1930-იან წლებში სტალინის მიერ განებივრებული “სულის ინჟინრები” აღაშფოთა სტალინისვე ბრძანებამ მწერლების ჰონორარების შემცირების თაობაზე. მათაც არ დააყოვნეს, შეადგინეს წერილი და გაუგზავნეს მთავრობას. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 1937 წლის 13 მაისს კრემლში სტალინთან მიიწვიეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე ფადაევი და მწერლები: ბორის გორბატოვი და კონსტანტინე სიმონოვი.
სხვა დროს მომღიმარი და თბილი მასპინძელი სტალინი სტუმრებს მოღუშული შეხვდა და მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა. ბელადი დუმდა. მის გვერდით მოლოტოვი და ჟდანოვი ისხდნენ. სტალინმა საქაღალდე გახსნა და ფურცელი ამოიღო.
_ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს, _ ხმამაღლა წაიკითხა და ჩუმად რაღაც დაუმატა, რაც სტუმრებმა ვერ გაიგონეს, _ მივიღე თქვენი წერილი, მოდით, ვილაპარაკოთ. თქვენ ითხოვთ, რომ განვიხილოთ ჰონორარების საკითხი, ჩვენ იგი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ.
_ და გადაწყვიტეთ არასწორად, _ შეეპასუხა ფადაევი, _ მწერლები ასრულებენ უზარმაზარ სამუშაოს, მათი შრომის ანაზღაურება კი მინიმალურია. ფადაევმა უამრავი შემთხვევა დაასახელა იმ მწერლების გმირული შრომისა, რომლებმაც შექმნეს ლიტერატურული შედევრები.
სტალინი გულისყურით უსმენდა მწერალს და, როდესაც ლაპარაკი დაასრულა, უთხრა:
_ ჩვენ დადებითად ვუყურებთ საკითხის გადახედვას. როდესაც ამ საკითხს ვიხილავდით, გვინდოდა, თავიდან აგვეცილებია ის მოვლენა, რომ მწერალი დაწერს ერთ კარგ წიგნს და თავს ანებებს მუშაობას. ერთი კარგი წიგნის დაწერით მან აიშენა კარგი სახლი, შეიძინა ავტომობილი და ცხოვრობს უზრუნველად. ჩვენ ფული არ გვენანება მწერლებისთვის, ამხანაგო ფადაევ, ჩვენ გვენანება ჩვენი ნიჭიერი მწერლები, რომლებიც ძალიან ადრე ეთიშებიან მწერლურ მოღვაწეობას. ვფიქრობ, შევქმნათ კატეგორიები: პირველი კატეგორია _ საუკეთესო ნაწარმოებებისთვის, მეორე _ კარგი ნაწარმოებებისთვის და ასევე იყოს მესამე და მეოთხე კატეგორია. რას იტყვით ამის თაობაზე?
მწერლებმა უთხრეს, რომ ეს ძალიან კარგი იქნება.
_ კეთილი. ეს საკითხი არ გადაწყდება წერილითა და დადგენილებით. გთავაზობთ, შევქმნათ კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე. შეხვდება მწერლებსა და შემოქმედებით კოლექტივებს და ჩამოაყალიბებს საერთო აზრს, რომელსაც, ალბათ, შემდგომ მუშაობაში გავითვალისწინებთ. ამხანაგო ჟდანოვ, როგორია თქვენი წინადადება კომისიის შექმნის თაობაზე?
_ მეც შევალ ამ კომისიის შემადგენლობაში, ამხანაგო სტალინ.
_ ძალიან მოკრძალებული წინადადებაა თქვენი მხრიდან, _ სიცილით უპასუხა სტალინმა, რასაც საერთო მხიარულება მოჰყვა. _ ჟდანოვის გარდა, კომისიაში უნდა ჩავრთოთ მწერლები, რომლებიც აქ იმყოფებიან.
_ ზვერევი, ამხანაგო სტალინ, როგორც ფინანსთა მინისტრი, _ წამოიძახა ფადაევმა.
_ ზვერევი სერიოზული ამხანაგია და, თუ თქვენი სურვილიც არის, ისიც ჩავრთოდ კომისიაში. და იცით, კიდევ ვინ ჩავრთოთ? _ მეხლისი, _ და გამომცდელად შეხედა მწერლებს, _ ის ყველას გაგყრით კომისიიდან.
