Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც...

ალექსანდრე ჭაჭია: ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის

1641

(ნაწილი მეორე)

მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია “საქართველო და მსოფლიოს” წინა, 42-ე ნომერში, გამოქვეყნებულმა მასალამ (“ალექსანდრე ჭაჭია: დიპლომატია და არა არმია შეიძლება, გახდეს რეგიონში ჩვენი მნიშვნელობისა და უსაფრთხოების საფუძველი”), რომელშიც მოყვანილი იყო ამონარიდები ცნობილი პოლიტოლოგის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას მიერ ჩვენი გაზეთისთვის სხვადასხვა პერიოდში მიცემული ინტერვიუებიდან _ ის ზუსტ დიაგნოზს სვამს პროცესებზე, რომლებიც მოგვიანებით საქართველოში განვითარდა. დღეს კვლავ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რაოდენ ზუსტად ახდა ბატონი ალექსანდრეს პოლიტიკური პროგნოზები საქართველოში განვითარებულ პროცესებზე.


ეკლესიის მისია (“საქართველო და მსოფლიო”, #20(207), 5 – 11 ივნისი, 2013.):

“საზოგადოების პატრიოტული ნაწილი, მათ შორის, მეც, უკმაყოფილო იყო ეკლესიის პასიურობით, მისი გადაწყვეტილებით, _ არ ჩარეულიყო საზოგადოებრივ პროცესებში და არ გამოეთქვა თავისი მოსაზრება ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების თაობაზე. ქვეყნის ნგრევის, ერის გახრწნის, საზოგადოების დეგრადაციის, ტრადიციული ღირებულებების დევალვაციის პროცესი, დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ანგაჟირებული, გამყიდველი ხელისუფლება იყო. ხალხი ამას ხედავდა და ელოდა ეკლესიისგან საპროტესტო სიტყვას, იმედი ჰქონდა მისი პრინციპული პოზიციის, მაგრამ ეკლესია დუმდა, თავს იმართლებდა საერო ცხოვრებაში არჩარევის პრინციპით. ზუსტად მაშინ მე საჯაროდ განვაცხადე და რამდენიმეჯერ გავიმეორე, რომ ღმერთმა ჩვენ ეკლესია ერის გადასარჩენად, სულიერი განვითარებისთვის და ზნეობრივი სრულყოფისთვის გვიბოძა და ამ მაღალი მისიის შესრულებისგან ეკლესიის განდგომა დაუშვებელიამეთქი. ეკლესია დუმილს აგრძელებდა. მიუხედავად ამისა, მის მიმართ ნდობის დონე რჩებოდა ძალიან მაღალი, თავისთავად ეკლესია იყო და რჩება ერთადერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელსაც ხალხი უკავშირებს თავის იმედებს ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მადლობა ღმერთს, ბოლო ორისამი წელია, ქართველი სამღვდელოების ნაწილმა, მათ შორის ეკლესიის იერარქებმაც, დაიწყეს მწვავე ეროვნულ საკითებზე ქადაგება არა მხოლოდ ტაძარში, არამედ გაზეთის ფურცლებიდანაც. მთელი გულით მივესალმები სასულიერო პირების ასეთ საზოგადოებრივ აქტივობას. მთავარია, რომ ქვეყანაში არსებული ანტიეროვნული ძალების ძლიერი ზეწოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წნეხის გამო ეს დიდი ხნის ნანატრი აქტივობა კლებისკენ არ წავიდეს და ეკლესია კვლავ არ ჩაიკეტოს თავის შიდა ცხოვრებაში. ამისთვის კი მას მთელი საზოგადოების, მთელი ერის მხარდაჭერა სჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლს, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელთაც სურთ მომავალი თავიანთი შვილებისთვის. ყველაზე შეუპოვარ ათეისტს, საზოგადოებრივი ინოვაციების ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს უნდა ესმოდეს, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი ერის ტრადიციული ღირებულებების საგანძურში უდიდესი პლასტია, რომელიც ქართველი ერის იდენტობას განსაზღვრავს, ხოლო ტრადიცია ერის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია”.

*საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა “ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჟზე დაიწყო, როდესაც გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის კარი სატვირთო მანქანით შელეწეს უღმერთო “ნაციონალებმა”, შემდეგ კი მრევლს სასტიკად გაუსწორდნენ. ეს გააფთრებული ბრძოლა, რომელიც ე. წ. გლობალისტების მხარდაჭერილ-დაფინანსებულია, დღესაც გრძელდება. ებრძვიან საქართველოს პატრიარქს, ებრძვიან მართლმადიდებლობას, რათა ქართველ ერს ის საყრდენი გამოაცალონ, რომელზეც აქამდე იდგა.

