საგანძურის ოდისეა მარსელიდან პარიზში
1921 წლის 11 აპრილს, როდესაც განძი საბოლოოდ ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას, ძალა დაკარგა ექვთიმე თაყაიშვილის სახელზე გაცემულმა ფრანგულ ენაზე დაწერილმა ცნობამ, რომ “საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგს, ექვთიმე თაყაიშვილს მიაქვს საზღვარგარეთ “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ოქრო–ვერცხლი ზოდებად და მონეტებად, ისევე, როგორც სხვა ძვირფასი ნივთები, რათა ჩააბაროს ისინი ევროპის ბანკებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით”. და რომ ამ განძის “გამგებლობის უფლება ეკუთვნის აღნიშნული რესპუბლიკის მთავრობას”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული განძის პატრონად ცხადდებოდა მენშევიკური მთავრობა.
განძის ბანკში ჩაბარების ძირითადი საფუძველი იყო სწორედ ეს საბუთი, რომლის ერთი პირიც განძთან ერთად ბანკმა ჩაიბარა. ვინ მოაწერა განძის ჩაბარებას ხელი ბანკში, ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ ბანკში მიბარებული 167 ყუთი განძეულიდან მისი უდიდესი ნაწილის გამოტანა, “განძის გუშაგის” წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლეს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა, აშკარაა, რომ განძის ჩაბარებასაც იმ პირებმა მოაწერეს ხელი, რომლებმაც განძი ბანკიდან გამოიტანეს, ე.ი. ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა.
გამოდის, რომ იმ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილმა დაკარგა “განძის გუშაგობის” არა მხოლოდ მორალური მხარე, არამედ ის იურიდიულადაც არ ითვლება მის გამგებლად.
მარსელის ბანკის საცავებში დარჩენილი 39 ყუთის განძის ხელშეუხებლობა შედეგია არა მენშევიკური მთავრობის თავშეკავების, არამედ იმისა, რომ ბანკში არ იყო გადახდილი საგანძურის შენახვის საფასური (ყოველწლიურად 2500 ფრანკი), რის გამოც მას ყადაღა ჰქონდა დადებული.
1932 წელს გაუქმდა საფრანგეთში მოქმედი ემიგრანტული მენშევიკური მთავრობა. ფარატინა ქაღალდად იქცა მარსელის ბანკში შენახული ქართული საუნჯის მეპატრონის მფლობელობაზე გაცემული დოკუმენტიც, რის გამოც 1934 წლის 8 მაისს საფრანგეთის სასამართლომ “რეფერეს განაჩენის” საფუძველზე გაუქმებული ემიგრანტული მთავრობის კუთვნილი განძეული საფრანგეთის რესპუბლიკის საკუთრებად აღიარა, როგორც უპატრონო ქონება და იგი სხვა ქონებასთან ერთად სახელმწიფო მოხელე პიერ ჟოდონს ჩააბარა.
სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა, რომელიც 2 კვირას მოიცავდა და 22 მაისს მთავრდებოდა, ვერ გამოიყენეს “განძის მცველებმა” თუ ემიგრანტული მთავრობის მესვეურებმა (მიზეზად ომის დაწყება დაასახელეს) და საგანძურს საბოლოოდ საფრანგეთის ხელისუფლება დაეუფლა. ამის შემდეგ კი პიერ ჟოდონმა, რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლებამ ქართული საგანძური ჩააბარა, მოითხოვა თავისი ქონების მარსელიდან პარიზში გადატანა და საქართველოს საგანძურმა მარსელიდან პარიზში გადაინაცვლა _ კრუა-დე-პტი-შანის ქუჩაზე მდებარე # 39 სახლში.
აქამდე აღუნუსხავი და უცნობი განძი პიერ ჟოდონმა ყუთებიდან ამოალაგა, დაახარისხა და საქართველოდან განძის გატაცების შემდგომ პირველად გააკეთა ჩამონათვალი, რომელიც შემონახულია დღემდე.
