“სერიოზული საკითხები, ვინმე ამერიკელის ან ევროპელის შემოგდებული სურვილების ან ავადმყოფური გადახრების მიხედვით არ უნდა წყდებოდეს”, _ ამბობს წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ისაკაძე), რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
_ მამაო, განათლების სამინისტროს ინიციატივას სკოლებში ახალი საგნის დანერგვის თაობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. საგანს _ “მე და საზოგადოება” ეწოდება, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში, აპირებენ, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს ასწავლონ გენდერული იდენტობა, პიროვნული იდენტობა… განათლების სამინისტროს ინიციატივას საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. წმინდა სინოდმა იმსჯელა და საგნის სკოლებში დანერგვამდე, პროექტის განხილვაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეკლესიის მონაწილეობა განათლების საკითხებში?
_ დიახ, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, ვინაიდან, ეს საკითხი ფართო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა სურთ, ასწავლონ ჩვენს ბავშვებს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საგნების სწავლება სურთ, ეს ჩვენთვის კატეგორულად მიუღებელია და ამ შემთხვევში, ჩვენი, როგორც მშობლების უფლებები ირღვევა. ასევე ირღვევა ჩვენი ბავშვების უფლებები.
არ უნდა გვკითხონ, რა უნდა ასწავლონ ჩვენს შვილებს სკოლებში? ასეთი სერიოზული საკითხები, ვინმე ამერიკელის ან ევროპელის შემოგდებული სურვილების ან ავადმყოფური გადახრების მიხედვით არ უნდა წყდებოდეს. ეს საქართველოა, ზნეობის, უძველესი ტრადიციების, კულტურისა და რწმენის ქვეყანა, ამიტომ ქართველი ხალხი, ბუნებრივია, ამას არ დაუშვებს.
_ ეკლესია სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგია. თუმცა, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა _ გამოკითხული გოგონების 80%-მა არ იცოდა, რომ პირველმა აბორტმა შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს. როგორ შეიძლება მსგავსი ინფორმაცია მიიღონ მოზარდებმა?
_ შეიძლება სამედიცინო დაწესებულებებში ან სკოლებში სპეციალური კაბინეტები არსებობდეს, სადაც შევა მოზარდი და თავის პრობლემებზე ან ისეთ საკითხებზე ისაუბრებს, რომლებიც აინტერესებს. მაგრამ ამ თემების აფიშირება, კლასში ფართოდ საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი ბავშვებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს _ მოგეხსენებათ, სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის წინააღმდეგ ვიბრძოდით.
_ თბილისის სამ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 250 გამოკითხული 18-დან 22 წლამდე სტუდენტი გოგონადან 10%-ზე მეტს 5-6 აბორტი უკვე ჰქონდა გაკეთებული, ხოლო 7%-მა პირველი აბორტი 14 წლისამ გაიკეთა. არსებობს ეჭვი, რომ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია. რატომ მივიღეთ ასეთი საგანგაშო სურათი ქვეყანაში?
_ ეს ყველაფერი აღვირახსნილი ცხოვრების წესის დანერგვისა და პროპაგანდის შედეგია. შეხედეთ, რას გადაცემენ ტელევიზიები ან რა იბეჭდება პრესაში. ნებისმიერი ტოკშოუში გარყვნილების თემაა. მასმედით აღვირახსნილობის რეკლამირება არ უნდა მიმდინარეობდეს და ახალგაზრდებს ასეთ თემებზე არ უნდა ვესაუბრებოდეთ. პირიქით _ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს უნდა ვნერგავდეთ. ის, რაც ახლა ახალგაზრდების თავს ხდება, წინა ხელისუფლების აქტიურობის შედეგია, მათ სურდათ, გაერყვნათ ჩვენი ახალგაზრდობა. თუმცა, დღესაც არიან ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების მსგავსად ფიქრობენ.
ამ თემაზე რამდენიმე საკითხი შეიძლება გავაერთიანოთ: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება; არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები ისეთ საკითხებზე, რომლებიც კატეგორიულად შეუთავსებელია ზნეობრივი ადამიანის ცხოვრების წესთან; სახალხო დამცველის ბოლო განცხადება…
_ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის მინისტრს ახლახან ახალი ინიციატივით მიმართა და ტრანსგენდერებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება სთხოვა. ვინაიდან, საქართველოში სქესის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე მისი დოკუმენტებში დაფიქსირება, რაც ტრანსგენდერებს განათლების მიღებასა თუ სამსახურის დაწყებასი უშლით ხელს. ამ რეკომენდაციის მიხედვით კი, ტრანსგენდერებს მარტივად შეეძლებათ საკუთარი სქესის დოკუმენტებში ჩაწერა. რა პოზიცია ექნება ეკლესიას ამ შემთხვევაში?
_ ისეთი პიროვნება, როგორიც დღევანდელი სახალხო დამცველია, მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არ უნდა ინიშნებოდეს. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში ტრანსგენდერების ცხოვრების წესის დანერგვაზე ლაპარაკობს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?! ამით ის არღვევს ჩვენს უფლებებს არღვევს, ის ხომ სახალხო დამცველია, ანუ ჩვენი, ყველას დამცველია და არა ტრანსგენდერების წარმომადგენელი?! ჩვენც ხომ უნდა გვკითხონ, ამ საკითხზე რა აზრის ვართ, გვინდა კი ეს მოხდეს?
