15 ოქტომბერი დიდი ქართველი დრამატურგის _ პოლიკარპე კაკაბაძის გარდაცვალების დღე იყო.
_ მამა 1975 წლის 15 ოქტომბერს, ანუ, 40 წლის წინათ, გარდაიცვალა… დაბადებული კი იყო 1893 წელს, _ მეუბნება ქალიშვილი პოლიკარპე კაკაბაძისა, მანანა კაკაბაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიდად ნიჭიერი და ერუდირებული ქალბატონი, რომელიც კარგა ხანს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი იყო.
_ მოდი, ვესაუბროთ, ქალბატონო მანანა, ჩვენი გაზეთის მკითხველებს ბატონი პოლიკარპეს შესახებ… თქვენზე უკეთ, აბა, ვინ იცნობდა “ყვარყვარე თუთაბერის” ავტორს?..
_ რა თქმა უნდა… ოთხი შვილიდან, მგონი, მე განსაკუთრებით ვუყვარდი… შეიძლება ეს იმიტომაც, რომ ქართული ლიტერატურის სამსახური ავირჩიე ცხოვრების მიზნად… საერთოდ, ცოლ-შვილის მოსიყვარულე კაცი იყო, ყოველ წუთს ვგრძნობდით მისი გულის სითბოს… ხელმოკლედ კი ვცხოვრობდით, მაგრამ სტუმარი არ გვაკლდა. ოჯახში მაინც დედაჩემი იყო ყველაფრის თავი და თავი…
_ როგორც ვიცი, კაკაბაძეები ქვემო იმერეთიდან, სოფელ კუხიდან არიან…
_ პატარა კუხიდან… ერთი შტო კაკაბაძეებისა, რომელსაც მამა ეკუთვნის, მეთერთმეტე საუკუნეში აფხაზეთიდან წამოსულა და სოფელ პატარა კუხში დასახლებულა… აქედან იყვნენ, სხვათა შორის, დავით და სარგის კაკაბაძეებიც… პოლიკარპეს მამა ხის მრეწველი ყოფილა, ბათუმში მოღვაწეობდა და ქველმოქმედებითაც გაუთქვია სახელი _ თავისი წვლილი შეუტანია ბათუმის კათოლიკური ეკლესიის აშენებაში. პოლიკარპე ამ ქალაქში გაიზარდა, აქ დაამთავრა გიმნაზია და მშობლიურ სოფელ კუხს ზაფხულობით თუ სტუმრობდა.
_ თქვენს სამეცნიერო მოღვაწეობას როგორ უყურებდა?
_ უნივერსიტეტში ჩემი სადიპლომო თემა იყო “დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა”. გავაცანი იგი ბატონ კორნელი კეკელიძეს და მომიწონა კიდეც, მერე პავლე ინგოროყვასაც შევბედე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბატონმა პავლემ რომ შემაქო, მაგრამ მთავარი მაინც მამაჩემი იყო _ ძალიან ვღელავდი, მაინტერესებდა რა “განაჩენს” გამოუტანდა იგი ჩემს ნაშრომს. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ხშირად ვსაურობდით, ვკამათობდით ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე… ჩემს აზრს პატივს სცემდა, მაგრამ რას იტყოდა ნაშრომზე? საერთოდ, შეფასებისას ძალიან მკაცრი იყო, თავისი კრიტერიუმი ჰქონდა, ამიტომაც ამბობდნენ, პოლიკარპეს გენიოსების მეტი არავინ მოსწონსო.
