მთავარი საზოგადოება ვეფხვის მიერ მოკლული ადამიანის გარდა, ზურაბ გურიელიძის, იასონ ბადრიძისა და მათი ამფსონების...

ვეფხვის მიერ მოკლული ადამიანის გარდა, ზურაბ გურიელიძის, იასონ ბადრიძისა და მათი ამფსონების სინდისზე კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლეა!

20001
გააზიარეთ

 ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები, ეს რიგით მეექვსე კრიტიკული წერილია, რომელსაც ვუძღვნი სათაურში მოხსენიებულ მეცნიერებს, საქართველოში მობინადრე მგლების “უსტაბაშებს”, მფარველებს და, უბრალოდ, “რუხი” ყაჩაღების მოსიყვარულე “მამებს”, თუმცა ჯერ გაგაცნობთ ჩემ მიერ ამ თემაზე სხვადასხვა პერიოდში მოპოვებულ ინფორმაციას:

 

*”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანს მგლები შემოესია. მოსახლეობას უკვე გარეთ გასვლის ეშინია. მგელმა ათეულობით სული პირუტყვი შეჭამა და დაგლიჯა… “ბავშვები შიშით გარეთ ვერ გაგვიშვია, პირუტყვი მგელმა დღისით შეჭამა, თანაც, გაღმა კი არა ან საძოვრებზე, მგელი სოფელში შემოვიდა! ვინმემ დროზე უნდა მიგვხედოს, თორემ, ბავშვებს რომ მგელი დაესხას თავს, ვინ აგებს პასუხს?!” _ ამბობს სონია ღვინიაშვილი. სოფელ წახანში 80 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა, ძირითადად, მესაქონლეობით ირჩენს თავს. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მგელმა პირუტყვი დაგლიჯა. შოთა თავაძეს მგელმა ღორი და ორი ცხვარი შეუჭამა: “მოსაგები ღორი მგელმა ეზოში შემიჭამა. ცხვრები კი ცოტა ქვემოდ მყავდა, შემოღობილში და იქ დაგლიჯა. ტყავმაც კი არ ივარგა! დავრეკე პატრულში, _ ამოვალთო. ამოვიდნენ სამი დღის შემდეგ, მაგრამ რა? _ მოკლავ და ჯარიმა 500 ლარიაო. ნაკრძალის წითელი მგელიაო და რა ვქნა, აღარ ვიცი”… “ჟორა მინაძეს ცხენი შეუჭამა”, “მერაბ მაცუკაძეს სამი ხბო შეუჭამა”; “რა ვიზარალეთ, ამას არავინ კითხულობს”, _ ამბობენ ადგილობრივები”. (“სამხრეთის კარიბჭე”, 09. 2010 .).

*”შუახევის რაიონში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. 77 წლის კარლო ესერიძეს მტაცებელი თავს სოფელ თერნალის გზაზე დაესხა. დაკბენილი მამაკაცი, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა სიღრმის რვა ჭრილობა აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახევის რაიონის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარეს. ამჟამად იგი მედიკამენტურ მკურნალობას ბათუმის საავადმყოფოში გადის. ესერიძის დაკბენის შემდეგ 10 წუთში მგელი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს, რომელიც ამჟამად სოფლის საავადმყოფოში მკურნალობს” (სააგენტოპირველი”, 03. 02. 2011.).

* “სოფელ ლეხიდრისთავში ცოტა ხნის წინათ ერთ ოჯახს მგელმა ძროხა შეუჭამა და ღორი დაუგლიჯა. რაიონში მსგავსი ფაქტები ხშირია და მოსახლეობა მგლის მოკვლის უფლებას ითხოვს… ადგილობრივებმა შემზარავი ფაქტიც გაიხსენეს. შარშან, ზამთარში, სოფელ საჩხეურაში საშუალო ხნის მამაკაცი საკუთარ ეზოში თავისა და ხელის გარეშე იპოვეს. მათი განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოსახლეობა პანიკაში იყო” (“პრესა.ჯი”, 16.09.2011.)

*”ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანს მგლები შეესივნენ. გუშინ, ღამით, მგლებმა ვახტანგ ბაიხოძის 11 ცხვარი შეჭამეს, 15-16 მაისს მტაცებლებმა შოთა არაბულისა და ოთარ ფარეულიძის 19 ცხვარი შეჭამეს, 3 კი _ დაგლიჯეს. მოსახლეობა სოფელში მონადირეების სადღეღამისო მორიგეობის დაწესებას ითხოვს” (“მედიანიუსი”, 25.05.2011.).

* “საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, კახეთის სოფლებში, მგლების თავდასხმები გახშირდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გახმაურებული ინციდენტი სიღნაღში, კერძოდ, სოფელ საქობოში, გასულ წელს მოხდა. მაშინ მგლებმა 26 წლის გია კაკაშვილი სასიკვდილოდ დაგლიჯეს. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან შველას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ” (“პრესა.ჯი”, 27.02. 2011.).

*”სამტრედიის სოფლებში მგლები დღისითაც დანავარდობენ… სოფელ წიაღუბნის დასახლებაში მგლები შინაურ პირუტყვს დაერია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნადირმა სოფელს 70-მდე მსხვილფეხა პირუტყვი, 40 სულამდე თხა, 70-მდე ცხვარი და 60 სულამდე ღორი დაუგლიჯა. დღის განმავლობაში მგლები გამოჩენას არ ერიდებიან. მტერჩვეულის დასახლებაში, კერძოდ, წიაღის გორებზე არაერთ მგელს იხილავთ. დილით მიმავალ პედაგოგებს მტაცებელი აშინებს, მშობლებს კი ბავშვების სკოლაში გაშვება ეშინიათ… სოფელ წიაღუბნის გარდა, მგლები გურიის ზემო სოფლების საბალახოებზეც ხშირად ჩნდებიან. მგელი კიდევ რამდენიმე სოფელში არხეინად დადის. გომი, გომნატეხები, ნაწილოფეთი, ოფეთი, მტერჩვეული, წიაღუბანი, თხილაგანი და სურები ის სოფლებია, რომელთა მოსახლეობას მგლებმა დიდი ზარალი მიაყენეს. სოფლის მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ: თუ ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, სოფელი გადაშენების პირას მივა” (“ივერონი”, 24.04.2014.).

*”ხრამის ხეობის მოსახლეობას მგელმა პრობლემა შეუქმნა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირდა მსხვილფეხა საქონელზე თავდასხმის ფაქტები, რამაც ათამდე ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა. 20 მარტის შემდეგ სოფელ დისველში შინაური პირუტყვის დაგლეჯვის ცხრა შემთხვევა აღირიცხა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. “სოფლის ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა, წელს კი მგელი შეეჩვია საქონელს. აღარც მოსახლეობას ერიდება, საღამოს გარეთ გამოსვლის გვეშინია. დახმარებას ვითხოვთ, რადგან კანონით დაუშვებელია ჩვენი ძალებით გავანადგუროთ ნადირი; მაშინ გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოყოს მონადირეების სპეციალური ჯგუფი, რომ დახოცონ მგლები. ზარალს აღარავინ აგვინაზღაურებს, მაგრამ როდემდე შეიძლება შეჭამოს მგელმა საქონელი?” _ აცხადებენ დისველის მცხოვრებლები” (გაზეთი “ბოლნისი”, 27.03.2015წ.) და ა.შ, და ა.შ.

როგორც დარწმუნდით, მგლების თავდასხმის შედეგად სოფლის მოსახლეობა დაშინებულია, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი (ბოლო მონაცემებით _ 14), რამდენიმე ათეულმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ზარალი მეცხოველეობაში მილიონობით ლარია, შიშით ადამიანი ტყეში ვერ შესულა, მშობლებს ბავშვი სკოლაში ვერ გაუშვიათ! მგელი მოსახლეს ეზოში უვარდება. მტაცებლების შემოსევების გამო მოსახლეობამ სოფლიდან აყრაზე დაიწყო ფიქრი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ საზოგადოებრივმა არხმა გადასცა სიუჟეტი გურჯაანის რაიონის სოფელ ფხოველიდან. მოხუცმა ქალმა თქვა, რომ 5 ღორი მყავდა და ისინიც მგელმა შემიჭამაო, შემდეგ დაგლიჯა ვირი და ჩოჩორიც ზედ მიაყოლაო. სოფლის გამგებელმა ბესო ნიბლაძემ განაცხადა, სოფელში 15 კომლიღა დარჩა და ისინიც აყრას აპირებენო… და ყველა შემთხვევაში ადამიანები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

 რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის, რასაც ჩვენში მგლები სჩადიან, გარემოს დაცვის სამინისტროსდამსახურებაა”.

