მთავარი საზოგადოება რატომ “გაიქცა” ქვეყნიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

რატომ “გაიქცა” ქვეყნიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

34773
გააზიარეთ

პატივცემულო მკითხველო, ვიცი, რომ მძიმე სათაურია, ამიტომ აქვე განვმარტავ, რომ აკადემიკოსი ალბერტ (ალეკო) თავხელიძე, ქვეყნიდან კი არ გაქცეულა, არამედ, როგორც გონიერი და კრისტალივით სუფთა კაცი, ძალადობაზე დამყარებულ იმ უსამართლობას გაეცალა, რომელიც სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან დაამყარა ქვეყანაში.


სანამ სათქმელზე გადავიდოდე, ახალ თაობას შევახსენებ (გავაგებინებ), ვინ იყო ალბერტ თავხელიძე _ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი-ფიზიკოსი.

უწინარეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ეს დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სპეციალობით “თეორიული ფიზიკა” კურსდამთავრებულია. მეცნიერებაში მის მიერ განვლილი გზა სწორედ დედაუნივერსიტეტიდან იწყება. ამ გზის უმნიშვნელოვანესი ეტაპებია:

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დაარსება, რომლის პირველი დირექტორიც იგი იყო; ანდრია რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში თეორიული ფიზიკის განყოფილების გახსნა, რომელსაც 2005 წლამდე სათავეში ედგა; იყო მისი ინიციატივით თსუში დაარსებული მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ამავე ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოში პაგოუშის მოძრაობის ჯგუფის ხელმძღვანელი; მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის საქართველოს განყოფილების დირექტორი; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი სათავეში ჩაუდგა მისი იდეის საფუძველზე შექმნილნაწილაკების ფიზიკისა და კოსმოლოგიისკათედრას; თავმჯდომარეობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისმყარი სხეულის რადიაციული ფიზიკისპრობლემის სამეცნიერო საბჭოს.

1967 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტად, 1974 წელს _ ნამდვილ წევრად; 1984 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, 1990 წლიდან _ ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).

1986-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახლდათ.

მის კალამს ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც ციტირების მაღალი ინდექსით ხასიათდება, ავტორია ფუნდამენტური ნაშრომების კვანტურ ფიზიკაში, მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ელემენტარული ნაწილაკების თეორიაში და ა. შ.

უამრავი ჯილდოსა და უმაღლესი რანგის პრემიების მფლობელია, ბევრი სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლის საპატიო პროფესორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. და ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ალბერტ თავხელიძის მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილია.

აი, ეს მამულიშვილი აიძულეს, დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა კი სათქმელს დავუბრუნდები.

ზოგიერთი შეიძლება დღესაც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ რეპრესირებული მოხელეების უმრავლესობა კრიმინალი იყო. ეს საფუძველშივე მცდარი წარმოდგენაა: ბევრი ჩვენგანი სააკაშვილის პირადი განკარგულებით იმიტომ დააპატიმრეს, რომ ცნობილი და საზოგადოებისთვის მისაბაძი ადამიანები ვიყავით. ჩვენი დაპატიმრებით მან საზოგადოებაში შიში და მორჩილება დანერგა, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა და, ყველა ბოროტებასთან ერთად, ქართული მეცნიერების ნგრევას შეუდგა. მან და მისმა ხროვამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა.

მე რექტორად ვმუშაობდი საბჭოთა პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. მაშინ შეიქმნა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებული ორგანო იყო. რექტორებს საშუალება მოგვეცა, სისტემატური კონტაქტი გვქონოდა ქვეყნის პირველ პირთან და ოპერატიულად, შესაძლებლობის ფარგლებში მოგვეგვარებინა ჩვენი პრობლემები. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და მის პრეზიდენტ ალეკო თავხელიძესთან.

ერთხელ საზოგადოება “თბილისელის” სხდომიდან რამდენიმე რექტორმა მეცნიერებათა აკადემიაში შევიარეთ.

პრეზიდენტის კაბინეტში ცნობილი მეცნიერები _ რეზო სალუქვაძე, ნოდარ ამაღლობელი და მინდია სალუქვაძე სათათბირო მაგიდასთან ისხდნენ. კარგ დროს მოხვედითო, _ გვითხრა ალეკო თავხელიძემ და მაგიდასთან მიგვიწვია.

