ნაწილი II
1947 წლის 14 ივლისი დაუვიწყარი თარიღი იყო არა მხოლოდ ენვერ ხოჯასთვის, არამედ სრულიად ალბანელი ხალხისთვის.
ამ დღეს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია ალბანეთის ოფიციალური დელეგაცია, რომელიც სტალინს უნდა შეხვედროდა. დელეგაციას ახალგაზრდა ქვეყნის ახალგაზრდა მეთაური ენვერ ხოჯა მეთაურობდა. 12 დღის განმავლობაში დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში ეცნობოდა აღმშენებლობას დედამიწაზე პირველი სოციალისტური ქვეყნისა, რომელმაც თავისივე ბუნაგში მოსპო მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე საშიში მხეცი _ ფაშიზმი. ალბანეთის დელეგაცია სამი დღის განმავლობაში ეცნობოდა ქვეყნის მიღწევებსა და გამარჯვებებს. ყველაზე ამაღლებული და საინტერესო კი დელეგაციას წინ ელოდა. 16 ივლისს ენვერ ხოჯა და მისი თანმხლები პირები სტალინის კაბინეტის მისაღებში საყელოებსა და ვარცხნილობებს ისწორებდნენ, როცა მათ პოსკრებიშჩევმა კარისკენ მიუთითა.
შეხვედრები
ვეებერთელა სამუშაო კაბინეტში სტალინი ისე მოჩანდა, როგორც გოლიათი. მასთან მიახლოება და დალაპარაკება თითქმის ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. ძალიან ღელავდა ენვერ ხოჯა. სტალინი სტუმრებისკენ გაემართა, ყველას ხელი მსუბუქად ჩამოართვა და დაუღიმა. შემდეგ სტუმრები სათათბირო მაგიდასთან მიიხმო და მიმართა:
_ უდიდეს მოწიწებას განვიცდი ბალკანეთის მხარის უძველესი ხალხისადმი, რომელსაც უაღრესად ძველი და ღირსეული ისტორია აქვს, _ განსაკუთრებით ბევრი მსმენია იმ გმირობის შესახებ, რომელიც ალბანელმა ხალხმა გამოამჟღავნა ანტიფაშისტურ, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში, _ მაგრამ ეს ჩემი ცოდნა, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაფართოვდება და გამიღრმავდება, თუ თვითონაც მიამბობთ საკუთარ ქვეყანაზე, თქვენს ხალხზე და, აგრეთვე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლა დგას ალბანელი ხალხის წინაშე.
ატმოსფერო ისე დათბა, რომ დელეგაციის ყველა მონაწილე თავს შინაურ გარემოში გრძნობდა, ენვერ ხოჯა კი მწყობრად უყვებოდა სტალინს თავისი ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე თუ რევოლუციურ შემართებაზე.
სტალინმა მოსაუბრე შეაჩერა და ჰკითხა, როგორ მიმდინარეობდა კლასთა ბრძოლა მის ქვეყანაში.
ენვერ ხოჯამ განუმარტა, რომ ალბანეთში ძირითად კლასს გლეხობა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არიან მცირე რაოდენობით წვრილი მეწარმეეები, მაგრამ მათ ძალა არ აქვთ და კლასთა ბრძოლა მწვავე ხასიათს არ ატარებს.
_ თქვენს პარტიას კომუნისტური პარტია ეწოდება, არა? _ ჰკითხა სტალინმა
_ დიახ, ამხანაგო სტალინ.
_ როგორია მისი შემადგენლობა, ვინ არის მისი ძირითადი ბირთვი?
_ გლეხობა, მცირე რაოდენობით მუშათა ფენა და ძალზე მცირე _ ინტელიგენცია.
_ თუ თქვენს კომუნისტურ პარტიაში ძირითადი ბირთვი გლეხობაა, იქნებ მას არა კომუნისტური, არამედ შრომის პარტია უწოდოთ? რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია, თქვენ კი თქვენი აზრი გამოხატეთ პარტიის ყრილობაზე და შეაჯერეთ. იქნებ შრომის პარტიის სახელმწოდებამ აჯობოს.