2003 წელს გარემოს დაცვის იმჟამინდელ მინისტრ ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების კომისიის დასკვნა, რომელშიც ითხოვდა:

1. შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია; 2. შექმნილიყო ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისია; 3. გამონახულიყო სახსრები ამ კომისიების მუშაობისთვის; 4. მგლის რიცხოვნობის დასაშვებ ფარგლებზე ზევით ზრდის შემთხვევაში, მომხდარიყო მისი რიცხოვნობის რეგულირება მსხვერპლის რიცხოვნობასთან დასაშვები თანაფარდობის შესაბამისად, რაც მიღებული და აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში; 5. გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის (ლიცენზიის) აღების აუცილებლობა და მისი უნებართვო მოკვლისთვის ჯარიმა (400 ლარი) და სანადირო იარაღის ჩამორთმევა.

ქალბატონმა ჩხობაძემ კი პატივცემული მეცნიერების საკრებულო (კომისია) პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.

მიზეზი? _ იმხანად გარემოს დაცვის სამინისტროში, იასონ ბადრიძის გარდა, კიდევ ორი ზოოლოგი მუშაობდა _ ირაკლი მაჭარაშვილი და თბილისის ზოოპარკის ამჟამინდელი დირექტორი ზურაბ გურიელიძე, რომლებიც ბატონ ბადრიძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესსაც” ხელმძღვანელობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში იყო მეცნიერებათა აკადემია, ზოოლოგიის ინსტიტუტი, უნივერსიტეტი დამონკავშირი”, გარემოს დაცვის სამინისტრომ გარეულ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებში მთავარ კონსულტანტად რატომღაცნაკრესიაირჩია. რატომ? _ “ნაკრესმა” ძირითად საქმიანობად გამოაცხადა “იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა დაცვისა და აღდგენის მეთოდების შემუშავება”. 1997-2000 წლებში “ნაკრესმა”, ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (ჭჭF) ერთად, რომელშიც გარემოს დაცვის იმჟამინდელი მინისტრის _ ნინო ჩხობაძის მეუღლე მალხაზ ძნელაძე მოღვაწეობდა, განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა “მგლის, როგორც საკვანძო სახეობის კონსერვაციას”, ანუ, უფრო გასაგებად _ მგლის დაცვას. საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა _ რატომ არ აირჩიანაკრესისხელმძღვანელობამ საკონსერვაციოდ ჩვენთან გადაშენების პირას მისული, მაგალითად, ჯიხვი ან ჯიქი, ან ნიამორი, ან ფსიტი, ან კავკასიური ირემი და .., და აირჩია მგელი, რომლის რაოდენობა, 1989 წლის მონაცემებით, 3 590 იყო, ანუ ზემოჩამოთვლილი ცხოველების საერთო რაოდენობაზე საგრძნობლად მეტი?!

 რატომ?

 ჟურნალ ცხელ შოკოლადში” (2008 წლის #41, აგვისტო _ სექტემბერი) გამოქვეყნდა წერილი “ბიძია ზურას ქოხი”. მისი ავტორი გვიყვება ისეთ ამბავს, რომლის სიმართლეში ბავშვიც კი დაეჭვდებოდა! კერძოდ, აღწერილია გასული საუკუნის 90-იანი წლები. პატარა ნაქირავები ტერიტორია ზოოპარკში. 100 კვ. მეტრი გალია. გალიაში მშიერი მგლები. გალიის გარეთ ცეცხლი. ცეცხლის გარშემო კუნძები და ამ კუნძებზე დრუიდებივით წამომჯდარი, მგლებზე არანაკლებ მშიერი ბატონები: იასონ ბადრიძე, ზურაბ გურიელიძე, გია თოდუა, ლევან ბუთხუზი და გიგი თევზაძე _ ე.წ. ილიაუნის ახლანდელი რექტორი; ჰოდა, მუშაობენ ეს ბრძენნი საქართველოში თავზესაყრელი, ანუ ყველაზე მრავალრიცხოვანი ცხოველის _ მგლის (არ წაიქცეთ!) აღდგენის მეთოდიკაზე! ფიქრობენ ზაფხულის საშინელ ცხელ დღემდე, როდესაც მუდმივი უჭმელობისგან დისტროფიამდე მისული გიგი თევზაძე მგლის გალიის წინ ბლაგვი ნაჯახით ჩეხავს მკვდარი ცხენის უზარმაზარ ბარკალს…

ახლა მოვუსმინოთ ბატონ ლევან ბუთხუზს: “სწორედ ამ დროს ვიღაც ქალი მოადგა ამ ბადეს და მოძვრება… ღობეზე გადმოვაძვრინეთ და ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიპატიჟეთ. გაგვეცნო: სოციოკულტუროანთროპოლოგი ვარო. ჩემი ქმარი არქიტექტორია, საქართველოში საქმეზე ჩამოვიდა და მეც ჩამოვყევიო, საკვებს ვიკვლევ და ამიტომ მოვედი ზოოპარკში… მერე ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა, ისიც გვითხრა, ვის რაში სჭირდება თქვენი დისერტაცია, შიმშილით იხოცებითო… კარგი, ამ საქმეს მივხედავ, როგორმე დაფინანსებას გიშოვითო. ჩავთვალეთ, რომ გიჟია”.