საუბარი ქართული მეცნიერებისა და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებს ეხებოდა. ბატონმა ალეკომ გვითხრა, რომ ამ საკითხებზე საინტერესო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და მთავარი აქცენტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

ედუარდ შევარდნაძეს თავხელიძისთვის უთხოვია, რომ იმ მწირი დაფინანსებით, რომლის გამოყოფაც ქვეყნის ბიუჯეტს იმ ხანად შეეძლო, როგორმე შეენარჩუნებინა აკადემიის ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამეცნიერო პოტენციალი.

_ 2000 წლისთვის საქართველოში შემოვა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანი გრანტი, 2005 წლისთვის კი ქვეყანა მიიღებს მილიარდიან დაფინანსებას, რომლიდანაც მნიშვნელოვანი თანხა განათლებისა და მეცნიერებისთვისაც გამოიყოფაო, _ დაპირებია პრეზიდენტი.

2002 წელს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, ჩავედით აგრარიკოსი მეცნიერების 6-კაციანი ჯგუფი, წარვადგინეთ სერიოზული პროექტები და რამდენიმე თვეში მივიღეთ კიდეც დაფინანსება _ მებაღე-მევენახეობის კვლევითმა ინსტიტუტმა 1,5 მილიონი, ხოლო აგრარულმა უნივერსიტეტმა 250 ათასი დოლარი. ჩემი რექტორობის დროს აგრარულ უნივერსიტეტში გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ კომპიუტერული ცენტრის, ღვინის მუზეუმისა და ვაზის უნიკალური ჯიშების საკოლექციო ნაკვეთის მოწესრიგება მოვასწარით.

უცნობია, რა ბედი ეწია მსოფლიო ბანკის მიერ 2005 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას. ყოველ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომლის  პრეზიდენტიც იმ დროს ვიყავი, და მასში შემავალ კვლევით ინსტიტუტებს, იმ თანხიდან რომ არაფერი მიგვიღია, შემიძლია, დავადასტურო.

ბატონი თავხელიძე და რექტორები შევეცადეთ, საქმიანი ურთიერთობა გაგვეგრძელებინა სააკაშვილის ხელიუფლებასთანაც, მაგრამ არც მასთან და არც მის მინისტრებთან კონტაქტი არ გამოგვივიდა _ ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი მთავრობის წევრების კაბინეტების კარები ჩვენთვის დახურული აღმოჩნდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სააკაშვილს საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი უკვე “ჩარეცხილი” ჰყავდა…

სააკაშვილმა ერთიმეორის მიყოლებით დახურა მსოფლიოში აღიარებული აკადემიური ინსტიტუტები, მეცნიერები ქუჩაში გაყარა, გაყიდა ან გაასაჩუქრა შენობები და ქონება, გააუქმა სამეცნიერო წოდებებისა და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები, სალანძღავი გახადა აკადემიკოსობა, პროფესორობა და, საერთოდ, _ სიტყვა მეცნიერი. არნახული ცინიზმი იყო ის, რომ პროფესორის ანაზღაურება, მეეზოვის ანაზღაურებაზე უფრო დაბალი იყო და ამით ხელისუფლება ამაყობდა კიდეც

ალეკო თავხელიძე იმთავითვე მიხვდა თუ რატომ ანგრევდა სააკაშვილი ახალი ქვეყნის შენება-განმტკიცების საფუძველთა-საფუძველს _ ქართულ მეცნიერებას. ხელისუფლებაში მოსულ “ვარდოსნებს”  ხომ ქართველი ერის გენოციდი ჰქონდათ “დავალებული” და ამ დავალების შესრულებაში მათ ქართული საზოგადოების ინტელექტუალური წარმომადგენლობა _ მეცნიერებათა აკადემიები, უნივერსიტეტები, შემოქმედებითი კავშირები, თეატრები და, საერთოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები უშლიდა ხელს, რადგან მათში სწორედ ერის გამორჩეული ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი.

2004 წლის მარტის ბოლოს ბატონმა ალეკომ თავის აგარაკზე მისვლა მთხოვა. მივედი. ანთებულ ბუხართან ჩაფიქრებული იჯდა. ვიცოდი მისი ხასიათი _ საჭირო თემებზე თვითონ იწყებდა საუბარს, მეც ამის მოლოდინში ვიყავი… მაგრამ ამჯერად შეკითხვით მომმართა _ ვიცნობდი თუ არა პრეზიდენტის დედას _ გიული ალასანიას?

_ კი ვიცნობ, შევხვედრივარ მამამისის _ გივი ალასანიას სახლში და რამდენიმეჯერ ჩემთანაც იყო უნივერსიტეტში.

_ ეს, ალბათ, მაშინ, თქვენგან სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი რომ მოითხოვა თურქულ-ქართული უნივერსიტეტისთვის?

