საკმაოდ რთულია, წერო ომზე და იყო ირონიული. შეუძლებელია, ეს ირონია იმ უბრალო, გამბედავი, მაგრამ ხშირად მოტყუებული და ვიღაცის პირად ინტერესს შეწირული ადამიანებისკენ მიმართო, რომლებიც ომში მიდიან იმ ურყევი რწმენით, რომ სამშობლოსთვის წირავენ თავს… თუმცა, მეორე მხრივ, ასევე შეუძლებელია, მწარე ირონია არ გამოიწვიოს იმ ყველაფრის კარგად გააზრებამ, რაც დაგვემართა და რაც დღესაც გვემართება რუსული იმპერიის ორ განაპირა “გუბერნიას”, რომელთა მოქალაქეებიც, სულ რაღაც, ოცდახუთი წლის წინათ “ყველაზე უფრო ნაციონალურად განწყობილ მოსახლეობად” მონათლეს საერთაშორისო ექსპერტებმა.
დიახ, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ნგრევის პერიოდში უკრაინა და საქართველო აღიარეს რესპუბლიკებად, რომლებშიც ყველაზე მაღალი იყო ეროვნული, ანუ ნაციონალური მუხტი…
ამ “აღიარებიდან” 25 წლის შემდეგ, ანუ რამდენიმე დღის წინათ, უკრაინის თვითმარქვია პატრიარქმა ფილარეტმა ასეთი სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილ უზურპატორ პერზიდენტს:
“თქვენ მედგრად დაიცავით თქვენი მიწა–წყალი რუსეთის აგრესიისა და შემოტევისგან. ვისურვებდი, უკრაინელებმაც შეძლონ ასევე მამაცურად დადგომა და თავისი მიწის დაცვა რუსეთისგან, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ”.
თუ კარგად ჩავუკვირდებით ამ ფრაზას, მხოლოდ ორადორი დასკვნის გამოტანა შეიძლება:
“პატრიარქრი” ფილარეტი ან იწყევლება, ან, უბრალოდ, კაიფობს.
და სადაც ფილარეტი ეკაიფება საკუთარ მრევლს, იქ ცოტა ჩვენც რომ ვიირონიოთ, მგონი, არაფეჰრი დაშავდება, მით უფრო, თუკი ჩვენი ირონია მიმართული იქნება არა უბრალო მებრძოლების, არამედ სწორედ იმ “პატივცემული გვამების” მიმართ, რომლებიც მხოლოდ სიტყვით “გმირობენ” და რეალურად, თვითმფრინავის გუგუნის გაგონებაზე ელეთმელეთი ემართებათ…
სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს “ელეთმელეთა გმირები” არც “კაიფში” ჩამოგვრჩებიან და დაუზარებლად ეკაიფებიან ხალხს.
ასე მაგალითად:
“დარწმუნებული ვარ, თუკი უკრაინის არმიას მოამარაგებენ რაკეტა “ჯეველინით” და სხვა შესაბამისი შეიარაღებით, უკრაინელი ჯარისკაცები შეძლებენ, მარშით აიღონ მოსკოვი!” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა იმ ამბიდან ზუსტად 7 წლის თავზე, როცა “რუსული ჟანგიანი ტანკების” განადგურების გზით, მოსკოვს ტრიუმფით “იღებდნენ” დავით კეზერაშვილის დანაყოფები…
ფილარეტის “კეთილი სურვილის” მიხედვით კი, თუ უკრაინელებმაც ისევე “დაიცვეს” თავიანთი მიწა, როგორც ეს 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, პროცენტული გაანგარიშებით, უკრაინელებმა, ფაქტობრივად, უკვე დათმობილი ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის გარდა, დნეპროპეტროვსკიც უნდა ჩააბარონ რუსებს და დარჩნენ ზუსტად ისეთივე “გამარჯვებულები”, როგორიც ჩვენ ვიყავით 2008-ში და ვართ დღემდე.
ამ გახსენებაზე, მინდა, მივმართო ქართულ ტელევიზიებსა და მედიასაშუალებებს:
პატივცემულებო!
თქვენი მხრიდან ფილარეტის “უკრაინის პატრიარქად” მოხსენიება არის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა! რადგან უკრაინის ეკლესიას არასოდეს ჰქონია ავტოკეფალია და, შესაბამისად, მას არც პატრიარქი ჰყავს!
