Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ქართული კულტურა

სტალინი და ქართული კულტურა

მას მხოლოდ ქართული საცივისა და კახური ღვინის გემო ახსოვდა”.

გრ. რობაქიძე

 

სტალინმა, იმისათვის, რომ წარმოეჩინა, რა დიდი კულტურის ერის შვილი იყო, დაგეგმა რამდენიმე კარგად გააზრებული ღონისძიება, რომლებიც საჭირო ეფექტს მოახდენდა საბჭოთა კავშირშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. და განახორციელა კიდეც ოთხი დიდი ღონისძიება: საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა; ქართული კულტურის დეკადა მოსკოვში; შოთა რუსთაველის მიერვეფხისტყაოსნისდაწერიდან 750 წლისთავისა და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა.

1943 წლის 9 აგვისტოს მსოფლიოს მწერლობის ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა _ შოთა რუსთაველი, რომლის უკვდავი პოემის _ “ვეფხისტყაოსნის” _ დაწერიდან 750 წლისთავის აღსანიშნავი თარიღი უნდა დადგენილიყო. დადგინდა კიდეც: 1936 წელს, სტალინის ინიციატივითა და იუნესკოს ხელშეწყობით, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ხალხებს, არამედ სრულიად მსოფლიოს უნდა აღენიშნა “ვეფხისტყაოსნის” შექმნის 750 წლისთავის იუბილე.

სტალინის დავალებით, 1934 წლის აგვისტოშივე ჩამოყალიბდა სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს მთავრობის იმდროინდელი თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. კომისიას უნდა უზრუნველეყო პოემის გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა. თბილისში უნდა დაედგათ შოთა რუსთაველის ძეგლი, დაედგინათ პოემის ტექსტის საბოლოო ვარიანტი და ეთარგმნათ რუსულ ენაზე. სტალინის ინიციატივით, 1936 წელს დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსნის” ბალმონტისეული თარგმანი. მისივე თაოსნობით, მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკის ფასადზე მსოფლიოს კლასიკოსთა შორის ჩასვეს დიდი შოთას ბარელიეფი. ბალმონტის ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნით” სტალინი კმაყოფილი არ იყო და სურვილი ჰქონდა, რუსთაველის ნაწარმოები რუსულ ენაზე სრულყოფილად ეთარგმნათ. აღსანიშნავია, რომ “ვეფხისტყაოსნის” თარგმნის მცდელობა თვითონაც ჰქონდა.

სტალინმა შეიტყო, რომ “ვეფხისტყაოსნის” თარგმნაზე მუშაობდა შალვა ნუცუბიძე და მოითხოვა, სასწრაფოდ მოეტანათ რამდენიმე სტროფის თარგმანი. სტალინს ძალიან მოეწონა ტექსტი და ბრძანა, მისთვის პერიოდულად მოეტანათ ნათარგმნი.

შალვა ნუცუბიძემ კი თავის მემუარებში ეს ჩანაწერი დაუტოვა შთამომავლობას:

“თარგმნა დავიწყე 1937 წელს. მოულოდნელად დამიჭირეს (ქართველ ნაციონალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრობისა და ფაშისტური გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით) და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მოსკოვში ლუბიანკაზე ვიყავი ჩასახლებული.

ერთხელ, როდესაც დაკითხვაზე გამომიძახეს, მკითხეს:

_ მართლა გაქვთ “ვეფხისტყაოსნის” თარგმნის სურვილი?

_ თქვენ ეს რატომ გაწუხებთ, რა იცით ამის შესახებ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ ვიცი, რომ თქვენ რუსთაველის პოემას თარგმნით. დროგამოშვებით კითხულობდით და ხალხიც გესწრებოდათ. საშუალებას მოგცემთ, დაასრულოთ რუსთაველის თარგმნა.

სხვა გზა არ იყო, თანხმობა განვუცხადე. მეორე დღესვე ჩემს მაგიდაზე იდო რუსთაველის პოემის ქართული გამოცემა… ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. ერთი კვირის განმავლობაში ნათარგმნი შაბათობით მიჰქონდათ და, როგორც შემდეგ შევიტყვე, ამ მასალას სტალინი კითხულობდა.

დრო გადიოდა. ერთ დღეს ქობულოვმა მიამბო, რომ თურმე სტალინს უკითხავს თავისი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის (ლ. პ. ბერიასთვის):

_ თუ იცი, შაშვი რა ფრინველია?

_ ბევრი იცის ჩვენში, მინახავს კიდეც და მომისმენია გალობა, _ უპასუხა თანამოსაუბრემ.