სტალინის ამ ფრაზას სიცილი მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მუშაობაში ყველაზე აქტიურად მეხლისი მონაწილეობდა, ის ყველაზე თავგამოდებული დამცველი იყო მწერლების ინტერესებისა.
_ ბოლოსდაბოლოს, როგორ ჩამოყალიბდა კომისია? _ მიმართა ჟდანოვს სტალინმა. ჟდანოვმა ჩაიკითხა კომისიის შემადგენლობა, რომელიც სტალინმა მოიწონა და დაამტკიცა.
_ თქვენს წერილში მეორე საკითხად არის შეტანილი შტატების საკითხი, _ შენიშნა ჟდანოვმა, _ არადა, მწერალთა კავშირში შტატები ისედაც გაბერილია _ დღეს იქ, 70 კაცის ნაცვლად, 122 კაცი მუშაობს.
_ მათ ახლა დიდი მოცულობის სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი, ამიტომ შტატები უნდა გავუზარდოთ, _ განაცხადა სტალინმა.
_ როგორც უნდა იყოს, მწერალთა კავშირს უნდა შეუმცირდეს საშტატო ერთეულები, _ გაჯიუტდა ჟდანოვი.
_ მწერალთა კავშირს უნდა გავუზარდოთ შტატები. გვაქვს დარგები, რომლებშიც ბევრია საშტატო ერთეული და არის დარგები, რომელთაც აკლიათ. მწერალთა კავშირს შტატები უნდა გავუზარდოთ.
ამით სტალინმა საბოლოოდ დაასრულა მეორე საკითხზე საუბარი.
მესამე საკითხი მწერალთა საბინაო პირობების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ფადაევმა ფართოდ მიმოიხილა მდგომარეობა და სტალინს სრული წარმოდგენა შეუქმნა მწერალთა ყოფა-ცხოვრებაზე. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბელადმა ბრძანა, კომისიის შემადგენლობაში ჩაერთოდ “მოსსოვეტის” თავმჯდომარე და მასთან ერთად განეხილათ ეს საკითხიც.
_ მგონი, საკითხები ამოვწურეთ, არა? _ მიმართა მწერლებს სტალინმა. ფადაევი ძალზე უკმაყოფილო იყო, რომ ასე სწრაფად დასრულდა საკითხების განხილვა და სტალინთან ყოფნის დროც.
თუ თქვენ მეტი არაფერი გინდათ ჩვენგან, მე მაქვს ერთი შეკითხვა:
_ რა თემებს ამუშავებთ და რით არის დაკავებული ამჟამად ჩვენი მწერლობა?
ფადაევმა განაცხადა, რომ საბჭოთა მწერლობაში, ძირითადად, დომინირებს ომის თემა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროპაგანდა, აგრეთვე, მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის განვითარების საკითხები, თუმცა შემოქმედებით მივლინებაში მხოლოდ საშუალო რანგის მწერლები დადიან.
_ რატომ არ დადიან დიდი მწერლები შემოქმედებით მივლინებაში?
_ ძნელია მათი ადგილიდან დაძვრ, _ უპასუხა ფადაევმა.
_ წასვლა არ უნდათ? თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭირო არის კი ასეთი მივლინება? _ შეეკითხა სტალინი.
_ საჭირო როგორ არ არის, პირველ ხუთწლედში მარიეტა შაგინიანის მივლინებამ “ჰიდროცენტრალში” და ვალენტინ კატაევის მივლინებებმა მეტად საჭირო წიგნები მოგვცეს.
_ ტოლსტოი არ დადის მივლინებებში? _ იკითხა სტალინმა.
_ ტოლსტოი სწორედ იმ ხალხზე წერს და მუშაობს, რომელთა შორისაც ცხოვრობს, _ უპასუხა მწერალმა.
_ მიმაჩნია, რომ სერიოზული მწერალი, როდესაც ის სერიოზულად მუშაობს ნაწარმოებზე, თვითონ ჩათვლის საჭიროდ მივლინებაში წასვლას. როგორ, შოლოხოვი არ დადის მივლინებაში? _ წყნარად და გამომცდელად იკითხა სტალინმა.
_ ის სულ მივლინებაშია, _ უპასუხეს სტალინს.
_და არ სურს, იქიდან წამოვიდეს? _ იკითხა სტალინმა.
_ არა, არ სურს ქალაქში ჩამოსვლა, – იყო პასუხი.
_ რატომ, ქალაქის ეშინია? _ შეეკითხა სტალინი.
მცირე დუმილის შემდეგ ფადაევმა გადაწყვიტა, უფრო დაეკონკრეტებინა, რატომ არ დადიოდნენ მივლინებაში დიდი მწერლები და მაგალითისთვის კატაევი მოიყვანა:
_ კატაევი მუშაობს ახალ რომანზე, რომელიც იქნება გაგრძელება ნაწარმოებისა “ახლად ფრიალებს აფრა ეული” და დაკავშირებული იქნება ოდესასთან, მის ძირითად თემასთან.
_ ესე იგი, ის სერიოზულ თემაზე მუშაობს, არა?
_ ძალიან სერიოზულზე, _ უპასუხეს.
კვლავ დუმილი.
_ არის ასეთი თემა, _ განაგრძო სტალინმა, _ რომელიც ძალიან საჭირო და აუცილებელია, რომლითაც უნდა დაინტერესდეს საბჭოთა მწერლობა. ეს არის პატრიოტიზმის თემა. ჩვენში, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა პატრიოტული გრძნობები, თითქოს ჩვენ თავს ვუხრით საზღვარგარეთულ კულტურას, თითქოს ჩვენ არასრულწლოვანები და არასრულფასოვნები ვართ და აუცილებლად თავი უნდა დავხაროთ უცხოეთის წინაშე. ჩამორჩენილობის ეს განცდა რუს ხალხს პეტრე პირველის პერიოდიდან მოჰყვება.
პეტრეს კარგი აზრები ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ემორჩილებოდა გერმანულ აზროვნებას, სწორედ ეს იყო გერმანელების წინაშე ქედის მოხრის პერიოდი. შეხედეთ, როგორ მძიმედ სუნთქავდა და როგორ მძიმე პირობებში მუშაობდა, მაგალითად, ლომონოსოვი.
ჩვეულებრივი გლეხი არასოდეს დაიჩოქებს უცხოელის წინაშე და არც ქედს მოიხრის, ხოლო ინტელიგენციას, სამწუხაროდ, არ ჰყოფნის პატრიოტიზმი და იმის გაგება, რა როლს თამაშობს საბჭოთა კავშირი საერთაშორისო არენაზე და რა ადგილი უკავია მსოფლიოში. სამხედროებშიც იყო ასეთი ქედის მოხრა, მაგრამ ახლა გაცილებით ნაკლებია. ვისაც თავს უხრიდნენ, ისინი კუდამოძუებულები გაუშვეს. რით ვართ ჩვენ ვინმეზე ნაკლები?.. ზოგჯერ ასეც ხდება: კაცი აკეთებს უდიდეს საქმეს და თვითონ არ იცის, რას აკეთებს. ასეთი კაცი ქედს იხრის ვიღაც არამზადა უცხოელის წინაშე, რომელიც სამი თავით დაბლა დგას მასზე. უნდა ვებრძოლოთ ასეთ მავნე ჩვევას _ სულიერ თვითგანადგურებას ჩვენს ბევრ ინტელიგენტში.
სტალინმა განმარტა, საიდან უნდა დაწყებულიყო ამ მავნე ჩვევის წინააღმდეგ ბრძოლა:
_ უნდა მოვსპოთ თვითგანადგურების სურვილი, ამ თემაზე უნდა დაიწეროს ნაწარმოებები… ეს საჩქარო თემაა დრამატურგებისთვის, ასეთ ადამიანებს უნდა დავუპირისპიროთ საღი და ჯანმრთელი ადამიანები.
_ ყოფა ახალია, შეგნება კი _ ძველი, _ წარმოთქვა ჟდანოვმა.
_ შეგნება, _ ჩაიცინა სტალინმა, _ ყოველთვის ჩამორჩება, ის ძალიან გვიან მოდის.
სტალინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ ძირითად თემებს, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს მწერლობამ.