_ დიახ, ამასთან დაკავშირებით მან ზურაბ ჟვანიას სარეკომენდაციო წერილიც მომიტანა, _ ვუპასუხე.

_ ამბობენ, რომ იგი კარგი თურქოლოგია, _ ჩაილაპარაკა თავხელიძემ.

გიული ალასანიას, როგორც მეცნიერს, არ ვიცნობდი და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც თავხელიძეს.

_ როგორც მითხრეს, მას არც ჩვენი ისტორიკოსები იცნობენ, მიპასუხა მან.

მივხვდი, რომ თავხელიძე პრეზიდენტის დედას შემთხვევით არ ახსენებდა.

_ რა ხდება, იცი?! შეიძლება ადამიანს დაეხმარო საკანდიდატო დისერტაციის დაცვაში, არც ისაა დიდი ცოდვა, რომ ხელი შეუწყო სადოქტორო დისერტაციის მომზადებაში, მაგრამ აკადემიკოსი ადამიანი თვითონ უნდა გახდეს, _ თქვა მან.

მივხვდი, რა თავსატეხიც გასჩენოდა აკადემიის პრეზიდენტს: მან იცის, რომ ახალ ხელისუფლებას მეცნიერების ნგრევის პროცესი დაწყებული აქვს. ამ დროს მას “მაშველ რგოლს” აწვდიან. “ვიღაცა” ეუბნება, რომ კარგი იქნება, თუ აკადემიაში რამდენიმე ავტორიტეტულ ადამიანს აირჩევენ და, როგორც ჩანს, მაშინ ახსენეს პრეზიდენტის დედის სახელიც.

_ იქნებ, ჩაყოლა ჯობია? _ ფრთხილად შევაპარე.

_ სხვებიც მაგას მეუბნებიან, მაგრამ, თუ ერთხელ დავთმეთ, მერე ესენი აღარ მოგვეშვებიან და აკადემიას ბალაგანად გადააქცევენ, _ მიპასუხა ბატონმა ალეკომ.

იგი მართალი იყო, იმ დროს სახელდახელოდ შემოღებული ერთსაფეხურიანი, გამარტივებული წესი ე. წ. აკადემიური დოქტორის ხარისხის მისანიჭებლად აშკარად ადასტურებდა, რომ ისინი თანმიმდევრულად აბითურებდნენ ქართულ მეცნიერებას.

მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა, რომ თავხელიძე სულითა და ხორცით მეცნიერი იყო, რომ მისთვის მეცნიერება დასაქმება და კარიერა კი არ იყო, არამედ საქმის კეთება, რომ არ დაუშვებდა მეცნიერების დაბინძურებას. უჭირდა უაზრო მოხსენებების მოსმენა, ერიდებოდა პარტიულ და სხვა შეკრებებს, მიაჩნდა, რომ ეს ყოველივე დროის ფლანგვა იყო.

არც დიდი ღრეობები მოსწონდა, მისთვის მისაღები 4-5-კაციანი სუფრა იყო, ასეთ წრეში უფრო იხსნებოდა. აფასებდა დახვეწილ იუმორს, მოსწონდა კარგად წაკითხული ლექსი, სიმღერა, თავადაც კარგად მღეროდა. პატივს სცემდა ოჯახურ წვეულებებს და თვითონაც გვიწვევდა საკუთარ ოჯახში. მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არც ჩაცმას აქცევდა, რაზეც წუხდა ხოლმე მისი უსათნოესი მეუღლე _ მაია მეუნარგია.

ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო ერთი კურიოზიც: აკადემიის წინ ვიდექით, მას, როგორც ყოველთვის, ძველი მოკლე ქურთუკი ეცვა და ძველი კეპი ეხურა. ამ დროს უკრაინაში მოღვაწე ერთმა ჩემმა ნაცნობმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და მოგვესალმა. მე ბატონი ალეკო გავაცანი… საღამოს ის ჩემი ნაცნობი ტელეფონით შემეხმიანა და იუმორი შემიქო _ ვერ წარმოიდგინა, რომ იმგვარად ჩაცმული კაცი შეიძლება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ყოფილიყო. ბატონმა ალეკომ, ამის შესახებ რომ ვუთხარი, ბევრი იცინა: ამაზე არ მიფიქრიაო. შემდგომში ცდილობდა, კოპწიად ჩაეცვა.

ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხე პრეზიდენტი _ გულწრფელი, მართალი, დიდი ფიზიკოსი, ასეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდითმაშ, რა მოხდა? თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული კაცი რატომ გაიქცა საქართველოდან?

ათი წელი ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ის სიმართლე, რომელიც მე ვიცი, ვყოყმანობდი. მეგობრებსაც დავეკითხე და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა.

სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მთავრობის სპეციალური განკარგულებით მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია აკადემქალაქის ასაშენებლად. მაშინ ეს ადგილები დაუსახლებელი იყო. ჯერ კიდევ ნიკო მუსხელიშვილის პრეზიდენტობის დროს ერთი კორპუსი მტკვრის მხარეს აშენდა კიდეც… შემდეგ მშენებლობები უსახსრობის გამო შეჩერდა, თუმცა აკადემია ტერიტორიას მაინც ინარჩუნებდა.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ქაოტური და უკონტროლო სიტუაციაც კარგად გვახსოვს, ისიც, თუ რა დამართეს ქვეყანას ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილმა უვიცმა ჩინოვნიკებმა. საქართველოში ჩამოსულმა ედუარდ შევარდნაძემ აკადემიაში მისვლის დროს “აკადემქალაქის” პროექტი მოიკითხა და შეწუხდა, რომ მწირი ბიუჯეტით ამ პროექტის განხორციელებას ქვეყანა ვერ შეძლებდა. აკადემიის ხელმძღვანელებს მან პროექტის დაკონსერვება შესთავაზა.

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ დროთა განმავლობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის პრესტიჟულ უბნად ჩამოყალიბდა, დაიწყო მისი დატაცების პროცესი, კაპიტალურმა მშენებლობებმაც მასობრივი სახე მიიღო. ბატონი ალეკო ხვდებოდა, რომ სიტუაციის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა, ამიტომ შესაბამისი წერილით მიმართა ხელისუფლებას, მაგრამ დაინტერესებულმა სამთავრობო სტრუქტურებმა საქმე სპეციალურად აურდაურიეს; თუ რატომ, ამასაც კარგად აცნობიერებდა აკადემიის პრეზიდენტი. მოგვიანებით მთავრობამ აკადემიას მიწების ნაწილი ჩამოართვა.

ცხადი იყო, რომ ამ პროცესებს ვიღაცის “ძლიერი ხელი” მართავდა. სიტუაციამ პიკს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია. ბატონმა ალეკომ  რამდენიმეჯერ სცადა სააკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ამაოდ. იგი არც განათლების მინისტრმა ლომაიამ მიიღო და მოადგილესთან გადაამისამართა. ცხადია, თავხელიძე აცნობიერებდა, რომ ასეთ სიტუაციას ხელოვნურად ქმნიდნენ, რათა აკადემქალაქის ტერიტორიას დაპატრონებოდნენ და მისი, როგორც აკადემიის პრეზიდენტის, დისკრედიტაციაც მოეხდინათ. მან ამის შესახებ ვიწრო წრეში ისაუბრა კიდეც, თუმცა მაშინ ვერც წარმოვიდგენდით სიბინძურის იმ მასშტაბებს, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ჩაფიქრებული.

მისმა სამეგობრომ შეიტყო, რომ პროკურატურისთვის დაევალებინათ, თავხელიძეზე საქმის “შეკერვა”. მაგრამ ვფიქრობდით, რომ მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერს ასეთ უნამუსობას ვერ აკადრებდნენ. მწარედ მოვტყუვდით.

არც თავხელიძე ელოდა ასეთ პროვოკაციას. პირველად იგი მაშინ შეშფოთდა, როცა გაზეთმა “ქრონიკამ” ჩემზე შეკვეთილი წერილი გამოაქვეყნა. მკითხველს შევახსენებ: ეს ის პერიოდია, როცა ტელედაპატიმრებებმა მასობრივი ხასიათი მიიღო და მაღალი რანგის მოხელეებს პირდაპირ ქუჩაში აკავებდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბატონ ალეკოს ვუთხარი, რომ დაპატიმრების მოლოდინში ვიყავი. ახლაც მახსოვს მისი შეშფოთებული სახე. _ ნუთუ ამას გაბედავენ?! _ ჩაილაპარაკა. თუმცა კარგად იცოდა, რომ, თუ სააკაშვილს ასე სურდა, განწირული ვიყავი… ასეც მოხდა _ 2004 წლის ივნისში ბრალის წაყენების გარეშე დამაპატიმრეს.

თავხელიძეს, მისივე თხოვნით, ციხიდან შევეხმიანე. ბევრი რამ აინტერესებდა ბატონ ალეკოს, იგი ჩურჩულით მელაპარაკებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ აშკარად გრძნობდა, უსმენდნენ, რომ ხელისუფლება საფრთხეს უმზადებდა.

ციხიდან ჩემი გამოსვლა უფრო ხმაურიანი იყო, ვიდრე დაპატიმრება. ტელეკამერები შინაც დამახვედრეს…

კვირა საღამოს, თავხელიძემ დამირეკა და ორშაბათს აკადემიაში მისვლა მთხოვა. დილის 10 საათზე ვეახლე. კაბინეტში ბოლთას სცემდა. მისალმების შემდეგ დეტალურად გამომკითხა დაპატიმრების ამბები. “მეც მიჩხიკინებენ რაცხასო”, _ მითხრა აღელვებულმა. “ასე როგორ შეიძლება”… “ასე როგორ შეიძლება” _ იმეორებდა, შემდეგ მომიბრუნდა, კიდევ შევხვდებითო, _ მითხრა და კარამდე მიმაცილა. შევატყვე, რომ ამ თემაზე საუბარი უჭირდა.

ეს შეხვედრა არ ჰგავდა წინანდელ შეხვედრებს. დამშვიდობებაც უცნაური იყო. აშკარად ჩანდა, რომ იგი საკუთარ თავთან დარჩენას ჩქარობდა…

მეორე დღეს აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა იყო დანიშნული, რომელსაც ბატონი ალეკო არ დაესწრო. დილის რეისით გაფრინდა მოსკოვში, იქიდან დეპეშით აცნობა კოლეგებს, რომ გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან

მოგვიანებით მხოლოდ ორჯერ შემეხმიანა, არავინ მოუკითხავს, პირადი თხოვნა გააჟღერა მხოლოდ…

როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, მისი პროკურატურაში დაბარება და დაკავება უკვე გადაწყვეტილი იყო… მან არ მისცა ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება.

სულ ეს იყო ჩემი სათქმელი. მკითხველი მიხვდება, თუ რა დიდ ჭირს გადაურჩა საქართველო გასული წლის 1 ოქტომბერს.

ნაპოლეონ ქარქაშაძე

P.S. ალბერ თავხელიძე 2010 წლის 27 თებერვალს უცხოობაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის ტროეკურის სასაფლაოზე. სააკაშვილის რეჟიმმა მშობლიური მიწა არ აღირსა.

 

გააზიარეთ

27 COMMENTS

  1. ალექსანდრე მაკედონელი მეცნიერებს გვერდიდან არ იშორებდა, და სწორედ ეს იყო მისი წარმატებების საიდუმლო,…..

  2. ვის რაში სჭირდება მეცნიერება მევახშეების და გამყიდველების ქვეყანაში!!!

  3. ეს სტატია მაქსიმალურად უნდა გავაზიაროთ,რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს რა ხდებოდა ქვეყანაში,წარმოდგენაც არ მქონდა იმ სიმართლის რატომ იმყოფებოდა ბატონი თავხელიძე უცხოეთში,მაშინ სულ სხვას წერდა ქართული პრესა,რომელიც მთავრობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.შეცდომები გვქონდა და გავითვალისწინებთო სააკაშვილმა,შეცდომები და არა დანაშაული. ( დანაშაულებები…..)

  4. თეიმურაზ კანდელაკი
    ბატონო ნაპოლეონ, კარგი მოგონებაა, მაგრამ თქვენ, საუბედუროდ ეს სიმართლე გვერდზე გადადეთ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სადაც სრული მხარდაჭერით სარგებლობთ, “ჯიბის”, არა- არა-ობიექტუირ და არა-სამართლიან, სახელმწიფო ბიუჟეტზე მყოფ, აკადემიად ჩამოაყალიეთ, რაც პირადად მე ვნახე და როგორ უნიჭოდ, “ორკესტრირებულად” შეილახა, ჩემი მეცნიერული და ადამიანური ღირსება. თქვენ მე მაფრთხილებით, მოსალოდნელ გულდაწყვეტაზე,რომელც საკმაოდ დოზით მივიღე და კოლეგებში ძალზე უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, ტელევიზიითაც კი.ეხლა, ჯერი ჩემზეა, არ მორჩა ნეპოტიზმი და “დედოვშინა”, წყალში ჩაიყარა ჩემი რამოდენიე ათეული წლის შრომა, თანადგომა და სიკეთე. ძალიან ცუდია ,რო ჩვენ ძმობას და მეგობრობას,ვიღაცის გამო, ასეთი მძიმე ფინიშა აქვს!!!!