_ გალიაში მომღერალი შაშვისთვის თუ მოგისმენია? _ არ მოეშვა სტალინი, _ არც კამერაში მომღერალი მგოსანი არსებობს, _ განაგრძო მან. თუ მართლა გსურთ, მიიღოთ რუსთველის პოემის თარგმანი, გაუშვი იმ გალიიდან, რომელშიც შენ მას ამღერებ.

ერთ საღამოს ქობულოვმა გამომიძახა და მითხრა:

_ არსებობს სტალინის განკარგულება თქვენი განთავისუფლების შესახებ რუსთაველის პოემის თარგმნის გარკვეულ ვადაში შესრულების პირობით.

_ ეს უნდა მოხდეს ციხეში თუ ციხის გარეთ? _ გავბედე შეკითხვა.

_ მოლაპარაკებას გააჩნია, _ მიპასუხა მან.

მართალია, “ვეფხისტყაოსნის” ტექსტი სანახევროდ უკვე ნათარგმნი მქონდა, მაგრამ გავბედე და თარგმნის დასრულების ვადად წელიწად-ნახევარი დავასახელე. გაუკვირდათ, რადგან ასეთი პასუხი თავისუფლებას მიზღუდავდა.

_ დავამთავრეთ, _ თქვა ქობულოვმა, _ გაგიშვებთ, მაგრამ გახსოვდეს, რომ რუსთაველის თარგმნა იყო და არის შენი გადარჩენის პირობა.

იმ საღამოსვე გამომიშვეს, სოკოლნიკში დამასახლეს. როცა 1939 წელი 1 მაისს მიუახლოვდა რუსთაველის თარგმანი გავათავე”.

1940 წლის 20 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე სტალინმა მიიღო. მას მხიარულად მიეგება და ქართულად მიმართა:

_ ტექსტი ძალიან გაგიმართავს, ბრწყინვალეა! ვთვლიდი, რომ რუსთაველის საუკეთესო თარგმანი იყო პეტრენკოსი, მაგრამ, როდესაც გავეცანი თქვენს თარგმანს, უკვე ვთვლი, რომ იგი არათუ უკეთესია პეტრენკოს ნამუშევარზე, არამედ ნამდვილი ლიტერატურული მოვლენაა.

და აქ ისეთ რამეზე გაამახვილა ყურადღება სტალინმა, რაც დიდი ხანია, კამათის საგანია რუსთველოლოგთა შორის.

_ მე მხარს ვუჭერ, _ განაცხადა სტალინმა, _ ხატაელთა ბრძოლისა და ხვარაზმელთა ეპიზოდსაც, თუნდაც საეჭვოდ მიაჩნდეთ მკვლევართ მისი რუსთველისათვის მიკუთვნება. ხალხმა ხომ მიიღო, ზეპირად იცის, ამით უფრო გაამდიდრა იგი მხატვრული სახელებით და ამიტომ არ მიმაჩნია მართებულად ამ ეპიზოდების ამოღება, პირიქით _ შენ უნდა დაურთო ხვარაზმელთა ეპიზოდიც, რა თქმა უნდა, გარკვეული რედაქციით.

სტალინმა მის მიერ ნათარგმნივეფხისტყაოსნისრამდენიმე სტროფი შესთავაზა შალვა ნუცუბიძეს, შალვამ აღტაცებით მიიღო სტალინის საჩუქარი და ასე გაჩნდა პოემაში სტალინის მიერ ნათარგმნი სტრიქონები.

განიხილესვეფხისტყაოსნისგამოცემის საკითხიც. სტალინმა, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი სამუშაო გასწია, კატეგორიული უარი განაცხადა, მისი გვარი სადმე მოეხსენიებინათ. სტალინმა ბევრი იმუშავა უკვე დაბეჭდილ სასიგნალო ეგზემპლარზეც, შეამოწმა სატიტულო ფურცელი, ყდა, ილუსტრაციები და ცვლილებებიც შეიტანა. მოითხოვა, სატიტულო ფურცელზე შრიფტი შეეცვალათ (სტალინი ხომ სტამბის დიდი სპეციალისტი იყო), ლამაზი და შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო, მოითხოვა, აგრეთვე, დაერთოთ მიხეილ ზიჩის დიდებული ნახატები.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც სტუმრები აიშალნენ. ასე დასრულდა ფანტასტიკური დღე, რომელიც ერთად იზეიმეს ახალნათარგმნმა “ვეფხისტყაოსანმა”, მისმა მთარგმნელმა და გამომცემელმა.

