პოლიტიკა ბინძური საქმეაო, _ ამბობენ და სჯერა კიდეც ბევრს. არც გაემტყუნებათ, რადგან პოლიტიკაში, ძირითადად, მართლაც უზნეო და ხელმოცარული ადამიანები მიდიან და, აბა, მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ?! ხედავს ამას ხალხი და სჯერა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.
თავისთავად პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის. მისი სიწმინდე იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხელებით კეთდება. ერთი დასახელების კერძი შეიძლება სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც, მავნეც და უგემურიც, იმის მიხედვით, როგორია მზარეული. ასეა პოლიტიკაშიც: თუ კაცი თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ხალხის სამართლიანი მოთხოვნების აღსრულებას თავდადებით ცდილობს, ბინძური საქმის მკეთებელი კი არა, ეროვნული გმირი გახდება უთუოდ; ხოლო ის, ვინც მოსყიდულია და სხვისი მიზნების განსახორციელებლად ირჯება სამშობლოს საზიანოდ, ბინძურიც არის და ცოდვის მორევში ყელამდე ჩაძირულიც. ამაში საბოლოოდ და მყარად დაგვარწმუნა “ნაცბანდის” (“ნაციონალური მოძრაობის”) ცხრაწლიანმა ბოგინმა და დიდი და პატარა დაგვრაზმა მისი უღლის გადასაგდებად. ბედად, წინამძღოლიც გამოგვიჩნდა და 2012 წლის 1 ოქტომბერს ტრიუმფით ავედით გამარჯვებულის კვარცხლბეკზე…
ავედით ვითომ?!
ავირჩიეთ უზენაესი საბჭო, ანუ პარლამენტი და ჩვენმა დეპუტატებმა გულზე მჯიღის ბრაგუნისა და “ჯოს-ჯოს” ძახილის გარდა რომ არაფერი იცოდნენ, ამიტომ ყოფილმა თუ იმდროინდელმა ქურდებმა და ჯიბგირებმა ისე დაამხეს ქვეყანა თავზე, რომ იმ უბედურებს ისევ მიტინგზე ეგონათ თავი.
შემდეგ ავირჩიეთ ხელისუფლება იმდროინდელი “მსოფლიო პოლიტიკოსის” მეთაურობით და ჩვენ მიერ არჩეულ “პოლიტიკოსებს”, თავიანთი გამოხეული ნიფხვების დაკერების გარდა, არაფერი ახსოვდათ (დაიკერეს კიდეც).
მესამედ ავირჩიეთ და… ჩვენიანები რომ გვეგონა, ეროვნულობის ტყავში გახვეული მამალი ანტიეროვნულები აღმოჩნდნენ და თავიანთი უცხოელი ძიების დახმარებით ჩვენი ამოძირკვა მოინდომეს ჩვენსავე სამკვიდროდან.
მერე იყო ის, რაც უკვე ვთქვი: ჩვენი ძირფესვიანად ამომგდებლების ჯავრით აღვსილებმა, ახალდმოვლენილი “ბელადის” დაძახილზე ერთბაშად ვიხუვლეთ, “ნაციონალების” ანუ ანტინაციონალი ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყნის ხელმძღვანელობა ვანდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც… ქვეშაფსიები გამოდგნენ.
როდის ნახეთ ჩასველებულებიო? _ იკითხავს, ალბათ, ვინმე. როდის და როგორც კი სავარძლებში მოკალათდნენ და ქვეყნის მართვა სცადეს. მას შემდეგ სულ ჩასველებულები არიან. რატომ? საშარდე ბუშტის პრობლემა აქვთ თუ… არა, არა! შიშით იფსამენ, აი, ისე, კურდღლებს რომ ემართებათ მულტფილმ “ჩხიკვთა ქორწილში”.
