საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ანტიეროვნული ძალა აშკარად რომ დომინირებს, უკვე ცხადია. ამ ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტერიტორიები დავკარგეთ, გადავიტანეთ სამი ომი და სახელმწიფო პრაქტიკულად მოიშალა. აი, ამ მოშლილ ქვეყანაში კი ყველანაირმა სარეველამ იხარა _ თურქებმა აჭარაში მცოცავი რელიგიური ექსპანსია დაიწყეს, ცალკე სომხებმა მიჰყვეს ხელი ქართული ისტორიული ძეგლების მიტაცებას, აზერბაიჯანმაც გამოგვიცხადა ტერიტორიებზე პრეტენზია… მოკლედ, საჯილდაო ქვა გავხდით და ახლა, ვინც მეტ გრანტს დახარჯავს ჩვენი გრანტიჭამია პოლიტელიტის გასაძღომად, ბურთიც მისია და მოედანიც…
ეჩმიაძინი 450 ქართულ ტაძარს გვედავება. შესაბამისი მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და წარმოადგინეს იმ ძეგლების ნუსხაც, რომლებიც მიაჩნიათ, რომ სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული ძეგლის შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ. პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან სომხური მხარის წარმომადგენლებიც, მაგრამ სომხები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების პარალელურად იუნესკოსაც მიმართავენ, _ საქართველო ისტორიულ ძეგლებს გვართმევს, გვიშველეთო.
თავისი ინტერესებისთვის იბრძვის აზერბაიჯანიც. ბაქოში საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ ეჩმიაძინის გააქტიურებას და ამ ყველაფერს მოსალოდნელი სომხური სეპარატიზმის ჭრილში ხედავენ. აი, რა განაცხადა წინა კვირას რადიო “ექოსთან” ინტერვიუში აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა, “პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის” დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ: “საქართველოში ბოლო ხანს სომხური სეპარატიზმი ძალას იკრებს. ერთ-ერთი “პოლიტპატიმარი”, ციხიდან გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანი მთავარი სეპარატისტია. გარდა ამისა, საქართველოში არსებულ სომხურ სეპარატიზმს მხარს თვით სომხეთი უჭერს. ამ ანტიქართულ დესტრუქციულ ქმედებაში თავისი წვლილი შეაქვს ევროპის სომხების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს _ გასპარ კარაპეტიანს. იგი საქართველოში ამას წინათ ჩამოვიდა, შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, სომეხ სეპარატისტებს”.
იმავე ინტერვიუში აჰმედოღლუმ დასძინა: “საქართველოს სომხები მიხვდნენ, რომ ქვეყნის სათავეში მყოფ ზოგიერთ პიროვნებას საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებს და სიტუაციის გამოყენებას შეეცადნენ. თუ სომხური სეპარატიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება, მაშინ საქმეში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩაერევიან, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებითაა დაინტერესებული”.
რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული კონფლიქტი თვით “ყოვლისშემძლე” ნატოს არ უღირს, რომელი საერთაშორისო მოთამაშე და მსოფლიო ასპარეზზე პოლიტიკური ამინდის შემქმნელი სუბიექტია აზერბაიჯანი, რომ უცხო ქვეყნის დასაცავად ასეთ ნაბიჯზე წავიდეს?! მაშ, რაშია საქმე, რა ინტერესი აქვს ოფიციალურ ბაქოს? რატომ გვაფრთხილებენ ასე პირდაპირ და დაუფარავად _ თუკი სომეხ სეპარატისტებს არ მიხედავთ, ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო. ყველაფერი ძალზე მარტივია, _ სომხეთიც, თურქეთიც და აზერბაიჯანიც მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, ცდილობენ, რეგიონში თავიანთი გეგმით, სცენარით განხორციელდეს გარდაუვალი პოლიტიკური ცვლილებები და ამ პროცესში რაც მეტ ტერიტორიას წაგღლიტავენ, ამოცანაც მით უფრო ზუსტად იქნება შესრულებული. აქ, სამხრეთ კავკასიაში, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ არეალში, ერთადერთი ჩვენ, ქართველები, ვართ უუნარო ხელისუფლების ამარა დარჩენილი და ამას გვაძახებენ კიდეც ერთგვარი ნიშნისმოგებით… აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმაც პირში გვიძრახა მწარე სიმართლე: სომხები გრძნობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის არ მუშაობს და ხელისუფლების წარმომადგენლები სულაც არ დარდობენ სახელმწიფოს განმტკიცებაზეო. ძნელია, ამ კაცს შეედავო _ “ნაცსექტის ბელადმა” ცხრა წლის განმავლობაში ხომ ყველაფერი გააკეთა ეროვნული ცნობიერების დასამარხავად, ბოლოს თურქეთის 10 ათასამდე მოქალაქეს ქართული პასპორტები დაურიგა და ისედაც ისლამური ექსპანსიის ქვეშ მგმინავი აჭარა თურქეთის ულუფად აქცია.
