Home რუბრიკები საზოგადოება სირცხვილი თქვენ! ბევრი შეცდომა შეიძლება მიეტევოს ადამიანს, ბატონო ბიძინა, მაგრამ ინაშვილის მიმართ...

სირცხვილი თქვენ! ბევრი შეცდომა შეიძლება მიეტევოს ადამიანს, ბატონო ბიძინა, მაგრამ ინაშვილის მიმართ თქვენ მიერ გამოჩენილი უმადურობა ძნელი საპატიებელია!

631

უმადურობა ყველაზე მეტად გვტკენს გულს, განსაკუთრებით _ მათგან, ვისგანაც არ ველით, ვისაც თვითონ უამრავი მადლი აქვსდადებული ქვაზე”, ამ გამოთქმის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც _ ასობით ისტორიული ძეგლების ქვებზე! ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვინც ვიგულისხმე, ასეთი კაცი ერთია საქართველოში (უშურველად აკეთებდა იგი ამას თუ შორს გამიზნული მოსაზრებებით, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს). კაცმა შეიძლება შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში, თანაც არაერთი, გაბრაზებულ გულზე უკადრებელიც წამოგცდეს (მალევე ინანო და ბოდიშიც მოიხადო) და მაინც კაცად დარჩე, მაგრამ, თუ უმადური ხარ ბუნებით (შეძენილი უმადურობა ძნელი წარმოსადგენია), ვეჭვობ, რამე გეშველოს.

ორი 2-3%-იანი პარტია ამოიყენა ივანიშვილმა მხარში _ უსუფაშვილის რესპუბლიკელები და ალასანიასთავისუფალი დემოკრატები (ვისი რჩევით თუ მითითებით, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა) და ერთი პიროვნებაც შეარჩია საპრეზიდენტოდ _ მარგველაშვილი! ამ სამიდან ორმა _ ალასანიამ და მარგველაშვილმა _ საქართველოს მოსახლეობისთვის შანტაჟით თავსმოხვეულმა პრეზიდენტმა (ყველას კარგად გვახსოვს ივანიშვილის მუქარა, _ თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ პრეზიდენტად, თანაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, კაპიკს არ დაგახარჯავთ და, საერთოდ, გაგეცლებითო), შეიძლება ითქვას, უღალატეს ივანიშვილს. უსუფაშვილიც როდის უგანებს, არავინ იცის, ის მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდება _ რესპუბლიკელებს 2016 წლის არჩევნებისთვის სჭირდებათ კოალიციაქართულ ოცნებაშიყოფნა, თორემ მერე, “თავისუფალ დემოკრატებსადა კანგამოცვლილნაცებსრომ შეეკვრებიან, ეჭვი არავის ეპარება. ამაზე მეტყველებს განვლილი სამი წლის განმავლობაში მათი საქმიანობა პარლამენტში და პარლამენტს გარეთ.

