ნაწილი II
შუა აზიიდან დაბრუნებულ კანდიდ ჩარკვიანს ინტერესით შეხვდა საქართველოს მოსახლეობა. მის მიმართ დიდ გულისხმიერებასა და ყურადღებას იჩენდა რესპუბლიკის ხელისუფლება და პირადად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე.
კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის ჯერ მოადგილე, შემდეგ კი მისი დირექტორი გახდა. უდიდესი შრომისმოყვარეობის, უმდიდრესი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, მან არაერთი გამოკვლევა და ნაშრომი გამოსცა, რომ არაფერი ვთქვათ მის ეპოქალურ წიგნზე “განცდილი და ნააზრევი”.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ხალხმრავლობა იყო. Yყველას უნდოდა, ენახა და მოესმინა იმ ადამიანისათვის, რომელზეც ათეული წლების განმავლობაში ლეგენდები დადიოდა ქართველ ხალხში. ტრიბუნაზე მის გამოჩენას დარბაზი ტაშით შეხვდა. არაორდინარული ფაქტის მომსწრე გავხდით. კანდიდ ჩარკვიანი, საზოგადოების მოთხოვნით, საჯაროდ იცავდა სადოქტორო დისერტაციას თემაზე: “საბჭოთა საქართველოს ელექტროენერგეტიკა”. აუდიტორია მომხსენებლის ყველა სიტყვას ნთქავდა. დარბაზში მხოლოდ ადამიანების სუნთქვა ისმოდა. მოხსენება ორი სხდომის განმავლობაში მიმდინარეობდა. არ ვიცი, ვის როგორ აინტერესებდა საქართველოს ენერგეტიკა, მაგრამ ერთი კი ნათელი იყო _ Yყველას სურდა კანდიდ ჩარკვიანის ნახვა და მოსმენა.
მომხსენებლის გამორჩეული თემა სამგორის სარწყავი სისტემა იყო, რომლის როგორც დაპროექტების, ისე მშენებლობის თანამონაწილე და ხელმძღვანელიც თვითონ ბატონი კანდიდ ჩარკვიანი გახლდათ. მოხსენებისას ხშირად გაისმოდა სახელი და გვარი _ პეტრე მამრაძე. იმხანად ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, გარდა იმისა, რომ სამგორის სარწყავი სისტემის პროექტის ავტორი იყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ის იმ დარბაზში იჯდა.
გავიდა ხანი. ვმუშაობ დიღმის მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობის დირექტორად. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნათესებს ვიღებთ კომბაინებით და სასენაჟე ორმოებში ვათავსებთ.
კომბაინთან შავი “ვოლგით” მომადგა ვიღაც სტუმარი, რომელმაც უცერემონიოდ განმიცხადა, დღეიდან ამ მიწით სარგებლობა გეკრძალება, რადგან მიწა ლისიდან წოდორეთამდე სატყეო მეურნეობის სამინისტროს გადასცესო.
მცირე შელაპარაკების შემდეგ სატყეო მეურნეობის მინისტრ მიტროფანე კუჭავას კაბინეტში ვეახლე. მისდამი უდიდესი მოკრძალებისა და პატივისცემის მიუხედავად, საუბარი მეტად დაძაბული გამოგვივიდა, მაგრამ უშედეგო. Gგეზი სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ ავიღე. მისაღებში ბევრი არ მალოდინეს. ნოდარ ჭითანავას კაბინეტში გაბრაზებული შევედი. ბატონი ნოდარი ტაქტიანი და ენერგიული მინისტრი იყო.
_ ეს ღალატია, ქალაქის მოსახლეობის რძითა და ბოსტნეულის გარეშე დატოვების ავანტიურისტული გეგმა. ამ დადგენილების მიმღები მთავრობა არ სჭირდება ქვეყანას, _ ვღრიალებდი მინისტრის კაბინეტში.
_ გრიშა, მართალი ხარ, მაგრამ მთავრობამ ასე გადაწყვიტა.
