Home რუბრიკები ისტორია დიდი იოსებ სტალინი დიდ სამამულო ომში

დიდი იოსებ სტალინი დიდ სამამულო ომში

ომის შემდგომ სკკპ ცკ-ის მდივანმა დიმიტრი შეპილოვმა სტალინურ პრემიაზე წარსადგენად მწერალ-ისტორიკოსის წიგნი შეიტანა საბჭოეთის ბელადთან, რათა წინასწარ გაეგო მისი აზრი წიგნის თაობაზე. სტალინმა შეპილოვს ჰკითხა:

“_ მე ვერ მოვასწარი ამ წიგნის წაკითხვა, შენ თუ წაიკითხე?

_ დიახ, წავიკითხე, _ უპასუხა შეპილოვმა.

_ რა აზრისა ხართ წიგნის პრემირებაზე, რას შემოგვთავაზებთ?

_ “აგიტპრომიმხარს უჭერს პრემიაზე წარდგენას.

_ მითხარით, ამხანაგო შეპილოვ, ამ წიგნში არის რამე ბაქოს კომისრების შესახებ?

_ დიახ, არის.

_ და მათ ქმედებას დადებითად აფასებს ავტორი?

_ დიახ, აუცილებლად.

_ მაშინ, ამხანაგო შეპილოვ! არ შეიძლება ამ წიგნს მიენიჭოს სტალინური პრემია. ბაქოელი კომისრები არ იმსახურებენ დადებით შეფასებას. არ ეკუთვნის მათ სახელს განდიდება. მათ მოისროლეს ხელისუფლება და უბრძოლველად ჩააბარეს მტერს. დასხდნენ გემზე და წავიდნენ, ჩვენ კი შევინდეთ, არ ვაკრიტიკებთ. ისინი მოწამებრივად დაიხოცნენ, დახვრიტეს ინგლისელებმა. ჩვენ ვინახავთ მათ ხსოვნას, თუმცა იმსახურებდნენ მკაცრ შეფასებას, ისინი ცუდი პოლიტიკოსები აღმოჩნდენ. როცა ისტორია იწერება, უნდა დაიწეროს და ითქვას სიმართლე: ერთი მხრივ, შევინახოთ ხსოვნა, ჩვენ ამას ვაკეთებთ; მეორე მხრივ, სწორი შეფასება მივცეთ ფაქტებსა და მოვლენებს” (“სტალინის ენციკლოპედია”. მოსკოვი, 2007 გვ. 50).

ძვირფასო მკითხველო, ამ მიუკერძოებელი და სრულიად სამართლიანი შეფასებით, მსურდა, დამეწყო ჩემი წერილები ქართული განძის გატაცება-დაბრუნების თაობაზე, რომლებიც ამას წინათ გამოვაქვეყნე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში”, მაგრამ არ მინდოდა, გეფიქრათ, რომ სტალინის შეფასების მხოლოდ გენერალურ ხაზს მივყვები. მაგრამ ახლა, როდესაც გადავდივართ სხვა, უფრო დიდ და ფართომასშტაბიან თემაზე _ “სტალინური ომის ქრონიკებზე”, რა თქმა უნდა, მომიწევს სტალინის ზემოთ მოყვანილი შეგონების გათვალისწინება და თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლისა და დადასტურებული ფაქტების მოწოდება.

ჩემს მომავალ წერილებში სტალინს არ განვიხილავ “ქართველ პატრიოტად” და, როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, “ქართველ ვაჟკაცად”. ის ზოგიერთის თვალში, შეიძლება, არც პატრიოტია და არც _ ვაჟკაცი, მაგრამ ისევე, როგორც არ შეიძლება ილიას, ვაჟას, აკაკის, შოთას, გალაკტიონის, დავითის, ერეკლესა და სხვა მრავალთა გამომწყვდევა ვიწრო ქართულ გალიაში, ასევე მიუღებელია ვიწრო ქართული სარკმლიდან შეფასება კაცისა, რომელსაც “კრემლში ბინადარ ღმერთსაც” უწოდებდნენ.