_ ჩვენ ვფიქრობთ, _ თქვა სტალინმა, _ მწერალთა კავშირმა უნდა გამოუშვას სულ სხვა სახის გაზეთი _ “ლიტერატურული გაზეთი”, ვიდრე მას ვუშვებდით დღემდე. მწერალთა კავშირმა თავისი ძალებით უნდა შეძლოს გამოშვება გაზეთისა, რომელიც გაბედულად და რეალურად აღწერს საერთაშორისო ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრებას, მიუკერძოებლად, მკაცრად, რასაც ვერ აკეთებს დღეს არსებული ვერც ერთი გაზეთი. ჩვენი გაზეთები, ასე თუ ისე, მაინც ოფიციალური გაზეთებია, “ლიტერატურული გაზეთი” კი მწერლების გაზეთია, რომელშიც შეგიძლიათ, წამოჭრათ ისეთი საკითხები, რომლებიც ჩვენ ან არ გვინდა ან არ შეგვიძლია, დავაყენოთ ოფიციალურად.
“ლიტერატურული გაზეთი”, როგორც არაოფიციალური გაზეთი, უნდა გამოირჩეოდეს საკითხის უმწვავესად დაყენებაში. ჩვენ შეიძლება, მკაცრად ვიმსჯელოთ თქვენ მიერ წამოწეული საკითხების არასახელმწიფოებრიობის გამო, მაგრამ ამის ნუ შეგეშინდებათ. თქვენ საქმიანი კრიტიკა უნდა განაგრძოთ.
უნდა გაგვიგოთ, რომ ყოველთვის არ შეგვიძლია გამოვთქვათ თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ თქვენ ასეთი საკითხი მთელი სიმწვავით უნდა დააყენოთ. ასეთი რამ პოლიტიკაში დასაშვებია. თქვენ თავისუფლად უნდა წეროთ ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაცის გარეშე. საერთაშორისო საკითხებში არ უნდა შეუთანხმდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ თქვენი გაზეთი, არც კი უნდა წაიკითხონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი საქმე აქვს, თქვენ კი თქვენი აკეთეთ.
_ ამხანაგო ფადაევ, რამდენია თქვენი გაზეთის ტირაჟი ამჟამად?
_ ორმოცდაათი ათასი, ამხანაგო სტალინ.
_ უნდა გავხადოთ იგი ათჯერ უფრო მეტი. რამდენჯერ გამოდიხართ თვეში?
_ თვეში _ ოთხჯერ, კვირაში _ ერთხელ, _ იყო პასუხი.
_ ახალი “ლიტერატურული გაზეთი” კვირაში ერთჯერ კი არა, ორჯერ უნდა გამოუშვათ, ესე იგი თვეში _ რვაჯერ. ამას უნდა კითხულობდეს ათჯერ უფრო მეტი მკითხველი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი ასეთი გაზეთის გამოშვებას მწერალთა კავშირი?
_ როგორმე შევძლებთ, _ უპასუხეს მწერლებმა.
_ როდის დაიწყებთ გაზეთის გამოშვებას?
_ ასეთი დიდი საქმის დაწყებას გარკვეული დრო სჭირდება. ალბათ, რამდენიმე თვე დაგვჭირდება და ვეცდებით, გაზეთი პირველი სექტემბრისთვის გამოვუშვათ, _ დაჰპირდა ფადაევი.
_ სწორია, მომზადება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ გაჭიანურებაც არ ვარგა. მომზადების პერიოდში თუ რამე დაგჭირდებათ, მოგვმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებით. იქნებ ერთად დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ, რომ თქვენ გქონდეთ დამოუკიდებელი სატელეგრაფო სააგენტო დამოუკიდებელი, არაოფიციალური ინფორმაციის მისაღებად.
სტალინმა, როგორც ხუთწლიანი გეგმები დაუსახა საბჭოთა ხალხს პრიორიტეტად და პასუხისმგებლობა დააკისრა ყველა საბჭოთა მოქალაქეს, უშიშრად გამოეთქვა თავისი თვალსაზრისი ქვეყნის აღმშენებლობაზე, ასევე შემოიღო ქვეყნაში კრიტიკა, თვითკრიტიკა და მოსახლეობაც ჩააბა ამ გამაჯანსაღებელ პროცესში.