_ ნოდარ ამბროსის ძევ, მთავრობის დადგენილებას არ შევასრულებ. არავის აქვს უფლება, მიწის მეპატრონის გარეშე ხელი ახლოს სოფლის მიწის ფონდს. ეს კანონი მაინც მუშაობს სტალინის ხელმოწერილი, _ არ ვცხრებოდი მინისტრის წინაშე,
ბატონი ნოდარი იღიმებოდა და გამომცდელად მაკვირდებოდა, მისგან გათამამებულს, არგუმენტი არგუმენტზე მომყავდა მთავრობის დადგენილების დანაშაულებრივ ხასიათზე.
_ გრიშა, ერთი წუთით გარეთ უნდა დამელოდო, მალე დაგიძახებ, _ მითხრა ბატონმა ნოდარმა. გამოვედი. არ გასულა დიდი დრო და კვლავ თავისთან მიხმო მინისტრმა.
_ ოჯახში პატიმარი ხომ არავინ გყავს ან შენი ახლობელებიდან საზღვარგარეთ ხომ არ არის ვინმე?
_ ოჯახის წევრი პატიმარი არ მყავს, არც საზღვარგარეთ არის ვინმე, მაგრამ ჩემი ძმა სამამულო ომის პერიოდში გერმანიაში მსახურობდა და მერე მაგადანში 17 წელი გაატარა, _ გავეცი პასუხი.
_ ცოტა ხანს კიდევ უნდა დამელოდო.
კაბინეტიდან გამოვედი. ახლა უფრო დიდ ხანს ველოდე, მაგრამ მინისტრს სხვა არავინ მიუღია, ეტყობა, ჩემი საქმე ირჩეოდა და მალე მეც გამომიძახეს მინისტრი შუა ოთახში შემომეგება.
_ ვნახე. აღმოვაჩინე, _ მითხრა და დასძინა, _ საუბრის დრო აღარ არის, სასწრაფოდ ჯუმბერ პატიაშვილთან უნდა ავიდეთ.
_ რა? ასე როგორ წამოვიდე პირდაპირ სამკალიდან მოვდივარ, ნამჯა თავსა და ტანზე მაყრია.
_ სამინისტროები რომ მოიარე, მაშინ არ გქონდა ნამჯა დაყრილი თავსა და ტანზე? _ შემაფუცხუნა მინისტრმა და სასწრაფოდ ოთახიდან გამომიყვანა. იქვე გადავედით, ჩიტაძის ქუჩაზე. ცენტრალური კომიტეტის მდივან ჯუმბერ პატიაშვილის მისაღებში აღარ შევჩერებულვართ, რადგან იცოდნენ მინისტრის სტუმრობის ამბავი და ნოდარ ჭითანავამ ცეკას მდივანთან წარმადგინა. ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა ღიმილით შემომხედა, გადამკოცნა და მომიკითხა, ჩვენ სტუდენტობის წლებიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ცეკას მდივანმა გვითხრა, დაბლა უნდა ჩავიდეთ, პირველთანო. არაფერი ვიცი, რა ხდება ჩემ თავს და არც კითხვებს ვსვამ.
ჯუმბერ პატიაშვილმა პირველთან წარმადგინა და საუბარიც დაიწყო: _ იცით, რისთვის მოგიყვანეს ჩემთან? _ მკითხა პირველმა.
_ არა, ბატონო ედუარდ, არ ვიცი.
_ ყიზლარში უნდა წახვიდე, _ თვალი თვალში გამიყარა და გამიღიმა.
_ სად არის ყიზლარი, რა მინდა ყიზლარში? _ ვიკითხე გაკვირვებულმა.
_ იქ სახელმწიფო დისციპლინა უნდა დამყარდეს. როგორც მითხრეს, შენ მაგარი ბიჭი ხარ, საქმეს თავს გაართმევ. ჩემი თხოვნაა, ხვალ დილითვე გაემგზავრო ყიზლარში.
