რამდენიმე დღის წინ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ მიმართული“.
ნათქვამია, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, თუმცა ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, გვარამიას ფიცი უკვე აღარავის სწამს და „რუსთავი 2“-ის „შემოქმედებაც“ არავის აკვირვებს. თუ რამდენად შეესაბამება მთელი დღის მანძილზე მოსახლეობისთვის თურქული და ინდური სერიალების ჩვენება „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკას“, ალბათ, მხოლოდ გვარამიამ იცის. ამ ყველაფერს კი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული იუმორის ქართულ იუმორად გასაღებაც დაემატა.
გადაცემა „ქალთა სახეები“, რომელიც „კომედი არხის“, იგივე „რუსთავი 2“-ის პროდუქტია და ბოლო დროს „რუსთავი 2“-ის ეთერშიც გადის, რუსული იუმორისტული გადაცემა „Женская Лига“-ს უნიჭო კოპირებაა.
ორიგინალში (რუსულ გადაცემაში) რუსი ქალის სახეა წარმოდგენილი, მისი ხასიათის ნაირსახეობა, ბუნება. ამას თან ერთვის მსახიობთა მაღალი საშემსრულებლო დონე, განსასახიერებელ პერსონაჟებად გარდაქმნის ხელოვნება. ამიტომაცაა ეს გადაცემა საკმაოდ პოპულარული რუსეთში, ხოლო ტელეარხი ТНТ, რომლის ეთერშიც ეს ტელესერიალი გადის, რუსეთის ტელეარხების რეიტინგის ტოპ ხუთეულში შედის.
თუ რამდენად მივიღებთ ქართველი ქალის ხასიათს და ქართულ ყოფას რუსული იუმორის პირდაპირი კოპირებით (რომ აღარაფერი ვთქვათ სამსახიობო შესრულების დონეზე, სადაც სიტყვა „მსახიობი“, ხშირ შემთხვევაში, აშკარად უადგილოა), თავად განსაჯეთ.
P.S. ერთი რამ კი უდავოა, – როცა ორივე ვერსიას (ორიგინალურს და რუსთავიორისეულს) ერთად უყურებ, აღარ ჩნდება კითხვა „სად გავიცინოთ“.
ქართულ ვერსიაში, უნიჭო შესრულებასთან ერთად, ცალკე აღებულ სიუჟეტებში აშკარა შეუსაბამობები და უხამსობებია, მაგალითად:
* თურმე, ქართველი ქალები ისე ხშირად იცვლიან საყვარელებს, რომ შეიძლება „მახინჯ კაცთანაც“ ჰქონოდათ სექსი.
* გაორებით ტანჯულ „ქართველ ქალს“ მამაკაცი „ერთი და ბევრი ღამისთვის“ უნდა, – „მსახიობს“, ალბათ, „ერთი და დიდი ღამისთვის“ უნდა ეთქვა. აქვე აღსანიშნავია, თუ რა ხმით აღიქვამს ის სექსს.
* წასასვლელად გამზადებულ მდივანს უფროსი სამუშაო დღის ბოლოს ესალმება, სიტყვებით – „გამარჯობა ნანა“. გარდა ამისა, რუსულ ვარიანტში მდივანი ქალი თავისი „პატიოსნებთ“ მეუღლეს ატყუებს, როცა ქართულ ვარიანტში – თავის შვილს.
* თუკი რუსულ ვარიანტში მამაკაცს შეყვარებული იმიტომ მიჰყავს თვალახვეული, რომ ხელი სთხოვოს სწორედ იმ ადგილას, სადაც მათ პირველად აკოცეს ერთმანეთს, ქართულ ვარიანტში მამაკაცი თავის შეყვარებულს თხოვს გაიხსენოს მათი პირველი კოცნა პარიზში. ისმის კითხვა – ასე თვალახვეული რატომ და სად მიჰყავს, პარიზში ხომ არა? გარდა ამისა, რუსულ ვარიანტში პატარა ბაღია, მიხვეულ-მოხვეული გზებით, – ამიტომაც კითხულობს, თუ სად მიჰყავს იგი შეყვარებულს. ქართულ ვარიანტში კი, ტრიალი ადგილია, დიდი სივრცე. საინტერესოა, სად აუხვია თავის შეყვარებულს თვალები, რომ მან ვერ გაარკვია ადგილმდებარეობა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვალახვეული შეყვარებული გარეუბნიდან მოჰყავს…
* „ქართველი სიამის ტყუპები“ საყვარლად ქალს (!) ამჯობინებენ.
* რუსულ ვარიანტში ქალი-პოლკოვნიკის განცხადებას ორმაგი დატვირთვა აქვს, – იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევი კომისიის თავმჯდომარეა და ახალგაზრდების გაცნობა სწორედ გაწვევის ვადებში სურს. თუ რატომ უნდა გავიცინოთ ქართული ვარიანტის ნახვისას, – ეს საფიქრალი თქვენთვის მომინდია.
* საინტერესოა, რატომ მარცვლავს „ქართველი მასწავლებელი“ სიტყვას „კარგი“, – რა ტრანსკრიფცია და გაუგებარი ასობგერები დაინახა ამ ქართულ სიტყვაში?
ლევან ზანგურაშვილი
P.P.S. ამ წერილმა რუსთავიორელები საკმაოდ გააღიზიანა. „ჭირსა შიგან გამაგრებულები“ ცდილობენ ყოველივე „პროექტის ყიდვით“ გაამართლონ, თუმცა „პროექტის ყიდვა“ ერთია, ხოლო „პლაგიატი“ – მეორე. ვისაც ეს სიტყვა არ გაუგია, ან მისი განმარტება არ იცის, ვთავაზობ „ვიკიგანათლებას“:
პლაგიატი – მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება. პლაგიატმა შეიძლება გამოიწვიოს საავტორო სამართლისა და საპატენტო კანონმდებლობის დარღვევა, რისთვისაც დამრღვევი შესაძლოა მიცემულ იქნას იურიდიულ პასუხისმგებლობაში. ყველაზე ხშირად პლაგიატი გამოიხატება სხვისი თხზულების ან იდეის პუბლიკაციაში საკუთარი სახელით, ასევე სხვისი თხზულების ფრაგმენტების სესხებაში, წყაროს მითითების გარეშე.
რაც შეეხება თავად რუსთავიორისეულ სერიალს, არსად მითითებული არ არის არც რუსული ტელეარხი ТНТ, არც რუსული ტელესერიალი „Женская Лига“ და არც ორიგინალური ვერსიის ავტორები. ტიტრებიდან ვგებულობთ, რომ სცენარი გოჩა თანდარაშვილისაა, ხოლო ტიტრების ბოლოს კი საავტორო უფლებაა აღნიშნული სრული დაცვით: წრეში ჩასმული ლათინური ასო C, საავტორო უფლების მფლობელის სახელი და ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი (მითითებულია 2015).
რამდენად ამართლებს „პროექტის ყიდვა“ პლაგიატს, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…
ლ.ზ.