მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერის უშუალო ბრძანებით კავკასიონის უმაღლესი მწვერვალის – იალბუზის დაპყრობა და ქედის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ კონრადის მეთაურობით. საბრძოლო დავალება ასეთი იყო: პირველი _ დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე; მეორე _ ოსეთის სამხედრო გზით ქუთაისზე; ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო “ედელვაისი”.
პირველხარისხოვანი შეიარაღებისა და უდიდესი გამოცდილების მქონე 97- და მე-4 სამთო დივიზიები კავკასიონს მოადგნენ. პირველს გენერალ-ლეიტენანტი ჰუბერტ ლანცი მეთაურობდა, მეორეს კი, რომელიც ტიროლელებისაგან შედგებოდა, _ გენერალ-მაიორი ეგელზეერი.
გენერალი კონრადი ფიქრობდა, რომ ამ საბრძოლო დავალებას ადვილად შეასრულებდა და თან წამოიყვანა ჰიტლერის მიერ ამიერკავკასიის გაერთიანებული რაიხკომისარიატის მბრძანებლად დანიშნული პირი, რომელიც ემზადებოდა თბილისში შესასვლელად. ჰიტლერელები კავკასიონამდე კი მოვიდნენ, მაგრამ უღელტეხილზე ამოსვლა ძალზე გაუჭირდათ. ნერვებდაწყვეტილმა “კავკასიის მბრძანებელმა” დეპეშა გაუგზავნა ჰიტლერს: “ჩვენი ჯარები 4-5 დღეში კავკასიის აღების ნაცვლად ერთ ადგილს ტკეპნიან, ეშმაკმა იცის, რას აკეთებენ. თქვენს ბრძანებას არ ასრულებენ და დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ”. ჰიტლერი ცოფებს ყრიდა, დირექტივას დირექტივაზე იძლეოდა და პროპაგანდისტული მანქანით ათასნაირი ბოდვით აყრუებდა მსოფლიოს: “კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზს ფეხი დავადგით”.
კრემლში კი კავკასიის შვილი სწორედ კავკასიონის რუკას დაჰყურებდა და მისი გადარჩენის სტრატეგიას ამუშავებდა. მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა; ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი _ სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.
_ მდგომარეობა კავკასიაში, _ წარმოთქვა სტალინმა, _ სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად ფრონტის ხელმძღვანელობამ და ქვედანაყოფებმა საშუალება მისცეს ჰიტლერელებს, დაეკავებინათ ცენტრალური კავკასიონის გარკვეული ნაწილი, რითაც საშუალება მიეცა ჰიტლერს, მთელი მსოფლიო გააყრუოს კავკასიონის დაძლევაზე ტრაბახით. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი. შეკრიბეთ ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც წამოგყვებათ. ჯგუფის თითოეული წევრი მე შემახვედრეთ. გისურვებთ წარმატებებს!”
1942 წლის 17 აგვისტო იყო, როდესაც ვარლამ ქაქუჩაია, შინაგან საქმეთა კომისარიატის #4 სპეციალური სამმართველოს უფროს პავლე სუდოპლატოვის მოადგილე, მოსკოვის ახლოს ერთ-ერთ საკომანდო პუნქტში იპოვეს და მაღალი სიხშირის ტელეფონით კომისარიატის ადმინისტრაციის უფროს მამულოვს დააკავშირეს. _ სასწრაფოდ გამოცხადდით სამუშაო ადგილზე, _ მიიღო ბრძანება. ქაქუჩაია სასწრაფოდ მოსკოვისაკენ გაეშურა.
_ ღამის 12 საათი იყო, როდესაც ბერიას კაბინეტში შევედი,_ ყვება ვარლამ ქაქუჩაია, _ ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ნორმალურად თუ ვიყავი ჩაცმული და მითხრა: “სასწრაფოდ კრემლში _ სტალინთან”. რამდენიმე წუთში სტალინის კაბინეტის კარი პირველად შევაღე და იქვე გავჩერდი. სტალინი გამომეგება და ხელით მანიშნა: _ “პოდოიდიტე ბლიჟე”. შემდეგ მკითხა: “სად იყავით დღეს, რას აკეთებდით, რა ნახეთ?”. დაწვრილებით მოვუყევი იმ ნაწილების საფრონტო განწყობის შესახებ, რაც ჩემი თვალით ვნახე.
