სტალინის პიროვნებაზე, მის მოღვაწეობაზე ბევრი ნაწარმოები _ ლექსი, მოთხრობა, ისტორიული ნარკვევი თუ მემუარები დაიწერა. სტალინის სახის შექმნას მისი მოღვაწეობა, მის მიერ ნაკეთები საქმეები განაპირობებდა.
1921-53 წლებში, სტალინის სიცოცხლეში, აშენდა და მწყობრში ჩადგა სტალინის სახელობის ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატი, აგრეთვე, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, საქართველო გახდა მეტალურგიული, საავტომობილო, ხელსაწყოთა, ელექტროტექნიკური აპარატებისა და ავტომატიკის საშუალებათა მრეწველობის რესპუბლიკა, რომელიც აწარმოებდა თუჯს, ფოლადს, ნაგლინს, მილებს, კოქსს, მაგისტრალურ ელმავლებს, ურთულეს ლითონსაჭრელ ჩარხებს, ექსკავატორებს, ავტომანქანებს, ტრაქტორებს, მინერალურ სასუქებს და სხვ. საქართველოს სამრეწველო პროდუქციის ნომენკლატურაში დიდი ადგილი დაიკავა მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთა მშენებლობის პროდუქციის ახალმა სახეებმა. მანქანათმშენებელი ქარხნები ამზადებდნენ უნივერსალურ სახარატო-ხრახნმჭრელ ჩარხებს, სამთო-საშახტო მოწყობილობებს, მძიმე ავტომანქანებს, ექსკავატორებს, სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო მრეწველობის მანქანებსა და მოწყობილობებს, ჩაის საკრეფ და ვაზის ავტომატურად სამყნობ მანქანებს, ჰიდრომეტეოროლოგიურ აპარატურას და სხვ.
*საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ვრცელ სიაში იყო: უნივერსალური ჩარხები, ლითონი, მილები და ფეროშენადნობი, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, მარმარილო, ცემენტი, ანდეზიტი, სამედიცინო პრეპარატები, ღვინო და კონიაკი, ჩაი, მაკარონი, მურაბები, მინერალური წყლები და სხვ.
*60 000-ზე მეტ ჰექტარზე გაშენდა ვაზი, ხოლო ხეხილის ბაღების ფართობმა 110 000 ჰექტარს მიაღწია, ნათესი ფართობი კი 800 000 ჰექტარს აღემატებოდა.
*აშენდა და მწყობრში ჩადგა კულაშ–ღანირის, ლაში–მისაქციელის, რიონი–მაშველის, წილკნის, დოეს–გრაკლის, თეზი–ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორისა და სხვა სარწყავი სისტემები; ამოაშრეს და გამოსადეგი გახადეს 105 000 ჰექტარი დაჭაობებული მიწა.
*ამავე პერიოდში გაყვანილ იქნა ნატანები-მახარაძის, ცხაკაია-სოხუმი-ადლერის, გორი-სტალინინისა, ბროწეულა-გუმბრინის რკინიგზის ხაზები; დაიგო ფართო სალიანდაგო ხაზი ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე.
*1953 წელს რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლობდა 666 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 30 000-ზე მეტი _ მუშა–ახალგაზრდობის საღამოს სკოლებში. სკოლა–ინტერნატებში სწავლობდა 6 000-ზე მეტი ბავშვი.
* მოქმედებდა 20 სახალხო თეატრი და 2100-ზე მეტი თვითშემოქმედებითი კოლექტივი, რომელშიც გაერთიანებული იყო 46 000 კაცი.
*1953 წელს საქართველოში გამოდიოდა 126 დასახელების გაზეთი და 23 ჟურნალი, რომელთა საერთო ტირაჟი მილიონს აღემატებოდა რაოდენობით. მოქმედებდა 641 საავდმყოფო 26 261 საწოლით, კურორტებზე კი მშრომელთა მომსახურეობას ეწეოდა 87 სანატორიუმი, 36 დასასვენებელი სახლი და 13 პანსიონატი. გარდა ამისა, სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ევროპაში კვლავ არ გაჩნდებოდა ომის კერა, 1960 წელს საბჭოთა ადამიანს პური უფასოდ უნდა მიეღო.