მალე ალბანეთში გამართულ კომპარტიის ყრილობაზე ერთხმად გადაწყდა, რომ ალბანეთის კომუნისტური პარტია გარდაქმნილიყო ალბანეთის შრომის პარტიად.
სტალინი დაინტერესდა, ხდებოდა თუ არა ქვეყანაში შინაურ მტერთა გამოხდომები და, თუ ხდებოდა, როგორი იყო დამოკიდებულება მათ მიმართ.
_ შინაურ მტრებს, რა თქმა უნდა, ვებრძვით, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ისინი კვლავ მოქმედებენ. მათ გარკვეულ დახმარებას გარეშე მტრები უწევენ, როგორც ხმელეთით, ისე ზღვითა და ჰაერით. ხშირად ვიჭერთ მათ და გადავცემთ სახალხო სასამართლოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტრუმენის დოქტრინა საბერძნეთის საკითხზე და “მარშლის” იმ ყბადაღებულ გეგმაზე, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ.
_ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები და ინგლისელები დიდ სიძნელეებსა და დაბრკოლებებს გიქმნიან, ამჟამინდელ სიტუაციაში ისინი თქვენს ქვეყანაზე თავდასხმას ვერ გაბედავენ, თქვენს მიწაზე ჯარს ვერ გადმოსხამენ, თუმცა ამისთვისაც მზად უნდა იყოთ, ჩვენ კი ყველაფრით დაგეხმარებით, _ დააიმედა სტალინმა ენვერ ხოჯა და განაგრძო:
_ ბერძენი მონარქი ამერიკელებისა და ინგლისელების წაქეზებით კვლავაც განაგრძობს თქვენ პროვოცირებას იმისათვის, რომ ათასგვარ ხათაბალაში გაგხვიონ და მოსვენება არ მოგცენ. ათენელებს კი დღეს თვითონ ჩაუსახლდათ შინ ბოროტება და უბედურება იმიტომ, რომ იქ გაჩაღებული სამოქალაქო ომი მათ და მათ ბრძანებელთა _ ინგლისელთა და ამერიკელთა _ წინააღმდეგ არის მიმართული (როგორც დღეს _ გრ. ონიანი).
_ შემდეგ სტალინი ალბანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესდა, _ იგონებს ენვერ ხოჯა, _ შემეკითხა, როგორი ეკონომიკიური მდგომარეობა არის ამჟამად თქვენს ქვეყანაში, რა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოგყავთ, ამ კულტურებიდან, ტრადიციულად, რომლის მოვლა-მოყვანას მისდევს ალბანელი გლეხობაო; იმითაც დაინტერესდა, რომელ მარცვლეულს ვთესავდით უმეტესად _ სიმინდს თუ ხორბალს და ასე შემდეგ.
_ უმთავრესად, ჩვენთან სიმინდს თესავენ, _ ვუპასუხე, _ შემდეგ _ ხორბალსა და ჭვავს.
_ სიმინდს გვალვის არ ეშინია?
_ დიახ, ეშინია, სიმინდი გვალვას ნაკლებად იტანს, _ ვუპასუხე მე, _ და, სამწუხაროდ, გვალვა საკმაოდ ხშირად გვაწუხებს კიდეც და გვაზარალებს, მაგრამ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენს ჩამორჩენილ სოფლის მეურნეობას აქვს, მით უმეტეს, რომ ქვეყანა პურის ნაკლებობას განიცდის, ჩვენმა გლეხებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოიწიონ რაც შეიძლება მეტი სიმინდი, ამასთანავე, ვცდილობთ, შევქმნათ სარწყავი სისტემა, ჭაობების ამოშრობასაც შევუდექით.