_ თუ იცით, რატომ გამოგიძახეთ? _ მკითხა სტალინმა.
_ არა, _ ვუპასუხე მე.
_ კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.
მივხვდი, რომ სტალინი ჯგუფის ყველა მონაწილეს შეხვდა და შესაბამისი დავალებაც მისცა.
_ მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა.
_ უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ, _ ღიმილით შემისწორა და განაგრძო, _ ხვალ, დილის 5 საათზე, ჩემი თვითმფრინავითა და მფრინავით გაფრინდებით თბილისში, თქვენი ხელმძღვანელი იქნება ბერია. შემდეგ ხელი ჩამომართვა და გამომემშვიდობა.
აეროპორტში წასვლამდე კომისარიატის კანცელარიის უფროს სტეფანე მამულოვთან შევიარე, სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ლავრენტი ბერიას კავკასიის ფრონტზე მოჰყავდა თავისი შვილი სერგო”.
ხუთ საათზე სტალინის თვითმფრინავმა 18 კაცის შემადგენლობით კურსი თბილისისაკენ აიღო, მათ შორის იყო ლავრენტი ბერია შვილთან, სერგოსთან, ერთად. თვითმფრინავში, გარდა გენერალ-ლეიტენატ ბოდინისა, რომელიც კავკასიის ფლოტის შტაბის უფროსად იყო დანიშნული, ყველა ქართველი იყო.
საღამოს 11 საათზე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ტრაპთან სამხედრო სალმით გაჭიმული იდგა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი ტიულენევი, იქვე იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები: ჩარკვიანი, ბაგიროვი, არუთინოვი.
მოკლე მისალმების შემდეგ, შენიშნა რა დამხვდურთა დაღვრემილი სახეები, ბერიამ მკაცრად მიმართა მათ: “რა მოხდა? რა სახეები ჩამოგტირით. თქვენი გარეგნობითა და საქციელით ხალხს პანიკაში ჩააგდებთ. ჩვენამდე მოვიდა ხმა, რომ ქალაქი იცლება, არ არის წყალი, არ დადის ტრამვაი, ნუთუ ტრამვაიც ომში წავიდა?
ბერია განსაკუთრებულად მკაცრი იყო ტიულენევის მიმართ: “ეს როგორ, ამხანაგო ტიულენევ, როგორ დაუშვით, რომ გერმანელებმა გადმოლახეს ბილიკები და დაეუფლენ კავკასიონს! სად იყო შეიარაღებული ძალები, რას აკეთებდით თქვენ?”
ბერიამ გასცა განკარგულება, სასწრაფოდ შეკრებილიყვნენ ამიერკავკასიის ფრონტის შტაბში.
შტაბში გამართულ თათბირზე, რომელიც უშუალოდ ბერიას მიჰყავდა, განისაზღვრა კავკასიონის დაცვის ძირითადი მიმართულებები. პირველი, ვისაც საბრძოლო დავალება მიეცა, იყო ბერიას მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი სეროვი, რომელიც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა კომისარიატის სპეციალურ შენაერთებს. მას დაევალა სოხუმის მიმართულებით გამგზავრება და ქლუხორის უღელტეხილზე საომარი მოქმედებების წარმოება.
მეორე დავალება ვლადიმერ ქაქუჩაიამ მიიღო. მას სახელმძღვანელოდ, სხვა შენაერთებითან ერთად, გადაეცა თბილისის წითელდროშოვანი პოლკი. ეს შენაერთები უნდა გამგზავრებულიყვნენ ზემო სვანეთში _ ბეჩოში.
თათბირი გამთენიისას დასრულდა და ფრონტზე წამსვლელი მეთაურებიც თავიანთი ვაგონებისაკენ გაემართნენ (თორმეტი საათიდან დილის ხუთ საათამდე ახალგაზრდა სერგო ბერია შტაბის დერეფნებში დასეირნობდა, რათა ხალხს დაენახა, თბილისში რომ იმყოფებოდა).
გერმანელებისთვის მოულოდნელად კავკასიონზე სულ სხვა დილა თენდებოდა. ქართველ მებრძოლთა ბრძოლის ყიჟინა აყრუებდა ჭიუხებს, მათ უკვე შეიტყვეს მაშველი ძალისა და კავკასიის დასაცავად მეორე სტალინის _ ბერიას ჩამოსვლის ამბავი.
