Home რუბრიკები ბლოგი დნესტრისპირეთი, სააკაშვილი და უკრაინის საბოლოოდ დაშლა

დნესტრისპირეთი, სააკაშვილი და უკრაინის საბოლოოდ დაშლა

მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნამ, ბევრი მითქმა მოთქმა და არაერთგვაროვანი ტიპის პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია. შემფასებელთა პოლიტიკური ხედვა კი ამ საკითხისადმი, შეესაბამებოდა მათ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და  სიმპატიებს კონკრეტული გეოპოლიტიკური აქტორის მიმართ.

 
 

აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისიწინებთ იმ გარემოებას, რომ მოცემულ ეტაპზე უკრაინაში ორი დიდი გეოპოლიტიკური სუბიექტი, აშშ და რუსეთის ფედერაცია ურთიერთწინააღმდეგობის რეჟიმში მოქმდებენ, პოლიტიკური ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების შეფასებებიც სწორედ ან ერთის ან მეორის სასარგებლოდ ხდებოდა. ამიტომ მკითხველი, რომ არ დაიბნეს, შევეცდები მაქსიმალურად ობიექტურად გავაანალიზო  და ყურადღება გავამახვილო აღნიშნული საკითხის ერთ მიმართულებაზე, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მეტად  მოჰფენს ნათელს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის მიზეზებს.

მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული ხედვებისა, ჩემი ღრმა რწმენით, აღნიშნული დანიშვნის მიზანს წამოადგენს, ახალი კონფლიქტის ესკალაცია დნესტრიპირეთში. დნესტრიპირული კონფლიქტის გაღვივება კი, მხოლოდ ა.შ.შ-ს ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოება.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან ირკვევა, რომ  გეგმა „ევრომაიდანი“-1-ი, მიზნად ისახავდა, უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ახალი პროამერიკული მარიონეტული ხელისუფლების მეშვეობით, მთელ უკრაინაზე, სამხედრო-სტრატეგიული კონტროლის დამყარებას, რა თქმა უნდა ყირიმის ჩათვლით. რათა იგი,  ჩაფიქრებული გეგმის შესაბამისად, გამოეყენებინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სამხრეთ-დასავლეთით სამხედრო პლაცდარმის ფუნქციის შესრულებისათვის. როგორც ჩანს რუსეთის ფედერაციის მიერ, გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, რაც გამოიხატა ყირიმის მეირთებაში და დონბასის პრორუსული მოსახლეობის (რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას) მხარდაჭერაში, ამერიკელები ცდილობენ აამუშავონ „გეგმა-2“. მართალია უკანასკნელმა გეოპოლიტიკურმა აქტორმა, საკუთარ გეოსტრატეგიულ მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწია, თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ დასავლეთის მიერ ჩაფიქრებულ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს სერიოზული ზიანი მიაყენა და მათ დიდად შეუშალა ხელი, საკუთარი მიზნების ბოლომდე მიყვანაში.

სწორედ ამ მიზნით, როგორც არც თუ შორეული ისტორია გვიჩვენებს, ამერიკელები  ცდილობენ გეგმა 2 აამუშავონ, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის ჩართვას ფართომასშტაბიან, დამქანცველ და გრძელ ვადიან ომში, როგორც ეს მოახერხეს ავღანეთში. ზოგადად ომს, რომ ეკონომიკური სახსრები და თან ფსიქოლოგიური მდგრადობა სჭირდება, არავისთვის არ უნდა იყოს დასამალი. არ გამოვრიცხავ, დასავლელი სტრატეგები ფიქრობდნენ შემდეგს, რომ თუ მოხდება მათი გეოპოლიტიკური მოწინააღნმდეგის ჩართვა აღნიშნულ კონფლიქტში, მაშინ იგი გამოიწვევს დიდ დანახარჯებს, ასევე მსხვერპლს და დასავლური ინფორმაციულ-იდეოლოგიური შტურმის ფონზე, მოახერხებენ მის ეკონომიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას, რამაც უნდა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის დაშლა და შესაბამისად, ევრაზიული გეოპოლიტიკის მარცხი ატლანტიზმთან. აღნიშნულის ემპირიული დასაბუთება, მათ მოეპოვებათ ავღნათის მაგალითზე.