თუ ყველა საკითხს ასე მივუდგებით, უახლოეს მომავალში ტრანსგედერი პრეზიდენტი გვეყოლება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას ისიც მოითხოვს. თუ ბატონ უჩა ნანუაშვილს სურს, ქალბატონი კონჩიტა გახდეს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ ამას თავს ნუ გვახვევს.
_ მაგრამ, მამაო, ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, თუ პირი მაინც იცვლის სქესს, აქვს კი მნიშვნელობა, რა ეწერება დოკუმენტში?
_ ასეთი საქციელი არ უნდა წავახალისოთ. ასეთი თემები და ნორმები აუცილებლად უნდა იყოს ეკლესიასთან შეთანხმებული. ვინაიდან, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება _ კონკორდატი და ნებისმიერი ახალი კანონი კონსტიტუციაზე ან საკონსტიტუციო შეთანხმებაზე მაღლა არ უნდა იდგეს. რადგან კონკორდატს ყველა შიგა იურიდიულ კანონზე, აგრეთვე, საერთაშორისო შეთანხმებზეც უპირატესი იურიდიული ძალა აქვს. თუნდაც, მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, რომელსაც შალახოს თანხლებით მოაწერეს ხელი და თავი სასაცილოდ გაიხადეს.
არანაირი საერთაშორისო ნორმა საკონსტიტუციო შეთანხმებაზე მაღლა არ უნდა დადგეს, ვინაიდან ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ეკლესიას თანაბარ სუბიექტად აღიარებს და მის მიერ აღიარებულ სამართლის ნორმებსაც პატივს სცემს.
_ თუმცა, არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ ეკლესიის პოზიცია არ გაითვალისწინა _ არც რელიგიური გაერთიანებების შესახებ, არც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას და არც სხვა საკითხზე…
_ დიახ, ასე მოხდა და ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. ვინაიდან, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება ნიშნავს, რომ ორ თანაბარ სუბიექტს შორის არის შეთანხმება, რომლებმაც პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სამართალს და უფლებებს, რომლის შელახვის უფლებაც, არც ერთმა სუბიექტმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არ უნდა დაუშვას.
ამიტომაც ითხოვდა ეკლესია თავისი უფლებების აღიარებასა და პატივისცემას სხვადასხვა კანონზე. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირები არ არის. ეკლესია, სასულიერო პირების გარდა, ერის ადამიანებს, მრევლსაც წარმოადგენს. როდესაც ქვეყანაში, მოსახლეობის 87% მართლმადიდებელია, ჩვენ არ უნდა შეგვეკითხონ აზრს არაფერზე? ან, ისე რატომ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვის მიზეზით, უმრავლესობის უფლებები შეილახოს?
_ თუ იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის წინადადებას გაიზიარებს და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა იქნება?
_ რა თქმა უნდა, ეს ამის საწინდარია. ჩვენ, სრულიად საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ნორმების აღიარება არ მოხდეს, თორემ მალე შეიძლება ნახევარი პარლამენტი ტრანსგენდერი გვყავდეს. და ვის გინდათ ცხოვრება ისეთ სახელმწიფოში, სადაც უკიდურესი გარყვნილების გამოვლინება ხდება?
ეს უკიდურესი გარყვნილებაა, ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავისუფლებისთვის გარკვეული კულტურაა საჭირო. თანამედროვე ლიბერალებს, როგორც ისინი თავს უწოდებენ, თავისუფლება ესმით როგორც ვნებების გამართლება. ვნებებს კი არ შეუძლიათ ადამიანის სულის დამაყოფილება, ამიტომ ისინი, თვითონ გადაგვარებულნი, პათოლოგიურ ფორმში გადაგვარებას განაგრძობენ. ტრანსგენდერობაც პათოლოგიური გადაგვარების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამიტომ სახალხო დამცველმაც და კანონმდებლებმაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი უნდა გაითვალისწინონ და, ვიდრე ასეთ სერიოზულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ, რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩაატარონ. ასეთი სახალხო დამცველი და ასეთი სახალხო დამცველის აპარატი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა.
_ ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვატიკანმა კაცობრიობის მარცხად შეაფასა. ევროპაშიც კი, სადაც ლგბტ ადამიანების უფლებებს განსაკუთრებულად იცავენ, უკვე შეშფოთდნენ…
_ ეს იმიტომ ხდება, რომ უკვე თვითონ კანონმდებლებიც გადაგვარდნენ. თუმცა, ხალხის უმრავლესობა ამ ქვეყნებშიც სხვაგვარად ფიქრობს. მათ თავს მოახვიეს ეს კანონები. ამას ადასტურებს საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამართული მილიონიანი აქცია.
_ თუ საქართველოზე გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებს მოახვიეს თავს, ჩვენ რა შეგვიძლია? როგორ აღუდგებით წინ ამ ყველაფერს?
_ ამ საკითხებზე მოქმედებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენ დღესვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ, კეთილი ინებოს და, ხალხის აზრი გაითვალისწინოს.
ერთად უნდა დავდგეთ, ქუჩაში ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს და, თუ საჭირო გახდა, ასეთი კანონმდებლების თანამდებობებიდან გათავისუფლებაც უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ასეთი ევროპული და ამერიკული კანონები არ გვინდა, ჩვენ ისეთი კანონები გვინდა, რომელიც საღმრთო კანონებს დაექვემდებარება. ის ხელისუფალი, რომელიც ასეთ კანონებს იღებს, ჩვენთვის მიუღებელი იქნება და მას ყოველთვის ბრძოლას გამოვუცხადებთ!
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი