Home რუბრიკები ისტორია სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

ისტორიის გამყალბებლებს ძველ რომში ისევე სჯიდნენ, როგორც ფულის გამყალბებლებს _ მათ ცეცხლზე წვავდნენ. ჩვენს ეპოქაში კი ისტორიის გამყალბებლებს არათუ ცეცხლზე წვავენ, გუნდრუკსაც კი უკმევენ.

ამის დამადასტურებელია, სატელევიზიო ეთერში ღვაწლმოსილი მეცნიერის განცხადება, რომლითაც მან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უცხოეთში სასოებით შენახული ქართული ეროვნული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნების საქმეში სტალინის როლი დააკნინა და ამით ისტორია გააყალბა. “სტალინის ჩაძაღლებამდე (?! _ გრ. ონიანი) 15 დღით ადრე ღვთის კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის, სული უკვდავებაში გადავიდა. 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა დიდი მეცნიერი და დიდი ქართველი ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი…” _ განაცხადა ტელეეკრანიდან აკადემიკოსმა. სრულიადაც არ მეპარება ეჭვი ექვთიმე თაყაიშვილის ღმერთკაცობაში, მაგრამ ეჭვი მეპარება ისტორიკოსაკადემიკოსის სიტყვებში, რომელიც სტალინის მიმართ გამოიყენა. არადა, არათუ ისტორიკოსს, რიგით მოქალაქესაც არ ეკადრება ისტორიის გაყალბება, მით უმეტეს, ისტორიკოსაკადემიკოსს. მე ვერ შევაფასებ ქართველი ერის ისტორიაში დიდი ექვთიმეს უზარმაზარ ღვაწლს, რომლისწყაროთმცოდნეობათუმიწისქვეშა სიძველენი”, “ქართული ეპიგრაფიკათუძველი საქართველოდა სხვა სამეცნიერო კვლევები ქმნის იმ უზარმაზარ შემოქმედებით მოზაიკას, რომელიც სხივჩაუქრობელი ელვარებით იკაშკაშებს მომავალშიც. მე მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთი პერიოდი მაინტერესებს _ “განძის გატაცებისა და დაბრუნების ქრონიკები”, რომელსაც დილეტანტის თვალით უნდა შევხედო და გავაანალიზო.

1922 წლის 20 ივნისს, სტალინის ინიციატივით, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკისთვის სამუზეუმო და საარქივო კოლექციების გადაცემის შესახებ, რომელიც წაღებული იყო მეფის მთავრობის მიერ და ინახებოდა რუსეთის ფედერაციის განძთსაცავებში.

მოკლე ხანში ყველა ნივთი, რომელიც ქართული წარმოშობისა იყო, თანახმად დადგენილებისა, ლენინგრადიდან ჩამოიტანეს თბილისში და ჩააბარეს სხვადასხვა ფონდს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბოტკინის კოლექციად წოდებული საგანძური, რომელშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდში გელათიდან, მარტვილიდან და ჯუმათიდან გატაცებული ქართული ტიხრული მინანქრის უძვირფასესი ნიმუშები. როდესაც კრემლის ერთ-ერთ ეზოში ქართული ეროვნული კულტურითა და მისი მომავლით დაინტერესებული იოსებ სტალინი, აბელ ენუქიძე, სერგო ორჯონიკიძე და ალიოშა ქავთარაძე სეირნობდნენ და საქმიანად საუბრობდნენ, კრემლში საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლის _ დამიანე ჯგუშიას მეცადინეობით, დადგენილების ასლის ასაღებად მისულმა მეცნიერმა შალვა ამირანაშვილმა (მომავალში აკადემიკოსმა) სწორედ იმ ბილიკზე გაიარა, რომელზეც ქართველები სეირნობდნენ. ქავთარაძემ იხმო ახალგაზრდა მეცნიერი და სტალინს გააცნო. მოახსენა, _ ეს ის ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც ქართული საგანძურის დაბრუნებაზე მუშაობს საქართველოშიო.