მწერალი მაქსიმ გორკი პრინციპულად არ ეთანხმებოდა სტალინის მიერ პრესისთვის სრული თავისუფლების მიცემას, ემხილებინა ქვეყნაში არსებული ნაკლოვანებები, რადგან ეს, მისი აზრით, მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ საკითხზე სტალინი რამდენჯერმე ესაუბრა გორკის, მაგრამ მწერალმა მაინც გადაწყვიტა, ოფიციალური წერილით მიემართა სტალინისთვის. მაქსიმ გორკის სტალინმა წერილითვე უპასუხა და გამოაქვეყნა კიდეც გაზეთ “პრავდაში”.
აი, ეს წერილი მცირე შემოკლებით:
“ძვირფასო ალექსი მაქსიმეს ძევ!
დიდ ბოდიშს ვიხდი და გთხოვთ, ნუ გამლანძღავთ დაგვიანებული (მეტად დაგვიანებული!) პასუხისთვის. საშინლად ვარ დატვირთული. გარდა ამისა, ცოტა ავადაც ვიყავი. ეს, რა თქმა უნდა, ვერ გამამართლებს, მაგრამ ზოგიერთ რამეს ახსნის.
უკრიტიკოდ არ შეგვიძლია. არასგზით არ შეგვიშლია, ალექსი მაქსიმეს ძევ. უიმისოდ გარდაუვალია უძრაობა, აპარატის გახრწნა, ბიუროკრატიზმის ზრდა, მუშათა კლასის შემოქმედებითი თაოსნობის ჩაშლა. რა თქმა უნდა, თვითკრიტიკა მასალას აძლევს მტრებს. ამაში თქვენ მართალი ხართ. მაგრამ, იგივე იძლევა მასალას (და ბიძგს) ჩვენი წინსვლისთვის, მშრომელთა აღმშენებლობითი ენერგიის გამოყენებისთვის, შეჯიბრების განვითარებისთვის. დამკვრელი ბრიგადებისთვის და სხვ. უარყოფით მხარეს ანაზღაურებს და ჭარბად ანაზღაურებს დადებითი მხარე.
შესაძლოა, ჩვენი პრესა მეტად აზვიადებს ჩვენს ნაკლოვანებებს, ხოლო ზოგჯერ (უნებლიეთ) საქვეყნოდაც გამოაქვს ისინი. ეს, შესაძლოა, სარწმუნოც არის. და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ამიტომ მოითხოვთ, რომ ნაკლოვანებანი გავასწოროთ მიღწევებით. და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი ხართ. ამ ხარვეზებს ჩვენ აუცილებლად და დაუყონებლივ გამოვასწორებთ. შეგიძლიათ, არც დაეჭვდეთ.
თქვენ მართალი ხართ, რომ ჩვენში, ჩვენს პრესაში დიდი არეულ–დარეულობაა ანტირელიგიური პროპაგანდის საკითხებში. ზოგჯერ წარმოუდგენელ სისულელეებს სჩადიან, რაც ხელს უწყობს მტრებს. ამ დარგში უდიდესი მუშაობა გველის. მაგრამ მე ჯერ ვერ მოვასწარი მოლაპარაკება ანტირელიგიური პროპაგანდის დარგში მომუშავე ამხანაგებთან თქვენი წინადადებების შესახებ. ამაზე შემდეგ მოგწერთ.
მეტი არაფერი.
მაგრად გართმევთ ხელს და გისურვებთ ჯანმრთელობას”.
ნაკლოვანებების გამოაშკარავებისა და მათი გამოსწორების გზების ძიების ერთ-ერთი მაგალითია ტრიო სტალინ-ტიმოშენკო-კორნეიჩუკის მოქმედება გახურებული ომის პირობებში, როდესაც ბეწვზე ეკიდა, იქნებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი და სტალინი. 1942 წელს სტალინმა გაზეთ “პრავდას”, კონსპირაციულად, ხელნაწერის სახით ჩააბარა ალექსანდრე კორნეიჩუკის პიესა “ფრონტი”, რომელიც მისი უშუალო მითითებით დაიწერა. პიესაში სააშკარაოზე იყო გამოტანილი ომის ის მცდარი და ძველი ხერხები, რომლებითაც წითელი არმია ჰიტლერს ებრძოდა. გაზეთ “პრავდის” წაკითხვისთანავე, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სარდალმა ტიმოშენკომ დაშიფრული ტელეგრამა გაუგზავნა სტალინს:
“ეს პიესა დიდი ხნის განმავლობაში მოგვაყენებს ზიანს. ის უნდა აიკრძალოს. ავტორი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. დამნაშავეები უნდა გამოაშკარავდნენ.