ამ სამი წლის განმავლობაში ივანიშვილის მიერ დაშვებულ სხვა შეცდომებს თავი რომ დავანებოთ, აშკარად გამოჩნდა, რომ პოლიტიკაში კადრების შერჩევა ბიზნესპარტნიორების შერჩევა არ ყოფილა. ჰოდა, როცა ამ გამოუსწორებელ შეცდომებს აღიარებ, როცა პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში გადაინაცვლებ და #1 პოლიტიკოსი #1 მოქალაქე ხდები, ვინ გრჯის, ისევ ვიღაცას, შენთვის უცნობ ადამიანს, თანაც რესპუბლიკელს (რომელ პარტიასაც მოსახლეობაში 2-3%-იანი მხარდაჭერა აქვს მხოლოდ) რომ უწევ რეკომენდაციას (აბა, ვიცნობდი საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატს და ერთი ფუთი მარილი მაქვს მასთან ნაჭამიო, ხომ ვერ იტყვის)? თუ, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც გარედან მიღებულრეკომენდაციებსდაემორჩილეთ, ბატონო ბიძინა, და, რასაც მაკკეინი ლაპარაკობს (“ვიკილიკსისმიერ გამოქვეყნებულ საუბარში სააკაშვილთან), იმას შეუშინდით? ასეთ “პარტნიორულ რეკომენდაციებს” ოკეანის გაღმიდან და მათზე ჩვენი დეპუტატ-მინისტრების “ვაჟკაცურ” რეაგირებას, ანუ უსიტყვოდ აღსრულებას, დიდი ხანია, შეჩვეულები ვართ და არაფერი გაგვიკვირდებოდა. გავიხსენოთ, თუნდაც მხოლოდ ერთი მაგალითი _ კახურად კარგად ნაგინები ქალი თავდაცვის მინისტრად რომ დაანიშნინა მიმავალმა ამერიკის ელჩმა მაგინებელ პრემიერმინისტრს ყოფილი პრემიერმინისტრის შუამავლობით, რომლებსაც (არც ერთს და არც _ მეორეს) ფიქრადაც არ ჰქონიათ მსგავსი რამ წინა დღეს. როგორია, ჰა?! კი, ნამდვილად ძალიან “მაგარია” და “თავის მოსაწონებელიც” (ანუ ჩვენი “დამოუკიდებლობის” მაჩვენებელი), მაგრამ იმას, რაც თქვენ იკადრეთ, ბატონო ბიძინა, “მაესტროში”, მაინც არავინ მოელოდა.

ისე მოიქეცით, თითქოს, ხეირიანად არც იცნობდით ირმა ინაშვილს, თითქოს არც კი იცოდით, ვინ იყო და რას წარმოადგენდა, რა დამსახურება ჰქონდა მას ქვეყნის წინაშე (აფხაზეთში თუ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში) და რა წვლილი მიუძღოდა პირადად თქვენს გამარჯვებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყველასათვის მოულოდნელად, ადექით და ირმა ინაშვილი ერთ რიგით ჟურნალისტად მოიხსენიეთ, რომლისთვისაც ოდესღაც(?!) ერთი ინტერვიუ მიგიციათ.

არადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნებისთვის” ხმების 40% რომ იყო განსაზღვრული თქვენი “რეკომენდატორების” მიერ (რაზედაც თქვენც ყაბულს იყავით), სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის _ ირმა ინაშვილის თავგანწირვის ფასად მოპოვებული ციხის კადრების მსოფლიოში გასაჯაროებითა და ამის გამო ყალყზე შემდგარი, უკიდურესად აღშფოთებული ქართველი ხალხის წყალობით, თქვენი ოკეანისგაღმელი “მფარველი მარჩენალები” იძულებულნი შეიქნენ, გადაწყვეტილება შეეცვალათ და 40-ის ნაცვლად 60% ებოძებინათ, გამარჯვებულად ეღიარებინეთ. რა თქმა უნდა, ინაშვილს მარტოდმარტოს არ ჩაუდენია გმირობა, ის ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანთაგან, რომლებმაც სასწორზე დადეს საკუთარი თავისა და ოჯახის თავისუფლება და სიცოცხლეც. მაგრამ ირმა ინაშვილი ამ თავგადადებული ქართველი პატრიოტების გამაერთიანებელი სახეა და ასეთად შევა იგი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