1907 წელს წიწამურთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ზოგიერთმა ვაიქართველმა მრავალგზის დაგმო ილია ჭავჭავაძე. არ იშურებდნენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა “სისხლისმსმელი”, “გამყვლეფი” “,გლეხთა მჩაგვრელი” და სხვ. სოციალ-დემოკრატებისგან ათვალწუნებულ დიდ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს საფლავშიც არ ასვენებდნენ. ილია ჭავჭავაძის ლანძღვის ამბავი სტალინის ყურამდე მივიდა. 1934 წლის ზაფხულში, როდესაც მალაქია ტოროშელიძეს საკავშირო ყრილობაზე გამოსასვლელი მოხსენების მაკეტს უდგენდა, სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა: საქართველოში, თურმე, რაღაც უაზრო და ყოვლად ყალბი თვალსაზრისი გაუვრცელებიათ, თითქოს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის იდეოლოგი და ამ კლასების ინტერესების დამცველი იყო. ვის მოუვიდა თავში ასეთი სიყალბე, ასეთი მცდარი და უკუღმართი აზრი? აქვს კი ვინმეს მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა შორის ისეთი ძლიერი სოციალური პროტესტი, რომელიც მოცემულია ილიას შემოქმედებაში? ამის შესახებ რამდენჯერმე ველაპარაკე ქართველ ამხანაგებს, მაგრამ დასკვნები არ გამოუტანიათ. დეკრეტის გამოცემას ხომ არ ელოდებიან?”

1936 წლის 4 სექტემბერს გაზეთმა “პრავდამ” სტალინის უშუალო მითითებით გამოაქვეყნა მასალა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე და მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის “უპოპულარესი მოღვაწე” უწოდა. ეს კი სტალინის მართლაც ის დეკრეტი იყო, რომლითაც დაიწყო ილია ჭავჭავაძის გენიის გამომზეურება.

1934 წლიდან ილია ჭავჭავაძეზე განსაკუთრებული ზრუნვა იმითაც იყო განპირობებული, რომ ილიას მიმართ შეტევამ კულმინაციას 1933 წელს მიაღწია, როდესაც იმჟამინდელმა პარტიულმა და მწერალთა ელიტამ გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძე მთაწმინდიდან კუკიის სასაფლაოზე გადაესვენებინათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამის გამო სტალინის ბავშვობის მეგობარმა პეტა კაპანაძემ გადაწყვიტა, მოსკოვში ჩასულიყო და მეგობარს შეხვედროდა. პეტა რკინიგზის სადგურიდან პირდაპირ კრემლში მიიწვიეს და იქვე დაუდეს ბინა. საღამოს, ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, სტალინმა ჰკითხა, ხომ არაფერი გიჭირს, დახმარება ხომ არ გჭირდებაო?

_ მე არაფერი მიჭირს, საქართველოს უჭირს, ილია ჭავჭავაძეს უჭირს,_ მიუგო მეგობარმა სტალინს.

_ აბა. რაშია საქმე, ჩემო პეტა, მითხარი.

_ სოსო, სურთ, ილია ჭავჭავაძე მთაწმინდიდან ამოთხარონ და კუკიაზე გადაასვენონ, ამაზე დიდი უბედურება რაღა იქნება. ამ უსინდისოებს სურთ, მეორედ მოკლან ილია, _ თვალზე ცრემლი მოადგა პეტას.

_ რა ხდება, საფლავს რაღას ერჩიან? _ სტალინი სწრაფად წამოდგა და ტელეფონთან მივიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეგობარს განუცხადა:

_ ჩემო პეტა, შეგიძლია, დამშვიდდე, ილიას საფლავს ხელს ვერავინ ახლებს.

ასე დაიცვა ლეგენდარული ლექსის (“დილა”) ავტორმა ლეგენდარული ჟურნალივერიისმოკლული მთავარი რედაქტორი მთაწმინდიდან კუკიის სასაფლაოზე გადასვენებისგან.

1934 წლის ზაფხულში, მალაქია ტოროშელიძის სტუმრობისას, სტალინმა გამოთქვა სურვილი, შექმნილიყო საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო. ეს საკითხი სტალინმა ბერიასთან ერთად განიხილა და მიიღეს გადაწყვეტილება, დაევალებინათ ქართველი ისტორიკოსებისათვის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან მრავალეროვან საბჭოთა კავშირში რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოც კი არ არსებობდა, არათუ რომელიმე რესპუბლიკის.