სამი დღის განმავლობაში ლავრენტი ბერია დაკარგული იყო მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. მეოთხე დღეს კი ქაქუჩაიამ ბეჩოში მეკავშირის ხელით ბარათი მიიღო. “ვარ ზუგდიდში, ადგილმონაცვლედ დატოვეთ პოლკოვნიკი, თქვენ კი სასწრაფოდ ჩამოდით”, _ ატყობინებდა ბერია. ქაქუჩაიას ბერია ზუგდიდში არ დახვდა, მაგრამ შეხვდა კაცი, რომელმაც უთხრა, რომ ბერია სასწრაფოდ თბილისში წავიდა და დაიბარა ქაქუჩაიაც დაუყონებლივ გამოემგზავროს თბილისშიო.
_ სამი დღით დაკარგული ბერია, _ ყვებოდა დივიზიის მეთაური გიორგი ყურაშვილი, _ სვანი მონადირეებისა და ალპინისტების თანხლებით, მონადირის ტანსაცმელში გამოწყობილი, თითქმის ყველა ნაწილში მივიდა და ყველა ბატალიონი დაათვალიერა. დაწვრილებით შეისწავლა ფრონტის ყველა უბნის საბრძოლო მზადყოფნა და მომარაგება, როგორც საბრძლო მასალებით, ასევე სურსათით. ყველა წვრილმანის ცოდნა და მებრძოლთა სულიერი განწყობის ცოდნა ბერიას აძლევდა საშუალებას, დაესაბუთებინა თავისი დავალების სისწორე.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბეჩოდან ჩამოყვანილი სამხედრო საბჭოს რწმუნებული ვარლამ ქაქუჩაია ბერიას მოადგილე ქობულოვმა შეიყვანა თავის სამუშაო ოთახში და გამოჰკითხა ბეჩოს ამბები. რწმუნებულის მოხსენება, რომ კავკასიონს, ძირითადად, სვანები იცავდნენ და მათი შეიარაღება უპირველესი პირობაა გერმანელთა დამარცხებისა, ქობულოვმა ლამის სამშობლოს ღალატად მიიჩნია: “როგორ შეიძლება სვანების ნდობა და მათი შეიარაღება?! ეს იარაღი ჩვენ შემოგვიტრიალდება. თუ შენ ამას ლავრენტი პავლოვიჩს ასე მოახსენებ, შეიძლება, სამშობლოს ღალატში დაგადანაშაულოს და დაგხვრიტოს!”
თათბირი დაიწყო და მეორე თუ მესამე მომხსენებლად ბერიამ ქაქუჩაია გამოიძახა, რომელმაც დაწვრილებით გააცნო კავკასიონზე შექმნილი ვითარება:
_ სვანების დახმარება კავკასიის დაცვაში უპირველესია. ჩვენ გვეხმარება და კავკასიას იცავს, არა მხოლოდ წითელი არმია, არამედ სვანეთის მოსახლეობა, რომელიც თავგანწირვით იბრძვის სამშობლოსათვის, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენ გვეხმარებიან საბჭოთა წყობილებაზე განაწყენებული ადამიანები, რომლებიც ტყეში ყაჩაღებად გავარდნილნი აქტიურად იბრძოდნენ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ. სწორედ ის ხალხია დღეს ჩვენი საიმედო დამრტყმელი ძალა, რომლებიც მიუვალ ადგილებში გამაგრებული მტრის “დოტებსა” და “ძოტებს” ანადგურებენ. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ზომა, კარგად შეგვეიარაღებინა ასამდე სვანი მონადირე და მოხალისე, რამაც შექმნა მტრის განადგურების ერთიანი სურვილი, რაც მალე ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
_ ეს ძალიან ცოტაა, _ განაცხადა ბერიამ, _ სასწრაფოდ შექმენით სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, რომელიც მთლიანად სვანებით იქნება დაკომპლექტებული და გადაეცით სრული სამხედრო აღჭურვილობა და სახელმწიფო უზრუნველყოფა, როგორც წითელი არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს. ბერიას მიერ გაცემულ ბრძანებაში ეწერა:
“1. სვან მებრძოლს, რომელიც მოკლავს გერმანელ ოკუპანტს, გადაეცეს ჯილდოდ 500 მანეთი და მოკლულის მთელი აღჭურვილობა იარაღის ჩათვლით;
2. თუ მოკლული უნტერ–ოფიცერია, ჯილდო გაორმაგდეს და მიეცეს მოკლულის იარაღი;
3. სვან მებრძოლს, რომელიც მოიტაცებს მოენეს და ტყვედ აიყვანს გერმანელ ოფიცერს, ჯილდო გაეზარდოს;
4. განსაკუთრებული მამაცობის გამოჩენისათვის სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრები წარდგენილნი იქნან სახელმწიფო ჯილდოებსა და ორდენებზე. ასევე დაჯილდოებულნი იქნან სამახსოვრო იარაღით წარწერით: “ლ. პ. ბერია”.
