეთში… ავტორია რამდენიმე სპექტაკლის სცენოგრაფიისა ბათუმისა და ახმეტელის თეატრებში…

ამას ყველაფერს მიყვება ჩემი მეგობარი, ცნობილი მხატვარი ნოდარ რურუა, რომელმაც ამ დარბაზში მომიყვანა და ფრიად შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე გამხადა… შემდეგ იგი ელგუჯა ჩაჩავასაც მაცნობს… კეთილღიმილიანი, შუახნის კაცი დარბაზიდან ოდნავ “მოფარებულში” წაგვიძღვა სასაუბროდ და სწორედ ასე გავიცანით (ჩემდა სამარცხვინოდ, აქამდე არ ვიცნობდი) ერთმანეთი…

_ იშვიათია, რომ მხატვრის მთავარი თემა სამშობლოს წარსული, დღევანდელობა, მისი სულიერება იყოს, ბატონო ელგუჯა

_ აბაშამ შემაყვარა, ჩემმა აბაშამ!.. იქიდან “მოვედე” მერე მთელ საქართველოს, ჩემო ბატონო, _ ღიმილით ამბობს ელგუჯა, _ მერე კი ჩემმა მასწავლებლებმა: დიმა ერისთავმა, ფარნაოზ ლაპიაშვილმა, ედმონდ კალანდაძემ, ლევან ცუცქირიძემ და, განსაკუთრებით _ ზურაბ ნიჟარაძემ გამიძლიერეს ეს გრძნობა!..

_ ისე, “პიკოსფერწერა გამახსენა თქვენმა ნამუშევრებმა

_ რა გასაკვირია… “პიკოს”, ზურაბ ნიჟარაძის, ხელმძღვანელობით დავამთავრე სამწლიანი ასისტენტურა-სტაჟირებაც…

_ ეს სამხატვრო აკადემიაში, არა?

_ დიახ… ისე, სახვით ხელოვნებას სოხუმში, სამხატვრო სკოლაში ვეზიარე… ეს ის დრო იყო, უკვე რუსი და რუსული რომ “მეფობდა” აფხაზეთში… ხაჭაპურს არ გვაწვდიდნენ ბუფეტში, თუ რუსულად არ ეტყოდი… მერე ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვიყავი. ბოლოს კი _ თბილისში, აკადემიაში…

_ რით მოგაქვს თავი, როგორც მხატვარსა და შემოქმედს?

_ ერის, სამშობლოს სიყვარულით… ღვთის მოშიშობით…

_ ზოგიერთი თქვენი ახალგაზრდა კოლეგა ნამეტანი ღვთის მოშიშიამეტი მაგათ რა ვუთხრა! არ ვიცი, თქვენ ნახეთ თუ არა _ “ილიაუნში” (ძველპუშკინში”) ჰქონდა გამოფენილი ამას წინათ ვიღაც ახალგაზრდა ქალს _ ქუთაისელ ლია უკლებასთვითმკვლელი ღვთისმშობელი”… ღვთისმშობელი თავს იკლავს, რადგან თქვენ არ ხართ ჩემი ღირსიოწარმოგიდგენიათ?! ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ასეთი რა ჩავიდინეთ ქართველებმა, რომ ღვთისმშობელი გვსჯის?! _ აი, ეს არის პატივცემული მხატვრის ჩანაფიქრი. ბევრმა მნახველმა გააპროტესტა, ის კი არა, უწმინდესმა და უნეტარესმაც კი გამოთქვა აღშფოთებამერე რა? მგონი, როგორც ამბობენ, კულტურის სამინისტრომ, საყვედურის ნაცვლად, პრემიაც კი უბოძა ქალბატონ უკლებას!..

_ უწინ სამხატვრო საბჭოები იყო, ძმებო… საბჭო განიხილავდა, რა გამოეფინა და რა _ არა… ახლა ვინღა კითხულობს სამხატვრო საბჭოს?! რაც გინდა _ გამოფინე, რაც გინდა _ დაწერე და დაბეჭდე!.. _ ერთვება ჩვენს საუბარში ნოდარ რურუა,

 _ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობას კიდევ ეგ უნდა?! სული მომათქმევინეს ამ ნამუშევრებმა. ყოჩაღ, ჩვენო გუჯა!..

აგერ, ჩვენი შესანიშნავი ქალბატონი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ია ბაგრატიონმუხრანელი. აბა, იას ისე როგორ გავუშვებდი, რომ ერთიორი სიტყვა არ ეთქვა გუჯა ჩაჩავას შესახებ?

_ ბატონი ელგუჯა ჩაჩავა მხოლოდ ნიჭიერი გრაფიკოსი და ფერმწერი როდია, _ ამბობს ია, _ მან მახვილი თვალითა და მგრძნობიარე გულით ბავშვობიდან შეიგრძნო საქართველოს კუთხეების განუმეორებელი კოლორიტი, ბუნებისა და ძეგლების სიდიადე სამეგრელოსა და გურიაში, აფხაზეთში, აჭარაში, სვანეთში, ხევსურეთში. გურიის ლურჯი მთები, ქართლის ვარდისფერი მდელოები, სვანური კოშკები _ ღირსებისა და ვაჟკაცობის ჯარისკაცები, ძველი ციხეები, დანგრეული ეკლესიები, ქართველთა სახეები მან ფაქიზი და მეტყველი ფუნჯით გააცოცხლა ფერწერასა და გრაფიკაში… მისი ფერწერა აზრისა და ემოციის შერწყმაა, გრაფიკა კი _ სინაზის, ფორმის სიყვარულის გამოხატულება…

ელგუჯა ჩაჩავა ძალზე ნაყოფიერად და საინტერესოდ მუშაობს ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებთან, ლიცეანტების ნამუშევრები მრავალგზის იყო დაჯილდოებული რესპუბლიკურ კონკურსებში… აქ დააარსა მან კალიგრაფიის კურსი, მისი ხელმძღვანელობით დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი, ილუსტრირებული ტექსტის შექმნა, ყველა ლიცეანტის მონაწილეობით, _ გვითხრა ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.

აბა, მეტი სხვა რაღა ვთქვა?!

რომ ვერ ვინატრებდი, ისეთი დღე იყო; შიგნით _ ელგუჯა ჩაჩავას მრავალფეროვანი პალიტრა, გარეთ _ მზე და სითბო

ვილენ მარდალეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here