ეს ყველაფერი სტალინურ ხუთწლედებში შეიქმნა.
პირველი ხუთწლედის მიღწევებით გაოცებულმა ინგლისური ბანკის _ “იუნაიტედ დომინიონის” თავმჯდომარემ გიფსონ ჯარვმა 1932 წლის ოქტომბერში განაცხადა:
“მინდა, განვმარტო, რომ არა ვარ კომუნისტი ან ბოლშევიკი, მე ვარ აშკარა კაპიტალისტი და ინდივიდუალისტი… რუსეთი წინ მიდის იმ დროს, როცა ჩვენი ბევრი ქარხანა უმოქმედოდ დგას, და დაახლოებით სამი მილიონი ჩვენი მოქალაქე სასოწარკვეთილი ეძებს სამუშაოს. ხუთწლედს დასცინოდნენ და მის ჩაშლას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხუთწლიანი გეგმის პირობებში გაკეთდა უფრო მეტი, ვიდრე დასახული იყო გეგმით. ყველა სამრეწველო ქალაქში, რომლებიც მე ვინახულე, გეგმის მიხედვით იქმნება ახალი რაიონები, ფართო ქუჩებით, რომლებიც გამწვანებულია ხეებითა და ბაღებით, დამშვენებულია ყველაზე უფრო თანამედროვე ტიპის სახლებით, სკოლებით, საავადმყოფოებით, მუშათა კლუბებით, აუცილებელი საბავშვო ბაგებითა და ბაღებით, სადაც ზრუნავენ მომუშავე დედების ბავშვებზე. ნუ ცდილობთ, არასაკმაოდ შეაფასოდ რუსეთის გეგმები და ნუ უშვებთ შეცდომებს იმ იმედით, რომ საბჭოთა მთავრობა შეიძლება დამარცხდეს. დღევანდელი რუსეთი არის მტკიცე სულისა და განსაცვიფრებელი აქტივობის ქვეყანა. მწამს, რომ რუსეთის მისწრაფებანი ჯანსაღია. შეიძლება, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ რუს ახალგაზრდებსა და მუშებს აქვთ ერთი რამ, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მოკლებულნი არიან კაპიტალისტურ ქვეყნებში, სახელდობრ _ იმედი”.
იმავე 1932 წელს ამერიკული ბურჟუაზიული ჟურნალი “ნეიშენი” წერდა: “რუსეთი იწყებს “მანქანებით აზროვნებას”, რუსეთი ხის საუკუნიდან სწრაფად შედის რკინის, ფოლადის, ბეტონისა და მოტორების საუკუნეში”.
ალბათ, ეს გამოთქმა ედო საფუძვლად უინსტონ ჩერჩილის მიერ 1959 წელს ლორდთა პალატაში წარმოთქმულ სიტყვას მიძღვნილს სტალინის 80 წლისადმი: “სტალინმა ჩაიბარა კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური ბომბით შეიარაღებული”.
სსრკ-ის ყველა გამარჯვებათა სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი სტალინი გახლდათ. სწორედ ამიტომ დაიდო მან უკიდეგანო ქვეყნის მრავალმილიონიან ხალხის გულებში ბინა. სწორედ ამიტომ განაცხადა 1966 წელს მოსკოვში ჩამოსულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა: “სტალინი წარსულში არ წასულა, ის მომავალში გაითქვიფა”.
თუკი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონი იდენს შეუძლია თქვას: “თუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რომ მზის სისტემაში შემავალი პლანეტები იწყებენ მოლაპარაკებას, რომელზეც თითოეული პლანეტა თითო კაცით უნდა იყოს წარმოდგენილი, დედამიწიდან ეს მისია სტალინს უნდა დაეკისროს!”, მაშინ რატომ არ შეიძლება, ქართველმა პოეტმა ან სახალხო მთქმელმა საქებარი სიტყვები მიუძღვნას თავისი მიწა-წყლის შვილს და თავისი ერის უბრწყინვალეს წარმომადგენელს მსოფლიოში?!