მარშალი ტიმოშენკო. 1942 წელი 28 აგვისტო”.
სტალინმა იცოდა, რასაც წერდა და რასაც აკეთებდა, ამიტომ პასუხიც არ დააყოვნა.
“ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი,
მარშალ ტიმოშენკოს!
მივიღე თქვენი დეპეშა კორნეიჩუკის პიესა “ფრონტის “ შესახებ. პიესის შეფასებაში თქვენ სწორი არ ხართ. პიესას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ექნება საბჭოთა არმიისა და მისი მეთაურების შემადგენლობისთვის, პიესა სწორად აღნიშნავს წითელი არმიის ნაკლოვანებებს და სწორი არ იქნება ამ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა. ვაჟკაცობა უნდა გვეყოს ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მათი გამოსწორებისთვის ზომების მისაღებად, ესაა წითელი არმიის გაუმჯობესებისა და სრულყოფის ერთადერთი გზა”.
ი. სტალინი 1942 წელი 28 აგვისტო”.
კორნეიჩუკის პიესა “ფრონტში” წითელი არმიის ახალგაზრდა თაობა ებრძვის არმიაში რუტინას და გზას იკვლევს ახლისკენ, რითაც სტალინმა მსოფლიოს დაანახვა სწრაფად მზარდი საბჭოთა არმია. პიესაში მკაფიოდ ჩანდა კრიტიკა, რომელიც გზას უხსნიდა ნიჭსა და ახალგაზრდობას, რაც გამართლდა კიდეც ახლო მომავალში.
სტალინმა კატეგორიულად არ მიიღო მწერალ დემიან ბედნის კრიტიკა, რომელიც მან თავის ნაწარმოებებში გამოხატა. როგორებიცაა “ჩამოდი ღუმლიდან”, “დაუნდობლად” და “პერერვა” (1930 წელს მოსკოვთან ახლოს, კურსკის მიმართულებით მდებარე სარკინიგზო პლატფორმა პერერვასთან მოხდა კატასტროფა _ ერთმანეთს შეეჯახა ორი სამგზავრო მატარებელი, დაიღუპა 16 ადამიანი, დასახიჩრდა _ 47. ამ კატასტროფიდან მეორე დღეს დემიან ბედნიმ დაწერა ლექსი “პერერვა”, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა ქვეყანაში შექმნილი ვითარება).
სტალინმა მას წერილითვე უპასუხა:
“ამხ. დემიან ბედნის
(ნაწყვეტები წერილიდან)
თქვენი 8 დეკემბრის წერილი მივიღე, თქვენ, ალბათ, გესაჭიროებათ ჩემი პასუხი. რა გაეწყობა, ინებეთ.
…ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას თქვენ აფასებთ, როგორც “მარყუჟს”, როგორც იმის ნიშანს, რომ “დადგა ჩემი (ესე იგი თქვენი) კატასტროფის ჟამი”. რატომ, რის საფუძველზე? რა უნდა ეწოდოს კომუნისტს, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩაუფიქრდეს ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილების არსს და გამოასწოროს თავისი შეცდომები, ავად უწოდებს ამ გადაწყვეტილებას “მარყუჟს”?
მრავალჯერ შეუქიხართ ცენტრალურ კომიტეტს, როდესაც საჭირო იყო თქვენი შექება, მრავალჯერ დაუცვიხართ ცენტრალურ კომიტეტს (არცთუ მიუკერძოებლად!) ჩვენს პარტიაში მყოფი ცალკეული ჯგუფებისა და ამხანაგების თავდასხმებისგან. ათობით პოეტი და მწერალი დაუტუქსავს ცენტრალურ კომიტეტს, როდესაც ისინი ცალკეულ შეცდომებს სჩადიოდნენ. ყოველივე ეს თქვენ ნორმალურად და გასაგებად მიგაჩნდათ. ხოლო, როდესაც ცენტრალური კომიტეტი იძულებული შეიქნა, გაეკრიტიკებინა თქვენი შეცდომები, უცებ ბუზღუნი დაიწყეთ და მორთეთ ყვირილი “მარყუჟის” შესახებ. რის საფუძველზე? იქნებ, ცენტრალურ კომიტეტს უფლება არ აქვს, გააკრიტიკოს თქვენი შეცდომები? იქნებ, ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის თქვენთვის? იქნებ თქვენი ლექსები ყოველგვარ კრიტიკაზე მაღლა დგას? არ მიგაჩნიათ, რომ თქვენ დაავადებული ხართ ერთგვარი უსიამოვნო სენით, რომელსაც “ამპარტავნობა” ეწოდება? მეტი თავმდაბლობა, ამხანაგო დემიან!