ზოგადად, დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში ეწევიან იმ აზრის ექსპლუატაციას, რომლითაც საბჭოთა კავშირის დაშლას უკავშირებენ, საბჭოთა ჯარების კრახს ავღანეთში. ამ მხრივ, განსკუთრებით აქტიურია ცნობილი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი. ამიტომ, ამერიკულ განზრახვას ნათელი რომ მოვფინოთ აუცილებელია, ზემოთ დასახელებული ავტორის ორის სხვადასხვა დროს გამოქვეყენებული  სტატიიდან ორი ამონარიდის გაკეთება და მისი შედარება ერთმანეთთან, რაც ჩემი  აზრით ყველაზე მკაფიოდ მოჰფენს ნათელს, ამერიკულ სტარტეგიას უკრაინასთან მიმართებაში. დამატების სახით უნდა ითქვას, რომ ერთი თვალსაზრისი გადმოცემულია 90-იანი წლების ბოლოს და ეხება ავღანურ კონფლიქტს, ხოლო მეორე გადმოცემულია 2014 წლის 2 ივლის, რომელიც უკვე უკრაინის პრობლემატიკას უკავშირდება.

 ზბიგნევ ბჟეზინსკის ინტერვიუდან, რომელიც მისცა 1998 წელს  ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემა “ნუველ ობსერვატერს“_  ყოფილმა ცსს-ს დირექტორმა რობერტ გეითსმა თავის მემუარებში აღნიშნა, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს ავღანელი მოჯახედების დახმარება, საბჭოთა ჯარების შესვლამდე 6 თვით ადრე. იმ პერიოდში თქვენ ბრძანდებოდით პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, თქვენ იყავით საქმის კურსში. ტქვენ ეთანხმებით გეითსის სიტყვებს?

ბჟეზინსკი: კი, რა თქმა უნდა. ოფიციალური ვერსიით ცსს-მ მოჯახედების დამხარება დაიწყო 1980 წელს, მას შემდეგ, როდესაც  საბჭოთა ჯარები შევიდნენ შევიდნენ ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. თუმცა, სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარად იყო. პირველი დირექტივა  საიდუმლო დახმარების თაობაზე ქაბულის პროსაბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა კარტერმა ხელი მოაწერა 1979 წლის 3 ივლისს. სწორედ იმ დღეს, მე მივწერე მოხსენებითი წერილი, სადაც განვამრტე, რომ ეს დახმარება გამოიწვევდა საბჭოების სამხედრო ჩარევას.

 –მიუხედავად ამ რისკისა, თქვენ იყავით მომხრე აღნიშნული საიდუმლო ოპერაციის. მაგრამ, იქნებ თქვენ გქონდათ სურვილი საბჭოების ამ ომში ჩათრევის და ყველა ღონეს ხმარობდით მათ პროვოცირებისათვის?

 ბჟეზინსკი: მთლად მასე არ აგახლავთ. ჩვენ არ გვაიძულებია რუსები ჩართულიყვნენ, მაგრამ ჩვენ სრულიად შეგნებულად გავზარდეთ ალბათობა იმის, რომ მათ ეს გაეკეთებინათ.

 რაც შეეხება მეორე პუბლიკაციას, რომელიც უკვე უკრაინას ეხება, იგი შემდეგ აზრს ანვითარებს: „ თუ უკრაინისთვის, წინააღმდეგობის გაწევისათვის აუცილებელი იქნება დახმარება, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ დასავლეთი მზად არის მათ დაეხმარონ… უფრო მომგებიანი იქნება, თუ ამის შესახებ განვაცხადებთ, გავაგებინებთ უკრაინელებსაც და მათ მოწინააღმდეგებსაც, რომ უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იგი მიიღებს იარაღს… ჩემი თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს იარაღი, რომელიც ეფექტური იქნება დიდი ქალაქების პირობებში. არანაირი აზრი არ აქვს უკრაინისათვის ისეთი იარაღის მიწოდების, რომელიც გამიზნული იქნება რუსეთის წინააღმდეგ ფართო სივრცეზე: რუსეთის არმია- ათასობით ტანკია და სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლებიც მზად იქნებიან მიაყენონ დამანგრეველი დარტყმა… შეჭრა რომ გახდეს წარმატებული პოლიტიკურად, აუცილებელია დაიკავონ უმსხვილესი ქალქები. თუ დიდი ქალქები, როგორებიც არიან  ხარკოვი და კიევი, დაიწყებენ წინააღმდეგობას და საბრძოლო მოქმედებების თეატრად იქცევა ქალაქები, კონფლიქტი გაიწელება და შესაბამისად გამოიწვევს დიდ დანახარჯებს… ასეთი ნაბიჯები, შესაბამისად დაკავშირებული იქნება ადამიანურ მსხვერპლთან და დიდ ფინანსურ დანახარჯებთან. მასზე დაიკარგება დიდი დრო და ის განაპირობებს ზეწოლის გაძლიერებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.“