და უძღვნიდნენ კიდეც!
როგორც ქართულ მწერლობაში, ასევე ქართულ ხალხურ პოეზიაში თითქმის ერთნაირად არის წარმოდგენილი სტალინის პიროვნება, მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოსა და ხალხისადმი სიყვარული და ერთგულება. დღეს გთავაზობთ სტალინზე შექმნილი ქართული ხალხური პოეზიის მარგალიტებს, რომლებიც უდიდესი სიყვარულითა და სიამაყით არის წარმოთქმული და დაწერილი.
სიმღერა სტალინზე
იმ შენი მშობლის ჭირიმე,
ვინაც გიმღერა ნანაო,
ვინც თავის კალთით გაზარდა
ბელადი შენისთანაო.
შენ მოგვიპოვე ცხოვრება,
შექმენი ოქროს ხანაო,
თუ მტერმა რამე გაბედა
შენთვის მოვკვდებით თანაო!
გავაცამტვერეთ, ვინც იყო
ჩვენში ორგული, ფლიდია,
არტელში ძმობა შევფიცეთ _
შრომაში ერთად მიდიან.
ავიგეთ სკოლა, თეატრი
და მდინარეზე ხიდია,
დღეს ჩემი ოდის კედელი
სასახლესავით დიდია,
ოთახში ელნათური და
შენი სურათი ჰკიდია.
მშრომელი ხალხის იმედო
და მზეო ამომავალო,
თუ ფეხით დავეთრეოდი,
დღეს ავტობუსით დავალო!
როგორ გადიდო,
როგორ ვთქვა
შენის ადარი ლექსები …
რომ შოთა იყოს ცოცხალი,
უთუოდ დავესესხები.
მე სამოცი წლის კაცი ვარ,
თითქოს მიწია სიბერემ,
მაგრამ მე ისევ ჯანზე ვარ,
მეც მიპყრობს სიბედნიერე;
მე ვაჟკაცობას ეხლა ვგრძნობ,
მე ეხლა მერჩის გულიო,
შენზე ლექსებსაც ვიმღერი, _
დარჩება ჩემი თქმულიო.
მოვხუცდი, მაგრამ ეს გული
კვლავ გადამექცა ახალად,
აწი რომც მოვკვდე, არ ვჩივი,
რაკი მოვესწარ ამ ხანას,
გულით სიცოცხლეს გისურვებ
ბელადს, ბრძენსა და ამხანაგს!
სტალინურმა მზემ ფშავიც გაანათა. ჩარგალში ბელადის ბრძანებით უკვდავი ვაჟას სახლს–მუზეუმი გაიხსნა, გზა გაიყვანეს. ფშავი ელექტროენერგიამ გააკაშკაშა. ფშაველმაც მთიდან დასძახა:
შენს დაძახილზე,
ბელადო
გიმღერი ერწოს მთებიდან
ფშაველი ენაწყლიანი
ბანს მეუბნება იორიც,
მდინარე ჩანჩქრებიანი.
გიმღერენ ივრის ჭალებიც,
მთა–საბადური ტყიანი,
გიმღერენ უფსკრულს ჩასული
ხევები სალი კლდიანი.
ყოფილი მოჯამაგირე,
წარსულში განამწარები,
მზეზე შენ გამომიყვანე,
გეტრფი და გეთაყვანები.
მითქვამს და ვიტყვი:
_ ჩემფერთა
აღმზრდელო, გენაცვალები,
მინდა ყოველდღე გიმღერო,
რაც მაქვს ფიქრი და ძალები.