    • თეიმურაზ, ძვირფასო, არ მოველოდი შენგან ასეთ კომენტარს.
      მე კარგა ხანია ჩამოცილებული ვარ აკადემიის ხელმძღვანელობას და შენ ალბათ მიზეზი კარგად იცი.
      ან შენ რა იცი მე რამდენი ვიბრძოლე იმისათვის, რომ შენთვისაც დაეშვათ ადგილი. არა მგონია, შენს ასაკში ვინმეს შეცდომაში შეეყვანე. მე შენი პატივისცემა თუნდაც იმიტომ მაქვს, რომ ჩემი მეგობრის ცოლის ძმა ხარ.
      მიუხედავად ამ შენი მწარე კომენტარისა, მე მაინც შენს მხარეს ვიქნები და ახალი არჩევნებიც მალე დადგება.
      თუ რამე დაგრჩა გულში, დამირეკე და ალბათ უკეთ გავუგებთ ერთმანეთს.
      ნ.ქარქაშაძე

  5. ალბერტ თავხელიძე მსოფლიო მაშტაბის მეცნიერი რომ იყო ეს იყო მიზეზი სააკაშვილის რეჟიმის მიერ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და ქვეყნიდან მიზანმიმართულად განდევნისა და სხვა უამრავი საზიზღრობების დაბრალებისა. მაგრამ ამის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი საზოგადოებისათვის რატომ ახლა არ ვიძიებთ ამ საქმეს და არ ვთხოვთ პასუხს ამის ჩამდენებს!

  6. საუკეთესო ადმიანებს მოზდევდა სააკიანი მიშა.და ბევრი დასამარა.უფალი ყველას მიძგვნის.ქვეყნიდან გასაქცევი შექნა.მის შვილებს მომავალი დაუკარგა.სომეხი ვარ ტანტრე მქვია დავკარგე და ვედძებ ვირსა.მისი ბედი ასე ჩრისა…

    • ,,ხვალ ვიპოვის “-იმედზე არ ეშვება ბედკრული ქვეყნის დატერორებას.

  7. დიდმა ადამიანმა და დიდმა აკადემიკოსმა, ალბერტ თავხელიძემ, საქართველოდან წასვლით, ფაქტიურად სააკაშვილი იხსნა, ამ დიდი ადამიანის დამაპატიმრებლის იარლიყისგან. თუმცა, მას და მის ხროვას ეს სულაც არ ადარდებდათ.
    აკი, ,,ტირანი იახლოვებს თავისნაირებს, მას ჭკვიანი და გონიერი სძაგსო,, ამბობს პლატონი…
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული …

  8. მადლობა ავტორს. მე ეს დეტალები არ ვიცოდი, არ იყო თავის დროზე ინფორმაცია…. თუმცა, ის კი ვიცოდი და ვიცი დღესაც, რომ უდიდესი შეცდომა იყო და არის სახელმწიფოს მხრიდან — საქართველოში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და მისი ფილიალების გაუქმება (მათ შორის ქალაქ ქუთაისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის გაუქმება?!). წიგნისადმი და წიგნიერი ადამიანებისადმი პატივისცემა და დაფასება უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მხოლოდ მაშინ განვითარდება ქვეყანა!!! წიგნის სიყვარულით, მეცნიერების თანამედროვე მიღწევებით უნდა გაიზარდოს საქართველოს ახალგაზრდობა! პატივისცემით მკითხველისადმი,
    ნუნუ ჩიჯავაძე, ქუთაისის ყოფილი აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი. 5 თებერვალი, 2020 წელი.

  9. “მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი…” და მსგავსი ეპითეტები ბევრს არაფერს ამბობს ხოლმე…

  10. XX-XXI საუკუნეებისთვის იმხელა მუტაცია განიცადა კაციბრიობამ, რომ “მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი…” და ა. შ. ბევრ არაფერს გვეუბნება…

    • … გვეუბნება, მაგრამ თქვენ ვერასდროს მიხვდებით მაგას!

  11. აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილსაც ძირს რომ უთხრიდნენ და მევენახეობის ინსტიტუტი მიწასთან რომ გაასწორეს – რატომ არ ახსენებთ?

  12. სწორედ ასეთმა განათლებულმა ,,ჩარეცხილებმა” გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა უხილავ მტერს, სახელის ხსენებაც რომ არ მინდა, მათი თაობა იყო ღირსეულად გამოზრდილი ე. წ. ,,საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლებში”

  13. თავს უფლებას ვაძლევ და ჩავერევი თქვენს საუბარში. მე “უბრალო”ადამიანი ვარ. ბავშვობიდანვე მომწონდა და მოწიწებით ვებყრობოდი ამა თუ იმ დარგის “მცოდნე’ განათლებულ ადამიანებს. საზოგადოებრივი იერარქიის სხვა -და სხვა საფეხურზე მდგომი ადამიანი ვალდებულია საზოგადოების წინაშე, რომ ამ საფეხურის შესაბამისი ცოდნა ჰქონდეს. რაც უფრო მაღალ საფეხურზე იქნება უვიცი ადამიანი მით მეტ ზიანს მიუტანს საზოგადოებას. ყველა უბედურების სათავე უვიცობაა.