_ ბატონო ედუარდ, მე დიდი მეურნეობის დირექტორი ვარ. მობარებული მაქვს უამრავი სახელმწიფო ქონება და დოვლათი, ეს ქონება ვიღაცას უნდა ჩავაბარო.
_ ბეჭედი ბატონ ნოდარს ჩააბარე, შენ კი ხვალ დილით ყიზლარში გაემგზავრე და საღამოს იქედან დამირეკე.
ასე მოვხვდი ყიზლარში.
ყიზლარში დიდი სარწყავი სისტემა დავაპროექტეთ. ბატონ ედუარდს ვთხოვე, სამუშაოს შესრულება დაევალებინა შალვა გიორგაძისთვის, რომელიც ჩემი უსაყვარლესი, უახლოესი ადამიანი იყო და “სამგორწყალმშენს” ხელმძღვანელობდა. პირველმა შემისრულა თხოვნა და ბატონმა შალვა გიორგაძემ ყიზლარში თავისი სამმართველო გახსნა. შალვა გიორგაძეს კი ვთხოვე, ეშუამდგომლა წყალთა მეურნეობის მინისტრთან, სარწყავი წყლისა და არტეზიული ჭების ექსპლუატაციის ხელმძღვანელად მოევლინათ უკვე მოხუცებული, მაგრამ უკეთილშობილესი და გამოცდილი სპეციალისტ, წყალთა მეურნეობის ჟამთა აღმწერი, ბატონი შალვა სარჯველაძე. ჩემი მეორე თხოვნაც დააკმაყოფილეს და ტრამალებში მძიმე ცხოვრება ამ ორი ადამიანის სიახლოვემ ასე თუ ისე გამიადვილა.
ცივი და სუსხიანი ზამთრის ღამეებში წარსულის მოგონებებით ვიქცევდით თავს.
შალვა გიორგაძე ძალზე განსწავლული ჰიდროტექნიკოსი, მშენებელი და დავალების უმაღლეს დონეზე შემსრულებელი კაცი იყო. Dდიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც კანდიდ ჩარკვიანთან, ისე ვასილ მჟავანაძესთან და ედუარდ შევარდნაძესთან. იყო შოთა ჭანუყვაძის უახლოესი მეგობარი (როგორც გურულები). ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე და ანგელოზივით შვილები _ გიზო ანდრო და ჯანიკო. ამჟამად მხოლოდ ანდროა ცოცხალი და ყველას სიყვარული ამ ერთში მაქვს განივთებული.
შალვა სარჯველაძე წყალთა მეურნეობის სამინისტროს უწმინდესი და უფაქიზესი (როგორც შევარდნაძე იტყოდა ხოლმე) წარმომადგენელი იყო, ყველაფრის მცოდნე და დამმახსოვრებელი, დარგის ერთ–ერთი მეისტორიე, ჩემი შთაგონების წყარო; სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულების დროს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
სწორედ ამ ორი ადამიანის მონათხრობის მიხედვით მაქვს 1975-79 წლებში შედგენილი ჩემი “ყიზლარული ჩანაწერები”, რომლიდანაც ზოგიერთ მასალას გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” პერიოდულად გამოქვეყნებულ სტატიებშიც ვიყენებ. შალვა გიორგაძისა და შალვა სარჯველაძის მონათხრობებით მოგაწოდეთ და კვლავაც მოგაწვდით რამდენიმე მასალას პეტრე მამრაძის საინჟინრო საქმიანობაზე, რომელზეც ფართო გამოკვლევა აწარმოა ბატონმა კანდიდ ჩარკვიანმა თავის სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომში “საბჭოთა საქართველოს ელექტროენერგეტიკა”.
ავტორზე სამგორის სარწყავი სისტემის პროექტისა, რომლის საფუძველზეც მშენებლობა თამარ მეფემ დაიწყო, ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ვიტყვი, რომ 800 წლის წინანდელი სარწყავი სისტემა თავისი გრანდიოზულობითა და თამამი გადაწყვეტით ჩვენი ერის ნიჭიერებაზე მიანიშნებს.