_ მაგრამ გალაკტიონი მოსწონდა… მახსოვს, გასული საუკუნის სამოციან წლებში რა რეაქცია გამოიწვია ბატონი პოლიკარპეს ინტერვიუმ “მოლოდიოჟ გრუზიაში”, სადაც იგი გალაკტიონზე საუბრობდა…
_ ისინი მეგობრები იყვნენ. მაგალითად, 1919-1920 წლის ზამთარში და თითქმის მთელი წელიწადი გალაკტიონი მამასთან ცხოვრობდა ნაქირავებ ოთახში. დედაჩემი ამბობდა, პოლიკარპეს ჩემთან პაემანზე გალაკტიონიც მოჰყავდა ხოლმეო… მეტი მეგობრობა რაღა შეიძლება?!. მამაჩემი ძალზე მომთხოვნი იყო და, ამდენად, _ წინააღმდეგი ამა თუ იმ კლასიკოსის ყველა ნაწარმოების მრავალტომეულში თავმოყრისა.
გალაკტიონის შემოქმედების შეფასება უნდა მოხდეს იმ რჩეული ლექსებით, რომლებიც, ალბათ, ერთ ტომს თუ დაიტევსო, _ ამბობდა… ეს იყო და ეს…
_ მაშინ დიდი არაფერი “შეუცოდავს”…
_ ხომ გეუბნებით… რომ იცოდეთ, როგორ უყვარდა გალაკტიონის ლექსების ხმამაღლა კითხვა… დღესაც ყურში მიდგას მისი ხმა და გალაკტიონის ლექსების კითხვას ვერც ერთი მსახიობის დეკლამაციას ვერ შევადარებ…
_ კარგი, ქალბატონო მანანა… ჩვენ, ძალაუნებურად, თემა შევცვალეთ… ესე იგი, ღელავდით იმის მოლოდინში, მოეწონებოდა თუ არა თქვენი სადიპლომო ნაშრომი მამათქვენს…
_ დიახ… ერთ დღესაც შევედი მასთან. ჩვეულებრივ, წამოწოლილი მუშაობდა, დაბალი მაგიდა ედგა და მთელი ღამე ასე წერდა. აი, მამა, ეს დავწერე და მინდა, წაიკითხო-მეთქი.
სახლში ვეღარ გავჩერდი. ერთი-ორი საათის შემდეგ რომ მივბრუნდი, კარი დედაჩემმა გამიღო და სახეგაბრწყინებულმა მომახარა,_ წაიკითხა უკვე და მოეწონაო… დამიჯერეთ, ამან საოცარი სტიმული მომცა. ეს სტიმული შემდეგ გააათკეცა გრიგოლ რობაქიძის მიერ ჟენევიდან გამოგზავნილმა აღფრთოვანებულმა გამოხმაურებამ. დიდ მწერალს ჩემი ნაშრომი თურმე “მნათობში” წაეკითხა.
_ გასაკვირია, “ყვარყვარე თუთაბერის” ავტორი როგორ გადარჩა 37-ში…
_ იყო ჩასაფრებები, დასმენები, მაგრამ მამა, შეიძლება ითქვას, სულიერმა სისუფთავემ გადაარჩინა. იგი არ გამოდიოდა კრებებზე, არავის “დამუშავებაში” არ მონაწილეობდა… სამხილი რომ ვერაფერი იპოვეს, ლიტფონდის ვალები აქვს და არ აბრუნებსო,_ დააბრალეს… სულ ცნობები დაუწყო წინ ზოგ-ზოგებს და რაღას იტყოდნენ…
_ მაგრამ “ყვარყვარე თუთაბერი”?
_ ყვარყვარე ზოგადსაკაცობრიო სახედ იქცა და მის ავტორს ასე ვაგლახად, ეტყობა, ვერას ავნებდნენ. სპექტაკლ “ყვარყვარე თუთაბერს” ხომ არნახული წარმატება ჰქონდა ჯერ ბათუმში 1929 წლის 31 იანვარს, შემდეგ ქუთაისში _ 27 მარტს, თბილისში, ოპერის თეატრის სცენაზე _ 21 აპრილს, ოვაციებში იძირებოდა მძლავრთა მრისხანება. ისინი _ ბობოლა კომუნისტები, ესწრებოდნენ სპექტაკლებს და ხელოვნების უცნაური, საიდუმლო ძალით მონუსხულები თვითონვე უკრავდნენ ტაშს, ხარხარებდნენ და შემდეგ ერთმანეთს “ყვარყვარეს” ეძახდნენ… ცნობილია, რომ “ყვარყვარე თუთაბერი” ბერიას საყვარელი სპექტაკლი იყო. იგი წარმოდგენას ხშირად ესწრებოდა, იჯდა თავის ლოჟაში და გულიანად ხარხარებდა, მოწინააღმდეგეებს კი ყვარყვარეებს ეძახდა.