ფრანგ მოხელეთა თავხედური თუ კანონიერი მოქმედებით აღელვებული ექვთიმე თაყაიშვილი წუხს: “მთელი ჩვენი განძი დაუწყვიათ საფრანგეთის ბანკის მთავარ შენობაში კრუა-დე-პტი-შანის ქუჩაზე მდებარე # 39-ე სახლში, იგი დაულაგებიათ ერთ პატარა ოთახში თაროებზე მიჯრით”.
სწორედ ახლა გავიხსენოთ, თუ რა განძი გადაიტანეს მარსელის ნავსადგურიდან მარსელის ბანკში:
“ბანკში შეზიდულ ქართულ განძეულობასა და სხვა ქონებას, ჩალაგებულს 248 მომეტებულად დიდ ზომის ყუთსა და ერთ დიდ კალათაში, დაუკავებია საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილების არა მხოლოდ ოთახები, არამედ კორიდორებიც და ძლივს დატეულა” (გ. ჟორდანია. “დაბრუნებული საუჯე”. გვ. 56.). ადვილი მისახვედრია, როგორ შემოადნა ხელში მენშევიკურ მთავრობას საქართველოდან გატაცებული საუნჯე.
“არც აკაკი ჩხენკელი, რომლის სახელზეც ყუთები იყო ბანკში დადებული, არც ევგენი გეგეჭკორი, რომელიც მოპასუხედ სუდში იყო დაბარებული, არ მიუპატიჟებიათ ყუთების გახსნის დროს, რათ ინებეს ეს, ჩემთვის გაუგებარია” (გ. ჟორდანია. “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 83). არც ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ექვთიმე რაიმეთი არის დაკავშირებული ქართულ საგანძურთან.
იქვე გივი ჟორდანია კომენტარს უკეთებს ექვთიმე თაყაიშვილის გულისტკივილს: “ჩვენთვის ასეთი უყურადღებლობა და ანგარიშის გაუწევლობა ქართული ემიგრანტული “მთავრობისათვის” სრულიად გასაგები უნდა იყოს. მენშევიკური მთავრობა “არაარსებულად” იყო გამოცხადებული. განძი მიეკუთნა მის დროებით გამგებელს _ პიერ ჟოდონს. ამის შემდეგ რა ანგარიში უნდა გაეწია ფრანგ მოხელეს არაარსებულ მთავრობისათვის?!”
1935 წლის მაისში ექვთიმეს მიერ დაწერილ წერილში მინიშნებულია, რომ “განძი დაუთვალიერებია ბანკის პატარა ოთახში ხუთ კაცს: აკ. ჩხენკელს, ევ. გეგეჭკორს, კ. კანდელაკს, ე. თაყაიშვილსა და ი. გოგოლაშვილს. მათ მხოლოდ თვალი გადაუვლიათ თაროებზე მიჯრით დალაგებული საუნჯისათვის”.
1921 წლის 11 მაისის შემდეგ ეს იყო ქართულ განძთან ექვთიმე თაყაიშვილის მეორე შეხვედრა.
თუ რას იცავდა და რას ყარაულობდა განძის მცველი მთელი 25 წლის განმავლობაში, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს განძის მიღებისას, 1945 წლის 15 აგვისტოს, “ქართული სამუზეუმო განძეულობის მიმღები კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს ს. ჯანაშიას მოხსენება”, სადაც ვკითხულობთ:
“არავითარი დოკუმენტი განძეულობის თვით საცავებიდან ამოღებისა და გადაბარება–ჩაბარებისა არ შემონახულა. და, როგორც მცოდნე პირები მოწმობენ, არც ყოფილა როდისმე შედგენილი. ასეთი სიები არ ყოფილა შედგენილი, აგრეთვე, განძეულობის საზღვარგარეთ ყოფნისას, ყოველ შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაში ასეთი სიები არ არის. პირველად ეს სია შედგენილია, როდესაც საფრანგეთმა ეს განძეულობა ჩაიბარა. საყურადღებოა ისტორია ამ განძეულობის მოგზაურობისა და მისი დაცვისა საზღვარგარეთის სხვადასხვა პუნქტებში. ამ ისტორიის ვრცლად და დასაბუთებულად მოსახსენებლად ამჟამად მე, სამწუხაროდ, მასალები არ გამაჩნია, თავის დროზე ეს ისტორია დაიწერება; ერთი შეიძლება ითქვას, რომ განძეულობამ გამოიარა სრულიად განსაკუთრებული ოდისეა, ვიდრე თავის ნამდვილ პატრონს დაუბრუნდებოდა ამა თუ იმ სახით”.
