Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მენშევიკური მთავრობა

სტალინი და მენშევიკური მთავრობა

ნაწილი II

1917 წელს რუსეთის ერთ-ერთ განაპირა პროვინციაში ხელისუფლების სათავეში მენშევიკური მთავრობის მოსვლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა _ ეს კანონზომიერ მოვლენად ჩათვალა ქართველმა ხალხმა. საქართველომ იწამა, რომ “ნოე ჟორდანია და არჩილ ჯორჯაძე სასურველისაკენ და იდეალურისაკენ მიისწრაფვოდნენ, იოსებ სტალინი კი რეალურის გარდაუვალისაკენ მიდიოდა” (ვახტანგ გურული. “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ. 15).

1917 წლის 1 ნოემბერს შეიქმნა ადგილობრივი მთავრობა _ “ამიერკავკასიის კომისარიატი”, რომელმაც 1918 წლის 10 თებერვლამდე გასტანა და ადგილი ამიერკავკასიის სეიმს დაუთმო. აქაც თავი იჩინა პროვინციულმა აზროვნებამ და ამიერკავკასიის სეიმმაც იმავე წლის 26 მაისს არსებობა შეწყვიტა.

აკაკი ჩხენკელი, რომელიც ეროვნული საბჭოს სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანიასთან, მივიდა დასკვნამდე, რომ სრულად დამორჩილებოდა გერმანიის დიქტატს და თავის ქვეყანაში განეხორციელებია უცხო ქვეყნის ნება-სურვილი საქართველოს მომავლის განსაზღვრის საქმეში. გერმანიის მთავრობამ აკაკი ჩხენკელს მოსთხოვა, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, რათა მას (გერმანიას) სხვა ქვეყნის საქმეში თავისუფლად ჩარევისა და თავისი ნების განხორციელების უფლება მისცემოდა.

აკაკი ჩხენკელის დავალებით, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ზურაბ ავალიშვილი სასწრაფოდ დეპეშის ტექსტს ადგენს, რომელშიც წერია შემდეგი:

“გენერალ კვინიტაძეს:

გადაეცით საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების კიდევ დაგვიანება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. გერმანელების შუამავლობის ცდა არ მოხერხდა. დაგვრჩენია ერთად ერთი: ოსმალოების შემოსევას წინ დაუყენოთ დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც მხარის დამჭერათ ეყოლება გერმანია. მის წარმომადგენლად საქართველოს მთავრობასთან იქნება გრაფი შულენბურგი, რომელიც საჭიროა, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე იქმნეს ცნობილი.… გამზადებულია ხელმოსაწერად დროებითი შეთანხმება გერმანიასთან,… უცდი ამ აქტის შესახებ უსწრაფეს ცნობას”.

თბილისიდან გაიგზავნა საპასუხო დეპეშა:

დამოუკიდებლობა გამოცხადებული იქნება ხვალ, 26 მაისს”.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სულაც არ შედიოდა ქართველი მენშევიკების გეგმაში. როგორც ზემოთ ითქვა, მათთვის ეროვნული საკითხი არ არსებობდა. წუთითაც არ ფიქრობდნენ რუსეთიდან საქართველოს ჩამოცილებას, თუკი იქ მენშევიკური მთავრობა იბატონებდა. მაგრამ, ჯერ იმის გამო, რომ რუსეთში ბოლშევიკები მოექცნენ ხელისუფლების სათავეში, ხოლო, უფრო კი იმის გამო, რომ ოსმალეთის აგრესიამ საქართველო აშკარა ოკუპაციის საფრთხის წინაშე დააყენა, იძულებულნი შეიქნენ, მიეღოთ გერმანიის რჩევა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. “ეს აღიბეჭდა კიდეც მენშევიკურდამოუკიდებლობის აქტში”, საცა, აღფრთოვანების მაგიერ, ტირილი და ბოდიშებიარუსეთის წინაშე” (. გაბაშვილის მემუარები, გვ. 189).

მოვლენების აქტიური მონაწილე რევაზ გაბაშვილი (მწერალ ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი) ასე აღწერს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს თავის მემუარებში: “კაკი წერეთელი გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიკულად: “რას შვებით, თქვენ ღუპავთ რუსეთის დემოკრატიას”.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მთავრობის სახლის სხდომათა დარბაზში, მენშევიკური უმრავლესობის მიერ სამგლოვიარო ატმოსფეროში აღინიშნა რუსეთთან საქართველოს ძალაუნებური ჩამოცილების გამო. გაიხარა მხოლოდ ხალხმა. როცა მთავრობის სახლის აივნიდან ეს აქტი გამოაცხადეს, იქ შეკრებილი მრავალათასიანი საზოგადოება ტაშის გრიალითა (გაუთვიცნობიერებლად) და სიხარულის ცრემლებით შეხვდა ამ ისტორიულ აქტს” (რ. გაბაშვილის მოგონებიდან “დაბრუნება”).