აი, ასეთი ადამიანის ღვაწლის დავიწყება და მის წინააღმდეგ ხელისუფლების დარაზმვა (გავიხსენოთ “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ჩართული მთავარი ფიგურები: მინისტრები _ თავდაცვის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკის; მოქმედი და ყოფილი პოლიციის უფროსები, გამგებლები და კიდევ ბევრი სხვა), ვფიქრობ, უმადურობაზე მეტია! და რა მივიღეთ: მიუხედავად დეპუტატ-მინისტრების ძალისხმევისა და მთელი რიგი გაყალბებებისა, ირმა ინაშვილმა მაინც გაიმარჯვა ქართულ სოფლებში, მისმა კონკურენტმა კი _ აზერბაიჯანელებით დასახლებულ პუნქტებში და თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებულ, მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ, სპეციალურად შექმნილ უბანზე. როგორ არ გაგვახსენდეს ტყუპისცალივით მსგავსი მოვლენა _ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სააკაშვილი თბილისსა და ბევრი სხვა რაიონში დამარცხდა და თავს იმით იმშვიდებდა, მარნეულ-გარდაბან-ახალქალაქში, ანუ აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ რეგიონებში გავიმარჯვეო. ამის შემდეგ ოდნავი ღირსება მაინც თუ შეგრჩენია კაცს, როგორ არ უნდა შეგრცხვეს და თვალებში როგორ უნდა შეხედო მშობელ ერს?! ეს სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება სომხებისა და აზერბაიჯანელების (რომლებიც ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი, ყოველთვის სახელისუფლო კანდიდატებს უჭერენ ხოლმე მხარს) ხმების იმედად არის, იმის მაჩვენებელია, რომ გადაშენებასთან ერთად გადაჯიშების ზღვარზეც ვართ. და, თუ კვლავაც ისეთი რეკომენდაციებითა და რეფორმებით გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორებითაც ბოლო 20-25 წელია, ვცხოვრობთ, დასავლეთის მითითებებით ავირჩევთ დეპუტატებს, დავნიშნავთ მინისტრებს, და დასაჭერი თუ არდასაჭერი ხალხის სიასაც ისინი მოგვაწოდონ, კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ _ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ზნეობრივადაც.

როგორ არ დაგწყდება გული, როგორ არ შეგშურდება ქართველ კაცს მეზობლების, როცა უყურებ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების კაცურ რეაგირებას მათი ქვეყნების საშინაო საქმეებში დასავლეთის ჩარევის ყოველ მცდელობაზე, საქართველოს ხელისუფლებაში კი პრეზიდენტი ან პრემიერი კი არა, კაცი არ ჩანს, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ამერიკისა და ევროკავშირის დაუფარავ და უხეშ ჩარევას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თანაც ყველა სფეროში _ არჩევნები იქნება ეს, კანონების მიღება, მთავრობის შემადგენლობა თუ სასამართლო გადაწყვეტილებები; ოლიმპიურ თამაშებზე ხელმძღვანელი დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა, მეზობელ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება თუ ომის წამოწყება. და თუ ვინმემ გაბედა და ხმა ამოიღო, ისე დაესევიან გრანტიჭამია ე.წ. არასამთავრობოები, თითქოს ამერიკისა და ევროკავშირის “დემოკრატ” დიპლომატ-პოლიტიკოსებს კი არ შეელახოთ ჩვენი სახელმწიფოსა და ერის ღირსება, არამედ პირიქით _ ჩვენ მათი.

ბევრი შეცდომა შეიძლება მიეტევოს ადამიანს, ბატონო ბიძინა, მაგრამ ინაშვილის მიმართ თქვენ მიერ გამოჩენილი უმადურობა ძნელი საპატიებელია! სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი ეროვნულად განწყობილ ქართველებში, რომლებმაც საბოლოოდ გაქციეს ზურგი. თითქმის მთელი ქართველი ხალხის წარმოუდგენლად დიდი სიყვარული და უპირობო ნდობა სამი წლის თავზე საბოლოოდ რომ ჩაკლა და დაასამარო, ამას მოხერხება უნდა. ძალზე გულსატკენია ყოველივე ეს. თქვენ მაგივრად მე მრცხვენია, სიცხვილი თქვენც და თქვენ მიერ დატოვებულ სამარცხვინო ხელისუფლებასაც (და არა სანაქებოს, როგორც თქვენ თვლით), რომელსაც არ აქვს ეროვნული ღირსება და, რომელიც ამ მხრივ დიდად არ განსხვავდება დამნაშავე “ნაცმოძრაობისგან”. “ხალხის რჩეულებსაც” ენა აქვთ მუცელში ჩაგდებული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას პოლიტიკურ ლაქიად და ენაწაჭრილ მონად (ოღონდ მაძღარ მონად) ყოფნა ურჩევნიათ _ თვალი გადაავლეთ ამერის შვილებისფოტოებს ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ, ერთეულების გარდა, ყველას ლამის ღილები დააწყდეს, გაშლილ სუფრასთან სახელმწიფოს მომავალზე ფიქრით ღამენათევებს.