მას შემდეგ ინგლისელებმა _ ბელმა და გაბმა _ იმუშავეს სამგორის სარწყავი სისტემის პროექტზე, რომელიც იმხანად უნიკალურ პროექტად ითვლებოდა, მაგრამ ცარიზმმა კოლონიისთვის ვერ გაიმეტა ის სიკეთე, რომელიც შეიძლება ამ პროექტს მოეტანა ქვეყნისთვის. ამას მოჰყვა მელიქ ფაშაევის, ქურდიანის, ზორინ-ტერ ვართანიანისა და ფირალიშვილის პროექტები, მაგრამ მათი განხორციელება ტექნიკური ნაკლის თუ უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა.
1926 წელს საუკუნის პროექტს ხელი მოჰკიდა და პროექტანტების ჯგუფს სათავეში ჩაუდგა სახელმოხვეჭილი ინჟინერი პეტრე მამრაძე, რომელმაც სრულიად შეცვალა ყველა ადრინდელი პროექტის სიმძლავრეები, ტექნოლოგიები და ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით შექმნა ამ უნიკალური ნაგებობის სრულყოფილი პროექტი.
წინა პროექტით, კოჭბაანის წყალსაცავი, რომლის ტევადობაც პროექტით 60 მილიონი კუბური მეტრი იყო, მამრაძის გათვლით დამტკიცდა, რომ ის მხოლოდ 45 მილიონ კუბურ მეტრს დაიტევდა, ეს არასაკმარისი იყო იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელიც საპროექტო დავალებაში იყო გათვალისწინებული.
მამრაძემ დაამტკიცა, რომ, თუ იორს სათავეში არ ექნებოდა დიდი მოცულობის წყალსაცავი, მაშინ ამ პროექტის განხორციელება ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული, რადგან არხზე ჩამოკიდებული კასკადის ჰიდროელექტროსადგურები რეგულირების გარეშე ვერ იმუშავებდა და არ იქნებოდა რწყვის მყარი გარანტია.
იორის აუზის დეტალურმა გამოკველვამ და პეტრე მამრაძის ხედვამ ხეობაზე, პროექტის ავტორს შეუქმნა იმის წინაპირობა, რომ წყალსაცავისთვის არათუ კოჭბაანი იყო საუკეთესო ადგილი, არამედ სოფელ სიონთან არსებული ფართო ჭალა თავისი დასახლებული პუნქტებით. ეს იყო სწორი მიგნება და ღვთაებრივი დანახვა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ამ გრანდიოზულ მშენებლობას სჭირდებოდა.
პირველი, რამაც დასაბამი მისცა სამგორის სარწყავი სისტემის პროექტის რეალიზებას, იყო პეტრე მამრაძის მიერ სიონის ჭალის აღმოჩენა და 300 მილიონ კუბურ მეტრამდე წყლის რეზერვის შექმნა.
“ამ ბედნიერმა აღმოჩენამ განსაზღვრა სამგორის სარწყავი სისტემის, როგორც ირიგაციისა და ენერგეტიკის კომპლექსის, ხასიათი” (კ. ჩარკვიანი “საქართველოს ელექტროენერგეტიკა”, გვ. 146).
სიონის წყალსაცავიდან წამოსული მდინარე იორის წყალი ურთულეს რელიეფურ პირობებში უნდა გადმოსულიყო მლაშე ტბებში, სადაც უნდა შექმნილიყო თბილისისთვის ესეოდენ საჭირო სასმელი წყლის მარაგი და აეყვავებინა მზით დამწვარი სამგორის ველი.