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერის დავალება მიიღეს მეცნიერებმა: ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა და სიმონ ჯანაშიამ. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს მანამდე ჰქონდა დიდი სამუშაო შესრულებული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შესაქმნელად და 1940 წელს ხელნაწერის სახითაც არსებობდა.

როდესაც სტალინი საფუძვლიანად გაეცნო ნიკო ბერძენიშვილის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ვარიანტს, ბერიას უსაყვედურა:

_ რომელი ქვეყნის ისტორიას წერს ბერძენიშვილი? საქართველოს ისტორიაში გიორგი სააკაძის არარსებობა და მწირი მასალები დავით აღმაშენებელზე სხვა არაფერია, თუ არა ისტორიის ფალსიფიკაცია.

ბერიასადმი სტალინის საყვედურმა ნიკო ბერძენიშვილის ყურამდეც მიაღწია და დაიწყო სრულიად ახალი სახელმძღვანელოს დაწერა, რომელიც 1943 წელს დაასრულა. წიგნი, რა თქმა უნდა, გაუგზავნეს სტალინს. უცნობია, როდის მოასწრო სისხლისმღვრელ ომში ჩართული ქვეყნის მთავარსარდალმა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს წაკითხვა, მაგრამ, თუ მცირე შესვენებისას “ევგენი ონეგინსა” და “ანა კარენინას” კითხულობდა, შეუძლებელია, 1945 წლამდე არ წაეკითხა მისი დავალებით დაწერილი წიგნი.

1945 წლის 20 ოქტომბერს ომგადახდილმა სტალინმა სოჭის მახლობლად მდებარე მაცესტის აგარაკზე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია მიიწვია (ბატონი ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი აღარ იყო).

“როდესაც ოთახში შევედით, _ იგონებს ნიკო ბერძენიშვილი, _ ჩვენი წიგნი მაგიდაზე ედო და ფურცლავდა. გულთბილი მისალმების შემდეგ გვითხრა:

“თქვენს წიგნზე შენიშვნები მაქვს. ორი ძირითადი შენიშვნა”:

“სრულყოფილი არ არის საწყისი თავი, მეტი გაბედულება და გარკვეულობაა საჭირო ქართველთა ნათესაობა-წარმოშობა-იგივეობის შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან, სუბერ-სუბარხ-ურარტუსთან… ბერძნები გვიან მოვიდნენ, ეგვიპტელები მათ ავარებს, რაზბოინიკებს უწოდებდნენ, ყველაფერი ეს შესასწავლია…. მეტი გაბედულებაა საჭირო. ზედმეტი პიეტეტი (მოწიწება _ გრ. ონიანი) გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ, სომხები გვიან მოვიდნენ, ურარტუ დაიკავეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეუერთდნენ. ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელში _ გათურქება. რუსეთი, მართალია, ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში _ უმცირესი ბოროტება…

 ქართველი უფრო მეტის შემცველია, ვიდრე ეს ჩვენ მიგვაჩნია, უფრო ფართო, ვიდრე ქართ-ზანურ-სვანური. ეს ცნება უნდა გაფართოვდეს, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, აგრეთვე, ადრინდელი საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც”.

სტალინმა მეცნიერებთან ერთად განიხილა ქართული მეცნიერების მიღწევები და ჩათვალა, რომ თბილისის უნივერსიტეტი არ უნდა იყოს რომელიმე უნივერსიტეტზე ნაკლები.

“სტალინს აინტერესებს, გვაქვს თუ არა მეცნიერების ყოველ დარგში შემუშავებული ტერმინოლოგია; აინტერესებს ქართული ენის მდგომარეობა, საჭიროდ და დროულად მიიჩნევს ენის უნიფიკაციას. ილია და ვაჟა საფუძველი უნდა იყოს უნიფიცირებული ენისა; აინტერესებს ჩვენი მედიცინის მდგომარეობა.

სტალინს არ მოსწონდა სომეხთა ტრაბახი დიად არმენიაზე და ამ გარემოებას ხსნის იმით, რომ ისტორიის მიერ სომხები განებივრებული არასოდეს ყოფილან,_ ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთო”.

სტალინმა მოიწონა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, მაგრამ ჰქონდა შენიშვნები, რომლებიც გაითვალისწინეს სახელმძღვანელოს ავტორებმა და 1946 წელს გამოიცა საქართველოს ისტორიის სრულყოფილი სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სტალინური პრემია და ითარგმნა რუსულ ენაზე.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ბევრი რამ პროგრესული, ეს სახელმძღვანელოც ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს ბელადთან ერთად, რომლის დასაცავადაც სახელმძღვანელოს ავტორებს კრინტი არ დაუძრავთ.