მართალს ბრძანებს ბატონი სიმონ ჯანაშია, რომ მომავალში ამაზე ისტორია დაიწერებაო. საარქივო მასალებზე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნა და მომავალში კიდევ ბევრი “სრულიად საიდუმლოს” გამჟღავნება, სრულ სურათს მისცემს ჩვენს მომავალ თაობას, თავისი წინაპრების გმირულ თუ ლაჩრულ ცხოვრებაზე, სადაც უღირსი დაფნის გვირგვინით იმკობა, ხოლო ღირსეული უღირსად წარმოგვიდგება. თუმცა მე ამის იმედი არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ ისტორია მეძავი ქალია _ ვინც მეტს უხდის, იმას აძლევს.
მენშევიკური მთავრობის ყაჩაღურად გატაცებული განძის ნაწილის ნაჩქარევად გადადნობისა და გაყიდვის შემდეგ, მარსელის ბანკში ეულად დარჩენილი 39 ყუთი, რომლებშიც ჯერ კიდევ იყო აღურიცხავი განძი, სხვადასხვა უცხო ხელით ჩაწყობილ-ჩალაგებული, ამაოდ ელოდა მზის სინათლეზე გამოტანას.
განძის გადარჩენილ ნაწილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთხრობელის მიერ სხვადასხვანაირად მოთხრობილ ამბავს იმ აბდაუბდამდე მივყავართ, სადამდეც მოვედით.
განძის გატაცების “ოდისეაში” დევს ის საიდუმლო კოდი, რომელსაც ისტორია მომავალში გამოაჩენს. შორს გამიზნულმა პოლიტიკურმა ალღომ შედეგი გამოიღო. გაქცეულ მენშევიკურ მთავრობას დიპპასპორტებში საიდუმლო კოდად ეროვნული საგანძური ჩაუკრეს, რომლითაც მათ საზღვარგარეთ საბჭოთა დაზვერვა ყველგან მიაგნებდა. ამ განძით მენშევიკურ მთავრობას საბჭოთა დაზვერვა “კუდზე” დააჯდა. ჯერ _ პარიზში, ხოლო შემდგომ _ ლევილის მამულში, განძის მდევნელთა და განძის მცველთა მიმოწერა და ურთიერთკავშირი _ ეს ხომ იმის აშკარა მცდელობაა, რომ არც ერთი გაქცეულის კვალი არ დაიკარგოს.
მარსელში განძის დაბინავებისთანავე საქართველოს სპეცსამსახურებმა “ცენტრის” დავალებით საფრანგეთში მიავლინეს ტიტე ლორთქიფანიძე, რომელმაც აქტიური მოღვაწეობა საგანგებო კომისიაში უკვე 1921 წლიდან დაიწყო და, რომელსაც არა მხოლოდ განძი, არამედ სხვა რამეც აინტერესებდა.
“ეროვნული განძის თემას მიება საქართველოს აკადემიური წარმომადგენლის (მოსკოვში) დამიანე ჯგუშიას აქტიური მიმოწერა და ურთიერთობა ექვთიმე თაყაიშვილთან.