შიში უბედურებაა, მით უფრო ცხოველური შიში. ცხოველური შიში რომელია და, აი, ის, ხმაური რომ შემოესმება ცხოველს და ისე გაიქცევა, რომ არ იცის, იმ ხმის გამომცემი საშიშია თუ არა მისთვის. მაგალითად, ლომი ბრდღვინვით რომ გამოენთება სავანაში, ცხოველები კისრიტეხით გარბიან, მათ შორის, ჟირაფებიც. არადა, ჟირაფს წინა ფეხის ჩარტყმით შეუძლია, სიცოცხლეს გამოასალმოს ცხოველთა მეფე, მაგრამ რად გინდა?! გარბის უბედური და მდევრის ლუკმა ხდება…
ვინ იფიქრებდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომ სამშობლოს მტრებისა და შარაგზის ყაჩაღების დასჯა გაუჭირდებოდათ ჩვენს რჩეულ “რაინდებს”, მაგრამ, როგორც კი ერთი შეუბღვირეს დამარცხებულთა ოკეანისგაღმელმა ძიებმა, მაშინვე ჩაისველეს.
მაინც როგორ შევარჩიეთ ამნაირი ქვეშაფსიები, ყველას ერთად როგორ მოგვივიდა იაღლიში? ბევრს ვფიქრობ ამაზე და ერთ დასკვნამდე მივდივარ: ჩვენმა ოკეანისგაღმელმა “კეთილისმყოფელებმა” მაგრად გვაჭამეს: რომ გვეგონა, _ ჩვენს ხელისუფლებას ვირჩევთო, თურმე იმათ შეურჩევიათ თავიანთი ახალი “ძაღლიშვილები”.
კარგი რეჟისორები კი ყოფილან ის ოხრები, უნდა ვაღიაროთ _ სრულიად ერი გაგვაბითურეს!
პირველივე დღეებში გამოჩნდა, ვინც იყო ახალი ბელადი, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით (ისე, რომც მივხვედრილიყავით, რაღას ვიზამდით?)
ისე კი არ მოვექცევით დამარცხებულ “ნაცებს”, როგორსაც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვეკადრებაო, _ ბრძანა “ბელადმა”. ისე მოგვხიბლა და გაგვაბრუა ფრაზის ბოლომ, _ “როგორც ჩვენ გვეკადრებაო”, რომ ამაყად თავაწეულებმა იმაზე აღარ ვიფიქრეთ, რა გვეკადრებოდა…
დამნაშავეს მისი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით უნდა მოექცე და არა პრინციპით _ “ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია”, როგორც ამას “ნაცბანდის” ე.წ. სასამართლო აკეთებდა. კი, ნებისმიერ კაცს აქვს უფლება, მის მიმართ ჩადენილი დანაშაული მიუტევოს ან მისთვის გაწეული ამაგი არ დაუფასოს მავანს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ჩემს მტერსა და ამომგდებს ჩემ ნაცვლად შეუნდოს დანაშაული. ჩვენმა არჩეულმა “პოლიტიკოსებმა” კი დამარცხებული და გასასრესად განწირული ურჩხულის გადარჩენა, მოსულიერება და ფეხზე წამოდგომა დაისახეს მიზნად, თითქოს ქართველი ერის ოცნება მტრის გალაღება-გაპარპაშება იყო.
ჩვენმა “რჩეულებმა”, ალბათ, იფიქრეს, რომ რადგან ოკეანისგაღმელი ძიას რჩეულები არიან, ყველაფრის უფლება აქვთ და ჩვენ მაგივრად ფიქრიც მათი საქმეა. არც მალავენ ამ “ფიქრს”. აკი, პირდაპირ გვითხრა ერთწლიანმა “ბელადმა”, _ ქართველი საზოგადოება მომწიფებული არ არის საიმისოდ, რომ ჩვენს გეგმებსა და ზრახვებს ჩასწვდესო.
არადა, რა ძნელი ჩასაწვდომია მისი “ზრახვანი”, ნამეტანი სიბრძნისა და სიღრმის გამო…
რადგან ქვეყანა გარედან (შორიდან) იმართება, სულაც არ არის საჭირო, აქაურ ფსევდოხელისუფლებას ან ჭკუა მოეთხოვებოდეს, ან ვაჟკაცობა. პირიქით, ეს თვისებები თუ არ ექნება, ის ურჩევნია უცხოელ “მოყვარეს”, რადგან ჭვკიანი და მამაცი კაცი გადამთიელის დაკრულზე არ იცეკვებს და არც მისი თითის დაქნევაზე გადაუბრუნდება შიშით გული, როგორც ეს ამ ჩვენს “რჩეულებს” ემართებათ.
