Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ იშორებენ თავიდან არასასურველ ადამიანებს

როგორ იშორებენ თავიდან არასასურველ ადამიანებს

1508

კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა ადამისა და ევას უფროსი ვაჟის _ კაენის მიერ, შურის გამო, ძმის _ აბელის მოკვდინებაა, პირველი პოლიტიკური მკვლელობა კი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული (აღწერილი აქვს წინასწარმეტყველ იერემიას) ბაბილონის იუდეის მეფისნაცვლის _ გედალიას მკვლელობაა ჩვ.წ. აღ.-ის 586 წელს. პოლიტიკური მკვლელობების პირველ ტალღას მიეკუთვნება მაკედონიის მეფის _ ფილიპე II-სა (ალექსანდრე მაკედონელის მამა) და იულიუს კეისრის მკვლელობები…


20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე ყვავილებით მისული იური ვაზაგაშვილის აფეთქება, რომელიც 2006 წლის 2 მაისს თბილისში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ დაუნდობლად ჩაცხრილული შვილის _ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯას წლების განმავლობაში ითხოვდა, სისასტიკესა და დემონსტრაციულობასთან ერთად კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევა _ ჯალათებმა შვილმოკლული მამის აფეთქებით გააფრთხილეს ყველა _ ისინი, ვინცნაცმოძრაობისმმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და განსასჯელთა სკამზე დამნაშავეების დასმას ითხოვენ და ისინიც, ვინც, პროცესებს, უბრალოდ, აკვირდებიან და გულისწყრომას გამოხატავენ _ ასე მოვექცევით ნებისმიერს, ვინც სამართლიანობის აღდგენას და ჩვენს დასჯას მოითხოვს!

ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებმა ახლა მისი მამა _ იური გამოასალმეს სიცოცხლეს იმისათვის, რომ იბრძოდა სიმართლის გასარკვევად _ თავიდან მოიშორეს ადამიანი, რომელიც მათთვის სახიფათო გახდა, რადგან შვილის მკვლელობის ახალ გარემოებებზე ალაპარაკდასაქართველოს ხელისუფლება კი, უკვე მესამე წელიწადია, უუნარობას იჩენს: ხალხის უპირველესი მოთხოვნა _ სამართლიანობის აღდგენა _ ჯერაც შეუსრულებელია. თითქმის არც ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნილი არ არის და, შესაბამისად, დამნაშავეები დაუსჯელნი არიან

გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გახმაურებულ 12 შემთხვევას, როდესაც ამა თუ იმ ძალებმა არასასურველი პიროვნებები სხვადასხვა მეთოდით დაუნდობლად მოიშორეს თავიდან, მიზეზი კი ერთი იყო _ მსხვერპლი მათ ხელს უშლიდა საქმიანობაში.

შენც, ბრუტუს?!”

რომის იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარი ჩვ.წ. აღ.-მდე 44 წელს, 15 მარტს მოკლეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე თავხედური მკვლელობაა _ იმპერატორი სენატის სხდომის მიმდინარეობისას გამოასალმეს სიცოცხლეს. შეთქმულთა შორის იყო სენატორი ბრუტუსი _ მარკუს იუნიუს ბრუტუს ცეპიონი (85-42 წ.წ. ჩვ.წ. აღ.), რომელსაც კეისარი თავის შვილად თვლიდა. გადმოცემის თანახმად, კეისარმა, როდესაც მან მკვლელთა შორის ბრუტუსი დაინახა, წამოიძახა: “შენც, ბრუტუს?!”

შეთქმულმა სენატორებმა კეისარს 23 ჭრილობა მიაყენეს და თავიდან მოიშორეს დიქტატორი, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდში მხედართმთავრიდან რომის ერთპიროვნულ მბრძანებლად იქცა.

მკვლელობა კიევის თეატრში

რუსეთის იმპერიის პრემიერმინისტრი პეტრე სტოლიპინი, რომლის აგრარულმა რეფორმამ რუსი გლეხების არაერთი ამბოხება გამოიწვია, 1911 წლის 1 სექტემბერს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ 1905-1911 წლებში მასზე 11 ტერაქტი განხორციელდა, მიზანს კი ბოლო თავდასხმამ მიაღწია.

1911 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, ოჯახსა და უახლოეს გარემოცვასთან ერთად (მათ შორის იყო სტოლიპინიც), კიევში იმყოფებოდა ალექსანდრე II-ს ძეგლის საზეიმო გახსნაზე.

