მენშევიკური მთავრობა _ ქართული ეკლესია და ეროვნული განძი
ექვთიმე თაყაიშვილი “დამოუკიდებლობამოპოვებული” საქართველოს მენშევიკურ მთავრობაში აქტიური და აღიარებული ლიდერი გახლდათ.
*”იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი პერიოდის (1918 _1921 წ) განმავლობაში ეფექტიანად მოღვაწე ერთ–ერთი გავლენიანი და ანგარიშგასაწევი დეპუტატი იყო” (იაკობ ფუტკარაძე, “დიდი ექვთიმე”, გვ.396).
*”ექვთიმე თაყაიშვილი 1918-21 წლებში თანმიმდევრობით იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი, პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი და საქართველოს სახალხო კრების თავმჯდომარის ამხანაგი” (ი. ფუტკარაძე, “დიდი ექვთიმე”, გვ. 405).
*”თავმჯდომარის მოადგილედ იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების იმ პრეზიდიუმის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, რომელიც მოქმედებას ემიგრაციაში (პარიზში) ფრაქციათა წარმომადგენლობით შევსებული “გაფართოებული პრეზიდიუმის” სახით განაგრძობდა (ი. ფუტკარაძე, “დიდი ექვთიმე”, გვ. 412).
ექვთიმე თაყაიშვილის ავტორიტეტსა და თანამდებობათა ჩამონათვალზე ხაზგასმა იმიტომ გავაკეთე, რომ მკითხველი დავარწმუნო, _ ექვთიმე თაყაიშვილი მენშევიკური მთავრობის დავალებათა მხოლოდ შემსრულებელი კი არა, ამ საკანონმდებლო ორგანოში დამკანონებელიც იყო და შემსრულებელიც.
კომუნისტური მთავრობის მიერ მეცნიერისთვის ამ ტვირთისა და მოვალეობის ჩამოშორებასა და საზოგადოებისთვის მხოლოდ მკვლევარად და შემოქმედად წარმოდგენას ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის, იაკობ ფუტკარაძეც, ექვთიმე თაყაიშვილისთვის დამამცირებელ ქმედებად მიიჩნევს.
უამრავი რეგალიითა და უფლებით აღჭურვილმა დეპუტატმა და მეცნიერმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ყველა ეკლესია-მონასტერში არსებული განძის ფასი, დაარწმუნა მთავრობა და პარლამენტი, რომ საჭირო იყო ამ საეკლესიო ქონების ექსპროპრიაცია და სახელმწიფოსთვის ჩაბარება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექვთიმე თაყაიშვილი ხუთი საპარლამენტო კომისიის წევრი გახლდათ, ეჭვგარეშეა, რომ ამ კომისიების მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პროექტები, ძირითადად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არის შედგენილი; მათ შორის, კანონპროექტი, რომლითაც შემდგომ საეკლესიო ქონება სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა.
მკვლევარი და მეცნიერი სერგო ვარდოსანიძე თავის ნაშრომში წერს:
“1918 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს სათავეში მოსული სოციალ-დემოკრატები (ექ. თაყაიშვილი ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. _ გრ. ონიანი) თვლიდნენ, რომ საკანონმდებლო აქტებით უნდა მომხდარიყო ეკლესიისა და სახელმწიფოს მკვეთრი გამიჯვნა, მაგრამ ამ გამიჯვნისას საერო ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით საუკუნეთა მანძილზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებად აღიარებული ქონებაც სახელმწიფო ქონებად გამოაცხადა. ამ საკითხს ეხებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდეს (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) წერილი ნოე ჟორდანიასადმი”.
აი ის წერილიც:
“ძვირფასო მამულიშვილო, ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ, ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემი უცილობელი მოვალეობა მაიძულებს, წაგართვათ რამდენიმე წამი ძვირფასი დროისა, რომელსაც თქვენ ჩვეულებრივად ანდომებთ საქვეყნოდ დიდი საქმეების მოწყობა–მოგვარებას. მე მაინც ნებას არ მივცემდი ჩემს თავს, შემეწუხებინეთ, რომ ჩემ მიერ წამოსაყენებელი საკითხების მართებულ გადასაწყვეტ გზას ვხედავდე, გარეშე თქვენი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა სიბრძნისა…
1.პირველი, რაზედაც თქვენს ყურადღებას მივაქცევ, არის სასულიერო წოდების ყოფილი სასწავლებლების ქონება–შენობები, რომლებიც გადაეცა სახალხო განათლების მინისტრის გამგეობაში, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობდით, არავინ შეავიწროებდა სასულიერო წოდებას, ახლა განათლების სამინისტრომ ხელი ჩაჰკიდა ყველაფერს და ჩვენ სასულიერო უწყების, როგორც კანონიერ მფლობელებს, გვაგზავნის სასამართლოში, იქ დაგვიმტკიცეთ ოფიციალური საბუთების წამოყენებით რისი პატრონებიცა ხართო. სამწუხაროა, რომ სამინისტროს პატრონობის ჟამს დაიკარგა სასულიერო სასწავლებლებისა და სემინარიის პანსიონატის ქონება.