ამ ჩვენს ქვეშაფსიებს ჭკუა არ მოეთხოვებათ, მაგრამ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟ ბეჟანასაგან განსხვავებით იციან, რომ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვაც უნდათ, ჯიპებით გრიალიც და სხვა რამეც. ეს ყველაფერი კი იმ ძიებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ისინი ხელისუფლებაში დასვეს. იციან ეს და იმ ძიების ყოველ დაცაცხანებაზე შიშით სული სძვრებათ. როდის მოხდა ეს? როდის და როდესაც აქედან გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავენი უკრაინის მთავრობაში მაღალ პოსტებზე დანიშნეს და ჭკუის საკითხავ მრჩევლებად მიიწვიეს. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორღაც გაბედა და მიმართა (ალბათ, ჩვენ გასაგონად) უკრაინის ხელისუფლებას, გადმოგვეცით ეგ ჩვენი ძებნილებიო, მაგრამ _ უკრაინა იმას დანიშნავს თანამდებობაზე, ვისაც მოისურვებს, ეგ თქვენი საქმე არ არისო, _ უპასუხეს.
თავმოყვარე მთავრობა დიპლომატიურ ურთიერთობას თუ არ გაწყვეტდა უკრაინასთან, არამეგობრულ მოქმედებად მაინც ჩაუთვლიდა ამ საქციელს. ესენი კი საერთო ძიას თითის დაქნევითანავე გაცუნცულდნენ კიევში და ფაშისტ ბანდერელებთან ერთად იზეიმეს სისხლიანი მაიდნის წლისთავი. ალბათ, ის ჩვენი ძებნილებიც იქ იდგნენ, უფრო საპატიო ადგილზე და ენას უყოფდნენ საქართველოს ხელისუფლების “ღირსეულ” დელეგაციას.
ასე იცის შიშმა!
არა მგონია, იმ ოკეანისგაღმელ ძიას ყურები დაეჭრა ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუ გაბედავდნენ და ეტყოდნენ: “ძიავ, ჩვენო მამავ და მარჩენალო, შენი სიტყვა კანონია, მაგრამ იმ ხალხმა აბუჩად აგვიგდო, კაცად არ ჩაგვთვალა და მის ზეიმზე ტაშისდამკვრელებად ვერ წავალთ”-ო. ის ძიები ამისათვის არ გლახავდნენ თავიანთი ძაღლიშვილებს, მაგრამ ქვეშაფსიებს ამის გამბედაობა ვინ მისცა!
ჰოდა, მიხვდნენ “დამარცხებული” “ნაცები”, რა “გამარჯვებულებთანაც” აქვთ საქმე და ამას წინათ საღი გონებისთვის გაუგებარი აქცია მოაწყვეს ლოზუნგით “ძირს უნიათო მთავრობა!”.
უნიათოოო, კაცო!
არა და მართალია! ხილის გადამამუშავებელ თუ წვენების ქარხნის გახსნას აშშ–ს კონგრესის გადაწყვეტილება ან სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვა სჭირდება, ვითომ? ნატოს საწვრთნელი ბაზის აშენება რომ დაუჩემებით, რისთვისაც შეიძლება ცხვირპირი დაგვამტვრიონ, ადგილობრივი მრეწველობის საწარმოს გახსნის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ნატო? ანდა სკოლაში რა წლოვანების ბავშვები მივიღოთ, მაინცდამაინც აპატურაის უნდა ვკითხოთ?!
ერთი რამ ვიცი დაბეჯითებით: ჩვენი ხელისუფლება ხალხს არ უსმენს, არ აინტერესებს ამომრჩევლების აზრი! იგი აინუნში არ აგდებს ხალხის გაჭირვებას! ფეხზე ჰკიდია ქართველთა ეროვნული ინტერესები! ჩვენს ხელისუფლებას არ ეშინია თავისი ხალხის და ამიტომაც არ სცემს პატივს!