აფხაზეთის თემა (“საქართველო და მსოფლიო”, #31(218), 21 აგვისტო– 4 სექტემბერი, 2013.):

“მე ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობაზე პრეტენდენტთა რიცხვი არ იქნებოდა ორი-სამის მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, რათა კენჭი ეყარათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, თუ როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება

საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც პირადად მისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუ თქვენ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება. რაკი აცნობიერებენ, რომ მათგან ვერც ერთი ახერხებს, თუნდაც შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას, ცდილობენ, მათ გვერდი აუარონ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ,არ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ამ, მათი აზრით, უიმედო თემებზე.

თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის გაუგებარ სენტენციას: “ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს”. რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა? რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე? გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, ისიც ლაყბობდა ძმობაზე, უკვეთავდა ისეთ სამარცხვინო კლიპებს, როგორიცაა “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!”, სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. სოხუმში სიამოვნებით აჩვენებდნენ ამ კლიპს, რათა დაეცინათ ბრიყვი ქართველებისთვის. არავის სჭირდება ძმობის შესახებ მტკიცებები, ამის არავის სჯერა, ეს არაფრის მომცემია, საკუთარი ღირსების დამცირების გარდა. საჭიროა პრაგმატული, არსებითი დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით, მაგრამ ამგვარი დიალოგის დაწყების არც სურვილი და არც შესაძლებლობები ახალ ხელისუფლებას არ აქვს, ისე, როგორც არ ჰქონდათ არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს”.

*არც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და არც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ საკითხზე არათუ ხელისუფლებაში, მედიასაშუალებებშიც იშვიათად მსჯელობენ.

მწვავე პრობლემა _ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა (“საქართველო და მსოფლიო”, #20(207), 5-11 ივნისი, 2013.):

“თუ გახსოვთ, ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ; ვარწმუნებდი საზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდება ღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდება მის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არისყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკადა, “თუ ჩვენ ევროპაში გვინდა”, უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოს მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობასსაბჭოთა ჩიხიდანგამოიყვანს. ეს ასფალტზე გაზრდილი “ექსპერტები” არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძო საკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა ენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა და ყველა იქნებოდა ბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თვითონ გლეხები სხვა აზრისანი იყვნენ, მაგრამ “ექსპერტები” ამას მათი “ჩამორჩენილობითა” და “საბჭოთა მენტალიტეტით” ხსნიდნენ. მიწაზე კერძო საკუთრების შემოღება არის დანაშაული არამხოლოდ მცირემიწიანობის მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ერი არ არის მხოლოდ დღევანდელი თაობა, არამედ _ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული. ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის”.

*ტერიტორიადაკარგული და ისედაც მცირემიწიანი საქართველოს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას კვლავაც განაგრძობს ხელისუფლება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა კი, რადგან მიწის დამუშავების სახსარი არ აქვს, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გარბის.

მეორე შვეიცარია, მეორე სინგაპური და მეორე დუბაი (“საქართველო და მსოფლიო”, #34(221), 18-24 სექტემბერი, 2013.):

“ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები, ნება-სურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტს დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის. სახელმწიფოს მართვაში სულ სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის. საერთოდ, ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის სრულიად განსხვავებული სფეროებია. სიტყვამ მოიტანა და, პირადად მე ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე გახდა

გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? _ უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო პროდუქცია. ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა!

შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ “მეორე შვეიცარიად” ვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომ “მეორე სინგაპური” გავხდებოდით, ივანიშვილი კი “მეორე დუბაიდ” გადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო”.

*საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი დასავლეთში უმნიშვნელოა, ჩვენი პროდუქტების (ღვინისა და ხილის, აგრეთვე, მინერალური წყლების) ძირითადი მომხმარებელი რუსეთია; ქვეყანა კვლავ იხდის საგარეო ვალს და დიდწილად არის დამოკიდებული ისეთ ორგანიზაციებზე, როგორებიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვ. რაც შეეხება საქართველოს გადაქცევას “მეორე დუბაიდ”, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

ივანიშვილის გადადგომაზე, პასუხისმგებლობასა და კოაბიტაციაზე (“საქართველო და მსოფლიო”, #34(221), 18-24 სექტემბერი, 2013.):

როგორ აგებს ივანიშვილი პასუხს თავისი გუნდის ნამოქმედარზე? გადადგომის შემდეგ ივანიშვილი იქნება რიგითი მოქალაქე, თანაც _ საფრანგეთის. უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები, შეუსრულებელი დაპირებების გამო, პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ, რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოს ივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კი საჯაროდ თქვას და ნოტარიულადაც დაამოწმოს, რომ, ამ პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილი ასეთი პასუხისმგებლობისთვის?

სხვათა შორის, ერისადმი მიმართვაში ივანიშვილს ჩამოთვლილი აქვს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები და აცხადებს, რომ მან ეს დაპირებები შეასრულა და ამდენად, ასე ვთქვათ, თავისუფალია. ესეც არის გათვლა დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე, რადგან ოდნავ მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ ამ დაპირებათა 90 პროცენტი შესრულებისგან ძალიან შორს არის. იგი აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორში მისი საქმიანობით ჩვენს საზოგადოებას ასწავლის ხელისუფლების გონებით და არა ემოციებით არჩევას, მაგრამ, ამასთანავე, მოუწოდებს საზოგადოებას, ენდოს მას სიტყვაზე და ხმა მისცენ პრეზიდენტობის მისეულ კანდიდატს, ანუ კვლავ მიიღონ გადაწყვეტილება ემოციებზე _ ივანიშვილისადმი ნდობასა და პატივისცემაზე დაყრდნობით.

ივანიშვილს სწორად რომ გაეანალიზებინა და “უშეცდომო პროგნოზები” გაეკეთებინა, მაშინ 8 წლის მანძილზე სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს ამდენ მხარდაჭერას არ გაუწევდა…

 ფართო გაგებით, კოაბიტაცია ვერ დასრულდება იმიტომ, რომ პარლამენტის 40 პროცენტს “ნაციონალური მოძრაობა” შეადგენს, ხოლო რეგიონებში, ძირითადად, მათი კადრები აგრძელებენ მუშაობას. მეტიც, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ “ნაციონალების” გავლენა ხელისუფლებაზე გაიზრდება. იდეოლოგიური უთანხმოება მათ არ აქვთ, კურატორებიც საერთო ჰყავთ, რაც შეეხება პირად უთანხმოებებს, მალე შეთანხმდებიან. თუკი კოაბიტაციის დასრულებაში ვგულისხმობთ რამდენიმე მაღალჩინოსნის ისე გასამართლებას, რომ პრეზიდენტმა მათი შეწყალება ვერ მოახერხოს, ეს სავსებით შესაძლებელია. საზოგადოების დასაშოშმინებლად ამერიკელები რამდენიმე ცნობილი მოღვაწის დაპატიმრების ნებას დართავენ ახალ ხელისუფლებას”.

*დასავლეთისგან თავსმოხვეული ე. წ. კოაბიტაცია შეცდომა რომ იყო, ამას ქართველი საზოგადოების უკიდურესი ნეგატიური განწყობა ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა მიმართ _ ხალხი ლამის ლინჩის წესით გასამართლებაზე გადავიდეს, რადგან “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის მთავარი დაპირება, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, შეუსრულებელია. არ შესრულებულა დაპირებები პენსიების მომატების, მასწავლებელთათვის ხელფასების გაზრდის (ეს მხოლოდ მომავალ წელს იგეგმება) შესახებ, შეცდომებია საკადრო პოლიტიკაშიც _ გიორგი მარგველაშვილის, ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილისა და მაია ფანჯიკიძის მინისტრებად დანიშვნა რომ არ შეიძლებოდა, ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა _ მას შემდეგ, რაც მათ დემარში მოაწყვეს.

ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე (“საქართველო და მსოფლიო”, #34(221), 18-24 სექტემბერი, 2013.):

“ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებულ ზღაპრებზე ბევრჯერ გამომითქვამს აზრი, ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ქართველ საზოგადოებას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო აქსიომად: პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა დაევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს”.