რაც შეეხება ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმულ სიტყვას, მიძღვნილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი, აქვე გთავაზობთ:

“მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაღიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია, ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა და, თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა. საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს აღსდგება, არ იქნება მიმართული არც ერთი ხალხის, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისი თავი და, როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში… ჩვენ გვსურს, ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისეთივე უფლებამოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა _ ქართველობა. ეს ერნი, შეერთებულნი ერთი დროშის ქვეშ, შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეშე იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერაციული კავშირი”.

შეუძლებელია, მშვიდად წაიკითხო ქვეყნის მეთაურისა და პირველ პრეზიდენტად წოდებული ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც რევაზ გაბაშვილს თავისი მოგონებების 127- გვერდზე აქვს გამოქვეყნებული:

თბილისი საქართველოს დედაქალაქი კი არ არის, არამედ ინტერნაციონალური ცენტრია, რომლის სამხრეთაღმოსავლეთი ნაწილი და იმის იქით მდებარე ტერიტორია ეკუთვნის სომხებსა და აზერბაიჯანელებს და მხოლოდ დასავლეთი მესამედი _ “ვერა” _ და აქეთ მდებარე ტერიტორია გვეკუთვნის ქართველებს”.

თუ ნოე ჟორდანიას ამ გამოსვლას კიევიდან ბეჭედდასმულ და მენშევიკური ლიდერების ხელდასმულ რუკასაც დავუმატებთ, სადაც ნოე ჟორდანიას ზემოაღნიშნული სიტყვები რუკაზეც არის აღნიშნული და მიყოლებულია მთელი სამხრეთ საქართველო, დავრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს არა მოლაყბე და უმაქნის ადამიანებთან, არამედ სახელმწიფო დამნაშავეებთან, რომლებმაც სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაკოტრებამდე მიიყვანეს საქართველო. და ეს ყველაფერი ხდებოდა არა იდეათა და აზრთა დაჯახების ფონზე, არამედ პირადი მტრობის საბაბით, რომელსაც შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობა.

მარჯვენა ხელით რუსეთის ხელისუფლებასთან ბრძოლა და მარცხენათი რუს ხალხთან მეგობრობა _ ეს არის მენშევიკური ხელისუფლების ძირითადი ფორმულა. რუსეთისადმი გაორებული მიდგომისა და დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია მოგონებათა ავტორის, რევაზ გაბაშვილის და იროდიონ სონღულაშვილის დაპირისპირება ექვთიმე თაყაიშვილთან ეროვნული საგანძურის საკითხზე.

“მე და იროდიონ სონღულაშვილი დაგვიბარა ექვთიმე თაყაიშვილმა და გვითხრა: “ქართული მუზეუმის ყველაზე ძვირფასი _ ისტორიულად და არა საფასურით _ ნივთები, უნდა ჩავაწყოთ ყუთებში და საჩქაროთ წავიღოთ კიევში, _ “თათრებს არ დარჩეს”- ო. ჩვენს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა და კარგებიც ვაკადრეთ, ილომ კი ამ ყოვლად უწყინარმა და ჩუმმა “არისტიდმა” მშვიდად და მტკიცედ მოახსენა: “ბატონო ექვთიმე, _ რაკი ის ჯიუტად მოითხოვდა მისგან, როგორც მოწაფისა და მუზეუმის მსახურისაგან, _ მხოლოდ ჩემს გვამზე თუ გადაიტანთ მუზეუმიდან თუნდაც ერთ ნივთსო. მართლაც, ჩვენი წარმოდგენით და ხელშეკრულების ძალით, ოსმალები და გერმანელები მოდიოდნენ ჩვენს გასათავისუფლებლად რუსეთისაგან და ექვთიმე თაყაიშვილი ამ დროს აპირებდა საქართველოს ეროვნული საუნჯის გატანას რუსეთში. დიდი კამათის შემდეგ, ილოს წინადადებით გადავწყვიტეთ კუბოს მინაგვარი ყუთების გაკეთება და ეროვნული საუნჯის დაფლვა _ დიღომში, ილოს სოფელსა და მამულში, რომ საომარ არეულობაში არაფერი დაკარგულიყო…

იქნებ ვცდები, მაგრამ მერე, რომჩვენმა მთავრობამგაიტაცა მუზეუმის ქონებაც და ბევრი სხვაც _ მგონია, ამ კუბო ყუთებით გამოატანა . თაყაიშვილს საფრანგეთში. დიდი ნაწილი გაფლანგა და დანარჩენი იმავე თაყაიშვილიანადდაუბრუნაბოლშევიკებს (. გაბაშვილი, “დაბრუნება”, გვ. 126).

