Home რუბრიკები საზოგადოება ლუის რობერტსონი: სააკაშვილი ზედამხედველობდა ციხეში წამებას და მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას

ლუის რობერტსონი: სააკაშვილი ზედამხედველობდა ციხეში წამებას და მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას

592

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუის რობერტსონი სენატორების _ ჯეიმს რიშის, ჯინ შაჰინის, მარკო რუბიოსა და ჯონ მაკკეინის  წერილის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს.


წერილში  სათაურით “რატომ უჭერენ მხარს აშშ-ის სენატორები ტირანს?” რობერტსონი მიხეილ სააკაშვილის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მასალაში არაფერია ნათქვამი სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ტელეკომპანია “იმედის” დარბევის თაობაზე.

ლუის რობერტსონს, რომელიც “იმედს” რუპერტ მერდოკის კორპორაცია News Corp-ის  დავალებით ხელმძღვანელობდა, მიაჩნია, რომ  ტელევიზიის დარბევის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. იგი 7 ნოემბერს “იმედში” შექმნილ სიტუაციას დეტალურად აღწერს და აცხადებს, რომ შვიდი წლის განმავლობაში ამ დანაშაულზე პასუხი არავის მოეკითხა.

ჩემს კოლეგებთან ერთად მეც ტელევიზიის შენობაში ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ის გაავერანეს სააკაშვილის ზონდერებმა, რომლებიც პარალელურად არბევდნენ ხელისუფლების მოქმედების გასაპროტესტებლად გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას თბილისის ცენტრში. სახეზე ნიღბები ეკეთათ, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა, ხელში კი ეკავათ აკ-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩვენი რვათვენახევრის ორსული თანამშრომლის მუცელზე ჰქონდათ მიშვერილი. ის კი ჩანასახის პოზაში მოკუნტულიყო და ასე ცდილობდა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის დაცვას.

მე ვხედავდი, როგორ უმიზნებდნენ თავში ძირს დაგდებულ და მოკრუნჩხულ ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელსაც ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული იმის იმედით, რომ თავში არ ესროდნენ. მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს და დააზიანეს თანამშრომელთა კომპიუტერები. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონზე ნაკლებია, მხოლოდ ერთ ადამიანსპრეზიდენტ სააკაშვილს, ჰქონდა ძალაუფლება, გაეცა ასეთი დარბევის ბრძანება”, _ წერს ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

“სენატორები მაკკეინი, შაჰინი, რუბიო და რიში, ალბათ, დააბრმავა სააკაშვილის უკომპრომისო რიტორიკამ პუტინის წინააღმდეგ. მათ გამოეპარათ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა სერიული დამრღვევი იყო, რომელიც ზედამხედველობდა ციხეში სისტემატურ წამებას და მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას,” _ წერს ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

წერილის ბოლოს ლუის რობერტსონი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს  სასამართლო სათანადოდ შეაფასებს.

ახალ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი გაქცეულია და ემალება ქართულ პოლიციას. ეს კი მაძლევს იმედს, რომ ის, რაც დატრიალდა ნოემბრის იმ დღეს, სათანადოდ შეფასდება სასამართლოში და სამართალი უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის, ვინც გადავიტანეთ ის საშინელი დღე და ღამე. იმედია, რომ დღეს, როცა სააკაშვილი სამართალში მისცეს, ეს სენატორები გადახედავენ თავიანთ პოზიციას მასზე. ჩვენმა ლიდერებმა უნდა გაავრცელონ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტირანული ქცევა, თუნდაც .. მოკავშირეებისაგან”, _ აღნიშნავს რობერტსონი.

 

1 COMMENT

  1. როდისღა უნდა მოეკითხოთ დამნაშავეებს, ტელეკომპანიის დარბევა კი არა, მეზობელს რომ შევაგინო, ლამის სამუდამოს მომისჯიან, ამათ კი უნდა შერჩეთ?!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here