ბერიას წახალისებით სვანეთის მოსახლეობა აღდგა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოხუცები, ქალები და ბავშვები ხარებით, ცხენებითა და სახედრებით ჭიუხებში საბრძოლო მასალასა და სურსათს აწვდიდნენ გმირ სვან მებრძოლებს. სვანეთში გუგუნებდა სიმღერა ბერიაზე “დარიალს კარი შეაბი, კავკასიონი შეჰკარი”.
სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: “როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშა. გადაეცით სვან ალპინისტებს, რომ სხვა ვერავინ ჩამოაგდებს მას”.
ამ საუბრიდან მალე, 1943 წლის 9 თებერვალს, ყინულის გიგანტურ სამყაროს გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა შეუტიეს. ყინულთან რამდენიმესაათიანი გააფრთებული ბრძოლის შემდეგ ვეფხის სადარი ბექნუ ხერგიანი ნახტომით მისწვდა დროშას, ჯერ ჩამოხია, შემდეგ კი ტარი ძირშივე გადატეხა.
როგორც მეორე მსოფლიო ომში უსტალინოდ ვერ გავიმარჯვებდით, ისე ლავრენტი ბერიას გარეშე კავკასიონს ვერ დავიცავდით.
ბრძოლა კავკასიისათვის
1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 46-ე არმიის სარდალი სერგაცკოვი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე. ამ პერიოდში გერმანელებს უკვე დაკავებული ჰქონდათ კავკასიონის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც მტერმა არცთუ დიდი წინააღმდეგობის შედეგად ჩაიგდო ხელში.
ლესელიძის არმიის სარდლად დანიშვნასა და კავკასიის ფრონტის ბერიასათვის ჩაბარებას ფრონტზე სწრაფად უნდა შეეცვალა მდგომარეობა. 242-ე და 392-ე შენაერთები გენერლების _ გიორგი ყურაშვილის და ისიდორე სილაგაძის მეთაურობით ახალ საბრძოლო დავალებებს იღებდნენ უღელტეხილის დასაბრუნებლად და მტრის გასანადგურებლად.
ომის დამთავრების შემდეგ გენერალი გიორგი ყურაშვილი საქართველოს სამხედრო კომისრად დაინიშნა. სხვადასხვა გარემოებათა გამო დასვენების დღეებს ყველა რანგის მოხელე ადგილობრივ კურორტებზე ატარებდა. გიორგი ყურაშვილიც ჩვენს სოფელში არსებული საუცხოო წყლითა და ჰაერით დაჯილდოებულ აგარაკ “მუაშის” რეგულარული სტუმარი გახლდათ. ის სვანეთის ახალგაზრდებს გვიყვებოდა ბრძოლის ეპიზოდებს. მე ბევრი რამ მახსოვს მისი მონათხრობიდან, რომლის ფრაგმენტები ჩაწერილიც კი მაქვს თორმეტფურცლიან სასკოლო რვეულში. ჩემი მონათხრობის დიდი ნაწილი გენერალ ყურაშვილის მონათხრობზეა აგებული, თუმცა გენერლის მონაყოლი შემდგომ ბევრ ბეჭდურ და მემორიალურ ლიტერატურაშიც გამოჩნდა…
ახალდანიშნულ სარდალს მაღალი სიხშირის ტელეფონთან უხმეს, _ თქვენ სტალინი დაგელაპარაკებათ. ცოტა ხანიც და სტალინი კონსტანტინე ლესელიძეს ახალ თანამდებობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
_ იცით, ამხანაგო ლესელიძევ, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებში? მან პირველმა გამოიყენა მიუვალ ალპებში არტილერია. უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ავსტრიულ არმიას. თქვენც უნდა აიტანოთ დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით.
როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვას საქმე მოჰყვა. გაიცა განკარგულება კავკასიონზე 4 000 სახედრისა და 1 000 სახედრის გამყოლის გადაყვანის თაობაზე; აგრეთვე, _ 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დაემზადებინათ 80 000 მეტრი სპეციალური ქსოვილი 30 000 კომპლექტი ალპინისტის თბილი ტანსაცმლის შესაკერად, დაემზადებინათ 15 000 წერაყინი, 2 000 კლდის ჩაქუჩი, 50 000 წრიაპი, კავი, 30 000 მეტრი ალპინისტური წნული და გრეხილი თოკი, 1 600 000 ტრიკონი _ ფეხსაცმლის ლანჩაზე დასაჭედებელი სამკბილა. დავალება 1 ოქტომბრისათვის შესრულებული იყო და აღჭურვილობა გაიგზავნა ფრონტზე. ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. ჰიტლერელებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისათვის ესეოდენ საჭირო “ქართული ლეგიონი”, რომელიც მდინარე ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული.
უსასტიკეს მტერთან საბრძოლველად მომზადება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კავკასიის მწვერვალებზე მოსალოდნელი დიდთოვლობა ძალზე ართულებდა დაცვის პოზიციებს. სპეცბატალიონი, რომელიც სვანი ალპინისტებისა და მონადირეებისგან იყო დაკომპლექტებული, განლაგებულნი იყვნენ უკიდურეს სიმაღლეებზე, საიდანაც ზღუდავდნენ მტრის წინ წამოწევას. სვანების სპეცბატალიონს შეუერთდა ბერიას მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილი 150 სნაიპერი უხმო თოფებით. ისინი მამაც სვან მონადირეებთან ერთად ფხიზლად იცავდნენ ყველა ბილიკს კავკასიონზე. მთავარი ბანაკიდან კავკასიონზე დაშიფრული ტელეგრამა მოვიდა, მოითხოვდნენ, რომ ბატალიონი და სხვა სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ დაშვებულიყვნენ ბარში და ზამთარი ბეჩოში გაეტარებინათ. მებრძოლებმა და მათმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ დირექტივას და დაშიფრული ტალეგრამითვე უპასუხეს ფრონტის სამხედრო საბჭოს, რომ ისინი დაკავებულ სიმაღლეებს არ დატოვებდნენ, როგორი პირობებიც უნდა შექმნილიყო. ეს წინააღმდეგობა სამხედრო საბჭოსთვის გამაოგნებელი იყო. პასუხად იმავე დღეს დაშიფრული ტელეგრამა მიიღეს: “გამოგზავნილ დირექტივას არ ვამტკიცებთ. თქვენთან ჩამოვლენ არმიის სარდალი ლესელიძე და ვ. ბაქრაძე, ადგილზე შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ჯარების გამოზამთრების საკითხი. ბერია”.
სამი დღის შემდეგ კოსტანტინე ლესელიძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ბაქრაძე (რომელიც ფრონტის საბჭოს წევრიც გახლდათ) ბეჩოს მიადგნენ. გიორგი ყურაშვილმა (დივიზიის მეთაურმა) დეტალურად ილაპარაკა უღელტელხილზე მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც კარგად ჩანდა ოპერატიულ რუკებზე.
_ ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უნდა ვნახიოთ ადგილზე, _ განაცხადა ლესელიძემ. ბაქრაძემ გზის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ხანდახან გონებასაც კი კარგავდა. ლესელიძე და ყურაშვილი ორი დღის განმავლობაში გულდასმით ათვალიერებდნენ საოცარ გამოქვაბულებს და ერთმანეთთან დაკავშირებულ მიწისქვეშა გასასვლელებს, რომლებიც სვან ალპინისტებსა და მონადირეებს შეექმნათ ამ ურთულეს პირობებში. კლდის ღრმა ჯურღმულებში განთავსებულ ჯარისკაცთა საცხოვრებელს, იარაღისა და სურსათის შესანახ საწყობებს რომ ათვალიერებდა, სარდალი ლესელიძე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თუ როგორ და რა ძალამ შეძლო ამ სამუშაოს შესრულება ჭიუხების სიღმეებში. ერთობ კმაყოფილმა და ამაყმა სარდალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს უნიკალური თავშესაფარი შექმნა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხალხი მალე გაათავისუფლებდა კავკასიას ჰიტლერელებისაგან.