ასე რამ გაამამაცა ეს ქვეშაფსიები, არ გიკვირთ? უცხოელმა ძიებმა და იმ ბოროტმა დამრიგებლებმა გაამამაცეს, რომლებიც ასე უხვად და უშურველად ურიგებენ რჩევა-დარიგებებსა და არმად ნაშოვნ ფულს ხან აქ, ხან იქ და ხანაც თავისთან როდესაც იბარებენ! იმ დარიგებებს ვინ დამასწრებდა, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, დაახლოებით ასეთ რჩევებს მისცემდნენ:
1. არ წაიკითხოთ ქართული პრესა;
2. ჩვენთან შეუთანხმებლად არ მოუსმინოთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არც უცხო ქვეყნისას;
3. არ გადათქვათ ჩვენთან შეთანხმებული არც ერთი ფრაზა, მაგალითად, ასეთი: “ჩვენ შევდივართ ნატოში!”, მაშინაც კი, როდესაც გეტყვით, რომ ნატოში თქვენი ადგილი არ არის.
4. თუ ვინმემ ჩვენი რომელიმე ძაღლიშვილი სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა, იცოდეთ, რომ ეს პოლიტიკურ დევნად უნდა ჩათვალოთ.
5. ნაცბანდის (როგორც ჩვენში უწოდებენ დემოკრატიის შუქურის ამბრდღვიალებელ “ნაციონალურ მოძრაობას”) ყველა ჩინიანსა და უჩინოს ყველაფრის უფლება აქვს.
6. ხელი შეუწყვეთ კახპების ტელევიზიებს, რომლებსაც დავალებული აქვთ (ჩვენგან) თქვენი ხალხის ზნეობის შეცვლა და სიბნელიდან სინათლეზე გამოყვანა.
7. ხელი არ შეუშალოთ ე. წ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების სისტემისა და მეცნიერების დასამარებაში, რადგან არც ერთი არ გჭირდებათ!
8. ხელი არ შეუშალოთ თქვენი მიწა–წყლის უცხოელებზე გასხვისებას, რადგან თქვენ მამაპაპური სამკვიდროს მომვლელნი არ ხართ.
9. გიყვარდეთ და უერთგულეთ მათ, ვისაც ჩვენ დაგინიშნავთ მეგობრებად და გძულდეთ ჩვენ მიერ თქვენთვის დანიშნული მტერი.
ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა აშკარად მეტყველებს, რომ ბოროტი დამრიგებლების ეს რეკომენდაციები ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის.
თუ არა, ვნახოთ:
*ქართულ პრესას არ ვკითხულობ, _ საქვეყნოდ განაცხადა ჩვენმა ყოფილმა ე. წ. პრეზიდენტმა. უცხოელი დამრიგებლების გასაგონად თქვა ეს, თორემ ჩვენი აზრი სულაც ცალ ფეხზე ეკიდა. ესენიც ერთგულად ასრულებენ დამრიგებლების რჩევებს, თორემ ასე რომ არ იყოს, ერთხელ მაინც უპასუხებდნენ იმ უამრავ კოლექტიურ წერილსა და მიმართვას, რომლებიც ქართულ პრესაში იბეჭდება. არ კითხულობენ და ამიტომაც არ იციან ხალხის აზრი, თორემ ასე არ გაუკვირდებოდათ ცნობა იმის შესახებ, რომ მათი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა.
აქ მინდა, მივმართო ხელისუფლების რეიტინგის დაცემით გახარებულ ნაცბანდას: რა გიხარიათ, თქვე ოხრებო? როგორც გითხრეს, “ქოცების” რეიტინგის დაცემა თქვენი რეიტინგის ამაღლებას არ ნიშნავს, რის დამტკიცებასაც ენდიაი ცდილობს, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოიტანა: “ნაცები” ბოროტმოქმედები არიან და ამიტომ “ნაცმოძრაობა” ბანდაა, ხოლო “ოცნება” _ უნიათო და მოღალატე, რომელიც საქართველოს მტრების ყოველ დაცაცხანებაზე იფსამს…
*პრესას არ კითხულობენ, მაგრამ იქნებ მოქალაქეებს უსმენენ? მაგრამ, აბა, ვინ გისმენს! პრემიერმინისტრის სახელზე ახლახან კოლექტიური წერილი გაგზავნა მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა თხოვნით, _ გაერკვიეთ განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს არაკონპეტენტური გადაწყვეტილებების მიზეზებშიო და პრემიერის კანცელარიამ ეს საჩივარი განსახილველად საჩივრის ადრესატს გაუგზავნა(?!).
* ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს წინამორბედთა მიერ აკვიატებულ აზრებს: გინდათ თუ არა თქვენ, ნატოში მაინც შევალთო, თუმცა დამრიგებლებმა (ბოროტებმა, ცხადია) ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად უთხრეს, ნატოში ჯერჯერობით (ამ 10-15 წელიწადში) ვერ მიგიღებთო. ამიტომაც იყო, რომ მიმართეს ხელისუფლებას: თუ თქვენი დამრიგებლების ენები არ იცით, იქნებ მეგრულად მაინც გაიგოთო და უთარგმნეს დამრიგებელთა ნათქვამი მეგრულად: ნატოში მიშულა ვარია წიე!
*ყველა ტელეარხის ეკრანზე “ნაცები” სჭარბობენ, შოუებში ხომ ასპარეზი თითქმის მთლიანად მაგათია. ნაცბანდას სინდის-ნამუსი არ მოეთხოვება, მაგრამ მათ უსირცხვილო განცხადებებსა და მუქარას, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, პირველ რიგში, ხალხის მიმართ _ “ჩვენ დავბრუნდებით, უფრო ადრე, ვიდრე ამ ხელისუფლებას ჰგონია!” _ პასუხის გამცემი რატომ არ ჰყავს? ტელედებატებში ამ უღმერთოებს ისეთ ოპონენტს დაუსვამენ ხოლმე, რომელსაც ორ ბატს არ მიაბარებს ჭკვიანი პატრონი. უყურებს ამას ტელესერიალებით გამოსერიალებული ხალხი და ფიქრობს: ისევ “ნაცები” ხომ არ ავირჩიოთო.
*ნაცების ტელევიზიები გალაღებულია: ყველა ვალი ჩამოაწერეს და ყველა ძვირად ღირებული რეკლამა მათთან გადის (აბა, ტელეარხ “ობიექტივზე” რეკლამა არავის უნახავს), ნებისმიერ ტყუილსა და ცილისწამებაზე, დემაგოგიაზე რომ არაფერი ვთქვათ, პასუხს არავინ სთხოვს. ამით თავგასული ტელევიზიები დღე და ღამე სიცრუისა და ბოროტების შხამს აფრქვევენ სრულიად საქართველოს.
* ჩვენ თვალწინ ნადგურდება განათლება და მეცნიერება, ზნეობრივად იხრწნება მოზარდი თაობა. ამ საშინელ პროცეს ე. წ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უდგას სათავეში და კაცი არ არის ხელისუფლებაში, რომ ამას ხელი შეუშალოს.
* ახალმოსულები რომ იყვნენ, ჩვენი გულის მოსაგებად მორატორიუმი გამოაცხადეს მამაპაპური სამკვიდროს უცხოელებზე გასხვისების კანონზე, მაგრამ საკმარისი იყო ოკეანისგაღმელი ძიების ძაღლიშვილების (ჩვენ რომ მოფერებით არასამთავროებს ვეძახით!) შეყეფვა, რომ წყალწყალა მორატორიუმი აკანკალებულ ხელში შემოაცვდათ.
*ამ ჩვენს ქვეშაფსიებს არც მტრები ჰყავთ და არც მეგობრები, რადგან ერთნიცა და მეორენიც ოკენისგაღმელი ძიების დანიშნულნი არიან. ისინი ვალდებული არიან, უყვარდეთ ძიების დანიშნული მეგობრები და სძულდეთ მათი დანიშნული მტრები. ძალად არც სიყვარული შეიძლება და არც სიძულვილი. ეს მტერმაც იცის და მოყვარემაც, ამიტომ ესენი არავისთვის არაფერს წარმოადგენენ, არარაობანი არიან!
თუ ჩვენ კვლავაც ვერ მოვახერხეთ ისეთი ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, რომელთათვისაც სამშობლოა მთავარი და რომლებსაც სამშობლოზე უკეთესად ცხოვრების პრეტენზია არ ექნებათ, დაიღუპება წინაპართა ჭკუითა და გულით დღემდე მოყვანილი ქვეყანა!
ზურაბ ცუცქირიძე