სტალინი დაინტერესდა, გვაქვს თუ არა შექმნილი მანქანა-ტრაქტორთა სადგურები:
_ მანქანა-ტრაქტორთა სადგურები აუცილებლად უნდა შექმნათ და, რაც შეიძლება, ინტენსიური გახადოთ მათი საქმიანობა, რადგან სწორედ მათ უნდა დაამუშავონ სანიმუშოდ როგორც სახელმწიფო, ისე კოოპერატიული მიწები; აგრეთვე, მიწები, რომლებიც გლეხთა საკუთრებაში ირიცხება. ტრაქტორისტები ყოველთვის გლეხთა სამსახურში უნდა იდგნენ, სოფლის მეურნეობაში უნდა იყვნენ დასაქმებული, კარგად უნდა ერკვეოდნენ კულტურებში, ნიადაგებში; იცოდნენ, სად, როგორ დაამუშაონ მიწა, სად რა დათესონ, რათა მიღწეულ იქნას უხვი მოსავალი. სწორედ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სხვაგვარად დიდ დანაკარგებს თავიდან ვერ ავიცილებთ. როდესაც მანქანა-ტრაქტორთა პირველ სადგურებს ვქმნიდით, ხშირად ხდებოდა, რომ ვამუშავებდით გლეხების მიწებს, მაგრამ ამით სასოფლო-სამეურნეო პროგრამების წარმოება არ იზრდებოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ტრაქტორისტმა მხოლოდ ტრაქტორის მართვა იცოდა და სხვა _ არაფერი. ტრაქტორისტი კარგი მიწათმოქმედიც უნდა იყოს, მან უნდა იცოდეს, როდის და როგორ დაამუშაოს მიწა.
ტრანსპორტის საკითხებზე საუბრისას სტალინმა მკითხა:
_ აშენებთ თუ არა ალბანეთში მცირე ზომის გემებს?
_ არა, _ ვუპასუხე.
_ ფიჭვი თუ ხარობს თქვენთან?
_ ფიჭვის მთელი მასივებია.
_ მაშინ თქვენ შესანიშნავი ბაზა გქონიათ საზღვაო ტრანსპორტის გასავითარებლად და ეს სამომავლოდ, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ.
სტალინმა ენვერ ხოჯა სპორტულ სანახაობაზე დაპატიჟა.
_ ორ საათზე მეტ ხანს გულისყურით უმზერდა სპორტულ არენას, _ იგონებს ენვერ ხოჯა, _ შეჯიბრების დასასრულს წვიმა წამოვიდა. მოლოტოვმა რამდენჯერმე სთხოვა, სანახაობა დაეტოვებინა, მაგრამ სტალინმა იუარა, ის ხალისიანად ესალმებოდა სპორტსმენებს და, მიუხედავად ავდრისა, შესანიშნავ გუნება-განწყობაზე იყო.
მორბენლები სტადიონს წრეს უვლიდნენ, სირბილში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. შეჯიბრების დამთავრებისას გამოჩნდა ერთი ყველასგან ჩამორჩენილი აწოწილი სპორტსმენი, საწყალი ფეხებს ძლივს მიათრევდა, ხელებს სასაცილოდ იქნევდა და ძლივს მილასლასებდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, ერბინა. წვიმით ისე იყო გალუმპული, წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. სტალინი მას მამობრივი სითბოსა და მზრუნველობის გამომხატველი ღიმილით უყურებდა და თავისთვის ბუტბუტებდა:
_ ჩემო საყვარელო, წადი სახლში, ცოტა დაისვენე, შეჭამე რამე და მერე ისევ მოდი, აქ კიდევ გაიმართება შეჯიბრება სირბილში.
მოგვიანებით სტალინი ალბანელი ხალხისა და მისი ენის წარმოშობითა დაინტერესდა:
_ როგორია თქვენი ხალხისა და ალბანური ენის წარმომავლობის ისტორია? _ მკითხა სტალიმა, _ თქვენს ხალხს, გარკვეულწილად, ბასკებთან ხომ არ აქვს რაიმე სიახლოვე? არ მჯერა, რომ ალბანელები წარმოშობით შორეული აზიიდან იყვნენ. ისინი არც თურქული წარმომავლობის არიან, რადგან ალბანელები თურქებზე უფრო ძველი ხალხია. შესაძლოა, თქვენს ხალხს საერთო ფესვები ჰქონდეს ეტრუსკებთან, თქვენს მთებში რომ შემორჩნენ, იმიტომ, რომ სხვები, რომლებიც იტალიაში გაემგზავრნენ, რომაელებს შეერწყნენ, მათთან ასიმილაცია განიცადეს. ნაწილი ალბანელებისა კი იბერიის ნახევარკუნძულზე გადავიდა.
