Home რუბრიკები პოლიტიკა გელა ხუციშვილი: ევროპულ ცივილიზაციას მართლმადიდებელი საქართველოსთვის კარი არასდროს გაუღია

გელა ხუციშვილი: ევროპულ ცივილიზაციას მართლმადიდებელი საქართველოსთვის კარი არასდროს გაუღია

1302

უკვე რამდენიმე დღეა, საზოგადოების ყურადღება ხურვალეთსა და ორჭოსანში მიმდინარე პროცესებისკენ არის მიპყრობილი. ხელისუფლება ცდილობს, ვითარება გაანეიტრალოს და ამ მიზნით ყურადღებას არ აქცევს “ნაციონალების” მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა თუ საპროტესტო აქციებს. მაგრამ სპეციალისტებს აინტერესებთ, როგორ აპირებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის იძულებას, საქართველოს საზღვრები საბჭოთა კავშირისდროინდელ საზღვრებში დააბრუნოს. 

 

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის განცხადებას: “მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%- დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რომლებსაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირისდროინდელი საზღვრისკენ გადაწევა”. საინტერესოა, რომელი პერიოდისა და წლების სამართალმემკვიდრეა საქართველო?! რა ხდება რეალურად სოფელ ხურვალეთთან და რა ვითარებაა ქვეყნის საზღვრებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაზღვრო საკითხების ექსპერტი გელა ხუციშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო გელა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუსეთი თვითონვე დააბრუნებს საქართველოს იმ საზღვრებში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. რომელი პერიოდის სამართალმემკვიდრეა დღეს საქართველო თავის საზღვრებით? რომელ საზღვრებზე საუბრობდა თავდაცვის მინისტრი?

_ თინათინის განცხადება ცოტა ხნით განზე გადავდოთ…

დიდი ხანია, ჩვენს სახელმწიფოს ვერდიქტი გამოტანილი აქვს. იმ პერიოდისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 198 სახელმწიფოს ითვლიდა, დღეს კი 250-ზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდენციაა პატარა სახელმწიფოების შექმნა. საქართველოს ამისთვის ყველა წინაპირობა ჰქონდა…

პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, სპონტანური და გაუთვლელი არ არის. ეს ცივილიზაციების ომია. ევროპულ ცივილიზაციას კი საქართველოსთვის, მართლმადიდებელი საქართველოსთვის კარი არასდროს გაუღია. ევროპული ცივილიზაციის მიერ ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთმა მართლმადიდებლობის რწმუნების სიგელი მიიღო, და ამ ცივილიზაციის ნაწილი ჩვენც ვართ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, აღარ არის დრო, როდესაც ერთს ამბობ და სხვას აკეთებ.

საქართველო არც ერთი პარამეტრით სახელმწიფო არ არის. დღეს ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა ეკონომიკური ექსპანსია დაგვისრულა, მან ყველა სტრატეგიული საკვანძო მიმართულება დაიკავა, თანაც წარმატებით თანამშრომლობს რუსეთთან კასპიის ეკონომიკურ სივრცეში.

მეორე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა სომხეთი. შეიქმნა ეკონომიკური რეგიონი, რომელსაც “ევრორეგიონარმენია” ეწოდება. ამ პროექტის ფარგლებში, რომელშიც მარნეული, გარდაბანი, ნინოწმინდა, დმანისი აქტიურად არის ჩაბმული, უნდა განვითარდეს აგრარული სექტორი, აღორძინდეს საწარმოები. ეკონომიკური ექსპანსია იწყება საქართველოს სამხრეთ მიმართულებაზე. ამ რეგიონს რა მდგომარეობაში აგდებს თურქეთი, კარგად მოგეხსენებათ.

საქართველო არავის აინტერესებს, ჩვენ ერთი ფუნქცია გვაქვს _ ყველას სურს, რომ პლაცდარმად ვიქცეთ. სტრატეგიული თვალსაზრისით კი, პლაცდარმი ან უნდა გაამაგრო, ან გაანადგურო. ყველა შემთხვევაში წამგებიან მდგომარეობაში ვართ.

რა სპექტაკლები იდგმება ხურვალეთში?! დალოცვილებო, ასორმოცი სოფელი საქართველოს საზღვრის მიღმა რომ აღმოჩნდა, პირწმინდად გამოთავისუფლდა მოსახლეობისაგან, მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა? აღარც ცხინვალში და აღარც აფხაზეთში მხარდამჭერები აღარ გვყავს, რუსეთს კი მოსახლეობის ორი მესამედი მხარს უჭერს.