თუ სტალინი ქართველებისათვის არ ვარგოდა, იქნებ სხვა ხალხებისთვის იყო მისაღები?!

ჩემი ერთი მეგობარი, გვარს არ დავასახელებ, ბებიამ გაზარდა აკვნიდან, როცა მისი დედა სხვის შვილებს ზრდიდა და უვლიდა. ეს მეგობარი, რომელმაც გენერლობას მიაღწია, ხშირად არის დიდი სუფრის თამადა, ყველაზე ლამაზად და გულიანად კი დედის სადღეგრძელო გამოსდის. ერთხელ შევბედე და ვუთხარი ქართული ანდაზა: “ვიღაცას დედა დაავიწყდა და დედინაცვალს იფიცებდაო”. მეგობარი მიმიხვდა, ვის ბოსტანშიც ვისროდი კენჭებს და მიპასუხა: “სხვის დედებს რას ვერჩი, დედა ხომ დედაა. დედის გულს მე და შენ ვერ განვსჯით, რომ განვსაჯოთ, ჩვენც დედები უნდა ვიყოთ”. სიმართლე თქვა.

როგორც არ უნდა მოგწონდეთ ჩემი “გადაჭარბებული” ქება-დიდება დიდი სტალინისა, უნდა შეეგუოთ _ წაკითხვით მაინც უნდა წაიკითხოთ. იქნებ გონება გაგინათდეთ და სტალინის ღვაწლი ახლა მაინც დააფასოთ.

მორწმუნე კაცი არ ვარ, მაგრამ ერთ რამეში ვრწმუნდები: ვიდრე სტალინის სამშობლოდან სტალინის დიდება და სიმღერა ისმოდა, საქართველო, მსოფლიოში თუ არა, ევროპაში მაინც ერთერთი წარჩინებული ქვეყანა იყო მეცნიერებით, მწერლობით, მხატვრობით, ფოლკლორით, სპორტითა და ხელოვნების სხვადასხვა დარგით. საქართველოში წარმოებული პროდუქციის 18 სახეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა. გურიის მხოლოდ ერთ სოფელში, შრომაში, სოციალისტური შრომის 27 გმირი ცხოვრობდა და შრომობდა. ქვეყანა ყვაოდა, მიუვალ სოფლებში სკოლის კედლები ბავშვებს ვერ იტევდა. მას შემდეგ, რაც სტალინის გინება და შეურაცხყოფა დავიწყეთ, ღმერთმაც თითქოს პირი იბრუნა და ქვეყანაც ხელიდან გვეცლება: ტერიტორიულად დავპატარავდით, მორალურად ვინგრევით და დემოგრაფიულად ვიღუპებით, ღმერთისგან მოდის ყველაფერი. ქართველებს დიდი ცოდვა გვაწევს მადლიერების დაკარგვის გამო და ღმერთიც და ბუნებაც ამიტომ გვსჯის. იქნებ ვცადოთ და კიდევ გავიხსენოთ სტალინის სახელი, აღვადგინოთ სტალინური შრომა და სამართლიანობა, იქნებ ღმერთმაც მოგვხედოს და ქვეყანამაც გაიბრწყინოს.

ომის დაწყების ღამეს

1941 წლის 21 ივნისის საღამოს კუნცევოს აგარაკზე სტალინის პირადი ექიმი პროფესორი ბორის პრეობრაჟენსკი გამოიძახეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა საბჭოთა კავშირის პირველ პირს. პროფესორმა პაციენტის გასინჯვისთანავე განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საავადმყოფოში, _ უმძიმესი ჩირქოვანი ანგინაა ჩამოყალიბებული და ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებაო. სტალინმა საავადმყოფოში გადაყვანაზე სასტიკი უარი განაცხადა. პროფესორმა პირველადი დახმარება გაუწია სტალინს და შეწუხებული იდგა იმის გამო, რომ პაციენტი არ დაემორჩილა. სტალინმა კი პროფესორს თხოვნით მიმართა, ხვალ დასვენების დღის მიუხედავად, ქალაქიდან არ გახვიდეთო, თანაც მკაცრად გააფრთხილა, დიაგნოზის შესახებ არავის არაფერი სცოდნოდა.