როგორც ჩანს, უვიცობამ ისე გაიდგა ფესვი ჟურნალისტებშიც, რომ ამ “ზედმეტად პატრიოტმა ნაცებმა” ძალიან იოლად დაგაჯერეს: ფილარეტი რუსეთის, კრემლისა და პუტინისგან არის დაჩაგრული და ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
სინამდვილეში კი, პატივცემულო (მიმძიმს ამ სიტყვის თქვენი მისამართით წარმოთქმა) კოლეგებო _ უკრაინის ეკლესიას და, აქედან გამომდინარე, მის პატრიარქს არ ცნობს კონსტანტინოპოლი! ანუ არ ცნობს მსოფლიო!
და თქვენ, მაპატიეთ და, ვისი ტიკი–ტომარა ხართ, ასე ხელაღებით რომ სცანით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაცა და მისი თვითმარქვია პატრიარქი ფილარეტიც?
რა შუაშია აქ კრემლი, პუტინი და ვ. ი. ლენინი?
თუმცა, დასაწყისშიც ვთქვი: საქართველო და უკრაინა ხომ 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ყველაზე გამოკვეთილი და ყველაზე მონდომებული “ეროვნული”, “ნაციონალური”, “თავისუფლებისმოყვარე” მოქალაქეებით იყო დასახლებული!
ჰოდა, მივიღეთ კიდეც შედეგი: ჩვენი მიწების 25 პროცენტი რუსეთს რჩება, დანარჩენ 75 პროცენტზე კი, რასაც ამერიკის ელჩი გვეტყვის, იმას ვაკეთებთ… და ისეთი პირი უჩანს, თუნდაც იმ 75 პროცენტის ნატოში მიღებაზეც კი აღარავინ ფიქრობს უკვე…
ვიღაც შეიძლება შემომედავოს, _ ეს მსოფლიოში განვითარებული ზოგადი გლობალური პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგიაო. კი, ბატონო, მაგრამ ამ კატაკლიზმებსა და ცვლილებებს ხომ სწორედ კონკრეტული ადამიანები იწვევენ?!
ხოლო აგრერიგად “ნაციონალურად” და “ეროვნულად” განწყობილ რესპუბლიკებში კი, წესით, ისეთი ადამიანები უნდა მოეყვანა ხალხს ქვეყნის სათავეში, რომლებიც სწორად, ცივი გონებით განსჯიდნენ და განსაზღვრავდნენ, რა იქნებოდა უმჯობესი ერისთვის (ნაციისთვის), ქვეყნისა და საბოლოო შედეგისთვის!
ანუ ისეთ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ეროვნული, ტრადიციული, ჯანსაღი მისწრაფებებით გამოირჩევიან!
და ახლა მე რომ ჩამოვთვალო საქართველოს ყოფილი და თუნდაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წევრები (მათ შორის კი არსებითი განსხვავება, მგონი, კონკრეტულ გვარ–სახელებშიც აღარ არის), ვინმეს შეუძლია, რომელიმეზე თქვას, რომ ის ეროვნული მოღვაწეა და რამე სცხია ან ჭეშმარიტი ქართველის ან ჭეშმარიტი უკრაინელის?
რომ ის აფასებს ამ კონკრეტული ერის ტრადიციებს და ცხოვრობს ამ ტრადიციებით?
მგონი, გონებაში გაიხსენეთ კიდეც მათი სახეები, მათი აზრები, მათი საქციელი და მათი “ტრადიციულობა-ეროვნულობის” წარმოდგენაზე ღიმილიც კი მოგერიათ, არა?
მაშ, რა არის “ეროვნულობა” და “ნაციონალისტობა” (“ნაციზმში” ნუ აგვერევა) _ მხოლოდ სიტყვები და ლოზუნგები?
სხვა მხრივ, ამ “ბანდის” წევრები (გინდა _ უკრაინელი და გინდა _ ქართველი) გამომეტყველებითაც კი ერთმანეთისგან ძნელად განირჩევიან და ძალიან ჰგვანან “ძია სემის” მიერ “გაკეთებულ” უკანონო შვილებს!