  14. გმადლობ ამ ინორმაციისთვის რომელიც ჩემთვის არახალია მაგრამ წარსული,ამიტომაც გავეყარეთ ვაის და შევეყარეთ ვუისთორემ კარგად ვიცოდი მილიარდებს პატიოსანი შრომით ვერავინ იშოვიდა. ამიტომაც თუ ქვეყნის სიკეტე გინდათ ილაპარაკეთ დღევანდელ უსამართლო ქმედებებზე რაც უამრავიალ

  15. ბატონო ნაპოლეონ
    სიამოვნებით წავიკითხე სტატია. იქნებ თქვენს მიმართ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც გვიამბოთ. ძალიან საინტერესო იქნება.
    ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გამყოფოთ

  16. ეს კაცი ნაპოლეონ ქარქაშაძეა 3:) სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი იყო. სურათიც ვერ მოძებნეთ თქვე დურაკებო.

  17. სანამ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი არ მოგვეხსნება, როგორც ჩემთვის ცნობილია, ქვეყანას უფლება არ აქვს ფუნდამენტალურ მეცნიერებასა და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე იფიქროს. ეს ,,საშინაო დავალება” ჰქონდა მიცემული სააკიანს, რაშიც მან ,,ფრიადი” მიიღო! ბატონი აპოლონ ქარქაშაძეს დიდი მადლობა სიმართლეში გარკვევისა და ბატონი ალეკო თვალჭრელიძის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საქართველოში მოღვაწეობის ბოლო წლების პერეპეტიების გახსენებისათვის. ბარემ ერთი-ორი სიტყვა ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დიღმის საცდელი ნაკვეთების ,,პრიხვატიზაციაზეც” გაჟღერებულიყო ერთი-ორი სიტყვა, დღეს რომ ,,მილიონერთა დასახლება” ჰქვია? და ბოლოს, მევენახეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რამდენიმე ჰექტარი ვენახი თბილისის ცენტრში, რომელიც ალბათ ასევე გადაიქცევა ელიტურ საცხოვრებელ უბნად, რატომ აქვს ,,მიპრიხვატიზებული” თბილისის საპატიო მოქალაქეს, კოლორიტ პიროვნებას? (,,ჩვენი თავმჯდომარის” გვარს შეგნებულად არ ვასახელებ)

  18. ტექსტის ამ მონაკვეთის ავტორს რაიმე “მეცნიერებაზე” როგორ აქვს პრეტენზია? ეს უფრო დემაგოგია და უნიჭო “სადღეგრძელოა” ვიდრე რამე სხა – თავმოყვარე კაცის და მეცნიერი დაწერილი: “ალეკო თავხელიძე იმთავითვე მიხვდა თუ რატომ ანგრევდა სააკაშვილი ახალი ქვეყნის შენება-განმტკიცების საფუძველთა-საფუძველს _ ქართულ მეცნიერებას. ხელისუფლებაში მოსულ “ვარდოსნებს” ხომ ქართველი ერის გენოციდი ჰქონდათ “დავალებული” და ამ დავალების შესრულებაში მათ ქართული საზოგადოების ინტელექტუალური წარმომადგენლობა _ მეცნიერებათა აკადემიები, უნივერსიტეტები, შემოქმედებითი კავშირები, თეატრები და, საერთოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები უშლიდა ხელს, რადგან მათში სწორედ ერის გამორჩეული ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი.”
    პროკურატურა მართლაც ხშირად აჭარბებდა და შესაბამისი “რეპუტაციაც” მოიპოვა, მაგრამ ყველა კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა რომ პროკურატურის ამ სისხლიან რეპუტაციას შეაფარა თავი და უმწიკვლო ანგელოზად ცდილობს მოგვაჩვენოს ეგეც აშკარაა. ისე ძალიან სასაცილოა, ეს ძველი “ანგელოზები” და “ელიტა” ისე ჰყვებით ამბავს “მეცნიერიბის დანგრევის” შესახებ, თითქოს სანამ სააკაშვილი დაანგრევდა, ჰყვაოდოთ :). ხომ ყველამ ვიცით რა გაფარჩაკებულიც იყო ყველაფერი, ხომ ვიცით რომ ყელამდე კორუფციაში იყო ჩაფლული უნივერსიტეტბის ხელმძღვანელობა, ხომ ვიცით რომ თითქმის აღარაფერი “მეცნიერული” და სასარგებლო აღარ იქმნებოდა გამონაკლისების გარდა, ხომ ვიცით რომ საბჭოთა პერიდოდან მოყოლებული “მეცნიერება” კარგი დასაქმების ადგილი და სტატუსი იყო ბევრისთვის და დოსერტაციები ოხრად იყიდებოდა, ხომ ვიცით მისაღები გამოცდა სად რამდენი ღირდა, ხომ კიდევ ბევრი ამბავი ვიცით და ისე ნუ მოსთქვამთხოლმე თითქოს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი რექტორი იყავით და ეგ დაგინგრიათ ვინმემ. თქვენ ალბათ როდისმე უმწიკვლო როინ მეტრეველზევ დაწერთ სტატიას – თუ როგორ გამოარიდეს ცოდნის ტაძარს დედა ბოძი და როგორ დაინგრა თსუ 2004 წლიდან ( ისე მართლა არც არაფერი ეშველა დიდად აღებ- მიცემობის გაუქმების გარდა).