მენშევიკური ელიტისათვის საერთოდ მიუღებელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და მათი ლიდერები, უპირველესად კი _ ილია ჭავჭავაძე. მენშევიკების პოლიტიკური ძალა, რომელიც უპირობოდ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა რევოლუციის წინა პერიოდში. მას ანგარიშს მეფის მთავრობაც კი უწევდა.

1907 წელს წიწამურთან მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა სრულიად საქართველო. საქართველოს გარეთ მყოფი ქართველები თუ არაქართველები სასოწარკვეთამდე იყვნენ მისულნი. სწორედ სოციალ-დემოკრატების მიერ ილიასთან გამართულმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ დაატრიალა წიწამურთან საუკუნის ტრაგედია.

მთაწმინდაზე რამდენიმე ასეული კაცის თანდასწრებით მენშევიკმა კარლო ჩხეიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა კუბოში ჩასვენებულ ილიას:

“ჭეშმარიტებაზე ძლიერ შორს იქნება, თუ ვინმე იტყვის: თითქოს ჩვენ, ყველანი ერთნაირად ვუყურებდეთ შენს წარსულს. ყველანი ერთნაირად ვაფასებდეთ შენს წარსულს, ყველანი ერთნაირად ვაფასებდეთ შენს მოღვაწეობას… დაე, გაქონ და გადიდონ შოვინისტებმა, როგორც მამულიშვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევურიგდებით ასეთების ქებათაქებას”.

ეს სიტყვა ქართულმა “მოწინავე” საზოგადოებამ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მიიღო. ორმოცი დღის გასვლიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, ნოე ჟორდანია გაზეთ “ჩვენ გზაში” მართალია, უარყოფდა ილიას მკვლელობასთან კავშირს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხალხის განწყობა და ტრაგედიისათვის ნიადაგის მომზადება მხოლოდ სოციალ-დემოკრატების უდიდესი დამსახურება იყო. ალოგიკურ და პოპულისტურ გამოსვლას ამთავრებდა სიმართლესთან სრულიად შეუფერებელი გამოთქმით: “სადაც ხეები იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა”. ვაი, რომ შემდგომში ქვეყანას სათავეში ჩაუდგა კაცი, რომელიც ილიას ნაფოტს ადარებდა, თავისი თავი კი პირველ ქართველად და პირველ პოლიტიკოსად წარმოედგინა.

ილია ჭავჭავაძე საფლავში “ერის მამად”, “წმინდა ილიად” ან “ილია მართალის” წოდებით არ ჩაუსვენებიათ. მხოლოდ ვაჟა-ფშაველამ აღიმაღლა ხმა, რომელმაც თავისი ძალუმი ხმით წამოიძახა, რომ საქართველოს მოუკვდა მამა ილია ჭავჭავაძის სახით. ეს ის ვაჟა-ფშაველაა, რომელსაც “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” და თვით ილია ჭავჭავაძემ, მიუხედავად ვაჟას არაერთი მუდარისა, მშიერ-მწყურვალი ცოლ-შვილი შეიძლება ამომიწყდესო, სოფელ თონეთში რიგითი მასწავლებლობაც ვერ შეუნარჩუნეს.

ილიას მიმართ მენშევიკების მკვეთრმა რეაქციულმა დამოკიდებულებამ 1897 წელს იჩინა თავი, როდესაც მისი დაბადებიდან 60 წლისთავი არ გადაახდევინეს საზოგადოებას. ისე შეაძულეს ხალხს ილიას სახელი, რომ დაბადების წლისთავის აღნიშვნა ვერც 1898 წელს შეძლეს, ხოლო 1903 წელს, სოციალდემოკრატების წაქეზებით, ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისული ილია ჭავჭავაძე ბრბომ კინაღამ ჩაქოლა.

1914 წელს ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ასეთი აზრიც კი გამოთქვა მომხსენებელმა: “ილიას ძველი საქართველო დამარცხდა, ის მოკვდა და ალაგი ახალ საქართველოს დაუთმო. ძველ საქართველოსთან ერთად დამარცხდა მისი დაუღალავი იდეოლოგიაც”.