ცოტა ხნის შემდეგ სტალინი მარშალ სემიონ ტიმოშენკოს ელაპარაკა. რის შემდეგაც სასწრაფოდ იხმო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ალექსანდრე შერბაკოვი და აღმასკომის თავმჯდომარე ვასილ პრონინი.

სტალინმა სტუმრებს კატეგორიულად განუცხადა:

გააფრთხილეთ მოსკოვის ყველა რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, რომ ხვალ, კვირას, ქალაქიდან არ გავიდეს არც ერთი მათგანი. მოსალოდნელია გერმანელების თავდასხმა”.

3 საათსა და 40 წუთზე თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა სემიონ ტიმოშენკომ უბრძანა გენშტაბის უფროს გიორგი ჟუკოვს, ეცნობებია სტალინისთვის, რომ გერმანელები ბომბავენ ჩვენს ქალაქებს და რომ ომი დაიწყო.

ტელეფონის აპარატთან მისულმა სტალინმა, ჟუკოვის მოხსენების მოსმენის შემდეგ, მას უბრძანა, ტიმოშენკოსთან ერთად გამოცხადებულიყო კრემლში. და დასძინა: “უთხარით პოსკრებიშევს, სასწრაფოდ გამოიძახოს პოლიტბიუროს ყველა წევრი”.

პროფესორის გაფრთილების მიუხედავად, ავადმყოფმა სტალინმა მანქანა გამოიძახა და კრემლისაკენ გაეშურა. ერთი საათის შემდეგ, 4 საათსა და 40 წუთზე, უკვე პოლიტბიუროს სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც სტალინი უძღვებოდა.

 _ სასწრაფოდ დაუკავშირდით გერმანიის ელჩს, _ მიმართა მან მოლოტოვს.

მოლოტოვმა უპასუხა, რომ გერმანიის ელჩი, გრაფი ფონ შულენბურგი თვითონ ითხოვს საგარეო უწყებაში მოსვლას. მოლოტოვს დაევალა, სასწრაფოდ მიეღო და დალაპარაკებოდა ელჩს.

ჟუკოვმა სთხოვა სტალინს, სასწრაფოდ მიეცა მათთვის დირექტივა, სამხედრო ძალების ასამოქმედებლად.

_ დაველოდოთ მოლოტოვს, _ მშვიდად უპასუხა სტალინმა.

ცოტა ხანში მოლოტოვმა შეაღო პოლიტბიუროს კარი და თქვა:

_ გერმანიამ ომი გამოგვიცხადა!

სხდომაზე სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი დიდხანს გაგრძელდა. ჟუკოვმა გარისკა და სტალინს კვლავ მოსთხოვა დირექტივა, რათა დროულად დაეწყო მოქმედება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად.

_ კი არ შევაჩეროთ, გავანადგუროთ, _ შეუსწორა ტიმოშენკომ.

_ მომეცით დირექტივის პროექტი, ოღონდ ერთი პირობით: ჯარებმა, ავიაციის ჩათვლით, არსად დაარღვიონ გერმანიის საზღვარი, _ განაცხადა სტალინმა.

ამ შემთხვევაში სტალინი ხავსს ეჭიდებოდა, როგორმე თავიდან აეცილებინა უდიდესი კატასტროფა, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

22 ივნისს, 9 საათსა და 30 წუთზე, სტალინმა თავდაცვის მინისტრ ტიმოშენკოსა და გენშტაბის უფროს ჟუკოვთან ერთად ჩაასწორა ბრძანების ტექსტი და ხელი მოაწერა ბრძანებას საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. იქვე გადაწყდა, რომ 12 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი მიმართავდა ხალხს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შესახებ. პოლიტბიუროს არც ერთ წევრს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მათ წინაშე იდგა და ბრძანებებს იძლეოდა მძიმე ავადმყოფი იოსებ სტალინი.

მოლოტოვიც კი, რომელიც სტალინის უახლოეს ადამიანად ითვლებოდა, ვერ მიხვდა სტალინის მძიმე მდგომარეობას და იკითხა: “რატომ _ მე და არა სტალინი?”.