1958 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით კვლავ დაიწერა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, მაგრამ იგი პირველთან შედარებით აჩრდილი იყო. ამ სახელმძღვანელოში ჩადებული იყო ხრუშჩოვის “გენია”.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მთვარის ზედაპირის სინჯები ჩამოიტანეს დედამიწაზე, ცნობილმა ასტრონომმა, აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ განაცხადა, რომ ცვლის თავის მეცნიერულ დასკვნებს მთვარის დისკოს შესახებ (სხვა რა გზა ჰქონდა?!). მეცნიერის მობოდიშება კვლევის სისწორეზე ადამიანური და მეცნიერულია, მაგრამ რით უნდა იმართლონ თავი თანამედროვე ისტორიკოსებმა, როდესაც მათი ნალაყბევი მომავალ თაობებს სიმართლეს არ მოუთხრობს წარსულზე და მხოლოდ ღიმილს მოჰგვრის? საქართველოს უახლეს ისტორიას უსტალინოდ ხომ ჩალის ფასიც არა აქვს?! ეს იგივეა, რაც მარტყოფის ომი გიორგი სააკაძის გარეშე!

საქართველოს უახლეს ისტორიას მხოლოდ ერთი ჟამთა აღმწერელი ჰყავს, რომელიც ამბობდა: “იოსებ სტალინის იდეური მოწინააღმდეგენი, თუმცა ნიჭიერი, ღრმად განსწავლული მოღვაწენი იყვნენ, მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ, იოსებ ჯუღაშვილი კი განგებამ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან გამოარჩია და მას დიდი მისია დააკისრა. ამ სიტყვების ავტორს ახლა არ ვასახელებ, რადგან მის “დიდ ექსპერიმენტს” ცალკე წერილი უნდა მივუძღვნა. ამ გენიალურად ნათქვამ სიტყვებს წინ უძღვის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერი: იგი თეორიული ცოდნით იმ დონეზე იდგა, რომ ყველა დარგის აკადემიკოსები შეგირდებად ან ასისტენტებად თუ გამოადგებოდა”.

ამ მოკრძალებული სტატიით (მასში მოყვანილი კონკრეტული ისტორიული ფაქტებით) მინდა, პასუხი გავცე გრიგოლ რობაქიძის შეფასებას, რომ სტალინს “მხოლოდ ქართული საცივისა და კახური ღვინის გემო ახსოვდა”.

გრიგოლ ონიანი

 

5 COMMENTS

  1. გენიალურია !… ღმერთი გიშველით. ქართველნო , იკითხეთ ბევრი. ნუ დავრჩებით\\\”ბედნიერი ერი\\\”-ს როლში- ბრძენი ილია !… ყველამ ქედი მოიხარეთ დიდი სტალინის წინაშე. ძალიან ბევრ ვაი კრიტიკოსს ,რომლებიც აკრიტიკებენ სტალინს და მის ძლევამოსილ საქმეებს , მათ მორალური უფლება არ გააჩნიათ ასეთ უდიდეს პიროვნებაზე წერონ და ილაპარაკონ , რადგანაც ბევრი მათგანი საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ უვლის და ვერც თავის გენით (ფესვებით) დაიკვეხნის. ქართველნო გამოფხიზლდით-ფაქტიურად ქართველებს გვლანძღავენ!………

  2. ყოველივე ამის შემდეგ, სტალინი, ილიას თავისზე ბევრად აღმატებულად თვლიდა.რაც მან კანდიდ ჩარკვანთან საუბარში განაცხადა. როდესაც კანდიდ ჩარკვიანი მოსკოვში თბილისის ზღვის შექმნის საკითხზე ჩავიდა შეიძლება სიტყვების ზუსტი ციტირება ვერ გადმოვცე, მაგრამ აზრი ასეთა \\\’\\\’ .ილია ისეთი დიდია, მსოფლიო ბატონობის ღირსიაო\\\’\\\’და ჩემზე ბევრად აღმატებულიო\\\”\\\’ შეგიძლიათ ნახოთ კანდიდ ჩარკვიანის მოგონება სტალინზე.

  3. ნანა თოფურია, სწორს ბრძანებთ, სტალინმა კითხა მათ, ვინ უფრო დიდი ქართველიაო, მე თუ ილიაო, ყველა შეცბა და უპასუხეს, რა თქმა უნდა თქვენო, რაზეც სტალინმა უპასუხა მე უფრო პირშიმთქმელები მეგონეთო,ილია ისეთი დიდია მსოფლიოს პრეზიდენტად გამოადგებოდაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here