ილია დარჩა მარტოდმარტო, უმწეო, უამხანაგო, უკარისკაცო და მარტოდმარტო დაიღუპა”, _ ასე შეაფასა დამოუკიდებელი საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი და გულანთებული პატრიოტი ილია ჭავჭავაძე საქართველოს დამოუკიდებლობის უარმყოფელმა და საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდად გამომტანმა უდღეურმა მენშევიკურმა მთავრობამ.

მენშევიკური ხელისუფლების მრავალწლიანმა პროპაგანდამ გაჭრა და ხალხი ილია ჭავჭავაძეს ასეთი ეპითეტებით ამკობდა: “თავად-აზნაურობის იდეოლოგი”, “რეაქციონერი”, “გლეხობის მჩაგვრელი”, “სასტიკი მემამულე” და სხვ.

ამ იარლიყების შეცვლა არც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უცდიათ, რადგან ბოლშევიკურ ხელისუფლებაშიც ბევრი იყო მენშევიკური აზროვნების ადამიანი, რომლებიც ძველ პოზიციებს არ თმობდნენ, თანაც მათ ჰყავდათ ისეთი ძლიერი მფარველები, როგორებიც იყვნენ ლენინი და ტროცკი.

“ხალხს ახსოვდა თავისი წინამძღოლის _ ნოე ჟორდანიას სიტყვები: “ჩვენი წარსული ეროვნული ცხოვრება სირცხვილის დაგმობისა და უარყოფის გარდა სხვა არაფრის ღირსი არაა”, _ წერს ომარ გოგიაშვილი წიგნში “ილია დღეს” (გვ. 317). ამავე წიგნში ავტორი აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს გმირობად უთვლის, რომ მან გაბედა და სტალინის ეპოქაში ქართველი ერის ისტორია დაწერა. ბატონ ომარს უნდა შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიის დაწერის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ სტალინისგან მოდიოდა და, როდესაც ჯავახიშვილმა, ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა, თავიანთი ნებისა და გემოვნების მიხედვით, არასრულყოფილად შეადგინეს საქართველოს ისტორიის წიგნის მაკეტი, სადაც ქართველი ხალხის მეხსიერებიდან ამოღებული უნდა ყოფილიყო ან დამახინჯებით მიეწოდებინათ მოვლენები, სტალინმა მკაცრად გააფრთხილა სამივე დიდი მეცნიერი და მოუწოდა, პირუთვნელად ეწერათ თავიანთი ქვეყნის ისტორია. აი, ამის შემდეგ გაჩნდა ისტორიის სახელმძღვანელოში ვრცელი მიმოხილვა დავითისა და თამარის ეპოქებზე, სააკაძისა თუ სხვა პიროვნებათა ღირსებებზე. ასე რომ, ბატონო ომარ, გმირობად ნუ ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის საქართველოს ისტორიის შექმნას. მეცნიერი, რომელიც მენშევიკების აქტიური მხარდამჭერი იყო და 1921 წელს კრემლის წინააღმდეგ უნივერსიტეტის ახალგაზრდებს კრემლის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა, სტალინმა გადაარჩინა შურისძიებით აღვსილი ქართველი ბოლშევიკების რისხვისგან და უმაღლეს სამეცნიერო და სახელისუფლო კვარცხბეკზე აიყვანა. თქვენ წერთ:

“ივ. ჯავახიშვილის მეცნიერული და მოქალაქეობრივი გმირობის ფასი რომ წარმოვიდგინოთ, უნდა გავიაზროთ, რომ ქართველი ერის ისტორიის უმთავრესი კვლევა სტალინის ზეობის პერიოდში მიმდინარეობდა”.

და მერე რა, ბატონო ომარ, ეს კარგი იყო თუ ცუდი? ეს გმირობა ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის თუ იოსებ სტალინს? ივანე ჯავახიშვილს უნდა ეწერა, როგორც მეცნიერს, სტალინს კი უნდა დაებეჭდა, როგორც ხელისუფალს. რომელმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა? _ მგონი, ორივემ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა. მაშ, რატომ ერთს _ გმირობა და მეორეს _ “ვირობა”?

წიგნისა და ავტორის ნაკლად უნდა მივიჩნიო, რომ ამ უზარმაზარ ისტორიულ კვლევაში, რომელიც სამ წიგნად (ტომად) არის გამოცემული და უნიკალური ზღვა მასალაა დამუშავებული და გადმოცემული უკვდავი ილიას შემოქმედების შესახებ, სტალინი მხოლოდ იმ ერთი სიტყვით არის წარმოდგენილი, რომელიც ზემოთ წიგნიდან ამოღებულ ამონარიდშია.