ჩვენთან, კავკასიაში, არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც ალბანეთი ეწოდება, _ მითხრა სტალინმა და ინტერესით შემომხედა, _ როგორ ფიქრობთ, აქვს ამ ალბანეთს კავშირი თქვენს ქვეყანასთან?
_ ამის თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არაფერი ვიცი.
ამის შემდეგ სტალინი შემეკითხა რამდენიმე ალბანური სიტყვის შესახებ. მას აინტერესებდა, რას ვეძახდით ჩვენ შრომის იარაღებს, საოჯახო ჭურჭელს, ავეჯს, ყოველდღიური მოხმარების საგნებს. სიტყვათა ძირებში არავითარი მსგავსება არ აღმოჩნდა. სტალინმა ღილაკს თითი დააჭირა და შემოსულ გენერალს (ალბათ, პოსკრებიშჩევს _ გრ. ონიანი) ღიმილით უთხრა:
_ ჩვენ აქ ამხანაგ ენვერ ხოჯასთან ერთად თავს ვიკლავთ ერთი ამოცანის გადაწყვეტაში, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ. დაუკავშირდით, გეთაყვა, პროფესორს (მან დაასახელა ერთ-ერთი გამოჩენილი საბჭოთა ენათმეცნიერი და ისტორიკოსი, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ მახსენდება) და ჩემი სახელით ჰკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი კავკასიელ ალბანელებსა და ალბანეთს შორის.
გენერალი რომ გავიდა, სტალინმა აიღო ფორთოხლის ოქროსფერი ნაყოფი, მაღლა ასწია და თქვა:
_ ამას რუსულად აპელსინ ჰქვია, ალბანურად რას ეძახით?
_ პორტოკალს, _ ვუპასუხე მე.
ჩვენი ვიზიტის დროც ამოიწურა. დაუვიწყარი იყო ვახშამი, რომელიც ჩვენი დელეგაციის პატივსაცემად სტალინმა კრემლში მოაწყო. ნავახშმევს მასპინძელმა კრემლის კინოდარბაზში დაგვპატიჟა. კინოს პერსონაჟი, რომელიც ხალხთან კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა, სტალინს ძალიან მოეწონა. სტალინი ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა:
_ ხელმძღვანელობა რომ შეძლო, ხალხს უნდა იცნობდე და, რომ იცნობდე, ამისთვის საჭიროა, ხალხში გახვიდე და მასთან ახლოს იყო.
უკვე ნაშუაღამევი იყო, როდესაც გამოსამშვიდობებლად მოვემზადეთ. სტალინმა ყველას ხელი ჩამოართვა, ბოლოს კი ხელი მე გამომიწოდა და მთხოვა:
_ ჩემი გულითადი სალამი გადაეცით გმირ ალბანელ ხალხს, რომელსაც უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ!
მეორე დღეს, 25 ივლისს, ჩვენი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა”.
1949 წლის 21 მარტს ენვერ ხოჯა, როგორც ქვეყნის მეთაური, მეორედ ჩავიდა მოსკოვში სტალინთან შესახვედრად. პროტოკოლის მიხედვით, მას აეროპორტში მიქოიანი და ვიშინსკი დახვდნენ. 23 მარტს, 22 საათსა და 5 წუთზე, ენვერ ხოჯა სტალინმა მიიღო.
“ _ რაღაც გამხდარი მეჩვენები, _ მითხრა მცირე დაკვირვების შემდეგ,_ ხომ არ იავადმყოფე ან, შესაძლოა, დაიღალე?
_ ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, ისევ რომ მომიწია თქვენთან შეხვედრა. მინდა, რამდენიმე საკითხი წამოვწიო თქვენ წინაშე.
_ რამდენიც გნებავთ! დროში არავინ გზღუდავთ, _ გაიღიმა მან, თითქოს წამათამამა, რომ თავისუფლად მომეხსენებინა ყველაფერი, რაც საჭიროდ მიმაჩნდა”.