რაშია თქვენი შეცდომების არსი? ეს არსი მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ცხოვრებისა და ყოფის ნაკლოვანებათა კრიტიკამ, აუცილებელმა და საჭირო კრიტიკამ, რომელსაც თქვენ თავიდანვე საკმაოდ მარჯვედ და უნარიანად ეწეოდით, ზომაზე მეტად გაგიტაცათ და ეს გატაცება თქვენს ნაწარმოებებში გადაიზარდა ცილისწამებად საბჭოთა კავშირის, მისი წარსულის, მისი აწმყოს წინააღმდეგ…
მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირით, რომ რუსეთი წარსულში სისაძაგლისა და სივერანის ჭურჭელს წარმოადგენდა, რომ ახლანდელი რუსეთი სულ ერთიანად “პრერვაა”, რომ “სიზარმაცე” და მისწრაფება “ღუმელზე ჯდომისკენ” თითქმის ეროვნული თვისებაა რუსებისა საერთოდ, მაშასადამე _ რუსი მუშებისაც, რომლებიც, მოახდინეს რა ოქტომბრის რევოლუცია, რა თქმა უნდა, ისევ რუსებად დარჩნენ და ამას თქვენ ბოლშევიკურ კრიტიკას უწოდებთ! არა, დიდად პატივცემულო ამხ. დემიან, ეს ბოლშევიკური კრიტიკა როდია, ეს ცილისწამებაა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
და ამის შემდეგ თქვენ გინდათ, რომ ცენტრალური კომიტეტი დუმდეს! ვინ გგონიათ თქვენ ჩვენი ცენტრალური კომიტეტი?
და თქვენ გინდათ, მე ვდუმდე იმის გამო, რომ თქვენ, თურმე, “ბიოგრაფიულ სინაზეს” განიცდით ჩემდამი! რა გულუბრყვილო ხართ და რა ნაკლებად იცნობთ სტალინს.
ამაშია არსი და არა ფუჭ ლამენტაციებში (ორატორული ხელოვნების ხერხი ანტიკურ რიტორიკაში _ გრ. ონიანი) დამფრთხალი ინტელიგენტისა, რომელიც შეშინებული ლაყბობს იმაზე, რომ ვითომ სურთ, “გარიყონ” დემიანი, რომ დემიანის ნაწერებს “აღარ დაბეჭდავენ” და ასე შემდეგ.
ი. სტალინი, 1930 წელი 12 დეკემბერი”.
სტალინმა იცოდა, როგორ უნდა აეშენებინა სრულიად ახალი სახელმწიფო. ის ამ სახელმწიფოს არა მხოლოდ არქიტექტორი, არამედ მისი უპირველესი კონსტრუქტორი და კირითხუროც გახლდათ, რომელიც საძირკველში დებდა იდეურ ლოდებს, რომლებზე აშენებული კედლებიც შეიძლება დანგრეულიყო, მაგრამ მის ჩაყრილ საძირკველს მომავალი თაობები გამოიყენებდა.
აკი ალექსანდრა კოლონტაისაც ეს არ უთხრა?
“…როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, გავა დრო და მომავალი თაობების მზერა მიმართული იქნება ჩვენი სოციალისტური სამშობლოს გამარჯვებებისკენ. ყოველ წელს მოვა ახალი თაობა, ისინი აიტაცებენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშას და ჩვენ საკადრისს მოგვაგებენ, თავიანთ მომავალს ისინი ჩვენს წარსულზე დააფუძნებენ”.
გრიგოლ ონიანი