ამღერებულა ნიავი,
ტყის ფოთლებს
მოაშრიალებს,
იქ, სადაც მგელი ღმუოდა,
შრომის სიმღერა წკრიალებს,
ფშაური სისხლიც ადუღდა,
ჩვენი მთაც ჰქუხს
და გრიალებს,
შენს დაძახილზე, ბელადო,
ერთიც არ დაიგვიანებს!
კახელს კი სალამური მოუმარჯვებია და ალაზნის ნაპირებიდან ეხმიანება დიდ ბელადს, მარჯვენას უქებს და ემადლიერება კოლექტივის გაძლიერების გამო:
შენმა მარჯვენამ იცოცხლოს
ალაზნის პირას დაგხვდები,
მეც სალამურით ტკბილითა,
ღამე მოვა და დავწვები,
ვერ დავიძინებ ძილითა.
რამდენი ციხე გინახავს
კარჩაკეტილი რკინითა;
ციმბირის გზებიც გითელავს
გადალესილი წვიმითა.
ფოლადო, მტერზე ნაცადო,
შაგყვარებიხარ იმითა,
შენ დაგვიწესე ცხოვრება,
კანონი ეხლანდელია.
გამრავლდა კოლექტივები,
გლეხობას გაუხარია,
ხალხის მტერსა და დუშმანსა
გულზე ედება ალია.
შენმა მარჯვენამ იცოცხლოს,
ზედ რომ ნათელი ჰფენია,
რამდენი კარგი რამ უთქვამ,
რამდენი დაიწერია.
გაგმრავლებოდეს ერთგული,
ამოგწყვეტოდეს მტერია!
ქართველი კაცის უზადო ნიჭის, შეუდარებელი ალღოს, სინატიფისა და სიმშვენიერის სიმფონიაა ლექსი “სტალინი”.
სტალინი
არ მინდა ვოლგას გამსგავსო, _
მდორეა გაბლანტებული;
არც ამ ჩვენებურ არაგვსა, _
გიჟია, აქაფებული.
არც კლდე ხარ,
კაცის ურგები, _
სალია, უტარებელი.
იქნება ოკეანე ხარ,
ლაჟვარდით დამძიმებული;
ან ქარიშხალი, სპეროზას
კლდეებთან დაჭიდებული.
მაღალი მთების არწივო,
ცა მხრებით გაგიხევია,
გაგიკვეთია ღრუბლები,
მზე ქვეყნად დაგიბნევია.
მშრომელთა ბედის აკვანი
მზრუნველად დაგირწევია,
საბუდრად მილიონების
გულები აგირჩევია.
შენ ჩვენი აზრი, ფიქრი ხარ,
მიგვიძღვი, გულებს გვიალებ,
ჩვენი გრძნობა
და ცეცხლლი ხარ,
გულში იმედად ფრთხიალებ.
ჩვენი დროშა ხარ, მიიბრძვი
და კალთებს მიაშრიალებ,
თუ გზას გადავცდით,
დაგვიტევ
ძახილს არ დაგვიგვიანებ.
ჩვენი გული და გონება,
ჩვენი აზრების დენა ხარ;
უკუნეთ შუაღამეში
დილის მზის გამოჩენა ხარ.
ათასი წლისა მანძილის
ათ წუთში გამორბენა ხარ,
შენზე მღერიან მწყემსები:
ნეტავი თვალით გვენახა!
ქვემოთ მოყვანილ ლექსში კი სახალხო მთქმელი ავშარააწყვეტილი ბედაურით დაჰქრის სტროფებს შუა და აღაფრთოვანებს მკითხველს.