არა, ქალბატონი მერი ელენ ჩეტვინი გიჟი არ აღმოჩნდა. მან შვეიცარიაში კავკასიური მგლის გადარჩენის ფონდი დააარსა, “ქართველიმგლები შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ და სამეცნიერო მუშაობა არ შეწყვეტილიყო. 1994 წლამდენაკრესიამ ფონდზე იყო დამოკიდებული”, შედეგად, იასონ ბადრიძის პირმშო _ “ნაკრესიარ დაშლილა. ასე იქცა ნაკრესელებისთვისღობიდან გადმომძვრალ მფარველ ანგელოზადრესპექტაბელური შვეიცარიელი ქალბატონი ჩეტვინი

“ნაკრესმა” 1997 წელს შვეიცარიელებისგან მიიღო გრანტი “მგლის კონსერვაციისთვის”. საგულისხმოა, რომ იმ წელს თვითონ შვეიცარიაში არც ერთი მგელი არ ბინადრობდა, ხოლო გარეული ჩლიქოსნების რაოდენობით ეს, საქართველოზე ლამის ორჯერ პატარა, ქვეყანა ასჯერ მეტად გვისწრებდა _ 22 ათასი ირემი და 109 ათასი შველირით მოხიბლა შვეიცარიელები კავკასიურმა მგელმა და სინამდვილეში რა ინტერესი ამოძრავებდათ მათ, ჩემთვის უცნობია, მაგრამნაკრესისმამოძრავებელი სტიმული უდავოდ ფული იყო იმიტომ, რომ მგელი იმ წლებში (და ახლაც) ერთერთი მრავალრიცხოვანი ცხოველი იყო საქართველოში და მას დასაცავი და გადასარჩენი არაფერი სჭირდა!

“ნაკრესს” მხოლოდ გრანტი რომ აეღო და ამით დაკმაყოფილებულიყო, პირში წყალს ჩავიგუბებდი: ქართველო კაცო, ილხინე ევროპელების ხარჯზე, მაგ წუწურაქებს კაკალიც რომ გააგდებინო, ცხონდები! ოღონდაც, უაზრო გრიალში არ გაფანტო; თუ საზოგადოებას არა, ოჯახს მაინც მოახმარე მოპოვებული! მაგრამ, უბედურება არის ის, რომ გურიელიძის, ბადრიძისა და სხვათა ზეგავლენით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უზომოდ მომრავლებული მგელი, მისი რაოდენობის რეგულირების ნაცვლად, ფაქტობრივად, მფარველობის ქვეშ აიყვანა და ამით ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მატერიალურ კეთილდღეობას დიდი ზიანი მიაყენა!

რით ხსნიან ესგრანტიჭამია მგლებიასეთი საზიანო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას? _ სიცრუით, ფაქტების ფალსიფიკაციითა და ცრუთეორიებით! მაგალითად, მგლის გულისმესაიდუმლე”, ბატონი ბადრიძე ბრძანებს: “მგლის გარეშე მისი ყველა მსხვერპლიცხოველი დეგრადირდება” (ჟურნალიპირველი”, 002 ., #4 გვ. 56).

ჰმ… დიდი ბრიტანეთის კუნძულზე უკანასკნელი მგელი მე-18 საუკუნეში მოკლეს. მას შემდეგ ირმის ისეთიდეგრადაციადაიწყო, რომ მე-20 საუკუნის 80-იანი წლებისთვის მათმა რაოდენობამ 270 ათასი შეადგინა. შემდეგ ეს ბადრიძისეულიდეგრადირებაისე გაგრძელდა, რომ დღეისათვის ირმების რაოდენობამ თითქმის 400 ათასს მიაღწია! შოტლანდიაში მათი მასა სელექციის მეშვეობით 1,5-ჯერ გაიზარდა, დღეს იქ ევროპელი მონადირეები სარეკორდო რქების მქონე ირმების მოსანადირებლად ჩადიან! ესაა “პიკასოს ბიჭი”… ბოდიში, ესაა, ბატონო იასონ, დეგრადაცია? ღმერთმა არ მოუშალოს ირმებს ასეთი “დეგრადაცია”!

