Home რუბრიკები საზოგადოება რა საფრთხეებია მოსალოდნელი მდინარე ენგურზე?

რა საფრთხეებია მოსალოდნელი მდინარე ენგურზე?

დიდი ინტერესით წავიკითხე გაზეთსაქართველო და მსოფლიოს” 37- და 38- ნომრებში გამოქვეყნებული ინტერვიუ ბაკურ გულუასთან: “როგორ შენდებოდა ამიერკავკასიის უდიდესი ჰესი _ ენგურჰესი”. მიუხედავად ზოგიერთი ტექნიკური უზუსტობისა, წერილში გადმოცემულია ობიექტის სიდიადე და მისი მშენებელი კოლექტივის თავდაუზოგავი შრომა საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში.

სამწუხაროდ, 1990-იანი წლების მოვლენებმა არ მოგვცა საშუალება, გაგვეგრძელებინა ხუდონჰესის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლითაც სტაბილური იქნებოდა ქვეყნის განვითარებისა და სახალხო მეურნეობის სწრაფი ტემპებით ზრდა.

რაც შეეხება ენგურჰესის კომპლექსს, პროექტი ითვალისწინებდა შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებას გუდავა-ხობის მონაკვეთზე და ანაკლიიდან ქალაქ ჯვარამდე დიდი წყლის ნაკადის გატარებას.

ენგურჰესის კაშხალმა შეწყვიტა ყოველწლიურად მყარი მასის ჩამოტანა ქვიშისა და ღორღის სახით, რაც კვებავდა შავი ზღვის სანაპიროს. ენგურჰესის მშენებლების მიერ ხელოვნურად მოხდა ქვიშა ღორღის ჩაყრა დასახლება გუდავას სამკილომეტრიან ზოლში და ამ სამუშაოს შედეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ზღვის ზოლის გამაგრება ხელოვნურად შესაძლებელია და მომავალში განსახორციელებელი.

მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ამჟამად დგას დღის წესრიგში _ ეს არის ენგურის კალაპოტის შევსება შენაკადი მდინარეების ჩამონატანით, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ენგურის პირას მცხოვრებ მოსახლეობას. ჰიდროტექნიკაში არსებობს ცნება _ მდინარის კატასტროფიული ხარჯი”, რომელიც ხდება ათას წელიწადში ერთხელ.

წარმოიდგინეთ ზაფხულის პერიოდი. წყალსაცავი სავსეა წყლით და წამოვიდა ნიაღვარი, რომლის ხარჯი შეიძლება იყოს წამში 2500 მ3 წყალი. ენგურის სადაწნევო გვირაბი წამში ატარებს დიდიდიდი 450 3 წყალს, დანარჩენი წყლის მასა თაღოვანი კაშხლის თხემიდან ჩავა ენგურის ძველ კალაპოტში, რომელიც დღეს ამოვსებულია შენაკადი მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა ღორღით. ჯვარიანაკლიის მონაკვეთზე წაილეკება ყველაფერი, რაც ენგურის ორივე ნაპირასაა აგებული. ეს იქნება წარმოუდგენელი სტიქია, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს სამეგრელოს რეგიონს. გაიხსენეთ, რა გააკეთა მდინარე ვერემ ქალაქ თბილისში 2015 წლის ივნისში.

მესამე დიდი პრობლემა, რომელიც წარმოიშვა ხუდონის კაშხლის მშენებლობის გაჩერებით: ამ ნაგებობის დამთავრების შემდეგ მდინარე ენგურის ყოველწლიური ჩამონატანი, სილა ღორღის სახით, დაილექებოდა ხუდონის წყალსაცავში და ის არ შეუქმნიდა პრობლემას თაღოვანი კაშხლის წყალგამტარებს. დღეს წყალსაცავში მდინარის ჩამოტანილი დანალექი ამოსულია წყალგამტარების ნიშნულებამდე და ექსპლოატაციას არ შეუძლია წყლისქვეშა მისაყრდენი ფარის ჩაშვება ხსენებული წყალგამტარი მილების ტექნოლოგიური საკეტების გასარემონტებლად.

ენგურის ყოველწლიური ჩამონატანი საკმაოდ დიდი სიჩქარით მიემართება სადაწნევო გვირაბის წყალმიმღებისაკენ და უახლოეს პერიოდში ზემოხსენებული პრობლემა იქაც იჩენს თავს.

საქართველოში მოღვაწეობს კომპანიაჰერბი”, რომელმაც ძირფესვიანად შეისწავლა ენგურის კალაპოტისა და ენგურის წყალსაცავში არსებული მასალების მოცულობა, შემადგენლობა და წარმოადგინა ამ მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან გაწმენდამოპოვების პროგრამა.

პროექტის შესწავლის შემდეგ დავრწმუნდით მის გრანდიოზულობაში და აღსანიშნავია, რომ ის ისეთივე მასშტაბური და უჩვეულოა, როგორც თავის დროზე ენგურჰესის პროექტი.