რაც შეეხება სომხებს, გაიხსენეთ 2011 წლის 10 ივნისს სომეხთა პატრიარქის _ გარეგინ მეორეს ვიზიტი თბილისში და სამების საკათედრო ტაძრიდან გაკეთებული განცხადებები: საქართველოში ჩამოვედი, რათა პასუხი მოიძებნოს ორ ეკლესიას შორის დღემდე გადაუწყვეტელ საკითხებზეო…
იმ ვიზიტიდან მალევე “ნაცხროვამ” ცვლილებები შეიტანა სამოქალაქო კოდექსში და ხუთი რელიგიური კონფესია, მათ შორის გრიგორიანულიც, სტატუსით მართლმადიდებლობას გაუთანაბრა. “დემოკრატიის ტრუბადურებმა” მაშინ ეს ცვლილება ევროპული ღირებულებებისკენ გაკეთებულ გიგანტურ ნახტომად შეაფასეს, მაგრამ რეალურად სად და რას დავახტით, ყველა ვხედავთ, _ “დაშნაკები”, ხუთის ნაცვლად, უკვე 450 ქართულ ტაძარს გვედავებიან, ისტორიულ სიწმინდეებს ცხვირწინ გვაცლიან და… ქვები ღაღადებენ კი არა, ისე გაჰკივიან, წმინდა ილია მართლის ძვლები ლამის საფლავიდან ამოცვივდეს… ამაზეა ნათქვამი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, სწორედ რომ უპატრონო ქვეყანაა საქართველო, თორემ ჩვენ რომ ეროვნული ხელისუფლება გვყავდეს, სომხური სეპარატიზმის ნაკვერჩხალს რა ეშმაკი გააღვივებდა.
სხვათა შორის, დასაწყისში კულტურის სამინისტრო ვახსენე და აი, რა განაცხადა ამ უწყების მესვეურმა მიხეილ გიორგაძემ სომხეთის მოთხოვნაზე: “კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გამორკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურულ ძეგლებსაც ჩვენ ვუდგებით, როგორც ძეგლებს, მიუხედავად მათი კუთვნილებისა”.
მოკლედ, კულტურის მინისტრმა ხელი დაიბანა _ მისთვის ის ტაძრები მხოლოდ კულტურული ძეგლებია და საქართველოს კუთვნილება იქნება, სომხეთის თუ ტანზანიის, მისთვის სულერთია. საერთოდ, დიდი ხანია, ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერზე ხელი აქვს დაბანილი _ მთავრობასაც, მართლმსაჯულებასაც და ამ ყველაფრის “უზენაეს შემოქმედს” _ “ყოვლისშემძლე” ოლიგარქსაც კი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ უპატრონო ქვეყანა ვართ და, უძაღლობას ვინ ჩივის, კატების ყეფაც სანატრელია. არადა, საფრთხე კარსაა მომდგარი _ ვიდრე “ქოცები” სათავეში ყოფნის მესამე, “გაბრწყინების” წელიწადით ტკბებიან, სომხური ლობი სამარეს გვითხრის…
ჯაბა ჟვანია
ბევრ რამეში გეთანხმებით და გულიც მწარედ ამიჩუყეთ, მაგრამ ასე ერთ ქვაბში მოქცევა ყველაფრის არ მგონია მართალი.უპატრონო ეკლესიას ეშმაკი დაეპატრონებაო, მაგრამ ეს არც ეშმაკის ბრალია და არც ეკლესიის, ეს იმის ბრალია, ვინც ეკლესია უპატრონოდ დატოვა.( ო.ჭილაძე"ყოველმან ჩემმა მპპვნელმან")ახლა მიხვდით ვინ დატოვა უპატრონოდ ქვეყანა, ვინც ხანჩალიანი დაიჭირა,თუ ვინც პოლიტპატიმრობა უბოძა,რომელი თურქი მესხია ის აჭარელი საქართველოს,რომ ემუქრება. კულტურის მინისტრად დაშნტაჟებული ჯაზმენი ზის და რას თხოვთ,მანანა მიზანდარი რომ იბრძოდა საყდრისიდათვის და მართლაც ქართული კულტურული ძეგლების სტატუსები რომ უქმდება,როგორც"ნაცების"ახირებები,სადაა გულანთებული ქართველები.ქართველი ვერასოდეს არჩევდა მტერ-მოყვარეს.იაქტიურეთ კი,ბატონო, ასე მაინც იაქტიურეთ, თანაც "ქვათა ღაღადი" წააკითხეთ ყველა ქართველს,აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებსაც ასწავლეთ ქართული,ისიც გაიხსენეთ, ვინ დაუწესა მაგათ სტუდენტებს სავალდებულო ქართულო ენოს 1წლიანი კურსი,ვინ დააძალა ჩვენ უწიგნურ შვილებს სკოლაში სწავლა(ალბათ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ:სასწავლო პროცესის მოწესრიგებას,ძველბიჭური მენტალიტეტის მოსპობას, CAT და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას და ა.შ.).