იმის გამო, რომ აღარ ხდებოდა მგლის რიცხოვნობის რეგულირება (წელიწადში 500 ერთეულის ლიკვიდაცია), ამ მტაცებლის რაოდენობამ კატასტროფულად მოიმატა. მგელი გამოჩნდა რეგიონებში, სადაც კარგა ხანია, უკვე აღარ ბინადრობდა (იმერეთი, გურია, სამეგრელო) თავისი მეტად სავალალო შედეგებით.

მივმართავ ბატონ ზურაბ გურიელიძეს: ახლახან, როდესაც ვეფხვმა ყელი გამოღადრა ადამიანს, ამ ტრაგედიის მთავარ დამნაშავედ თქვენი თავი გამოაცხადეთ, მაგრამ რატომ არ სცნეთ თავი დამნაშავედ 2005 წელს, როდესაც მგელმა იმსხვერპლა დუშელი ბიჭუნა გიორგი ბადაგაძე? რატომ არ დაიყარეთ თავზე ნაცარი, როდესაც სოფელ საჩხეურაში მეზობლებმა ნახეს თავ და ხელმოჭმული მარკოზ მანაგაძის ცხედარი?

 რატომ? ა-ა, გასაგებია. ამ ტრაგედიებმა ისე არ იქუხა, როგორც “ლაგუნა ვერეზე” მომხდარმა, არა? ცრემლი ვის გამო წაგსკდათ? ნუთუ დაღუპული ლომების, ვეფხვებისა და აფთრების გამო? არა! “დედუქციური ალღო” მკარნახობს _ დაღუპულ მგლებზე…

ახლა, ბატონო ზურაბ, ვაქვეყნებ თქვენი და თქვენი თანამოაზრეების “მეცნიერული” ავანტიურის მსხვერპლთა სიას:

1. გიორგი ბადაგაძე, 12 წლის, 2005 წლის სექტემბერი (“კვირის პალიტრა”, 2005 წლის 26 სექტემბერი); 2. მამაკაცი ცხინვალიდან, რომელსაც ცოფიანმა მგელმა თავზე უკბინა. ჩამოიყვანეს თბილისში (“რეზონანსი”, 2008 წლის 9 ნოემბერი); 3. ხანში შესული ქალი გვარად მარგებაძე. საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა (“ახალი თაობა”, 2009 წლის 21 თებერვალი); 4. ვერა ფაზუაშვილი, დუშეთის რაიონი, სოფელი ქაისხევი (ინფორმატორი _ მისი ვაჟი, ვალერი ფაზუაშვილი); 5. გია კაკაშვილი, 26 წლის, სოფელი საქობო (“კვირის პალიტრა”, 2010 წლის 8 თებერვალი); 6. მწყემსი. გურჯაანის რაიონი, “ნავთისხევი,” ინფორმატორი _ თემურ ქოჩლაშვილი (2012 წლის 10 აპრილი, “იმედი”, ქრონიკა 8:00 საათი. “პირველი არხი,” 9:00საათი); 7. მამაკაცი. გურჯაანი (2012 წლის 8 თებერვალი, “იმედი”, ქრონიკა, 9:00 საათი); 8. გიგა ელიზბარაშვილი, 17 წლის, სოფელი ვაჩნაძიანი (“ახალი თაობა”, 2010 წლის 21 ოქტომბერი); 9. მარკოზ მანაგაძე, სოფელი საჩხეურა, 2011 წლის მარტი (ამონაწერი ინტერნეტიდან, “მთელი საქართველო”); 10. სკოლის დარაჯი, სურამი (რადიო “მაესტრო”, 2013 წლის 16 ნოემბერი); 11. პატარა ბიჭი, სოფელი ყაურმა. ინფორმატორი _ ჟურნალისტი არჩილ ქიქოძე; 12. ვიაჩესლავ ბრუშკოვი, სამტრედია (“ქრონიკა”, 2015 წლის 2 თებერვალი); კიდევ დაღუპულია ორი ადამიანი აჭარაში. მათ შესახებ მასმედიას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

გიორგი კორძაძე

 

 
გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მახსოვს, მგლების აცრისთვის გამოყოფილი თანხა 200000 ლარი, თუ არ მეშლება..
    მაფია უკვდავია, რა!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here