ისევე, როგორც “ნარინჯისფერი” და “ვარდების” რევოლუცია ჰგავდა ერთ დროს ერთმანეთს და, რადგან ჯერ “ნარინჯისფერმა” ჩაისვარა, შემდეგ კი “ვარდებს” უარესი დაემართა, ახლა უკვე გაერთიანებული ნარინჯისფერი ვარდებით სურთ, შემოგვიტიონ… თუმცა, ჩვენა და ჩვენნაირები ვინ ვაგდივართ, ეგენი ხომ პირდაპირ მოსკოვს უტევენ “ჯეველინებით”! თანაც ვინმე ფილარეტის ლოცვა–კურთხევით, რომლის “პატრიარქობა” მხოლოდ აი, ამ “ძია სემის” ნაბიჭვარ “ეროვნულ–ნაციონალისტებს” აქვთ მხოლოდ აღიარებული!
არა, ძალიან გადავეკიდე და ხშირად ვუბრუნდები, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხო: რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა “ნაციონალიზმი”?
დავიჯერო, ქართული “ნაციონალიზმი” იმას ნიშნავს, რომ ათასი ჯურის ვიგინდარამ თავის ჭკუაზე გვატაროს და შედეგად მთავარი საგზაო მაგისტრალიდან ოროდე კილომეტრში “სასაზღვრო მავთულხლართი” მივიღოთ?
ან უკრაინული ნაციონალიზმი იმას ნიშნავს, რომ მათ ქვეყნის სათავეში საკუთარი ქვეყნის ამ დღეში ჩამგდები “გრუზინები” დანიშნონ და ათასგვარი სისულელე აკეთონ?
რა ვიცი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ქართველმა და უკრაინელმა თვითმარქვია (პატრიარქ ფილარეტივით) “ნაციონალისტებმა” ბოროტად გამოიყენეს ჩვენი, ანუ უბრალო ხალხის ეროვნულ-ნაციონალისტური განწყობები და, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ “ძია სემის” მითითებით, ყველაფერს, რასაც საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობდნენ, “ნაციონალურის” სახელით ფუთავდნენ?
ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანი შედეგების მიხედვით უნდა მსჯელობდეს და არა იმით, ვინ რა ლოზუნგებს ღრიალებს.
ან, იქნებ, მართლა ისეთი უტვინო საზოგადოება ვართ, რომ ოღონდ კი “ნაციონალური” დაარქვას ვინმემ სახელად და ჯოჯოხეთშიც კი სიამოვნებით შევალთ?
მახსოვს, თავის დროზე უგონოდ გადაჭარბებული პატრიოტულ-პოპულისტური ლოზუნგი: “მთავარია, ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ქართველი კაცი, ბოლო-ბოლო, ბალახს შეჭამს და “ბორჯომს” დააყოლებს!”
დღეს თუკი ოთხფეხა რქოსანი საქონლის გამოსაკვებად ვარგისი იონჯა-ბალახის ფასს გავიკითხავთ და მერე “სუპერმარკეტებში” ერთი ლიტრი “ბორჯომის” ფასსაც გავიხსენებთ, მივხვდებით, რაც ვჭამეთ…
აი, ჯოჯოხეთი კი სრულიად უფასოდ, უკვე 25 წელიწადია, ტრიალებს საქართველოში და დასასრული არ უჩანს… ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ჯოჯოხეთი ჩვენვე ავირჩიეთ!
რატომ?
როგორ გითხრათ…
ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეკდოტია ასეთი:
კაცი მოკვდება და სამოთხეში შეახედებენ, სადაც კარგი ბუნებაა. თეთრებში გამოწყობილი ადამიანები სხედან და ტკბილად საუბრობენ.
აუ, აქ მოწყენილობააო, _ იტყვის კაცი.
მერე შეახედებენ ჯოჯოხეთში. მაგარი “ნაშები”, მაგარი მუსიკა, მაგარი “მოსაწევი”, მაგარი სასმელები და მიდის ჯაგა-ჯუგი!
აუ, აქ მინდაო! _ დაუფიქრებლად იყვირებს კაცი…
კრავენ ხელს და შეაგდებენ ჯოჯოხეთში. უცებ, ბახ და მოხვდება მდუღარე კუპრით სავსე ქვაბში. თავზე სატანა დასტრიალებს, დიდი ციცხვით კუპრს ურევს და უყვირის: “ჰა! რას იტყვი, ხომ მაგარი რეკლამა გვაქვს ჯოჯოხეთს?”
ვერაფერს იტყვი _ ზოგი ანეკდოტი ზუსტად ასახავს რეალობას და “ძია სემსაც”, მართლაც, შესანიშნავად ეხერხება რეკლამების დამზადება…
ბაკურ სვანიძე
ღმერთო შენ გვიშველე
მწარე სიმართლეა! ა