სიმღერა ბელადზე
რამდენი სხივი დაღვრილი
მზეს სამყაროში ჰქონია,
რამდენ გადაშლილ სივრცესა
ის სხივი ჩაუკონია,
რამდენი ღამე პირშავი
რიჟრაჟით გაქარწყლებულა,
რამდენი მნათი ვარსკვლავით
ცის თაღი გაბრწყინებულა;
თოვლის რამდენი ფანტელი
ზეცას ფარფატით მომწყდარა,
რამდენი სახელრქმეული
არსი ამ ქვეყნად ამდგარა;
ხეზე რამდენი ფოთოლი
შემოდგომაზე დაცვივდა,
რამდენჯერ დასაბამიდან
ქვეყნად გათბა და აცივდა, _
იმდენუი ლექსის სჭირია
დიდი ბელადის სარდლობას,
იმდენი ტკბილი სიმღერა,
იმდენი ხალხის მადლობა,
იმდენი ქება დიადი,
იმდენი შემოძახება,
იმდენი სამო ჰანგებით
საკრავთა ახმიანება;
იმდენი ვაშა–დიდება
კაცობრიობის დამსხნელსა,
იმდენი შარავანდედით
შემკობა სარდლის სახელსა;
იმდენი წიგნი ძლიერი,
დიდი სარდლობის მნუსხველი,
წიგნის დამწერად უთვლელი
ვაჟა, აკაკი, რუსთველი.
რამდენი სხივიდ დაღვრილი
მზეს სამყაროში ჰქონია,
რამდენ გადაშლილ სივრცესა
ის სხივი ჩაუკონია, _
იმდენ წელს, დიდო სარდალო,
ყოფნას მზიურსა გინატრებ,
იმდენ წელს შენი ქვეყანა
სხივჩაურობი ბრწყინავდეს!
აი, კიდევ ერთი ნიმუში იმისა, როგორ გასდის “ზათქი და ზრიალი” ლექსის სტროფებს, როდესაც ის მიზანში ხვდება:
სიმღერა სტალინზე
მთით მოვარდნილო ჩანჩქერო,
ნაჭედო სალი კლდითაო;
შენგან დათესილს მშრომელნი
დღეს ვიმღერით და ვმკითაო.
შენ, ხალხის ჭკუავ მაღალო
და სიბრძნევ დაუშრეტელო,
მიწის ამვსებო ბარაქით,
ხალხთა მზის გამომჭედელო,
მტრისთვის _
ჭექავ და ქუხილო,
მტრისთვის _
ზარო და ზანზარო,
ხალხთა ნუგეშო დიადო,
იმედო უზმაზარო!..
ამბობ და … რასაც კი ამბობ _
სიმღერაც არის, სიბრძნეცა;
წინასწარ ზომავ მომავალს,
შედეგსას სწვდები, მიზეზსაც.
იტყვი და _ ხალხის სიტყვა ხარ,
იფიქრებ _ ხალხის ნაქიქრი…
შენ გვყავდე
ხალხებს ნუგეშად,
მტერი? _ თუნდ
მოგვდგეს ათი მხრით,
შემოვიბერტყავთ ნისლივით,
ავგრიალდებით ქართულად,
რადგან შენ გვყევხარ
ხალხების
იმედად და სიხარულად! …
მტერი თუ ესპანეთს გვეძებს,
ან მაროკოში ვეგულვით,
თავიანთ კერებს
უფრთხილდნენ,
ჩვენ კერას ვყევართ
ერთგულნი!
ჩვენი გმირები, იცოდნენ,
მკერდით გვიდგანან
მცველებად,
მიხვდნენ: _ შენს
ნაჭედ ქვეყანას
გმირები არ დაელევა! …
გმირნი ვართ წიგნზე, კალამზე
დიდი სტალინის შვილები;
ახალ ქვეყანას ვაშენებთ
შენგან ნაზარდი წვრილები.
გმირნი ვართ მინდვრად,
ჰაერში, ზღვით _
ზღვამდე გაფენილები;
გმირნი ვართ
შენგან ნაწრთობი,
შენგანვე დაფრენილები!
ხევსურეთში გზის გაყვანით გახარებული მელექსე, ასე გამოხატავს თავის სიხარულს:
გვითხარი,
ჩვენო სარდალო
ყრილობა ჰქონდათ ხევსურთა,
იქ მასულიყო ბერია,
სულიაური თორღვაი
საუბარს ჩამოერია:
_ გვითხარი ჩვენო სარდალო,
ხევსურს თუ გავა გზანია?