*ნატოში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკი რომ უპერსპექტივო საქმეა, ამას 20-წლიანი მოლოდინი, “მაპზე უკეთესის მიღება” და ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ადასტურებს. ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე აფრთხილებდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნატოს ხელმძღვანელობას, რომ საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა არ შეიძლებოდა…

კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ (“საქართველო და მსოფლიო”, #31(218), 21 აგვისტო– 4 სექტემბერი, 2013.):

პირველი _ პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნამ პრეზიდენტის პოსტი იმდენად გააუფასურა, რომ პოლიტიკისგან ყველაზე შორს მდგომ ადამიანსაც კი ჰგონია, თითქოს მისთვისაც შესაძლებელია პრეზიდენტობა. ლოგიკა მარტივია: თუ მიშა 9 წელი იჯდა პრეზიდენტად, მე რატომ არ შემიძლია? საერთოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ და ახლაც უჭირავთ იმდენად უსარგებლო, უფერულ და გაუნათლებელ ადამიანებს, რომ საზოგადოების წესიერი, ავტორიტეტული, ღირსეული წევრისთვის უხერხული და სირცხვილიც კია, იყოს მინისტრი, დეპუტატი. მე ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებიც უცხო საზოგადოებაში მალავენ თავიანთ სტატუსს;

მეორე _ იმ ვალდებულებების არქონისას, რომლებითაც მე ვთავაზობდი, დაეტვირთათ პრეზიდენტი, ეს თანამდებობა აღიქმება, როგორც საპატიო, კომფორტული დროსტარება, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, უნარს, შესაძლებლობებს, პატივი და კომფორტი კი ჩვენს ხალხს უყვარს, განსაკუთრებით სახელმწიფოს ხარჯზე;

მესამე _ თავისი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმების არარსებობა პრეზიდენტის პოსტს უკიდურესად მიმზიდველს ხდის. ყოველი კანდიდატი დაგპირდებათ ყველა პრობლემის მოგვარებას და ქვეყნის მიწიერ სამოთხედ გადაქცევას. რით რისკავს იგი ამ დროს? არაფრით. 5-წლიანი ვადა მას გარანტირებული აქვს, ხოლო შემდეგ _ საპატიო პენსია და უზრუნველი ცხოვრება. ეს ეხება სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც.

ამიტომ, მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგეს”.

*ასეთი კანონის მიღება რომ აუცილებელია, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაც ადასტურებს და ისიც, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მხოლოდ თავისი კეთილდღეობით, ხელფასებისა და პრემიების გამოწერით არის დაკავებული და არა _ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით.

ივანიშვილი, როგორც ამერიკელთა დავალებების შემსრულებელი ლოკომოტივი და რატომ არ არის მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები (“საქართველო და მსოფლიო”, #34(221), 18-24 სექტემბერი, 2013.):

“ივანიშვილის გარდა, ამ საქმეში ამერიკელები მხარს არავის დაუჭერდნენ. პარალელურად მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ამერიკელების დავალება _ ითამაშა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. იქნებ მისი წასვლა უკეთესიც იყოს. ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, მოსახლეობა ქვეყანაში მდგომარეობის მალე უკეთესობისკენ შეცვლის იმედით კიდევ ორიოდე წელიწადი ილუზიებში, მოლოდინის რეჟიმში იქნებოდა და ბოლოს უფრო მეტად იმედგაცრუებული აღმოჩნდებოდა. საქმე ისაა, რომ, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ უახლოეს წლებში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, მეტიც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება”.

*ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ის, რომ ხელისუფლება მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში აპირებს პენსიების გაზრდას 160 ლარამდე (10 ლარით), საქმეს ვერ უშველის, რადგან საარსებო მინიმუმი, საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბერში 160 ლარი იყო.

ვისი კომპეტენციაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა (“საქართველო და მსოფლიო”, #36(271), 8-14 ოქტომბერი, 2014.):

“ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რისი გაკეთებაც არ შეუძლია. საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შედის საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაში. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაბჟირდებიან, საქართველოს ხელმძღვანელობის რაიმე საგარეოპოლიტიკურ ინიციატივას რომ მოჰკრან ყური. ეროვნული ეკონომიკა არ გვაქვს, იგი განადგურდა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ხოლო ნარჩენებს სააკაშვილმა მოუღო ბოლო

როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი?

ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას.

როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო. მართალია, სააკაშვილის პერიოდში ამ ინსტრუქციაში დამატება შევიდა: “ჩვენ ავაშენებთ ისეთ აყვავებულ ქვეყანას, რომ აფხაზი და ოსი ძმები აქეთ შეგვეხვეწებიან, დაგვაბრუნეთ საქართველოს შემადგენლობაში”. ამ ბოდვას იმეორებს ამჟამინდელი მთავრობაც. სხვათა შორის, იგივე ინსტრუქცია ამერიკელებმა უკრაინის ხელისუფლებასაც გადასცეს. დღეს უკრაინის ხელმძღვანელობაც ერთხმად გაიძახის: ჩვენ ავაშენებთ ისეთ აყვავებულ ქვეყანას, რომ ყირიმელები აქეთ შეგვეხვეწებიან, დაგვაბრუნეთ უკრაინის შემადგენლობაშიო”…

*და მართლაც _ პროგრესი როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე სოციალურეკონომიკური კუთხით არ ჩანს. საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსიც და ეკონომიკის განვითარებაც დღესაც გარე ძალებზეა დამოკიდებული.

 (ნაწილი პირველი http://geworld.ge/View.php?ArtId=6317&lang=ge&Title=)

1 COMMENT

  1. გეოპოლიტიკური ანა-ბანას უბადლო მცოდნე,ბ-ნ ალექსანდრეს მსოფლმხედველობა, არ განისაზღვრება ერთი ქვეყნის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე. ბ-ნ ალექსანდრე გლობალური პოლიტიკით განიხილავს სიტუაციას, ის შემოქმედებითი მკვლევარია, ხელეწიფება დაუნდობელი კრიტიკა, მაგრამ პოზიტივსაც ხედავს!

  2. მე ძალიან მაინტერესებდა ამ კაცის აზრი რუსეთის მიერ ახაზეთის აღიარებაზე და ჩვენ, რუსებს შორის ურთერთობაზე და წაიღებს თუ არა თავის აღიარებას უკან ჩემი აზრით კი აღიარებას უკან არ წაიღებს , ა მე ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს გამთლიანების პროცესს ხელი შეუწყოს, მაშინ ის რეალურად განახორციელებს სამშვიდობო მისიას და მისცემს შესაძლებლობას დევნილებს დაბრუნდნენ, პირველ ეტაპზე გუმისთამდე, ხოლო შემდგომ რუსეთ საქართველოს საზღვრამდე. ასეთ შემთხვევაში ქართულენოვანი მოსახლეობა იქნება უმრავლესობაში, შესაძლებელი გახდება რეფერენდუმის ჩატარება, სადაც ცალმხრივად დადასტურდება ხალხის ნება, ერთიან, ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების შესახებ, რუსეთი ამ შემთხვევაში ცნობს ახალ რეალობას და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ტოვებს ნაღმს, რომლის მიხედვითაც მას ექნება საშუალება საჭიროების შემთხვევაში თქვას, რომ აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს არის, რათქმაუნდა ჩემი აზრით, ერთერთი, სამართლებრივი გზა აფხაზეთის დასაბრუნებლად, ხაზს უსვამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა მოისურვა ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირება. სხვა მხრივ, აღიარების პროცესს რუსეთი უკან არ წაიღებს

  3. ბატონი ალექსანდრე მაგრად აკლია ქართულ პოლიტიკას, როგორც შორსმჭვრეტელი და უზადო ანალიზების მქონე ინტელექტუალი. ის რომ ყოფილიყო ქვეყნის მართველი, დარწმუნებული ვარ, საქართველო ბევრ უბედურებას აირიდებდა და რაც მთავარია, დაშლას რომ გადაურჩებოდა ამაში 100% ვარ დარწმუნებული!!! ამიტომ ყოველგვარი პირფერობის გარეშე ვამბობ, რომ იგი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკას მანამ, სანამ კიდევ უფრო მეტად არ დაუშლიათ დღევანდელ ბო@@შვილ ქართველ პოლიტიკოსებს საქართველო.

  4. გეოპოლიტიკური ანა-ბანას უბადლო მცოდნე,ბ-ნ ალექსანდრეს მსოფლმხედველობა, არ განისაზღვრება ერთი ქვეყნის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე. ბ-ნ ალექსანდრე გლობალური პოლიტიკით განიხილავს სიტუაციას, ის შემოქმედებითი მკვლევარია, ხელეწიფება დაუნდობელი კრიტიკა, მაგრამ პოზიტივსაც ხედავს!-ქალბატონო ნელი გეთანხმებით!!! ქართულ პოლიტოლოგიაში თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს მეცნიერი,ეს გახლავთ ბატონი ალექსანდრე!

  5. ბატონი ალექსანრე ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად

    ერუდირებული ,ინტელიგენტი და საღად მოაზროვნე პიროვნება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოსო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here