უახლესი ისტორიის მეცნიერი და მკველვარი ვახტანგ გურული, თავის შრომებში ფართოდ მიმოიხილავს სტალინის როლს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სწორად შეფასებაში და ილიას გავლენას სტალინის სოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

“ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ტაქტსა და თავშეკავებას იჩენდა. იგი არც 1901-1904 წლებში და არც შემდგომ პერიოდში ილიას წინააღმდეგ წამოწყებულ ბინძურ კამპანიაში არ ჩაბმულა. ილიას მიერ ხელდასხმულ მოღვაწეს კარგად ესმოდა ერის მამის დამსახურება, მისი ადგილი საქართველოს ახალ ისტორიაში” (ვ. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ.12)

ბევრ შემთხვევაში ილიას გავლენა სტალინზე აშკარად იგრძნობა. იგრძნობა ისეთი რთული და ფილოსოფიური საკითხებისადმი მიდგომაში, როგორც არის ერი და ეროვნება, რომელიც 1913 წელს სტალინმა ჟენევაში ჩამოაყალიბა. როგორც პროფესორი ვ. გურული შენიშნავს “უფრო მეცნიერული უფრო დასაბუთებული და არაწინააღმდეგობრივი ვერავინ ვერაფერი მოიაზრა”. ერის განსაზვრების საკითხში სტალინს რატომღაც ქართველების მაგალითი მოჰყავს:

რეფორმამდელ ხანაში ქართველები საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, მიუხედავად ამისა, ისინი, არსებითად, ერთ ერს არ შეადგენდნენ, ვინაიდან დანაწილებულნი იყვნენ მთელ რიგ ერთმანეთისაგან მოწყვეტილ სამთავროებად, არ შეეძლოთ, საერთო ეთნიკური ცხოვრებით ეცხოვრათ, საუკუნეთა განმავლობაში ეომებოდნენ და ანადგურებდნენ ერთმანეთს, ერთი მეორეს უსისინებდნენ სპარსელებსა და თურქებს. სამთავროთა ეფემერული და შემთხვევითი გაერთიანება, რასაც ზოგჯერ ესა თუ ის იღბლიანი მეფე ახერხებდა, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ზედაპირულ ადმინისტრაციულ სფეროს ეხებოდა და მალე ირღვეოდა მთავრობის ჟინიანობითა და გლეხების გულგრილობით. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკური დაქუცმაცების პირობებშისაქართველო, როგორც ერი, მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როცა ბატონყმობის გაუქმებამ და ქვეყნის ეკონომიკის მომძლავრებამ, გზების განვითარებამ და კაპიტალიზმის წარმოშობამ გაამყარა შრომის განაწილება საქართველოს ოლქებს შორის, საბოლოოდ შეარყია სამთავროთა სამეურნეო კარჩაკეტილობა და ერთ მთელად შეაკავშირა ისინი” (სტალინი. “თხზულებანი”, ტომი II, გვ. 317-318)

ახლა კი ილია ჭავჭავაძეს მოვუსმინოთ, სტალინის უახლოეს და დიდ წინაპარს:

ქართველები არ არიან, მაშ, რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონნი, _ ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა _ თავადი, გლეხსა _ ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის ოჯახისშვილნი? თავადის აზრი _ სათავადოა, აზნაურის _ სააზნაურო, გლეხის _ საგლეხო, ვაჭრისა _ სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველები არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფი და ერთის დედის, საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი?.. აბა, დაიძახე, ქართველითქო, თუ შავის ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპგადმოგდებულის ქართველის მეტმა (.. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი მსხვილი კისერი შენსკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანოთქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მათ თვითოეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არისმეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თითოეული ჩვენგანის ჭკვამ, გონება, ფიქრი, გრძნობა, და სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის. მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ არისმეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის, ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის, ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: მე თუ შენ, შენ თუ მე და ორივენი ერთად კი არაო”.

მკითხველო! ალბათ, მიხვდით, რომ ეს ორი ამონარიდი ისე ჰგავს ერთმანეთს, როგორც წყლის ორი წვეთი. და, ალბათ, სტალინმაც შორეულ ვენაში 1913 წელს სწორედ თავისი დიდი წინაპრისა და მასწავლებლის “კონსპექტი” გაიყოლა, რომლითაც შეიქმნა გენიალური ნაშრომი ეროვნულ საკითხზე. სტალინისა და ილია ჭავჭავაძის განმარტებებიდან ჩანს, რომ ისინი ერთი ძუძუთი იკვებებიან და ერთი წყაროთი საზრდოობენ. ისინი ერთი სამრეკლოდან რეკენ!

გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here