პროექტის შედგენაში მონაწილეობდა მეცნიერთა და დამპროექტებელთა დიდ ჯგუფი, რომლის შემადგენლობასი შედიოდნენ ეკოლოგები, გეოლოგები, ჰიდროლოგები, ჰიდრომშენებლები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, იხტიოლოგები, ქიმიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ჩნდება კითხვა _ რას იძლევა ენგურის კალაპოტის და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან?

* მთავარი საკითხი, რომელიც ამ პროექტმა უნდა გადაწყვიტოს, არის კატასტროფული რისკების აცილება სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მდინარე ენგურზე შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში.

* მეორე სიკეთე _ ეს არის ენგურის კალაპოტსა და წყალსაცავში დაგროვილი საამშენებლო მასალის ამოღება და ამ მასალის გაწმენდა ქიმიური კომპონენტებისგან. ეს ინერტული მასალა, მოპოვების შემდეგ გადამუშავდება გამამდიდრებელ ქარხნებში და შემდგოში საშენი მასალის სახით გამოიყენება საქართველოს საამშენებლო კომპლექსის მიერ.

* მესამე სიკეთე არის ის, რომ სოფლის მეურნეობას უბრუნდება 5 ათასი ჰექტარი მიწა,რომელიც ამჟამად ენგურის ნაპირების მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით ამოვარდნილია სამეურნეო ბრუნვიდან.

* მეოთხე სიკეთე _ მდინარე ენგურის გადაქცევა სანაოსნო არტერიად. ჯვარი-ანაკლიის მონაკვეთზე აშენდება 62-კილომეტრიანი არხი, რომლითაც ტურისტები შეძლებენ ანაკლიის პორტიდან ჯვარში ჩასვლას, თაღოვანი კაშხლის დათვალიერებას და შემდგომ ავტომობილით გამგზავრებას ხაიშსა და მესტიაში

* მეხუთე სიკეთე _ ეს არის ჯვარი-ანაკლიის მონაკვეთზე თევზსაშენების გაშენება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

პროექტში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქიმიური კომპონენტების მოპოვება-რეალიზაციას. ენგურის წყალსაცავიდან მოსალოდნელია დიდი რაოდენობით “ჰუმუსის” მიღება, რომელსაც დღევანდელ პირობებში ძალიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია სოფლის მეურნეობისათვის.

ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების მოპოვება-გაწმენდა გათვალისწინებულია მცურავი “სუპერ-დრაგის” მეშვეობით, რომლის წარმადობა იქნება საათში 5600 მ3.

ახლა მცირე ისტორიული ექსკურსი:

ენგურის ობიექტების მშენებლობის პირველივე წლებში მშენებლები წავაწყდით დიდ სიძნელეებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ენგურის კალაპოტიდან (ჯვარის მიდამოებში) ინერტული მასალების ამოღებასთან. არსებული ტექნიკა არ გვაძლევდა საშუალებას, წყლიდან ამოგვეღო სილა და ღორღი ბეტონის დასამზადებლად.

იმჟამინდელმა მთავრობამ, ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნით, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება: გამოეყოთ ენგურჰესის მშენებლობისთვის ოქროს მომპოვებელი გემი-დრაგა, რომელსაც შეეძლო 20 მეტრის სიღრმიდან ინერტული მასალების ამღება ენგურის ნაპირებიდან და კალაპოტიდან. ეს მოხდა გასული საუკუნის 70-იანი წლებში.

ხსენებული დრაგა ციმბირში გამოიყენებოდა ოქროს მოსაპოვებლად.

მე, როგორც უბნის უფროსს, დამევალა, მომეწყო დრაგის დასამონტაჟებელი ბაქანი და მისი საცურაო აკვატორია.

ჰიდრომექანიზაციის სამმართველომ ააწყო დრაგა, რომელიც მშენებლობაზე ჩამოიტანეს ცალკეულ ნაწილებად. ეს უშველებელი გემი ჩავაცურეთ მომზადებულ საცურაო აუზში.

დრაგამ მოხსნა ინერტული მასალის მოპოვების ყველა საკითხი. ენგურის კალაპოტიდან ამოღებული სილიდან წელიწადში დაახლოებით 50 კგ ოქროს მოვიპოვებდით. ეს ძვირფასი ლითონი ბარდებოდა სახელმწიფოს.

მე, როგორც უშუალო თანამონაწილე, გიდასტურებთ, საკუთარი თვალით ვნახე ენგურიდან მოპოვებული ოქრო და ხელშიც მეჭირა ეს სილის ფორმის ყვითელი ნივთიერება.

ოქროს გარდა, მდინარე ენგურის ინერტულ მასალებში მენდელეევის ცხრილის ექვსი ელემენტია, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია და ყოველმხრივ გამართლებული.

ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება იძლევა შესაძლებლობას, მოვიპოვოთ რამდენიმე ასეული ტონა ოქრო და რამდენიმე ათასი ტონა ვერცხლი. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას წაადგებოდა ამშემოსავლისმიღება რთულ ეკონომიკურ პერიოდში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება.

რომელ უწყებებს უნდა აინტერესებდეს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება- შესრულება?