სტალინის ბრძანება შესრულდა. საბჭოთა ხალხს მოლოტოვმა მიმართა, ხოლო წითელმა არმიამ და გამწვევმა პუნქტებმა სტალინის რკინის ხელით ხელმოწერილი ბრძანება მიიღეს ქვეყნის სამხედრო ყაიდაზე გადასვლის შესახებ.

22 ივნისმა, ომის პირველმა დღემ, კრემლში ყოველგვარი პანიკის, ხმაურის და კამათის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი მოძრაობდა ჩვეულებრივზე მეტად _ აზუსტებდა წუთებსა და წამებს, თუ ვინ და როდის უნდა შესულიყო და გამოსულიყო სტალინთან.

საღამოს ერთ-ერთ რიგით შემსვლელად გამოცხადებული პროფესორი პრეობრაჟენსკი გაოცებული გამოვიდა სტალინის კაბინეტიდან და უმალვე თავის დღიურში ჩაწერა: “22 ივნისი, საღამოს 11 საათი, სტალინი აბსოლუტურად ჯანმრთელია”.

ასე გადაიტანა რკინის კაცმა უმძიმესი ანთება 16 საათში და სრულიად ჯანმრთელი ჩაუდგა სათავეში ქვეყნის თავდაცვას.

1941 წელი, 22 ივნისი

ომის პირველ დღეზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს არქივებში შემონახული თვით გერმანელი მებრძოლების მიერ ბრძოლის ველიდან ახლობლებისთვის გაგზავნილი წერილები:

*”ჩემს თვალებს არ უნახავს და არ წაუკითხავს, რასაც მე აქ ბრძოლის პირველ დღეს ვუყურებ. ეს საფრანგეთი არ არის, ჩვენ სულ სხვა ძალას ვებრძვით”, _ წერდა ქმარი მეუღლეს ბერლინში.

*”ჩვენ ვებრძვით ადამიანებს, რომელებიც იბრძვიან არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისათვის. ვნახე, როგორ წაართვა რუსმა მებრძოლმა გერმანელ ოფიცერს იარაღი და როგორ მოკლა იგი თავისივე იარაღით. ეს იყო პირველი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მკვდარი ვნახე რუსულ მიწაზე, ბაჯაღლო ოქროს ბეჭდით ხელდამშვენებული,” _ უგზავნის უნტეროფიცერი დეპეშას ადოლფ ჰიტლერს.

ადოლფ ჰიტლერმა კი იმავე დღეს მოაწყო მაშტაბური შეხვედრა და განაცხადა: “მივიღე ცნობა პირველი გერმანელი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე, გაფრთხილებთ! ჩვენ ვუპირისპირდებით არმიას, რომელშიც იბრძვიან მხეცები და ცხოველები”.

*”წარმოუდგენელია ბრძოლაში ასეთი თავგანწირვა. სატანკო ბატარეას მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდა ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც სრულიად დაუცველ ტერიტორიაზე, პურის ყანებში იყვნენ ჩამალული”, _ ატყობინებდა შვილი მამას გერმანიაში”.

*”საბჭოთა ტანკისტმა, როდესაც მისი ტანკი ალყაში მოვაქციეთ და ტყვია-წამალიც გაუთავდა, ლუკიდან თავი ამოყო, ამოვიდა და რევოლვერიდან აგვიტეხა სროლა. ეს კი მეტისმეტი თავგანწირვაა”, _ წერს გერმანელი ოფიცერი თავის მეგობარს ბერლინში.

ომის პირველ დღეს ბრესტის ციხესიმაგრეს გერმანელთა რჩეული ქვეითების 45-ე დივიზია მიადგა. ალყაში მოქცეული ჯარისკაცები, მძიმე შეიარაღების გარეშე, შაშხანებით იცავდნენ ციხესიმაგრეს. ბოლოს ოთხი ჯარისკაცი და ერთი პოლიტხელი დარჩა ციტადელში, გარშემო კი 483 გერმანელი ოფიცრისა და ჯარისკაცის გვამები ეყარა.

