Home რუბრიკები საზოგადოება საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში

568

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 146,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში, 2014 წელს 36 მილიონი ამერიკული დოლარით არის შემცირებული გადმორიცხული თანხის ოდენობა 2013 წელთან შედარებით.


2010 წლიდან დღემდე გზავნილების მოცულობას თუ გადავხედავთ, ლიდერობენ რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და აზერბაიჯანი, რაც, სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ბევრი ქართველი ემიგრანტის ყოფნით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზოგი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ოდენობა შემცირდა, ზოგიდან კი _ გაიზარდა.

*ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება და საგრძნობლად აღემატება სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხულ თანხებს. მიმდინარე წლის იანვარში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ჩაირიცხა 25 860 500 დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 მლნ-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ეს რიცხვი თითქმის ორჯერ არის შემცირებული.

*საბერძნეთიდან, სადაც ასევე ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, გასულ წელს 204 781 900 ამერიკული დოლარი გადმორიცხეს, ხოლო 2013 წელს _ 18 25 87 200. მიმდინარე წლის იანვარში კი გადმორიცხვების რაოდენობამ 12 204 800 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე ნაკლებია.

*იტალიიდან  2014 წელს გზავნილების რაოდენობამ 121 469 700 დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 11 მლნ-ით მეტია.

*ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი გასულ წელს საქართველოში 82 062 900 დოლარი გადმოირიცხა.

*თურქეთიდან 2014 წელს საქართველოში 64 336 100 დოლარი გადმორიცხეს.

*უკრაინიდან  2015 წლის იანვარში 2 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან უკრაინაში ამ პერიოდში 1,5 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

როგორც ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, გზავნილების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობაზე. სწორედ ამას ადასტურებს დიასპორის არაოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს აპარატმა გაავრცელა. მონაცემები ასეთია:

რუსეთის ფედერაცია: 800 000-მდე ქართველი ემიგრანტი, საიდანაც 2009 წლიდან დღემდე 285 915-მა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა.

საბერძნეთი: დაახლოებით 250 ათასი ემიგრანტი, მათ შორის 100 ათასამდე ეთნიკური ბერძენი.

იტალია: 20 000 ემიგრანტი.

აშშ: 80 000 ემიგრანტი.

თურქეთი: 100 000 შრომითი მიგრანტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here