 როგორც ჩანს ამერიკელებმა, ჩანაფიქრი რუსეთის კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის თაობაზე ვერ განახორციელეს. ამიტომ ამუშავდა „გეგმა 2“, რომლითაც ისინი შეეცდებიან ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას. კერძოდ, ყველასთვის ცნობილია, რომ დნესტრიპირეთი, რომელსაც ზურგიდან ესაზღვრება ოდესის ოლქი და რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან უბლოკავს  რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო და საზღვაო კავშირს,  რაც ალყაში აქცევს  დნესტრიპირეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, რომელიც ამავე დროს სამშვიდობო ჯარების ფუნქციას ასრულებენ, მოლდავეთსა და ზემოთ აღნიშნულ არ აღიარებულ რესპუბლიკას შორის. აქვე, ყურადღება გასამახვილებელია კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომლის მიხედვით უკრაინის რადამ, დენონსაცია მოახდინა 1995 წლის 25 ნოემბერს ხელმოწერილი და 2002 წლის 10 იანვარს რატიფიცირებული ხელშეკრულებების, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო თანამშრომლობას უკრაინას და რუსეთის ფედერაციას შორის. ერთ-ერთი ხელშეკრულება, სწორედ რომ ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციისათვის უკრაინის ტერიტორიის გამოყენებას სატრანზიტო კორიდორისათვის,  დნესტრიპირეთში ფუნქციონირებადი რუსული სამხედრო ბაზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად.  ლოგიკურად თუ ვისმჯელებთ, გამოდის რომ, უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით, შეერთებული შტატები ცდილობენ, დნესტრიპირეთში არსებული   რუსული საჯარისო ფორმიერებების სახმელეთო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას.

ასეთ დროს, ამერიკელებისათვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი დგება, ბჟეზინსკისეული კონცეფციის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა გამოჩნდა, რომ აღნიშნულის მისაღწევად ამერიკელები მაინც და მაინც არ ჩქარობენ.  სავარაუდოდ, ოდესის ოლქში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა სჭარბობს, დიდი შიში აქვთ მათი მოწინააღმდეგე  „5 კოლონის“ ფორმირების, რომლებიც კონფლიქტის შემთხვევაში დიდი ალბათობით გულხელდაკრეფილი არ იქნებიან. ამერიკელების მიერ, მიხეილ სააკაშვილის  გადასროლა ოდესის მიმართულებით, სავარაუდოთ უკავშირდება, მისი ხელით, მათთვის მისაღები  პოლიტიკური  წესრიგის შექმნას.

საქართველოს მაგალითზე კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად ეფექტურია ამერიკელებისათვის სააკაშვილის მოღვაწეობა ყველა ასპექტში. იგი გამოცდილია ისეთ საკითხებში, როგორიც გახლავთ, მკვეთრად იერარქიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის შექმნა, სხვაგვარად მოაზროვნეების გარიყვა სისტემიდან და მათი ოპონენტების განადგურების საქმეში. იგი როგორც საქართველოში, ოდესაშიც შეეცდება ისეთი სოცილაურ- პოლიტიკური წესრიგის შექმნას, რომელიც მისაღები იქნება მისი ამერიკელი პატრონებისათვის და გამოსადეგი კონფლიქტის ესკალაციისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილის ავანტიურისტული ბუნებაც კარგად აქვთ შესწავლილი მის პატრონებს, რომლებიც ომის შემთხვევაში, როგორც ადრე საქართველოში გააკეთეს, ყველაფერს სააკაშვილს გადააბრალებენ, თვითონ კი ხელდაბანილები გამოვლენ.