1 სექტემბერს იმპერატორი და სტოლიპინი კიევის თეატრში (ამჟამინდელი საოპერო თეატრი) ესწრებოდნენ სპექტაკლს “თქმულება მეფე სალტანზე”. ანტრაქტის დროს სტოლიპინს მიუახლოვდა ანარქისტი-ტერორისტი დიმიტრი ბოგროვი და ორჯერ ესროლა: პირველი ტყვია სტოლიპინს ხელში მოხვდა, მეორე, რომელიც გულში იყო დამიზნებული, მკერდზე დაბნეულმა ორდენმა აისხლიტა, მაგრამ ღვიძლი დაუზიანა. დაჭრილმა სტოლიპინმა კიდევ 4 დღეს იცოცხლა და 1911 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობა, რომელმაც I მსოფლიო ომი გამოიწვია

ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) მოკლეს. ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეს სერბმა ნაციონალისტმა გავრილა პრინციპმა პისტოლეტიდან ესროლა. ავსტრია-უნგრეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო და, ტერორისტი-ნაციონალისტების ლოგიკით, ტახტის მემკვიდრის მკვლელობა ხელს შეუწყობდა ბოსნიასა და სერბეთის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მაგრამ პრინციპმა და მისმა თანამზრახველებმა, “ბალკანეთის კვანძის” გახსნის ნაცვლად, I მსოფლიო ომის დაწყებასა და მილიონობით ადამიანის დაღუპვას შეუწყვეს ხელი: ავსტრიამ სერბეთს სამხედრო ულტიმატუმი წაუყენა, პასუხად რუსეთმა _ სერბეთის მოკავშირემ _ მობილიზაცია დაიწყო. ავსტრიის მოკავშირე გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა, შედეგად რუსეთის მოკავშირეებმაც _ ინგლისმა და საფრანგეთმა _ გერმანიას ომი გამოუცხადეს.

XX საუკუნის ყველაზე სკანდალური მკვლელობა

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტს _ ჯონ ფიტცჯერალდ კენედის 1963 წლის 22 ნოემბერს მოუსწრაფეს სიცოცხლე _ მოკლეს დალასში (ტეხასის შტატი) პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილებისას; პირველი ტყვია ყელში მოხვდა, მეორე _ თავში.

მკვლელობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მედესანტე, იმხანად წიგნსაცავის თანამშრომელი ლი ჰარვი ოსვალდი, მაგრამ ის კენედის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მოკლა დალასის მცხოვრებმა ჯეკ რუბიმ. რუბი მოგვიანებით ციხეში გარდაიცვალა, მიზეზი კი, რომელმაც მას ამ ნაბიჯისკენ უბიძგა, უცნობი დარჩა.

ოფიციალური ვერსიის მოწინააღმდეგეები კენედის მკვლელობას უკავშირებენ შეთქმულებას, რომელშიც ფიგურირებენ ამერიკელი ბანკირები, სპეცსამსახურები და პოლიტიკური კონკურენტები. მთავარი არგუმენტი იმისა, რომ კენედისთვის ლი ჰარვი ოსვალდს არ უსვრია, ასეთია: სროლის შემდეგ პრეზიდენტის სხეული უკან გადავარდა, წიგნთსაცავის შენობა კი, საიდანაც მას თითქოს ესროლეს, იმ მომენტში კენედის კორტეჟის უკან იყო, ამიტომ ტყვიას სხეული წინ უნდა გადაეგდო. მკვლევარებისთვის გასაოცარია მკვლელობის იარაღის იმ ფანჯრის რაფაზე დატოვება, საიდანაც თითქოს ესროლეს აშშ-ის პრეზიდენტს _ პოლიციელებმა სწორედ იქ იპოვეს შაშხანა, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის სახელზე იყო რეგისტრირებული.

შავკანიანთა უფლებების დამცველი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა

ბაპტისტების ცნობილი მოძღვარი, ორატორი და აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს მოკლეს. ის რასიზმის, სეგრეგაციისა და შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების თავგამოდებული დამცველი იყო; 1964 წელს მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.

მარტინ ლუთერ კინგი ხშირად მოგზაურობდა ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში. მისი სიტყვით გამოსვლას მოსასმენად ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

1968 წლის მარტის ბოლოს კინგი ტენესის შტატის ქალაქ მემფისში ჩავიდა. 4 აპრილს 18 საათსა და 01 წუთზე ის მემფისის მოტელ “ლორეინის” აივანზე სიტყვით გამოსვლისას სნაიპერმა მოკლა.