ბრესტის ციხესიმაგრის ტრაგედიით შეძრწუნებულმა გენერალ-ფელდმარშალმა ფონ ბოკმა განკარგულება გასცა, გამოეყვანათ მებრძოლები ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბლოკადა გაემაგრებინათ.

22 ივნისს ბრესტთან გამართულ ომს შეეწირა 483 გერმანელი ოფიცერი, უნტერ-ოფიცერი და ჯარისკაცი. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება პოლონეთის, ხოლო ექვსჯერ საფრანგეთის ექვსთვიან სამხედრო კამპანიაში დაკარგულ გერმანელ ოფიცერთა და ჯარისკაცთა რაოდენობას.

*”ხელჩართულ ბრძოლაში უიარაღო და ტანსაცმელდაფლეთილი ჯარისკაცი ჩვენკენ გამოიქცა, გვეგონა, ტყვედ გვბარდებოდა, ახლოს რომ მოვიდა, სწრაფად შემოიხსნა მესანგრის ნიჩაბი და ძლიერად გვესროლა შეძახილით: “ზა სტალინა, ზა როდინუ”. ეს არ იყო ვინმეს შიშითა და აგიტაციით ჩადენილი ქმედება, მას სხვა საფუძველი ჰქონდა”, _ ჩაწერა თავის დღიურში გერმანელმა ოფიცერმა”.

1941 წლის 3 ივლისს სტალინმა რადიოთი მიმართა საბჭოთა ხალხს:

ამხანაგებო! მოქალაქენო! ძმებო და დებო! არმიისა და ფლოტის მეომრებო! თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო!

ჰიტლერული გერმანიის მუხანათური სამხედრო თავდასხმა ჩვენს სამშობლოზე, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, გრძელდება. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ მტრის საუკეთესო დივიზიები და მისი ავიაციის საუკეთესო ნაწილები უკვე დამარცხდნენ და სამარე პოვეს ბრძოლის ველზე, მტერი კვლავ წინ მოძვრება და ახალახალი ძალები მოყავს ფრონტზე. ჰიტლერულმა ძალებმა მოახერხეს, ხელში ჩაეგდოთ ლიტვა, ლატვიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბელორუსიის დასავლეთი ნაწილი, დასავლეთ უკრაინის ნაწილი. ფაშისტური ავიაცია აფართოებს თავის ბომბდამშენთა მოქმედების რაიონებს, ბომბავს მურმანსკს, ორშას, მოგილიოვს, სმოლენსკს, კიევს, ოდესას, სევასტოპოლს. ჩვენი სამშობლო სერიოზული საფრთხის წინაშეა

მტერი სასტიკი და ულმობელია, იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული ჩვენი მიწაწყალი, ხელთ იგდოს ჩვენი ხელით მოპოვებული ჩვენი პური და ჩვენი ნავთობი. იგი მიზნად ისახავს აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინოს ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალ ხალხთა ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა. გააგერმანელოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი.

ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილსიცოცხლეს, სსრ კავშირის ხალხთა სიკვდილსიცოცხლეს; საქმე ეხება იმას, _ თავისუფალი უნდა იყვენენ საბჭოთა კავშირის ხალხები თუ მონობაში უნდა ჩავარდნენ. საბჭოთა ადამიანებმა უნდა შეიგნონ ეს და უკუაგდონ უდარდელობა, რათა მოახდინონ მობილიზება და გარდაქმნან მთელი თავიანთი მუშაობა საომარ ყაიდაზე, რომლისთვისაც უცხოა მტრის დანდობა

წითელმა არმიამ, წითელმა ფლოტმა და საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ყოველი მტკაველი საბჭოთა მიწაწყლისა. უკანასკნელ სისხლის წვეთამდე უნდა იბრძოლონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისათვის, უნდა გამოიჩინონ ჩვენი ხალხის დამახასიათებნელი გამბედაობა, ინიციატივა და გამჭრიახობა