_ საინტერესოა, ნეტა, სტალინი როგორ რეაგირებდა?!
_ პოლიკარპე კაკაბაძე ყოველთვის იყო შავ სიაში, მაგრამ, რომ დაეხვრიტათ, ეს უნდა გადაეწყვიტა სტალინს. სტალინი კი ჭკვიანი იყო, მას მშვენივრად ესმოდა, რომ ავტორის განადგურებით ყვარყვარეს მაინც ვერ მოკლავდნენ. ჰოდა, შეიძლება ითქვას, მამაჩემი ყვარყვარემ გადაარჩინა! ყვარყვარემ და, როგორც გითხარით, სულიერმა სისუფთავემ.
_ რა გასაკვირია, რომ ჩვენს დღეებშიც ცოცხლობს ეს გენიალური სახე…
_ რა თქმა უნდა… ყვარყვარე ხომ ყველა დროს ერგება, ყოველ ახალ დროში ახალ სიცოცხლეს იწყებს… მარადიულია ყვარყვარეს სიტყვები “მე ისევ ავცოცდები.” იგი ყალბი გმირია, დაბადებული სიცრუისთვის, ნაცრის ქექვისთვის. არადა, განდიდების მანია სჭირს. სააკაშვილია ყვარყვარეს მაგალითი _ სტვენით, წყევლა–კრულვით გააგდეს იგი სამშობლოდან, მაგრამ თქვა: “მე ისევ ავცოცდები” და, მართლაც უკრაინაში “გადიდკაცდა”… გიგი უგულავა რომ გამოუშვეს ციხიდან, მასაც შეუღიტინა გრძნობამ _ “მე ისევ ავცოცდები” და, ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაშიო, გაიძახოდა ტელეკამერების წინ. საერთოდ, ყვარყვარიზმი, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანშია. ეს სახე გაუხუნარია.
ყვარყვარე ადამის ცოდვის სახეა. ამ ცოდვას კი თვითონ ადამიანი ებრძვის კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ყვარყვარეს ტიპის შექმნაც სწორედ ამ ცოდვასთან ბრძოლაა. იგი ზოგადი სახეა, როგორც დონ–კიხოტი, როგორც ტარტიუფი…. ამის შესახებ მხოლოდ საქართველოში არ წერენ…
_ რა თქმა უნდა, ბატონი პოლიკარპეს სიდიადეს აღიარება არ აკლია… სხვათა შორის, ძეგლიც შესანიშნავი გამოვიდა, “პლეხანოვზე”, რკინიგზელთა სახლის წინ რომ დგას…
_ ჩემი მეუღლე სიმონ (სიკო) გირკელიძეა ავტორი…
_ ვიცი. ჩვენ ძველი, უნივერსიტეტელი მეგობრები ვართ. ნიჭიერი კაცია… უღრმესი მადლობა, ქალბატონო მანანა! ბატონი პოლიკარპეს შემოქმედებაზე საუბარი კვლავაც დიდხანს შეიძლება… ყვარყვარიზმი, ყვარყვარე და ყვარყვარეები, როგორც ზემოთ ვთქვით, მარადიული მოვლენაა. ხომ ხედავთ, მე ისევ ავცოცდებიო, _ ამბობს ზოგი ჩვენებური პოლიტიკური მოღვაწე და ახალი არჩევნების “გასაიმასქნებლად” ჩალიჩობს.
_ ვაი, ჩვენი ბრალი!..
ესაუბრა ვილენ მარდალეიშვილი