სტალინმა ჰკითხა შალვა ამირანაშვილს, ხომ არაფერი გაბრკოლებს საგანძურის მიღებაშიო. ახალგაზრდა მეცნიერმა მოკრძალებით აუხსნა:

“საგანძურის ნაწილი უკვე თბილისშია დაბინავებული, მაგრამ ფერხდება და თითქმის შეუძლებელი ხდება ტიხრული მინანქრის ბოტკინის კოლექციის დაბრუნება. სახელწიფო განძთსაცავის დირექტორი კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სამუზეუმო კოლექცია არეულ-დარეულია და მისი კლასიფიკაცია მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. აი, მაშინ მოდით და ვნახოთ, თუ აღმოჩნდება ის თქვენს განძთსაცავშიო”.

სტალინმა შარვლის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო, შიგ რაღაც ჩაწერა, ფურცელი ამოხია და მეცნიერს მიაწოდა. შემდეგ კი უთხრა:

 _ კიდევ ერთხელ მიდით და სცადეთ. ხვალ 11 საათზე კი ამ ტელეფონის ნომერზე დამირეკეთ და შედეგები მაცნობეთ.

გახარებული შალვა ამირანაშვილი დილიდანვე ელოდებოდა განძთსაცავის დირექტორს მისაღებში.

 _ ტყუილად კარგავთ დროს, ახალგაზრდავ, როგორც გითხარით, მობრძანდით ხუთი წლის შემდეგ! _ მტკიცედ განუცხადა დირექტორმა აბეზარ მთხოვნელს.

შალვა ამირანაშვილმა სთხოვა დირექტორს, ნება დაერთო, ტელეფონით ესარგებლა. თანხმობის მიღების შემდეგ ნომერი აკრიფა და მალე ყურმილში სტალინის ქართულად ნათქვამი გაისმა:

 _ როგორ არის საქმე?

_ ცუდად. დირექტორი ისევ უარზეა, _ უპასუხა შალვა ამირანაშვილმა.

_ დაელოდეთ, პასუხს ახლავე მიიღებთ! _ უთხრა სტალინმა.

მაგიდის მეორე კუთხეში მდგარმა ტელეფონმა მაშინვე დარეკა. დირექტორი ფეხზე წამოხტა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა:

“არის, ამხანაგო სტალინ!”

შემდეგ დირექტორმა ყურმილი დადო, ისტერიკულად მოიხმო თანამშრომლები და გასცა განკარგულება, სწრაფად მიეყვანათ ქართველი მეცნიერი ბოტკინის კოლექციაში, დაეწყოთ განძის ჩალაგება და გასამგზავრებლად მომზადება.

“სამთავრობო განძთსაცავებში გამორჩეულ მარგალიტებად ჩანდა ჩვენი წინაპრების შექმნილი უბრწყინვალესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ცალკე ლაგდებოდა, იფუთებოდა და ყოველგვარი სტანდარტების დაცვით ყუთებში იწყობოდა,” _ იგონებს შალვა ამირანაშვილი.

მალე ტიხრული მინანქრის ამ უძვირფასესმა კოლექციამაც დაიდო ბინა თბილისის მუზეუმში.

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა მოსკოვში დამიანე ჯგუშიამ, რომელიც კომისიის სხვა ქართველ და რუს წევრებთან ერთად ბეჯითად ადევნებდა თვალს საგანძურის მოძრაობას, თბილისის მუზეუმში განძის დაბინავების შემდეგ დაწვრილებითი ანგარიში ჩააბარა სტალინს.

_ მუშაობას ნუ შეაჩერებთ. მისწერეთ პარიზში ქართველ მეცნიერს (იგულისხმება ექვთიმე თაყაიშვილი _ გრ. ონანი), ჩაბრძანდეს საქართველოში და ჩაიტანოს მისი მთავრობის მიერ გატაცებული განძი. ქართველი ხალხი განძს ელოდება, უნივერსიტეტის ცარიელი კათედრა კი _ მეცნიერს, _ უბრძანა სტალინმა დამიანე ჯგუშიას.