ამერიკელების მხრიდან დნესტრიპირეთში კონფლიქტის გაღვივება, შეიძლება ორ სავარაუდო მიზანს ემსახურებოდეს: 1) მოლდავეთის, კიდევ ერთი პროდასავლური სახელმწიფოს მხრიდან, თუ ადგილი ექნება დნესტრიპირეთში საომარი მოქმედებების გაჩაღებას, ზურგიდან, ოდესის ოლქიდან მოხდეს, საკომუნიკაციო საშუალებების მყისიერი ბლოკირება რუსეთის ფედერაციისათვის. მიხეილ სააკაშვილის დავალება სავარაუდოდ იქნება, ოდესის ადგილობრივი პრორუსული მოსახლეობის განეიტრალება, მისთვის კარგად ნაცნობი რეპრესიული ხერხებითა და მეთოდებით. ომის შემთხევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ვერ გარისკავს და არ დაიცავს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, იგი იძულებული იქნება დათმოს აღნიშნული რეგიონი, რაც მის გეოპოლიტიკურ ამბიციებს დიდ ზიანს მიაყენებს. ამას რუსეთს ჩაუთვლიან სისუსტედ და მის ხელმძღვანელობას ჩააგდებს ფსიქოლოგიურად კრიზისულ მდგომარეობაში. ეს იქნება პუტინისთვის სილის გაწნა და დიდი ზიანი რუსეთის იმიჯისათვის, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოვლენების აღნიშნული სცენარით განვითარების შემთხვევაში, იგი სერიოზულ გავლენას იქონიებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეიტინგზე, რომელიც ძალიან ამაღლდა, მისი მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების  დაცვის გამო. არ გამოვრიცხავ აღნიშნულმა ფაქტორმა, ამ უკანასკნელის  პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასაც შეუქმნას საფრთხე, რაც აგრეთვე თავისთავად შეერთებული შტატების ინტერესებშიც ჯდება.

2)  ჩემი აზრით მოვლენების განვითარების ყველაზე რეალური სურათი!  რუსეთის ფედერაცია, ომის დროს ზოგადად გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების დაცვის მიზნით, იძულებული გახდება შეიარაღებული ძალები შეიყვანოს უკრაინაში და სამხედრო-სტრატეგიული კონტროლი დაამყაროს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე და ამით უზრუნველყოს, პირდაპირი სახმელეთო კავშირი დნესტრიპირეთში რუსულ სამხედრო შენაერთთან.

რაც შეეხება ავღანური სცენარის განმეორებას, რაზეც დარწმუნებული ვარ იმედოვნებენ ამერიკელი სტრატეგოსები ადგილი აღარ ექნება. რადგან ავღანეთისგან განსხვავებით, რომლის ტრადიციული მოსახლეობის უმრავლესობა, თუ წინააღმდეგი გახლდათ კომუნისტურ-მოდერნისტული სოციალური წესრიგის შექმნისა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის  აბსოლუტური უმრავლესობა კი, რუსებს განიხილავს არა მტრად, არამედ მოკავშირედ. აღნიშნულ ფაქტორს კი,  მასების მხრიდან, მინიმუმდე დაჰყავს წინააღმდეგობა. ალბათ, ადგილზეც აღმოჩნდებიან მოწინააღმდეგე ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ გეოპოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ მათი სიმცირის და გამო, მოცემული ჯგუფების ლოკალიზება არც თუ ისე რთული იქნება.

თუ უკრაინელი ხალხი გონს არ მოეგება და ახლო მომავალში არ ჩამოაცილებს დღეს არსებულ ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ამერიკის  მარიონეტებისგან შემდგარ მართველ ელიტას (როგორც ადგილობრივს, ასევე გადასროლილს), უკრაინას  დიდი უბედურება არ ასცდება. შესაძლოა, ძალიან ახლო მომავალში, მომსწრეც კი გავხდეთ, „პოლიტიკური პროექტი უკრაინა“-ს საბოლოოდ დასასრულისა.

ირაკლი უბილავა

 

 

 

 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here