ენვერ ხოჯამ დაწვრილებით უამბო სტალინს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ შექმნილ ვითარებაზე და მისცა კიდეც შესაფერისი შეფასება. მკაცრად გააკრიტიკა კოჩი დოდე და პანდი კრისტო, რომლებიც იუგოსლავიელ ტროცკისტთა საშიში აგენტები გახდნენ და ცდილობდნენ მის პარტიაში ცენტრალური პოსტების უზურპირებას.
“_ დაიცავით სამშობლო და პარტია, _ მითხრა ამხანაგმა სტალინმა, _ მტერი დამაჯერებელი ფაქტების საფუძველზე მხილებული უნდა იქნას ბოლომდე, რათა ხალხმა იცოდეს, რა ბოროტება აქვს მას ჩადენილი და დარწმუნდეს, რამდენად საშიშია იგი. ასეთი, ხალხის თვალში მთლიანად დისკრედიტებული, მტერი კიდევაც რომ არ დასაჯო, მორალურად და პოლიტიკურად მაინც დასჯილია, რადგან ხალხის გარეშე, ადამიანთა ნდობის გარეშე ის უკვე ვერაფერს გააკეთებს.
_ სასამართლო პროცესი ტირანაში მიმდინარეობს, ყველაფერი, რაც სამართლოს დარბაზში ხდება, იბეჭდება გაზეთებში. ამასთანავე, იმ ადამიანებს, რომლებმაც ღრმად მოინანიეს შეცდომები, გულწრფელი და დამაჯერებელი თვითკრიტიკით გამოვიდნენ, ჩვენ სიფრთხილითა და განსაკუთრებული დიდსულოვნებით მოვეკიდეთ, გადავწყვიტეთ ზოგიერთი მათგანის სასწავლებლად საბჭოთა კავშირში გამოგზავნა, _ ვთქვი მე და რამდენიმე მათგანის გვარი დავასახელე.
_ როგორ, როგორ? _ შემეკითხა ამხანაგი სტალინი და პირდაპირ თვალებში შემომხედა, _ თქვენ გინდათ, რომ იგი ჩვენთან ჩამოვიდეს სასწავლებლად? ასეთ კაცს პოლიტიკურად კიდევ ენდობით?
_ დიახ, _ ვუპასუხე მე, _ მისი თვითკრიტიკა ისეთი წრფელია, იმედი გვაქვს, გამოსწორდება.
_ თვითონ მას სურს, რომ ჩამოვიდეს?
_ დიახ, მან თვითონ გამოთქვა აქ წამოსვლის სურვილი, _ ვუპასუხე მე.
_ აბა, რა მეთქმის! თუ თქვენ, ამხანაგო ენვერ, კარგად აწონ-დაწონეთ ეს საკითხი, მაშინ, დაე, ჩამოვიდეს.
შევეხე რა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს, ხაზი გავუსვი, რომ გადაწყვეტილი გვაქვს კოლექტივიზაციაზე თანდათანობითი გადასვლა.
_ რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას, _ თქვა ამხანაგმა სტალინმა, _ ჩემი აზრით, არ უნდა აჩქარდეთ. თქვენი ქვეყანა მთიანია, მისი რელიეფი _ არაერთგვაროვანი, სხვადასხვანაირი; ჩვენთანაც, მთიან რაიონებში, რომლებიც თქვენს მთიან რაიონებს ჰგავს, კოლმეურნეობები ძალიან გვიან შეიქმნა. თუ ალბანელ გლეხებს ტრაქტორები ან სხვა რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მანქანა დასჭირდებათ, მარცვლეულის დასამუშავებელი თუ მესაქონლეობაში გამოსაყენებელი, ან სხვა რამ, დაეხმარეთ მათ. და არა მხოლოდ ეს! გაიყვანეთ სარწყავი არხები გლეხებისთვის და შემდეგ ნახავთ, როგორი შედეგები მოჰყვება ამას. მგონი, უკეთესი იქნება, თუ ზემოთ ხსენებული დახმარებისთვის გლეხობა ვალს ნატურით გადაიხდის. უნდა შექმნათ მანქანა-ტრაქტორთა სადგურები. თქვენ არ უნდა გადასცეთ ტრაქტორები კოოპერატივებს, მაგრამ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გლეხებს მიწის დამუშავებაში, თუ ისინი ამ დახმარებას მოითხოვენ და ღარიბი გლეხები ასე თანდათანობით გაიცნობიერებენ კოლექტივიზაციის აუცილებლობას.