ყველა დაკარგული ტერიტორია ხვალ რომ დაგვიბრუნონ, ადამიანური რესურსი აღარ გვეყოფა, ხელახლა რომ ავითვისოთ. მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

საქართველოს ტერიტორია ხომ მისი მიწის ცალკეული მონაკვეთისგან შედგება? ეს მიწები განუსაზღვრელი ვადით უცხოელის ხელში რომ გადადის, ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვას არ ნიშნავს? ასეთი ქმედება ღალატის ტოლფასია. ვინც მიწის პრივატიზებას უჭერს მხარს, მოღალატეა. მიწის გამყიდველი ამ ტერიტორიაზე დამარხვის ღირსი არ არის, ის 4 კვადრატულიც არ ეკუთვნის, რომელზეც უნდა დამარხონ.

დადგა დრო, ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება _ შევინაჩუნოთ ის, რაც დაგვრჩა და აღვადგინოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თუნდაც 1991 წლის დროინდელი.

გაიძახიან _ ოკუპაცია, ოკუპანტიო და რა ვიცი, კიდევ რას. საზღვარი ჩვენსა და რუსეთს შორის იქ არ გადის, სადაც ახლა ხელს ადებენ. ბანერის გადაწევა გადმოწევას რა აზრი აქვს?!

აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებს ძალიან მოწყვლადი ვითარება ჰქონდათ. აფხაზეთს ჰქონდა კოდორის ხეობა, რომელსაც ვერ აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ადმინისტრაციულ სივრცეში იყო; ასეთივე იყო ოსეთისთვის ახალგორი, ამ მიზეზით მათ არ შეეძლოთ, დაეყენებინათ თვითგამორკვევის საკითხი, ვინაიდან მოსაწესრიგებელი ჰქონდათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ჯადოსნურმა ხელმა აფხაზეთსა და ოსეთს ეს ყველაფერი “გაუპრავა” და საშუალება მისცა, ვენის კონვენციის თანახმად, საქართველოს გამიჯვნოდნენ.

43 უღელტეხილიდან 25- რუსეთი აკონტროლებს. როგორ დავთმეთ მამისონის უღელტეხილი, რას მოეწერა ხელი, რა შეთანხმებები დაიდო 2008 წელს, ვინ განსაზღვრა საოკუპაციო ზონები, არავინ დაინტერესებულა. არადა, ამის გამკეთებლებმა ერის, ხალხისა და მომავლის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ უნდა ჰქონდეთ ლაპარაკის უფლება იმ ადამიანებს, რომლებიც კურდღელებივით სოროებში შეძვრნენ და მოსახლეობა ბედის ანაბარა მიატოვეს.

დღეს ხურვალეთში კარვების დადგმა და დროშების ფრიალი უშველის ადგილობრივ მოსახლეობას, ხვალ რომ მათ წინააღმდეგ ვიღაცამ აგრესიული მოქმედებები დაიწყოს? იმ ხალხს ვინმე პასუხს გასცემს? რა დააშავა ხურვალეთის მოსახლეობამ, რატომ ეწირება ვიღაცის უპასუხისმგებლო პოლიტიკას? ვფიქრობ, საქმე სხვა რაღაცაშია: უბრალოდ, ხურვალეთის ნაყოფიერი მიწების გასხვისება გადაწყვიტეს და ბანერის ამბავიც ამიტომ მოიგონეს. მსოფლიო შიმშილობს, ჩვენ კი სამოთხეში ვართ. ამ სამოთხეში ყოფნას დიდხანს არავინ გვადროვებს.

გადავრჩებით, თუ სასწრაფოდ შევწყვეტთ მიწის პრივატიზაციას და შევქმნით სამუშაო ადგილებს, ავამუშავებთ საწარმოებს, დავიცავთ ეკლესიას.

_ ამბობთ, რომ ჩვენი გადარჩენის გზა არსებობს. იქნებ თინა ხიდაშელმაც იცის ეს გზა და ამიტომაც განაცხადა, წართმეულ ტერიტორიებს რუსეთი თავის ხელით დაუბრუნებს საქართველოსო?

_ შესაძლებელია, იცის, მაგრამ არ ვენდობი რესპუბლიკელებს, მათი მსოფლმხედველობა ვიცი. ჩემი და მათი თვალსაზრისი ერთმანეთს არ ემთხვევა.

ხელისუფლება კოაბიტაციამ დაასაჭურისა.

დავუბრუნდები თინა ხიდაშელის ნათქვამს, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში დავბრუნდებით.