თუ დავესწრებით იმ დღესა,
შუა გაიჭრას მთანია?
ძნელია უგზოდ ცხოვრება,
მოწყვეტა ქვეყნად ბრალია,
მთას ქედს უხრიან ხევბსურნი,
როგორც ბატონსა ყმანია.
ჩვენც შაგეწევით, სარდალო,
ოღონდ ხმა დასწვდეს
თქვენია,
ხევსურ ინჯინერ გივარგის
გზის პლანი შაუდგენია.
ერთი მამასწრო იმ დღესა,
რომ გადმაივლის გზანია,
მე შოფრათ დავჯდე
რულზედა,
მაშინით შავძრა მთანია.
“_ ხევსურნო! _
ამბობს სარდალი, _
ახლა მეც მინდა თქმანია,
გვეძახის გამარჯვებისკენ
თვით ჯიღაშვილის ხმანია:
“ხევსურეთ გზები გაიყვათ, _
სტალინმა დამაბარია, _
დააძმობილეთ ერთურთსა
მაღლა მთა, დაბლა ბარია”.
ვენაცვალები სტალინსა,
ჩვენი გუნების დარია,
კარგი ჰყოლია მოწაფეც,
უნარს უქებენ ძალიან.
სიტყვა და საქმე ერთი აქვს,
ჩვენი სისხლი და ძვალია,
მან დაგვამშვენა ხევსურნი
გამოგვიყვანა გზანია.
როგორც ქვემოთ მოყვანილი ლექსიდან ჩანს, ავტორი კოლმეურნეთა საკავშირო ყრილობის მონაწილე უნდა ყოფილიყო, რომელსაც შესვენების პერიოდში ქართულ დელეგაციასთან მისული სტალინი მიესალმა, და ამით აღფრთოვანებულმა ლექსი დაწერა.
სიტყვას უსმენენ
სტალინსა
კრემლში შეყრილან მწემსები,
სიტყვას უსმენენ სტალინსა…
შევხედე, სერგო ვიცანი,
თითქოს არ მჯერა თვალისა.
ბოლოს ის გადამეხვია,
ძმურად ჩამკოცნა ლოყასა;
ჩემსკენ დაიძრა ბელადი,
თან მეგობრები მოჰყავსა.
ქართულად გამარჯობა თქვა,
თან ამბავს მკითხავს მთისასა:
_ აღარ მღერიო, მთიელო,
სამშობლო ხევსურისასა?
_ მე როდი მქონდა სამშობლო,
ღატაკს პირ მიწა მეყარა,
ეხლა კი ყველაფერი მაქვს, _
მიწა, სამშობლო, ქვეყანა.
საცეცხლე წერტილში ჩამჯდარი მთიელი შესვენების დროს წერილს წერს მთაში დარჩენილ ოჯახს და ტოლ–ამხანაგებს:
ომის ლექსი
გამოდით, ყველამ ვიომოთ,
ბიჭებო, ჩვენი მხრისაო!
ვუჩვენოთ თავდამსხმელებსა,
რომ სისხლი გვიდგას
მთისაო.
ამ ლექსის გამომგონელი
ძელმიწურაში ზისაო,
გვერდს უდგას თავის
“მაქსიმა”,
თავზარდამცემი მტრისაო.
მოგესალმები, სამშობლოვ,
ქედებო ჩვენი მხრისაო,
ცივო წყაროო, ტრფიალო,
ნადენო ტინის კლდისაო.
ომში წასულებს ზურგს ქალები და მოხუცები უმაგრებდნენ, ისინი თავგამოდებულად მუშაობდნენ მესაქონლეობის ფერმებში, ბაღ–ვენახებში, თუ ველ–მინდვრებზე. მიუხედავად ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომისა ქვეყნად შრომა და აღმშენებლობა არ შეწყვეტილა, რადგან პატრიოტიზმი სუფევდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ზურგშიც.