1935 წლის ნოემბერში საქართველოდან გაგზავნილ ბიქტორ კვიტაშვილს პარიზში გამგზავრებამდე ოპერატიული ვითარების გასაცნობად და შესაბამისი ინსტუქციების მისაღებად შეხვედრები ექნებოდა მოსკოვში საბჭოთა საგარეო დაზვერვის შესაბამის მიმართულების წარმომადგენლებთან.
ბიქტორ კვიტაშვილის საფრანგეთში გამგზავრების თაობაზე, ინფორმირებული იყო საბჭოთა საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურა, რომელმაც მას ადგილზე კარგი სამუშაო პირობები შეუქმნა (გ. სულაძე. “ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები”. გვ. 414).
ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც დიდი მეცნიერი და უკეთილშობილესი პიროვნება, ნაკლებად იყო გათვიცნობიერებული, რა მრავალმხრივ და რთულ საქმეს ემსახურებოდა ბიქტორ კვიტაშვილი, ამიტომაც ის გულწრფელად შენიშნავს: “ბიქტორი კარგი ადამიანი, მაგრამ განძეულობის საქმეში ნაკლებად ჩახედული იყო”.
“ბიქტორ კვიტაშვილის საქმეში “ჩაუხედაობის” მიუხედავად, ექვთიმე თაყაიშვილმა ლევილში ყველა მასალა, რაც კი მოითხოვა, მას გადასცა. ხოლო შემდეგ თვითონ ეახლა პარიზში, სადაც კვიტაშვილთან ერთად დაჰყო ერთი თვე. ბიქტორ კვიტაშვილმა, თავის მხრივ, ექვთიმესთან თანამშრომლობა და ურთიერთობა დაავალა საელჩოს მდივანს, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურის თანამშრომელ ალექსანდრე ვლადიმერის ძე გირშფელდს _ შემდგომში მოსკოვის უნივერსიტერის პროფესორს” (გ. სულაძე. “ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები”. გვ 419).
1944 წლის 10 სექტემბერს აღდგენილი იქნა საბჭოთა კავშირის საელჩო საფრანგეთში. ელჩად დაინიშნა ალექსანდრე ბოგომოლოვი.
სტალინის განკარგულებით, ალექსანდრე ბოგომოლოვი ჯერ კიდევ 1943 წელს ალჟირში “საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტში” საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენლად იყო დანიშნული. ამდენად, დე გოლთან დაახლოებული პირის ელჩად დანიშვნა, როგორც სსრკ-ისთვის, ისე საფრანგეთის მთავრობისთვის, ფრიად სასარგებლო იყო.
საფრანგეთში საბჭოთა საელჩოს პარალელურად აღდგენილი იქნა საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურაც, რომელსაც სათავეში ჩაუდგა, ჩვენთვის კარგად ცნობილი ელჩის “მოადგილედ” წოდებული ალექსანდრე გუზოვსკი.
“საფრანგეთში გამგზავრების წინ ალექსანდრე გუზოვსკი მოსკოვში, სსრკ-ის უშიშროების სახალხო კომისარიატის პირველ მთავარ სამმართველოში (საგარეო დაზვერვაში) გაეცნო ყველა იმ მასალას, რომლებიც დაკავშირებული იყო ოპერატიულ ვითარებასთან და სადაზვერვო საქმიანობის სამომავლო გეგმებთან, მათ შორის, ქართული ემიიგრაციის პრობლემატიკასაც. აქედან გამომდინარე, პარიზში ჩასვლისთანავე გუზოვსკი ქართული ეროვნული საგანძურის საბჭოთა კავშირში დაბრუნებისა და ამ საკითხზე კომპლექსური ღონისძიებების გატარების პროცესში იმთავითვე ჩართული აღმოჩნდა” (გ. სულაძე. ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები. გვ. 429).