პეტრე მამრაძემ უზუსტესი გაანგარიშებითა და თამამი გადაწყვეტილებით შექმნა შვიდი გვირაბი 7753 მეტრის საერთო სიგრძით. მათგან მუხროვანისა იყო 1807 მეტრი, გორგასლისა _ 1075 მეტრი. ოთხ კილომეტრზე მეტი გზა არხს დახურული გალერეებით, დიუკერებითა და აკვედუკებით უნდა გაევლო. არხის საერთო სიგრძე 39 კილომეტრს უდრის, გამტარიანობა კი 12 კუბური მეტრია წამში. Qქვემო მაგისტრალური არხი, რომელიც წყალს თბილისის ზღვიდან აიღებდა, 525 მეტრი სიგრძის გვირაბით გადიოდა და ყარაიაზისკენ მიემართებოდა. ყველაზე რთული მონაკვეთი მდინარე ლოჭინზე გადასასვლელი დიუკერი იყო, რომლის სიგრძე 1125 მეტრს შეადგენდა. რთული საინჟინრო გადაწყვეტებით, ესეც წარმატებით იქნა განხორციელებული. აქედან არხი ჯერ აღმოსავლეთით მიემართებოდა, შემდეგ _ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მთავრდებოდა გარდაბნის ტრამალებზე ჯანდარის ტბაში ჩამავალ ხევში.
სამგორის სარწყავი სისტემის მამრაძისეული პროექტი 1933 წლის 26 სექტემბერს დამტკიცდა. სახსრების უქონლობის გამო მშენებლობის დაწყება მეორე ხუთწლედში ვერ მოხერხდა. მესამე ხუთწლედში კოლხეთის ჭაობის დაშრობა იქნა გათვალისწინებული, რის გამოც კვლავ შეფერხდა სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობის დაწყება.
1941 წლის 10 იანვარს საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, კანდიდ ჩარკვიანმა სთხოვა სტალინს ეშუამდგომლა საკავშირო მთავრობაში, რათა დაწყებულიყო სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობა, რაც გაიზიარა საკავშირო მთავრობამ და სტალინის უშუალო მითითებით, მშენებლობის უმოკლეს დროში შესრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, უშუალოდ კი _ ლავრენტი ბერიას.
მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, რომ ქვეყანას თავს დაესხა ფაშისტური გერმანია და, როგორც ბევრი სხვა, სამგორის მშენებლობაც გაჩერდა.
ომი ახალი დამთავრებული იყო. 1945 წლის ოქტომბერში სტალინმა კანდიდ ჩარკვიანს საქართველოს ისტორიის ავტორებთან _ აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილთან და სიმონ ჯანაშიასთან შეხვედრა სთხოვა, რაც მეორე დღესვე იქნა შესრულებული. შეხვედრას სტალინის მეგობარი, აკადემიკოსი მიხეილ წინამძღვრიშვილიც ესწრებოდა.
საქართველოს ისტორიასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისას ჩარკვიანს მიეცა საშუალება, სტალინისთვის შეეხსენებინა სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობის საკითხი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ორჯერ შეჩერდა.
სტალინმა გულდასმით მოისმინა ჩარკვიანის თხოვნა და გამოთქვა მზადყოფნა, დახმარებოდა საქართველოს მთავრობას საკავშირო მთავრობაში საკითხის დადებითად გადაწყვეტაში.
ძნელბედობის ჟამს, როდესაც ქვეყანა და სრულიად ევროპა ნანგრევებად იყო ქცეული, უზარმაზარი თანხის გამოყოფა სარწყავი არხის ასაშენებლად, ალბათ, უხერხულობას უქმნიდა სტალინს, ამიტომ მან კატეგორიულად განუცხადა კანდიდ ჩარკვიანს:
“თქვენ იოლი კულტურებით გინდათ ფონს გასვლა, ფულის გამოყოფა რწყვის მოსაწყობად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ მორწყულ მიწებზე ბამბა იქნება მოყვნილი, როგორც სტრატეგიული ნედლეული. მოიფიქრეთ ხვალამდე. იქნება ბამბა _ იქნება სამგორი, არ იქნება ბამბა _ არ იქნება სამგორის სარწყავი სისტემა, _ ბოლო სიტყვებს სტალინმა ხუმრობის ელფერი მისცა (კანდიდ ჩარკვიანი, “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 95).