1923 წლის 15 იანვარს დამიანე ჯგუშიამ თავისი სახელით დაწერილ და სტალინის მიერ ჩასწორებულ წერილს პარიზში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილის მისამართი დააწერა და დიპლომატიურ ფოსტას გადასცა.

დამიანე ჯგუშია აცნობებდა თაყაიშვილს, რომ საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი ყველა განძი საქართველოს დაუბრუნდა: “დღეს კი მინდა, მოგმართოთ თქვენ, რათა შეასრულოთ თქვენი დიდი მოქალაქეობრივი მოვალეობა: საქართველოს სიძველეთა სვებედი საზღვარგარეთ თითქმის თქვენზეა დამოკიდებული და ამისათვის მათი საქართველოში ხელუხლებლად დაბრუნება სწორედ თქვენს პირად მოვალეობას შეადგენს. საქართველოს საბჭოთა მთავრობას განზრახული აქვს, ოფიციალური წინადადებით მიმართოს მენშევიკებს სიძველეთა დაბრუნების შესახებ, მაგრამ გავიგეთ, რომ საქართველოს სიძველენი იქ საიდუმლოდ ჰქონიათ შენახული და ამისათვის ფართო, ოფიციალურ ლაპარაკს შეუძლია, დიდი საშიშროება მიაყენოს მათ უკან დაბრუნებას, რომ საფრანგეთის მთავრობა ამა თუ იმ მიზეზის გამო აღნიშნულ სიძველეებს ხელში ჩაიგდებს _ ეს თქვენთვისაც ცხადია, ამიტომ სიფრთხილე მეტად საჭირო არის. მიუხედავად ასეთი შესაფერი, საიმედო და კეთილსინდისიერი მეთვალყურისა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, დღევანდელ მღელვარე ევროპაში ქართულ სიძველეთა სვებედი მცირე რამ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ამისათვის ყველაფრის, რაც თქვენ გაბარიათ, დაუყონებლივ ჩატანა საქართველოში და თქვენი ჩასვლაც თქვენს პირდაპირ მოვალეობის გასაგრძელებლად უნუვერსიტეტში, დღემდე ცარიელ კათედრაზე _ აუცილებელი და საჩქარო საქმეა” (. ჟორდანიადაბრუნებული საუნჯე”, 1983 წელი. გვ. 70).

1923 წლის 10 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილმა წერილითვე უპასუხა დამიანე ჯგუშიას: თავსაგანს თქვენი წერილისა შეადგენს წინადადება, რომელსაც მაძლევთ: დავბრუნდე საქართველოში და მოვიტანო სიძველენი, რომელიც მთავრობამ ევროპაში წამოიღო ევაკუაციის დროს. და თქვენ ასე გაქვთ წარმოდგენილი, თითქოს ეს ჩემზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე არ არის. სიძველენი წამოღებული იქნა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, მე დამფუძნებელი კრების თხოვნით გამოვყევი ნივთებს, როგორც მეთვალყურე. დაბრუნება ნივთებისა შეიძლება მხოლოდ მთავრობის დადგენილებით. უამისოდ მე არ მაქვს უფლება, მივიღო ნივთები, არც საშუალება, შევასრულო ეგ საქმე. როდესაც მთავრობა გადაწყვეტს დაბრუნებას, მე, რასაკვირველია, მოვალეობად მივიჩნევ, დავბრუნდე და ნივთები ჩამოვიტანო, მიუხედავად ყოველგვარი პირადი დაბრკოლებისა და უსიამოვნებისა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თქვენ მიერ განზრახული მომართვა მთავრობისადმი სიძველენის დაბრუნების შესახებ ამჟამად უშედეგოდ დარჩება და ამიტომ არ გირჩევთ. თქვენ მართალი ხართ, რომ მეტი ხმაურობა ამის გამო საქმისათვის სახეირო არ იქნება. ისე, შეიძლება დაგარწმუნოთ, რომ წაღებული სიძველენი ხელშეუხებელია და კარგად დაცული. Bბევრი სამუზეუმო ნივთიც შევმატეთ ფონდს” (. ჟორდანიადაბრუნებული საუნჯე”, 1983 წელი. გვ. 71).