იცის თინამ, ვინ ვართ _ პირველი რესპუბლიკის თუ საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრეები? 1937 წლის კონსტიტუციით საქართველო რომელი ტერიტორიითაც შევიდა საბჭოთა კავშირში, ზუსტად იმ ტერიტორიით გამოვიდა 1991 წელს. გამოდის, რომ ყველანაირი სუვერენული უფლება დაცული იყო.

საქართველოს საზღვრების შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს საქართველოს სახელმწიფოს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მიერ.

_ არსებობს ასეთი კომისია?

_ ეს კომისია გვქონდა და, თუ დღეს აღარ არსებობს, დავქცეულვართ. მაგრამ ერთი კია, როგორ უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს ქვეყანასთან, რომელთანაც 700-კილომეტრიანი საზღვარი გვაკავშირებს?! აბაშიძე-კარასინი და ჟენევის ფორმატი ამ საკითხებს ვერ მოაგვარებს. ჩვენ რა, სახლობანას ვთამაშობთ?! ჩვენ პრობლემა სახელმწიფოსთან გვაქვს. ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი სხვა სახელმწიფოს ხელშია და, თუ მასთან სალაპარაკოდ არ მიდიხარ, ეს საეჭვოს ხდის ბევრ რამეს.

ან რომელ სახელმწიფო საზღვრებზეა საუბარი? ჩვენ არ ვიცით, ქვეყნის შეგნით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა როგორ ხდება. ვერ გაიგებ, რომელი სოფლის რომელი ტერიტორია ვის ეკუთვნის. ვიღაცას სურს, ეს სოფელი იქ არ იყოს, სადაც მდებარეობს. 30-40 ჰექტარი მიწის ფართობი უპრობლემოდ გადადის სხვა სოფლის ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრში ნახაზი უცბად იცვლება ამა თუ იმ თანამდებობის პირის ინტერესების გათვალისწინებით.

_ რა საშინელი სურათი დახატეთგამოსავალს ხედავთ?

_ კი, ძალიან ძლიერი, არაორდინარული, სამშობლოს მოყვარული ადამიანი უნდა გამოჩნდეს, მუშტი დაჰკრას და ყველაფერი აღკვეთოს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის წინაშე ხატზე უნდა დაიფიცონ და პირობა მოგვცენ, რომ სიცოცხლეს შესწირავენ ქვეყნის ინტერესებს. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. რას მიქვია მილიონერები! ვინ არიან ამ პატარა ქვეყანაში მილიონერები და საიდან მოვიდნენ? ფული ქვეყნის დაზარალებით იშოვეს. საფლავში არავის არაფერი წაუღია და ვერც ესენი წაიღებენ, შესაძლოა, ქართული მიწა არც ეღირსოთ.

ვუყურებ ბარამიძეებს, ბარნოვებს, მინაშვილებს და ვგიჟდები მათ ტაკიმასხარაობაზე. ამას ბოლო ხომ უნდა მოეღოს?! ისინი ხომ ხელისუფლებას უტევენ? ხელისუფლება კი უსუსურია. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველას რაღაც აქვს ამოსაქექი.

_ ბანერი გადმოწიეს, რეაქცია ვიღაცას ხომ უნდა ჰქონოდა?

_ რა ბანერი გადმოწიეს, ვინ გადმოწია? ჩვენს ქვეყანაში ბანერების მეტი რა დგას. წავიდნენ შატილში, ნახონ, სად გადის საზღვარი. დიკლოსთან ნახონ, 400 ჰექტარი მიწა სად არის; ავიდნენ დარიალის ხეობაში და ნახონ, რა ხდება. ყველგან იგნონრირებულია ჩვენი ინტერესები. სირცხვილი არ არის, როდესაც შენს ტერიტორიაზე არსებული აეროპორტი თურქეთის შიგა მიმოსვლის აეროპორტად არის რეგისტრირებული საერთაშორისო ავიადისპეტჩერებთან?

ხელისუფლებას მართვის სადავეები გაექცა, აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. რეალური ხელისუფალნი დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, რაც “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ თავიდანვე გათვალისწინებული და დაგეგმილი იყო. 2008 წელს დაიგეგმა, რომ “ნაციონალებს” რესპუბლიკელები ჩაანაცვლებდნენ. წინა ხელისუფლებას ყველაფერი უნდა დაენგრია და გაენადგურებინა და შემდეგ ე.წ. ინტელექტუალურ ძალას გაეპრავებინა, ეს ძალა კი რესპუბლიკელები არიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here