სასწრაფოდ შეადგინეს მოხსენებითი ბარათი, რომელსაც სტალინმა იქვე დაადო რეზოლუცია და სპეცფოსტით მოსკოვში გაიგზავნა. ასე მოხვდა ომის შემდგომ პირველ ხუთწლედში სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ პროექტი მისი ავტორის _ პეტრე მამრაძის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ უცვლელად იქნა ხორცშესხმული. ეს არის სწორედ მაღალი რანგის სპეციალისტის უკვდავება.
შალვა სარჯველაძე მიყვებოდა:
“პეტრე მამრაძე ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი კიდეც. ის გამორჩეულად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მოსიყვარულე ადამიანი იყო. იცოდა, რომ რაღაც ნიშნით გამორჩეული იყო თავის ტოლ-ამხანაგებისგან, ის უპირველესი და უძველესი თბილისელი იყო, Uუზომოდ შეყვარებული თავის ქალაქსა და ქალაქურ ტრადიციებზე.
პეტრე მამრაძემ ქართულ მელიორაციასა და ირიგაციას ჩაუყარა საფუძველი, მას უამრავი ჰიდრონაგებობა, სამელორაციო და საირიგაციო პროექტები აქვს შექმნილი, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს სპეციალისტები.
1920-30-იან წლებში ქალაქის მმართველობაში თუ საპროექტო სამსახურებში შემორჩენილმა ხატისოვის დაჯგუფების ნაშთებმა მოახერხეს, რომ ხელისუფლებას ეჭვი შეეტანა პეტრე მამრაძის საქმიანობაში და უნიჭიერესი ინჟინერი 1930 წელს დააპატიმრეს. ლავრენტი ბერიამ სტალინს მოახსენა პეტრე მამრაძის პატიმრობის თაობაზე და, სტალინის უშუალო განკარგულებით, პეტრე მამრაძე საპყრობილიდან გაათავისუფლეს. ის 1931 წლის შემოდგომაზე წყალტუბოში შეხვდა სტალინს. სწორედ წყალტუბოში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა სამგორის სარწყავი სისტემისა და წყალტუბოს განაშენიანების საკითხი”.
60 წლის პეტრე მამრაძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა 1937 წელს.
ინჟინერი პეტრე მამრაძე ერთადერთი შვილი იყო ასევე ქართველი პატრიოტის _ გრიგოლ მამრაძისა, პეტრეს კი ვაჟი და ქალიშვილი ეყოლა _ გრიგოლი და ელისაბედი. გრიგოლი მამის კვალს გაჰყვა და მეცნიერი გახდა, ელისაბედმა შესანიშნავი ოჯახი შექმნა, გრიგოლ მამრაძეს ვაჟი _ პეტრე გაუჩნდა, პოპულარული პოლიტოლოგი და ექსპერტი, თითით საჩვენებელი სახელმწიფო მოღვაწე თავისი პატიოსნებითა და ერუდიციით სახელგანთქმული. პეტრეს შვილიშვილი _ პეტრე მამრაძე (უმცროსი) ქალიშვილის მამაა, შესანიშნავი ელისაბედის.
მამრაძეების გვარს დიდი ისტორია აქვს და უძველესი თბილისური გვარიდან _ მამრაშებიდან უნდა მომდინარეობდეს. საუკუნეების განმავლობაში მამრაძეების ერთი ოჯახის შთამომავლობა მოდის საქართველოში. მამრაძეების ბოლო ოჯახის უფროსს _ პეტრეს მემკვიდრედ ბიჭი არ ჰყავს, რითაც შეიძლება დასრულდეს საქართველოში მამრაძეთა და მამრაშთა ისტორიული გვარი, რაც ესოდენ დასანანია.
გრიგოლ ონიანი