  19. რით ეღარ გადმოასვენეს ამ რვა წლის განმავლობაში და რით ვეღარ აღიდგინეთ დაკარგულუ უფლებები, კოაბიტაცია არაფერ შუაშია, მართალც ვინმე რომ უდანაშაულო ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში იზეიმებდა სამართალი, ჰო აბა წულუკიანის და პროკურატურა სულ კოაბიტირებულ რეჟიმში მოღვაწეოვს რა, მთელი თქვენი დარდი ის არის რომ როგორც ადრე სსრკში ათასობით იდიოტს რომ ვეღარ აწყობდით ფულზე და ათასობით სულელურ დისერტაციებით რომ ვეღარ აკეთებდით მეცნიერულ კარიერას მაგით ხართ გაბოროტებულები

  20. წავიდა სამშობლოში და იქ გარდაიცვალა . დღეს რას ქმნიან ჩვენი სახელოვანი მეცნიერები. თქვენხომ აღადგინეთ აკადემია თუ არა რატოომ ? არ გინდათ ნიანგის ცრემლები .

  21. “ალბერ თავხელიძე 2010 წლის 27 თებერვალს უცხოობაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის ტროეკურის სასაფლაოზე. სააკაშვილის რეჟიმმა მშობლიური მიწა არ აღირსა”.
    მადლობა ბატონ ნაპოლეონ ქარქაშაძეს!
    და ეს უნდა წაიკითხოთ მეგობრებო, ეს უნდა წაიკითხოთ ახალგაზრდებო, უეჭველი უნდა იცოდეთ ეს და უამრავი სხვა ჩადენილი დანაშაული ქვეყნის, თქვენს წინაშე…
    უნდა იცოდეთ როგორ გააბითურეს ამ წურბელებმა თითქმის ყველა სფერო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია…
    რამდენი რამ ჩადენილი სისაძაგლეა მიჩუმათებული დღეს?
    დიახ ეს მოხდა და წარსულია, მაგრამ რას ვაკეთებ დღეს?
    ერთი პირადი შეხება თემასთან, რაც ტრაგედიად აღვიქვი იმ წუთებში და ასეც არის – ორი წლის წინ სამუშაოს ძებნით ვიყავი დაკავებული და აღმოვჩნდი ერთ-ერთ კვლევით ცენტრში. ტრენინგებს გვიტარებდნენ ახალგაზრდები, მართლა კარგები, მონდომებულები, განათლებასაც ვერ დაუწუნებდი იმ ფონზე, რა განათლების სისტემაც გვქონდა და გვაქვს ბოლო 30 წელია.
    მათ დავუსვი კითხვა (თუმცა პასუხი ვიცოდი) – ამ კვლევებს საფუძვლად ქართული მეცნიერული კვლევები უდევს, თუ… არ დამიმთავრებია წინადადება ისე სამივე ახალგაზრდა ტრენერმა ერთხმად შესძახა – “იუ, არა ევროპული”…
    მე რა თქმა უნდა “უი, არას” ასე ვერ დავტოვებდი და დავიწყე მათთან საუბარი, მაგრამ ძალიან ფრთხილად, სხვათაშორის, რომ ჭკუის სწავლება არ გამომსვლოდა..
    იცით რა არის მთავარი, რამაც დამამაშვიდა? – მათ მომისმინეს, მათ გაიგეს… მაგრამ ისინი ხომ ვერ შეცვლიან, ისინი ხომ შემსრულებლები არიან, მათი სამსახური ხომ ეს არის? ?????????

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here