_ სამხედრო საბჭოს დირექტივას შევცვლი, _ განაცხადა ლესელიძემ, _ თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი იყავით, როცა მწვერვალები არ დატოვეთ და დაბლა არ ჩახვედით.
ამით დამთავრდა კონსტანტინე ლესელიძის ორდღიანი სტუმრობა ბეჩოში.
1943 წლის 7 მარტს ლავრენტი ბერია კვლავ ჩავიდა კავკასიონზე და მარტის ბოლომდე დარჩა ფრონტზე. მისივე ინიციატივით, სტალინი მეორეჯერ აწერს დირექტივას ხელს კონსტანტინე ლესელიძის 18-ე არმიის სარდლად დანიშვნის თაობაზე.
ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. “ბლაუ III” ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, სადაც ეწერა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. “კავკასიური ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!” _ ისტერიულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა ყველას და ყველაფერს. კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო.
5 დღის შემდეგ კი სტალინმა, 1942 წლის 28 ივლისს, გამოსცა ბრძანება # 227, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. სტალინმა ბრძანებაში მიუთითა: “ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო რესურსი ჯარისა და ხალხის გამოკვებისა, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ჩვენი ჯარები პოზიციურად იხევდნენ უკან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი _ არც ერთი ნაბიჯი უკან!”
1. 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე.
2. 1942 წლის 28 ივლისის სტალინის ბრძანება # 227.
3. 1943 წლის სტალინგრადის ბრძოლა.
4. 1945 წლის ბერლინის ოპერაცია.
ზემოაღნიშნული მოვლენები სტალინური გენიის ნაყოფია, რომლებიც შესულია მსოფლიო ომების ისტორიაში, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.
კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლების დროს სტალინმა მოიკითხა ლესელიძე და ვასილევსკის სთხოვა, მოეხსენებინა ლესელიძის შესახებ. ვასილევსკიმ ძალზე ამაყად და სიხარულით აცნობა მთავარსარდალს, რომ “ლესელიძე ისე ხელმძღვანელობს საარტილერიო ბრძოლებს, როგორც დირიჟორი ორკესტრს”. მოკრძალებული, რაინდული თვისებებით გამორჩეული, უაღრსად ნიჭიერი და სამხედრო საქმის მცოდნე კონსტანტინე ლესელიძე უკიდურესად პრინციპული იყო რიგი საკითხების გადაწყვეტაში. ინტუიციის წყალობით ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ცნობილი იყო მისი ცუდი დამოკიდებულება ხრუშჩოვისადმი.
ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდით, _ წერს თავის მემუარებში აკაკი მგელაძე, _ მან დიდი სიამაყითა და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ლესელიძეც. მომიბრუნდა და მითხრა: “მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა”.
სტალინს არაერთხელ მოუხსენებია კონსტანტინე ლესელიძე საბჭოთა კავშირის მარშლებისა და ფრონტის ხელმძღვანელთა შორის.
გრიგოლ ონიანი
დარიალში დღესაც შემორჩა ის ფორტიფიკაციული ნაგებობები, რაც ომის დროს ააგეს: დზოტები, აკოფები, ბლინდაჟები
http://www.youtube.com/watch?v=cTb176iV-Ik
http://www.mod.gov.ge/?newsid=2783#sthash.z7D3kN9O.dpuf
გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის და მისი მეუღლის საფლავი არის თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ამ ბოლო დროს მოხდა გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის და მისი მეუღლის საფლავის წაბილწვა, მის მემორიალურ კომპლექსში მოხდა ორი დასაფლავება.
დააყენეს გენერალ-მაიორ გ. მგალობლიშვილის კენოტაფი (მემორიალური დაფა) და იუნკერ ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დაკრძალეს გენერალ კ. ნ. ლესელიძის მემორიალურ კომპლექსში.
თუ შეიძლება ეს ინფორმაცია გადათარგმნოთ რუსულად და სურათებითურთ აიტვირთოს იუტუბიზე, ტორემ იქ იალბუსზე გამართულ ბრძოლის მოგებას სულ სხვა პიროვნებებს აწერენ