მკვლელი აღმოჩნდა ვინმე ჯეიმს ერლ რეი, რომელსაც 99-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (გარდაიცვალა 1998 წელს), ოფიციალური ვერსიის მიხედვით, რეი მარტო მოქმედებდა, თუმცა ბევრი თვლის, რომ მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებისთვის არასასურველი პიროვნება იყო, შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

პრემიერმინისტრის გვამი _ ავტომობილის საბარგულში

1978 წლის 16 მარტს რომში იტალიის პრემიერმინისტრი ალდო მორო ტერორისტული დაჯგუფება “წითელი ბრიგადების” წევრებმა გაიტაცეს _ ბოროტმოქმედებმა მორის ავტომობილი გზის განაპირას შეაჩერეს, პრემიერი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. იტალიის პრემიერს 35 ათასი კარაბინერი და ჯარისკაცი ეძებდა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ მოთხოვნები წამოაყენა, რომელთა შესრულების შემდეგაც პრემიერმინისტრს გაათავისუფლებდნენ.

თვე-ნახევრის შემდეგ, 1978 წლის 9 მაისს, რომში, იტალიის ორი ყველაზე გავლენიანი პარტიის ოფისთან, ავტომობილ “რენოს” საბარგულში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერისა და იტალიის პრემიერმინისტრის, 60 წლის ალდო მოროს ტყვიებით დაცხრილული გვამი იპოვეს.

ბევრი ექსპერტის აზრით, ალდო მოროს მკვლელობა, რომელიც ნატოში იტალიის გაწევრების სასტიკი წინააღმდეგი იყო და ქვეყანაში მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკას ატარებდა, იტალიისა და აშშ-ის სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო.

მკვლელობა სამხედრო აღლუმზე

1981 წლის 6 ოქტომბერს ქაიროში სამხედრო აღლუმის მიმდინარეობისას სატვირთო ავტომობილიდან ჯარისკაცები გადმოხტნენ და ტრიბუნაზე მყოფ ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათსა და მის გარემოცვას ცეცხლი გაუხსნეს. სადათი და ეგვიპტის ხელისუფლების კიდევ 6 მაღალჩინოსანი დაიღუპნენ, დაიჭრა 28 ადამიანი.

ეს ტერორისტული აქტი ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “მუსლიმანთა საძმომ” მოაწყო, რომელსაც, ენვერ სადათის ინიციატივით, ისრაელთან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ლიბიის ერთ-ერთმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ დაიკისრა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილი ტერორისტული აქტის მოწყობაში აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურებს ადანაშაულებდა. მკვლელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ენვერ სადათის მიერ დაწყებული საქმე ეგვიპტის იმჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა (2011 წელს მუბარაქი პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს და 3 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2014 წლის ნოემბერში იგი სასამართლომ გაამართლა) განაგრძო, რომელიც, სხვათა შორის, სადათზე თავდასხმისას ხელში დაიჭრა.

პრემიერმინისტრი, რომელიც პირადმა მცველებმა მოკლეს

1984 წლის 31 ოქტომბერს ინდოეთის პრემიერმინისტრი ინდირა განდი, რომელიც თავისი რეზიდენციიდან ტელევიზიაში ინტერვიუს ჩასაწერად მიემართებოდა, ორმა პირადმა მცველმა პისტოლეტიდან და ავტომატური იარაღიდან გასროლით მოკლა. იმ დღეს ინდირა განდიმ ჩვეულებას უღალატა და არ ჩაიცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რადგან ჩათვალა, რომ ჟილეტში მსუქანი ჩანდა.

ოფიციალური ვერსიით, მკვლელები პენჯაბის შტატის რელიგიური ფანატიზმით განმსჭვალული სიკჰების ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ქალაქ ამრიტსარის “ოქროს ტაძრის” შტურმის შემდეგ, სადაც სეპარატისტები იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავდნენ, სიკჰებმა წმინდა ადგილის შებილწვის გამო დაიფიცეს, რომ შურს იძიებდნენ და ჩანაფიქრი განახორციელეს კიდეც. საყვარელი პიროვნების, ინდირა განდის, მკვლელობამ ინდოელები აღაშფოთა და ქვეყანას არეულობებისა და დარბევების ტალღამ გადაუარა, რომელსაც ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ინდირა განდის ბედი 7 წლის შემდეგ მისმა ვაჟმა, რაჯივ განდიმ, გაიზიარა.

მკვლელობა სტოკჰოლმის ცენტრში

1986 წლის 28 თებერვალს, საღამოს, შვედეთის პრემიერმინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ულოფ პალმე მეუღლესთან ერთად სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კინოთეატრიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა 2-ჯერ გაისროლა. ერთი ტყვია მოხვდა პალმეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა ეჭვი მიიტანეს წარუმატებელ მსახიობზე, ნარკომან კრისტერ პეტერსონზე, მაგრამ ადვოკატებმა ბრალდების უსაფუძვლობა დაამტკიცეს და მამაკაცი, რომელსაც უვადო პატიმრობა ელოდა, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობა მოხდა სსრკ-ში პალმეს მეგობრულ ვიზიტამდე 3 დღით ადრე.

მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, აქედან გამომდინარე, მისი მიზეზები _ უცნობი. თუმცა არსებობს ათეულობით ვერსია, რომელთაგან საყურადღებოა ორი: 1. ულოფ პალმე მოკლეს იტალიური მასონური ლოჟის წარმომადგენლებმა; 2. ულოფ პალმე თავიდან მოიშორეს აშშ-ისა და სამხრეთ აფრიკის სპეცსამსახურებმა.

თვითმკვლელი ქალისგან მირთმეული გირლიანდა დაბომბი

1991 წლის 21 მაისს ინდოეთის ქალაქ მადრასის გარეუბანში თვითმკვლელმა ქალმა, რომელსაც წელზე ასაფეთქებელი ნივთიერებების სარტყელი ეკეთა, თავი რაჯივ განდისთან ახლოს აიფეთქა. განდი წინასაარჩევნო კამპანიით გათვალისწინებულ მიტინგზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა, მანამდე კი ქალმა ინდოეთს ყოფილი პრემიერმინისტრის (1984-1989) ყვავილების გირლანდა მიართვა.

თვითმკვლელი ქალი (სხვა ვერსიით, თვითმკვლელი ორი იყო) გადაიბირა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია “თამილ-ილამის განმათავისუფლებელმა ვეფხვებმა”, რომელიც მეზობელ შრი-ლანკაში (ყოფილი კუნძული ცეილონი, რომელიც ადრე ინდოეთის შემადგენლობაში იყო) მოქმედებდა, ინდოეთის ხელისუფლება კი მკაცრ ზომებს მიმართავდა შრილანკელი ნაციონალისტების წაინააღმდეგ.

რაჯივ განდის მკვლელობის ბრალდება 28 კაცს წაუყენეს და გაასამართლეს, მაგრამ “ვეფხვები” კვლავაც აწყობდნენ ტერაქტებს, მათ მხოლოდ ბოლო წლებში განაცხადეს, რომ მზად არიან საკითხის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად.

სტუდენტის მსხვერპლი პრემიერი

1995 წლის 4 ნოემბერს თელ ავივში მრავალათასიანი მიტინგიდან დაბრუნებულ ისრაელის პრემიერმინისტრს, როდესაც ავტომობილიდან გადმოდიოდა, რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილმა სტუდენტმა სამი ტყვია ესროლა. იცხაკ რაბინი ჰოსპიტალში მიყვანის, შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელმა, იგალ ამირმა, დაკავებისთანავე დაასახელა თავდასხმის მიზეზი: ებრაელი ხალხის დაცვა ოსლოს ხელშეკრულებისგან. ლაპარაკია სამშვიდობო შეთანხმებაზე პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ლიდერ იასირ არაფატთან.

მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება დღესაც დაძაბულია და ჯერჯერობით მშვიდობაზე ლაპარაკი ნაადრევია.

ისლამური რესპუბლიკის პირველი ქალიპრემიერი მიტინგზე გამოსვლის შემდეგ მოკლეს

2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში (პაკისტანის ყოფილი დედაქალაქი) მიტინგზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ პაკისტანის პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბენაზირ ბჰუტოს თვითმკვლელმა ორი ტყვია დაახალა შემდეგ კი თავი აიფეთქა. ამ ტერორისტულ აქტს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბჰუტო, რომელიც მანამდე ორჯერ იყო ისლამური რესპუბლიკის პრემიერმინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში, დაპირისპირებული გახლდათ ქვეყნის დიქტატორ პრეზიდენტთან _ ფერვეზ მუშარაფთან, რისთვისაც კორუფციული რეჟიმის მხარდამჭერი ტერორისტული ორგანიზაციების რისხვა დაიმსახურა.

მუბარაქმა აღშფოთება გამოხატა ბენაზირ ბჰუტოს დაღუპვის გამო და პირობა დადო, რომ მკვლელებს აუცილებლად იპოვიდა და დასჯიდა. მუშარაფმა განაცხადა, რომ ბჰუტო ექსტრემისტი თალიბების ხელით იყო მოკლული, მაგრამ 2013 წლის ოქტომბერში სწორედ ის (უკვე ექსპრეზიდენტი) დაადანაშაულეს პრემიერმინისტრის მკვლელობაში და ახლა ის საპყრობილეში ზის.

P.S. იური ვაზაგაშვილის თავხედური მკვლელობა გამოწვევაა ამჟამინდელი ხელისუფლებისა და, საერთოდ, ქართველი საზოგადოებისთვის და, თუ ამ გამოწვევას ქვეყანა ადეკვატურად არ უპასუხებს, ანუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები არ დაისჯებიან, პროცესები, შესაძლოა, არასასურველი მიმართულებით განვითარდეს და ჩვენი მტრების წისქვილზე დაასხას წყალი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here