1921 წლიდან მოყოლებული, უშუალოდ სტალინის ბრძანებით, საბჭოთა საგარეო დაზვერვას თვალი არ მოუშორებია ქართული ეროვნული საგანძურისთვის. ამის ძირითადი საფუძველი იყო ის ნელი მოქმედების “ქართულ ნაღმი”, რომელიც “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის” მთავრობის სახით იყო წარმოდგენილი და რომლის ოფიციალური რეზიდენციაც პარიზში იყო განთავსებული.
სტალინმა ბრძნულად განსაზღვრა ფაშისტური გერმანიის განადგურება, დამოუკიდებელი საფრანგეთის არსებობა და აყვავებაც და “ნელი მოქმედების ნაღმის” გაუვნებელყოფის შემდეგ ქართული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება.
თუ სამამულო ომის დამთავრებამდე სტალინი ორჯერ იყო დასახელებული პლანეტის უდიდეს ადამიანად, ომის მიწურულს იგი კრემლში მობინადრე ღმერთკაცად იყო აღიარებული, რომელზეც თვით კაპიტალიზმის ბებერი ლომი “სანთლებს ანთებდა და ლოცულობდა”.
მრავალ გამარჯვებათა შორის სტალინური პოლიტიკის გამარჯვების ბრწყინვალე მაგალითია “საფრანგეთის საკითხის” მოგვარება, ანტიფაშისტურ მოძრაობაში ფრანგი ხალხის ჩართვა და დემოკრატიული საფრანგეთის ხელისუფლებაში შარლ დე გოლის მოყვანა.
ამერიკა-ინგლისის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, სტალინური გენიალური პოლიტიკის შედეგად, ფრანგი ხალხი თავისი ისტორიული მისიის აღსრულებას შეუდგა. ის დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდა. სწორედ ამის პასუხი იყო შარლ დე გოლის დეპეშა 1945 წლის 9 მაისს სტალინისადმი გაგზავნილი:
“თუ დღეს ევროპა თავისუფალია, ეს სტალინგრადისა და სტალინის დამსახურებაა”.
როგორც კი გენერალი დე გოლი ალჟირიდან პარიზში გადავიდა და დაიწყო დანგრეული ქვეყნის აღდგენის ურთულესი საქმე, პირველი, რაც გააკეთა საგარეო პოლიტიკაში, იყო სტალინთან შეხვედრა. მრავალმხრივ დატვირთული და ჯერ კიდევ ცეცხლის ალში გახვეული ევროპის ბატონ- პატრონი ვერ იცლიდა კერძო საუბრებისთვის, მაგრამ საგარეო უწყებისა და დაზვერვის მცდელობამ შედეგი გამოიღო და ალექსანდრე ბოგომოლოვმა დავალება მიიღო, სწრაფად დაეწყო ხელშეკრულების პროექტის მომზადება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კრესტინსკიმ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული “ქართული განძის” დაბრუნების საქმეში, დავალება მიიღო სტალინისაგან, მოლაპარაკების წინაპირობებში ასახულიყო ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
“ამ მხრივ საკმარისზე მეტი საქმე გაუჩნდა გუზოვსკისაც… “ცენტრის” მითითებით, გუზოვსკის არა მხოლოდ ეროვნული ფასეულობების დაბრუნება ევალებოდა საბჭოთა კავშირში, არამედ თითქმის 25-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში უვნებლად უნდა დაებრუნებინა მხცოვანი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი.
გუზოვსკიმ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ, მან მხცოვანი მეცნიერი საცხოვრებლად საბჭოთა საკონსულოში გადაიყვანა. რომ არა საბჭოთა დიპლომატიური მისიისა და პირადად საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტის ძალისხმევა და ყურადღება, ექვთიმე თაყაიშვილი ვერ გადაიტანდა ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებას, რომელიც მას ბოლო თვეებში აღენიშნებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილის მთავარი მომვლელ-პატრონი იყო გუზოვსკის მეუღლე, რომლის ღვაწლს დიდი მადლიერებით იხსენებდა ექვთიმე თავის მოგონებებში” (გ. სულაძე. “ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები”. გვ. 434).
საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულების მომზადების პერიოდში, სტალინის მითითებისა და კრესტინსკის დავალების შესასრულებლად, წინა პლანზე უნდა წამოეწიათ ეროვნული საგანძურის დაბრუნების საკითხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საგარეო დაზვერვის უფროსი, რომელიც გენერალურ კონსულად იყო წარდგენილი, ქართველ გ. გეგელიასთან ერთად, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს ეახლა. მათ მინისტრისგან მოითხოვეს, მთავრობათა შეთანხმების საფუძველზე, ქართული საგანძურის გადმოცემა უახლოეს დღეებში. იუსტიციის მინისტრმა სასტიკი უარი განაცხადა განძის დაბრუნებაზე. ცალკე კი გ. გეგელიას უსაყვედურა: “საბჭოთა გენერალური კონსული ამას რომ მოითხოვს, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ იცით აქაური წესები და ასეთი რამის თხოვნა როგორ იკადრეთ სასამართლოს დადგენილების გვერდის ავლით?!” (გეგელია იურისტი იყო და დიდი ხნის განმავლობაში პარიზში მუშაობდა).
საგარეო დაზვერვამ შიფროგრამით აცნობა თავის შეფს _ ლავრენტი ბერიას სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულების წინაპირობის შეუსრულებლობის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ მოხსენდა სტალინს.
სტალინის დავალებით, საგარეო უწყებამ ქართულ ეროვნული ფასეულობის შესახებ სასწრაფოდ მოამზადა და გაგზავნა სპეციალური მემორანდუმი საფრანგეთის მთავრობის სახელზე. გენერალმა დე გოლმა მემორანდუმი მოსკოვში გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. მან საკითხის სამართლებრივად რეგულირება იუსტიციის მინისტრ ჟანენესს დაავალა.
“საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის მთავრობისათვის ქართული განძის შემცვლელი მოძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის მთავრობისა და საფრანგეთის რესპუბლიკის დროებით მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სენის დეპარტამენტის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ 1944 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა თავისი 1934 წლის 8 მაისის დადგენილება ქართული განძის დროებითი გამგებლების _ ჟოდონისა და ლამპერიერისათვის გადაცემის შესახებ და ეს უკანასკნელნი გაათავისუფლა ადრე დაკისრებული მოვალეობებისაგან” (გ. სულაძე. “ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები”, გვ. 435).
1952 წლის ნოემბრის მოგონებებში კი ექვთიმე თაყაიშვილი ამ ამბავს ასე იხსენებს:
“ზრუნვა ამ განძეულობის შესახებ მე და მის საქმის მწარმოებელს და რუსეთის კონსულს საფრანგეთში ა. გუზოვსკის მოგვანდო ბოგომოლოვმა. მეორე დღეს გუზოვსკი მივიდა ჟოდონთან, რომელსაც ებარა განძეულობა და მოსთხოვა დაბრუნება. ჟოდონი ამ საქმემ შეაშფოთა, მან განაცხადა, დე გოლს ამის უფლება არ ჰქონდა, ეს საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა გადაეწყვიტაო. გუზოვსკიმ უთხრა ჟოდონს, მინისტრი ხომ მთავრობის თავმჯდომარეს ექვემდებარებაო, რა ნება აქვს მის წინააღმდეგ წავიდესო, თუ ხვალ გადაჭრილი პასუხი არ მოგიცია, ამის შესახებ ტელეგრამას გავუგზავნით დე გოლს, რომ თქვენ არ ასრულებთ მის ბრძანებას. რა თქმა უნდა, ჟოდონმა ამის შემდეგ ჩაგვაბარა მთელი გამნძეულობა” (გ. ჟორდანია. “დაბრუნებული საუნჯე”). გვ. 140.)
ამ ჩანაწერის გაცნობით, ბევრ ჩანაწერზე მიჩნდება ეჭვი, რომელიც კი მეცნიერმა თავისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში დაგვიტოვა.
გრიგოლ ონიანი