რაც შეეხება ჭარბ სასოფლო-სამმეურნეო პროდუქციას, _ განაგრძო ამხანაგმა სტალინმა, _ მიწათმოქმედებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ მოიხმარონ, წინააღმდეგ შეთხვევაში გლეხები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. თუ გლეხობა კონკრეტულ დახმარებას ვერ დაინახავს სახელმწიფოს მხრიდან, იგი სახელმწიფოს თვითონაც არ დაეხმარება.
_ როგორია ალბანეთის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა? არსებობს თუ არა ალბანეთში სერბთა და ხორვატთა უმცირესობები? _ მკითხა სტალინმა.
_ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, _ ვუთხარი მე, _ ძირითადად ალბანელია, მაგრამ ეროვნული უმცირესობებიც გვყავს, მაგალითად, ბერძნები (სულ 28 000 კაცი) და ძალიან ცოტა მაკედონელები (სულ რაღაც 5 პატარა სოფელი), სერბები და ხორვატები ჩვენთან არ არიან.
_ რამდენი რელიგიური აღმსარებლობაა თქვენთან გავრცელებული?
_ ალბანეთში სამი რელიგიური აღმსარებლობაა: მუსლიმანური, მართლმადიდებლური და კათოლიკური. ამ სამი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარი მოსახლეობა ერთი ეროვნების წარმომადგენელია, ამიტომ ერთადერთი ენა, რომელზეც ჩვენთან ლაპარაკობენ, ალბანურია, ოღონდ ბერძნული ეროვნების გამოკლებით. ეს უმცირესობა თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს.
საუბრის მსვლელობისას სტალინმა მკითხა:
_ თქვენ, ამხანაგო ენვერ, ღორის ხორცს ჭამთ?
_ დიახ, _ მივუგე მე.
_ მუსლიმანური რელიგია უკრძალავს თავის მრევლს ღორის ხორცის ჭამას, _ თქვა სტალინმა, _ ძველისძველი და უკვე დრომოჭმული ჩვევაა. რელიგიის საკითხი მეტად სათუთი საკითხია და იგი ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, ძალიან წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ყოვლად დაუშვებელია, რომ დაუდევრად მოვეპყროთ ხალხის რელიგიურ გრძნობებს. ეს გრძნობები საუკუნეთა განმავლობაში ინერგებოდა ადამიანთა სულებში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რელიგიის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხთან საერთო ენის გამონახვის, მასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით.
ვახშამზე სუფრას მოლოტოვი თამადობდა. ის ჭიქას მალმალე ავსებდა და მომიწოდებდა, ჭიქა ბოლომდე დამეცალა. როცა მისი თხოვნა არ შევასრულე, საყვედურით მითხრა, _ თქვენ წუხელ უფრო მეტ ღვინოს სვამდით.
_ ააა, გუშინ? გუშინ სხვა საქმე იყო.
მოლოტოვი კი სტალინს მიუბრუნდა და ყურში ჩასჩურჩულა: _ წუხელ ვიშინსკისთან ვიყავით ვახშმად (ვითომ სტალინს ეს არ ეცოდინებოდა _ გრ. ონიანი), რომ ტირანიდან დარეკეს ენვერ ხოჯას ვაჟიშვილი შეეძინაო. ცხადია, სიხარულისაგან ჩვენც მეტი დავლიეთ.
_ გილოცავთ! _ წამოიძახა სტალინმა და ჭიქა ასწია. მოდით, დავლიოთ ახალშობილისა და თქვენი მეუღლის სადღეგრძელო. ვახშამი ყავითა და კრემლის კინოდარბაზში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეზე გადაღებული ფერადი კინოფილმების ნახვით დასრულდა, მათ შორის იყო “შორეული საპატარძლო”.
ასე დასრულდა სტალინთან ჩემი რიგით მეორე შეხვედრა”.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)