ძვირფასო მკითხველო, ჩემს შემდეგ სტატიებში სწორედ ზემომოყვანილი ორი წერილი უნდა დავუდო საფუძვლად იმ სიზმრის ახსნას, რომელიც ქართველ ხალხს ოდესღაც დაესიზმრა და შემდგომ ზღაპრად აქცია.

ამ ქართული სამეცნიერო ზღაპრის _ “განძის გუშაგის” _ მოკლე შინაარსი ასეთია:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა დიდი განძი. მეზობელ ქვეყნებს ყოველთვის თვალი ეჭირათ ამ განძზე, მაგრამ პატარა ქვეყანა ხან სამალავებში, ხანაც სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაარჩენდა ხოლმე ამ განძეულობას. ერთხელაც ამ პატარა ქვეყანას თავს დაესხა დიდი ქვეყანა. ხალხმა იფიქრა, ამათთან ხმლით ვერაფერს გავაწყობთო და ამ საგანძურს ხელი დაავლო ერთმა “ჩია” კაცმა და “სამშვიდობოს” გაიტანა. 25 წლის განმავლობაში განძთან ერთად ცხოვრობდა ეს “ჩია” კაცი, მაგრამ დიდი მეცნიერი. შემდეგ, როდესაც პატარა ქვეყანამ დიდი სახელმწიფო ალაგმა, “ჩია” კაცი, მაგრამ დიდი მეცნიერი, განძეულით თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მადლის მკეთებელი ვის დაუფასებია, რომ ეს “ჩია” კაცი და დიდი მეცნიერი დაეფასებინათ და ისიც, 90 წელს მიღწეული, მიწას 27 კაცის ჭირისუფლობით მიაბარეს. მისი ჩამოტანილი საგანძური კი ელვარებს უკვე “დამოუკიდებლობამოპოვებულ” და “გაბრწყინებულ” ქვეყანაში.

ქატო აქა, ფქვილი იქა, ჭირი აქა, ლხინი იქა!

ასე მთავრდება ეს პატარა ქართული მეცნიერული ზღაპარი, რომელსაც რეალურად სხვა შინაარსი აქვს.

(გაგრძელება იქნება)

გრიგოლ ონიანი

 

1 COMMENT

  1. ერთი პერიოდი აკაკი ბაქრაძეს, ოთხშაბათობით, უნივერსიტეტში ლექციები ჰქონდა თავისუფალ მსმენელთათვის (ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში). აუდიტორია მსმენელს ვერ იტევდა. ერთ-ერთ ლექციაზე ზემოთხსენებულ განძსაც შეეხო: დადგა დრო, როცა საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს უსახსრობის ჟამი დაუდგათ და გაუჭირდათ საცავში განძის დაცვის საფასურის გადახდა და მიუგზავნეს კაცი ბერიას და შეუთვალეს, გამოეთხოვა განძი უცხოეთიდან, თორემ სამუდამოდ დაიკარგებოდა იგი საქართველოსთვის. ბერიამ წარმომადგენელს ასეთი რამ უთხრა, რომ ახლა საბჭოთა მთავრობას უჭირს და ეგ განძი რომ ხელში ჩაუვარდეთ რუსებს, გაყიდიან და მაშინ საქართველოსთვის მართლაც დაიკარგება ჩვენი წინაპრების, მეფე-დედოფალთა ხელითშენახები თვალმარგალიტით შემკული ოქროს ნივთები და სიწმინდეები. რა გზითაც მოაღწია მაგ ამბავმა თქვენთან, იმ გზით დაუბრუნეთ ჩემი დანაბარები,გადაეცით ქართველ ემიგრანტებს, სისხლის ფასად შეინახონ და დაიცვან საგანძურიო. ასე რომ თვით ისეთ ცოდვიანსა და საბჭოთა ხელისუფლებისათვის თავგადაკლულს, როგორიც ლავრენტი ბერია იყო, გრძნობათა რესურსიც მაინც ჰქონია, რამაც ეროვნული ნერვი შეურხიაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here