ჩვენ უნდა მოვაწყოთ ულმობელი ბრძოლა ზურგის ყოველგვარ დეზორგანიზატორებთან, დეზერტირებთან, პანიკიორებთან, ხმების გამავრცელებლებთან, უნდა მოვსპოთ ჯაშუშები, დივერსანტები, მტრის პარაშუტისტები და ყოველივე ამაში სწრაფად დავეხმაროთ ჩვენ მიერ შექმნილ გამანადგურებელ ბატალიონებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მტერი ვერაგი და ცბიერია, გამოცდილია მოტყუებასა და ცრუ ხმების გავრცელებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და არ ავყვეთ პროვოკაციას. საჭიროა, დაუყოვნებლივ გადავცეთ სამხედრო ტრიბუნალს ყველა ის, ვინც თავისი პანიკიორობითა და ლაჩრობით ხელს უშლის თავდაცვის საქმეს

ფაშისტურ გერმანიასთან ომი ჩევულებრივ ომად არ შეიძლება ჩაითვალოს. იგი არამხოლოდ ორი არმიის ომია, ამასთანავე, არის საბჭოთა ხალხის დიდი ომი გერმანელთა ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ, ფაშისტ მჩაგვრელთა წინააღმდეგ. ამ საყოველთაო სახალხო სამამულო ომის მიზანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი საფრთხის ლიკვიდაცია, არამედ ისიც, რომ დაეხმაროს ევროპის ყველა ხალხს, რომლებიც გერმანიის ფაშიზმის უღელქვეშ გმინავენ

იმ მიზნით, რომ სწრაფად მობილიზირებულ იქნან საბჭოთა კავშირის ხალხთა ძალები მტრის უკუსაგდებად, რომელიც მუხანათურად თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს, შექმნილია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის ხელშიც ახლა თავმოყრილია მთელი ძალაუფლება სახელმწიფოში. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შეუდგა მუშაობას და მოუწოდებს ხალხს, დაირაზმოს ლენინსტალინის პარტიის გარშემო, საბჭოთა მთავრობის გარშემო, იმისათვის, რომ თავდადებით დაეხმაროს წითელ არმიასა და ფლოტს, გაანადგუიროს მტერი, მოიპოვოს გამარჯვება”.

გმირები საქართველოდან

1939 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება საქართველოდან პირველს მიენიჭა თბილისელ სიდორ ვასილის ძე სლიუსარევს, რომლის გმირობის ოქროს ვარსკვლავის ნომერი იყო 125. ქართველთაგან ეს საპატიო წოდება 1941 წლის 21 მარტს პირველებს მიენიჭათ პოლკოვნიკ (შემდგომში _ ავიაციის გენერალ-ლეიტენატს) ვლადიმერ ვარდენის ძე ნანეიშვილს, ტანკისტ ალექსანდრე სერგოს ძე სულაბერიძესა და უმცროს პოლიტხელ ილია გიორგის ძე ხმალაძეს. ფინეთის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის _ ჯაველ მფრინავ ალექსი იაგორის ძე ოსტაკაევსა და თბილისელ ივანე ვასილის ძე ხარპოვს. საქართველომ 164 საბჭოთა კავშირის გმირი გამოზარდა, რომელთაგან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა 41. დანარჩენმა ოქროსვარსკვლავიანებმა თავიანთი გმირული გზა ომის შემდგომ ქვეყნის აღმშენებლობაში განაგრძეს.

შემდგომ წერილებში შემოგთავაზებთ მოკლე ცნობებს იმ გმირების შესახებ, რომელთა მკერდზეც აკიაფდა საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ეს ადამიანი, მსოფლიოში ერთადერთი მხედართმთავარი იყო, რომელმაც ასეთი დიდი ომი მოიგო და ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. იყვნენ დიდი მხედართმთავრები,მაგრამ ასეთი წარმატება აე ჰქონიათ

  2. ალბათ ამიტომ "ჩამოაგდეს’სტალინის ძეგლი გორში ნაცებმა,რადგანაც მხდალი,ლაჩარი მთავარსარდალი ,შიზოიდი სააკაშვილი ვერ იტანდა სტალინს, რომელმაც მსოფლიო დააჩოქა და ყველა"დემოკრატ"დასავლეთის მთავრობებს თავისი ადგილი მიუჩინა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here