პირველ რიგში, ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს დაინტერესებული ენგურჰესის სტაბილური მუშაობითა და თაღოვანი კაშხლის ქვედა ნაწილში უსაფრთხოების საკითხების მოგვარებით.

ენერგეტიკის სამინისტრომ კი ამ საკითხის მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოიჩინა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ენერგეტიკის სამინისტროში არც ერთი ჰიდროტექნიკოსი არ მუშაობს და ამ უწყებას სხვა პროფესიის ადამიანები ხელმძღვანელობენ.

მეორე უწყება, რომელიც უნდა იყოს დაინტერესებული მდინარე ენგურზე ჩასატარებელი სამუშაოებით _ ეს არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ამ უწყებას პირველ რიგში უნდა აწუხებდეს ენგურის კალაპოტის და მიმდებარე ტერიტორიების დაცვის საკითხი და შავი ზღვის სანაპიროს გამაგრება გუდავა-ხობის მონაკვეთზე.

2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა ფირმა “ჰერბის” შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან, ბატონ გიგლა აგულაშვილთან. მინისტრმა გვითხრა: “შეიძინეთ ლიცენზია სამუშაოების ჩატარებაზე და დაიწყეთ მოღვაწეობა”.

ჩემს შენიშვნაზე, რომ ენგურის კალაპოტი დღეს მოუწესრიგებელია და სჭირდება სასწრაფო ჩარევა, ბატონმა მინისტრმა მიპასუხა, ასეთ დღეშია ყველა მდინარე საქართველოში, სადაც ჰესებია აშენებულიო!

 ბატონო მინისტრო, მაშინ უფრო გამართლებულია ჩვენი მოთხოვნა მდინარე ენგურის კალაპოტის მოწესრიგებაზე.

მდინარე ენგურზე კალაპოტის მოწესრიგების შემდეგ და შავი ზღვის სანაპიროს დაცვითი სამუშაოების შესრულებისთანავე შესაძლებელია ამ სამუშაოების გაგრძელება იმ მდინარეებსა და შავი ზღვის ზოლზე, სადაც დარღვეულია ბუნებრივი წონასწორობა.

მინდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს შევახსენო, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება ლიცენზიების გაცემის საკითხში. რამდენიმე წლის წინათ გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალმა უწყებამ გასცა ლიცენზია თაბაშირის მოპოვებაზე ენგურჰესის კაშხლის მარცხენა ფერდობზე, ყოვლად დაუშვებელ ზონაში. რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად თაბაშირის მომპოვებლებმა ხოკოს ფერდობი ისე გააშიშვლეს, რომ იქ შეიძლება ტექტოგენური კატასტროფა მოხდეს და თაღოვანი კაშხლის მიდამოებში, წყალსაცავში მილიონი კუბური მეტრის მიწის მასა ჩამოწვეს. დღეს კარგად ჩანს ხოკოს კარიერის თავზე, მესტიაში მიმავალი გზის საფარის დაძვრა ენგურის წყალსაცავთან.

ყველა დასმული საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემა, რომელიც ფირმა “ჰერბს” მისცემს საშუალებას, დაიწყოს პროექტის განხორციელება მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად. ამავე დადგენილებით, ფირმას უნდა დაევალოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება გუდავა-ხობის მონაკვეთზე. ფირმაჰერბიმთავრობისგან არც ერთ თეთრს არ ითხოვს, ამ პროექტებს, რომლებსაც წინ უნდა უძღოდეს მოცულობთი მოსამზადებელი სამუშაოები (გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამუშაო პროექტების მომზადება, ადმინისტრაციული ოფისის მოწყობა, აუცილებელი ტექნიკის და მასალების შეძენა, გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, შესაბამისი გადამზიდი ტრანსპორტის შეძენა და სხვ.), დააფინანსებს უცხოელი ინვესტორი, რომელიც ნედლეულის მოპოვების ლიცენზიაში საწარმოო ფუნქციონირების დაწყებამდე ფულის გადახდას გაუმართლებლად მიიჩნევს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში მეორე წლიდან დაიწყება მოგების შემოსავლების მიღება ფირმის ანგარიშზე, შესაბამისად _ სახელმწიფოს საგადასახადო სისტემაში.

პროექტის ხანგრძლიობა 25 წელიწადია. ის ითვალისწინებს პირველ წელიწადს 1000 ადამიანის დასაქმებას, ხოლო მეორე წლიდან სამუშაოებზე უკვე 10 000 კაცი იქნება დასაქმებული.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დასმულ საკითხებს ყურად იღებს და უყურადღებოდ არ დატოვებს ამ სასიცოცხლო პრობლემებს.

ნოდარ შარტავა,

ენგურჰესის სამშენებლო სამმართველოს უფროსი 1986_94 წლებში,

საქართველოს ენერგეტიკოსთა აკადემიის ნამდვილი წევრი

1 COMMENT

  1. უნიკალური პრიექტია! ამ პროექტის გაბხორცირლება დიდად წაადგება რეგიონსა და ქვეყნის ეკონომიკას!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოსო ლემონჯავა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here