აი, რას წერს ერთი მელექსე:
სიმღერა
მოხუცებული მწყემსი ვარ
მეძროხეობის ფერმისა,
ამცდა ის მწარე სიბერე
ბედშავი მამაჩემისა.
მწყემსად ვაბერებ
სიცოცხლეს
უენო სალამურზედა,
დავტკბები წიფლის გრილოში
დაყრილ ხბო _
ზაქის რულზედა.
მოვხუცდი,
მაგრამ არ ვტყდები,
კვლავ იმედი მაქვს თავისა,
სანამ არ გამძნელებია
მაღლა აწევა მკლავისა.
სიკვდილს არ ვნატრობ,
რათ მინდა,
ის თავისთავად მამნახავს,
ცოცხლად ხალხს
ვემსახურები,
მოვკვდები _
ხალხი დამმარხავს.
მე ვნატრობ ახალგაზრდობას,
ბრძოლით მტრის
გადალახვასა,
შრომის გმირული სახელით
დიდი სტალინის ნახვასა.
სტალინისადმი მიძღვნილი ეს ლექსები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უბრალო ადამიანების გულიდან ამონახეთქი სიტყვებია, ეს არის დამოკიდებულება სტალინისადმი, რომელმაც ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სწორედ ამ სიყვარულითა და პატივისცემით დაიწერა ეს და სხვა უამრავი ლექსი მსოფლიოს უდიდეს ადამიანზე და არა შეკვეთით და დაძალებით…
სტალინის სიბრძნემ და პირადმა მაგალითმა, საბჭოთა ხალხს შეუძლებელი შეაძლებინა. იმხანად საბჭოთა ხალხის ნაწილი ვიყავით ჩვენც _ ქართველები. ქართველი ხალხის გმირული წარსულის ჩანერგვა საბჭოელი ხალხების შეგნებაში, მხოლოდ და მხოლოდ სტალინის დამსახურებაა, მისი ნიჭისა და ეროვნულობის შედეგია, მისმა მკაცრმა, მაგრამ სამართლიანმა იდეოლოგიამ, ხალხებს სახელმწიფოებრიობის განცდა გაუჩინა და, თუ დღეს რუსეთის ფედერაცია ძლიერია, ეს სტალინური იდეოლოგიის ნარჩენია, რომელიც სტალინურმა კოჰორტამ შემოუნახა შთამომავლობას.
ომის შემდგომ შინ დაბრუნებული ტანკისტები ტრაქტორებს მართავდნენ და ხნავდნენ ხოდაბუნებს, არტილერისტები სეტყვის ღრუბლებს დარაჯობდნენ და იცავდნენ ხალხის დოვლათს, მესანგრეებს გაჰყავდათ სარწყავი არხები და კალაპოტს უცვლიდნენ მდინარეებს, ჯარისკაცები ხდებოდნენ გმირი მევენახეები, მეციტრუსეები, მესიმინდეები და მეთამბაქოები. ერთმანეთს ცვლიდა საბჭოთა კავშირის გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის საპატიო წოდებები. იქმნებოდა ფილმები, იწერებოდა ლექსები, მოთხრობები და რომანები მოწინავე ადამიანებზე. მწერალიცა და მისი გმირიც _ ორივე თანაბრად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის აღმშენებლობაში და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში…
გრიგოლ ონიანი
დიდი მადლობა ბატონო გრიშა ამდაგვარი ს
ტატიებისთვის, ბევრი თქვენი სტატია მაქვს წაკითხული და აღფრთოვანებულივარ თქვენი შემართებით დიდი სტალინის უკვავსაყოფად. მადლიერების გრძნობით გენერალ-მაიორი გიორგი კვინიკაძე.
აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო!!! ამ სიტყვების დამწერმა ყველაფერი თქვა უკვე!
22 თებერვალს ვუყურე კვარაცხელიას გადაცემას ობიექტივზე, სადაც ბრწყინვალედ გამოვიდა ამხანაგი გრიგოლ ონიანი!