დასასრული აღარა აქვს სამინისტროს უსამართლო მიწერ–მოწერას ჩვენს უწყებასთან, პროვინციის რწმუნებულის თაობაზე. აუტანელი ხდება ასეთი ძალმომრეობის დათმენა. სამღვდელოება უსათუოდ შეებრძოლება სამინისტროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის დაჩაგვრას მოინდომებენ. ეს კი ხალხის თვალში სახელს გაუტეხავს, როგორც სამინისტროს, ისე მთლად საერო მმართველობას” (ამ კანონის ავტორი ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ _ გრ. ონიანი).
2. ამგვარსავე უსამართლობას ითმენს სასულიერო უწყება მიწათმოქმედების სამინისტროსგან, რომელმაც ეკლესიებს ჩამოართვა მიწები, გლეხები, სათიბები, ტყეები (ამ კანონის ავტორიც ექვთიმე თაყაიშვილია _ გრ. ონიანი).
ვერ გაგვიგია, რით დაგვაყენეს კანონის გარეშე? მონასტრებში, ეკლესიებში ადამიანები ცხოვრობენ და რით იარსებონ მათ, მიწა თუ არ ექნათ? ვინ უპატრონებს გელათს, მარტვილს, შემოქმედს, ალავერდს, დავით გარეჯს, შუამთას, ბოდბეს, შიომღვიმეს, ქვათახევს, მცხეთას?
რომელი სახელმწიფოებრივი საქმე უნდა გარიგდეს მშობელი ბერების შიმშილისგან გაწყვეტით და ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიული ნაშთების განძრახ დანგრევა–განადგურებით? უსამართლობაა რკინიგზაზე მღვდლის თანამდებობის გაუქმება, ჩვენს მთავრობას თავის ბოლოდროინდელ დეკლარაციაში შეუტანია ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა. შეიძლება ეს კარგიც იყოს, თუ დაცული იქნება სამართლიანობა. საქართველოს ეკლესია უმთავრესი და უთვალსაჩინოესი პატრონია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა. ჩვენს ეკლესიას განსაზღვრული დამსახურება მიუძღვის იმ პირობების შექმნაში, რომელთა მეოხებითაც დღეს ჩვენს სამშობლოს დაჰფრიალებს ეროვნული დროშა და სახელმწიფოებრივ ღვაწლს ეწევა ჩვენს დედაქალაქში დამფუძნებელი კრება.
საქართველოს ეკლესიას მოეპოვება კეთილი შენაძენი საკუთრება, რომელსაც ხელს უპოტინებენ რუსეთის საერო და სასულიერო მთავრობანი. დღეს დამოუკიდებელნი ვართ რუსეთისგან, მაშასადამე, მარჯვე დრო გვაქვს, აღვადგინოთ მშობელი ეკლესიის ქონებრივი უფლებები ხელშეუხებლობისა.
ახლა თვითონ ჩვენმა მთავრობამ უნდა საქმით დაუმტკიცოს კაცობრიობას სრული სამართლიანობა. ღირებული ფასის გაღებით შეისყიდოს ეკლესიისგან მისი უძრავი ქონება და სრული მშვიდობიანობით განცალკევდეს მისგან.
ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპულად ვერ შეგუებია ეკლესიას. თანახმა ვარ, დიახაც, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაშორებაშიც სავალდებულოა სამართლიანობა და ჩვენც მხოლოდ სამართლიან გაყოფას ვთხოულობთ სახელმწიფოსაგან და სხვა არაფერს. ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე განუწყვეტლივ დავდივარ საქართველოს მთა და ბარში, სახარების სიტყვისა, ჰუმანიტარული სწავლა–განათლებისა და ეროვნული შეგნების ხელგაშლით საფრად ქართველი ერის მაშვრალთა კლასის ფართო წრეებში. პირველად მე წავაკითხე “დედა ენა” მთის შვილებს და პირველად მე ავამღერე მშობლიურ ჰანგზე დაბეჩავებული ჩემი მოძმენი. დღევანდლამდე ვცხოვრობ მხოლოდ იმისათვის, რომ შევიძინო და რამე შევმატო სათაყვანო სამშობლოს. ეს იყო და არის ჩემი სუნთქვა, ჩემი განუშორებელი ზრახვა, ჩემი ერთადერთი ლხინი და უაღრესი ბედნიერება. სამშობლოს კეთილდღეობის სამსახურს ვანაცვალე ყველა ის, რითაც კი საამო და საინტერესოა სხვისთვის წუთისოფელი. მოძმეთა გარდამეტებული სამსახურის გამო, სავსებით დავიწყებული მქონდა და მაქვს ჩემს პირად არსებობაზე ზრუნვა.
დღესაც ამ კერძო წერილს გწერთ მხოლოდ სამშობლოს ერთგულებით, ექნება რაიმე შედეგი ჩემს ნაწერს თუ არა, დამოკიდებულია თქვენზე. მე კი ამით თავისუფალი ვიქნები მომავალში, როგორც საზოგადოების, ისე თქვენ წინაშე ყოველი პასუხისმგებლობისაგან”.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე
1919 წლის 5 მაისი”.
ასე მთავრდება კათოლიკოს _ პატრიარქის ღრმაშინაარსიანი წერილი ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილი.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
P.S. მასალის პირველ წერილში მოხსენიებული ალიოშა ქავთარაძის ნაცვლად, უნდა იყოს ალიოშა სვანიძე.