არის კი ამ სამარცხვინო და სავალალო მდგომარეობიდან თავის დასაღწევი გზა? რაც უნდა ბევრი ვიყვიროთ და ხალხმრავალი აქციები გავმართოთ, დღეს ეს შეუძლებელია. ეს მოხერხდება მხოლოდ მაშინ, თუ საარჩევნო სისტემაში შევა ის არსებითი ცვლილებები, რომლებიც შვიდ პუნქტად ჩამოაყალიბა “პატრიოტთა ალიანსმა”. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები. ესენია: პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისთვის რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში ჩართვის ან აგიტაციაპროპაგანდის აკრძალვა; სავალდებულო ხმის მიცემის დაწესება; ყველა დონის საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება; კვალიფიციური სუბიექტების თანაბრად დაფინანსება და საეთერო დროის თანაბრად განაწილება. ამ ცვლილებების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება სახელისუფლო კოალიციის დამარცხება არჩევნების გზით. მხოლოდ ერთი, მეექვსე პუნქტია რაციონალურ აზრს მოკლებული, სადაც სახელმწიფო მოხელეებისთვის ცალკე უბნების ჩამოყალიბებაზეა ლაპარაკი _ იმ მიზნით, რომ სპეციალურად შექმნილ უბნებზე ხმის მიცემით ამ მოხელეებს აღარ დარჩებათ საკმარისი დრო სხვა უბნებზე პროპაგანდისტულ-დაშინებითი აქტიურობისთვის. მაგრამ ამით მხოლოდ ერთი საათით თუ ჩამოვაცილებთ მათ ხმის მიცემის 12-საათიან პროცესს! ამიტომ ცალკე უბნების გახსნას აჯობებს და ეფექტიც შესანიშნავი იქნება, თუ ამ კატეგორიის ხალხს _ დეპუტატებს, მინისტრებს, მერებს, პოლიციის უფროსებსა და გამგებლებს, თავიანთი მოადგილეებით, საერთოდ აეკრძალებათ საარჩევნო უბნების არეალში ყოფნა მთელი დღის განმავლობაში – ხმის მიცემის შემდეგ ისინი, უკლებლივ ყველანი, უნდა წავიდნენ თავიანთ სახლებში ან დაწესებულებებში სამსახურის ადგილის მიხედვით.

თუ ეს პუნქტები არ შესრულდა, ანუ თუ არ განხორციელდა ძირეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, არჩევნების გზით გამარჯვებაზე ფიქრი თავის მოტყუება იქნება ისევე, როგორც თავის და ხალხის მოტყუებაა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების იმედად ყოფნა _ მათთან ჩივილი არჩევნების გაყალბებაზე. რა, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან ისინი და არ იციან, რა სახელმწიფო ტერორი მძვინვარებდა საქართველოში ცოტა ხნის წინათ და როგორი “დემოკრატიული” არჩევნები ტარდება დღესაც? მიიღეს რამე ზომა? თუ პირიქით _ კიდევ უფრო გააფთრებით იცავენ თავიანთ “ძაღლისშვილს” და მის მიერ მიტაცებულ “რუსთავი 2”-ს? აქამდე არ ჩასულან მათთან ხელისუფლებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების ლიდერები თუ რა? იქნებ, რომელიმე მიამიტი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სწორედ ეს ბოლო, მისი მეასე (ეგებ, მეტიც ბოლო 12 წელიწადში) ჩასვლა იქნება შედეგიანი? მაგრამ მიამიტი არავინ არის ჭიპმოჭრილ პოლიტიკოსებში (მიამიტი, პატიოსანი ხალხია მხოლოდ), მათ ძალიან კარგად იციან, რისთვისაც დარბიან წინ და უკან ამერიკაში _ ყველა ცდილობს ამერიკელებისთვის თავის მოწონებას, რომ ეგებ, მომავალი არჩევნებისთვის მაინც, მათზე შეაჩერონ მოწყალე მზერა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელმა ამერიკელმა ბოსებმა! ეს არის და ეს!

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ფართო გაგებით, მის მოწესრიგებას ამერიკის ელჩის ერთი სიტყვა ეყოფოდა და “პატრიოტთა ალიანსის” ჩამოწერილი პუნქტები, ისევე, როგორც სხვა პარტიების ადრინდელი მოთხოვნები, ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ამგვარი “დემოკრატიული” არჩევნები და ასეთი ხელისუფლებაც ხომ სპეციალურად ჩვენისთანა სახელმწიფოებისთვისაა მოფიქრებული.

“დემოკრატია” _ “ხალხის ძალაუფლება” _ მშვენიერია და მისი საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი მხოლოდ ლამაზი სატყუარაა გულუბრყვილო ხალხისთვის სახელმწიფოს მმართველობის ილუზიის შესაქმნელად მოგონილი. სატყუარაა, რადგანაც ხალხის ძალაუფლება, ანუ ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც ხალხი კოლექტიურად იღებს გადაწყვეტილებებს, შეიძლება ითქვას, არასოდეს ყოფილა დედამიწაზე (თუ არ ჩავთვლით ერთადერთ სახელმწიფოს _ კადაფის ლიბიას, სადაც ჭეშმარიტად კოლექტიური მმართველობა იყო, პრაქტიკულად, კომუნიზმი).

დემოკრატია ხალხის გასაბითურებლად რომ იყო იმთავითვე მოფიქრებული, იქიდანაც ჩანს, როგორ განმარტავდა 100 წლის წინათ ამ ტერმინს ცნობილი ირლანდიელი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე, პოპულარობით მეორე კაცი ბრიტანეთში შექსპირის შემდეგ, ბერნარდ შოუ: “დემოკრატია _ ეს არის საჰაერო ბურთი, რომელიც თქვენს თავს ზემოთ კიდია და გაიძულებს, თავაწეულმა უცქირო მას, ვიდრე ამასობაში სხვები ჯიბეებს გიცარიელებენ”.

მაშ, ახლა რაღა უნდა ვთქვათ თანამედროვე დემოკრატიაზე, როგორსაც ამერიკა ამყარებს ახლო აღმოსავლეთში და, გნებავთ, საქართველოსა და უკრაინაში (პრინციპში, სრულიად მსოფლიოში) თავის ჭკუაზე, ორმაგი თუ სამმაგი სტანდარტებითა და საგანგებოდ შერჩეული, უფრო კი “გამოყვანილი” “დემოკრატიის შუქურებით” სათავეში?! სახელმწიფო ტერორი, მასობრივი წამება-მკვლელობები მხოლოდ შეშფოთებას იწვევს “დემოკრატიულ” დასავლეთში, ხოლო ამერიკის “ძაღლიშვილის”, იგივე “დემოკრატიის შუქურის” მიერ ყაჩაღურად მითვისებული ქონების კანონიერი მფლობელებისთვის სასამართლოს გზით დაბრუნება თავისუფალ სიტყვას უქმნის თურმე საფრთხეს. ასეთ დემოკრატიას რა უნდა ვუწოდოთ, არ ვიცი, რა უფრო მოუხდება მას – ამაშუკელისეული “დემოტრაკია” თუ რუსული “Деръмократия”?

არჩევანიც და არადანიც მკითხველისაა!

იაკობ ლეჟავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here