Home რუბრიკები საზოგადოება ღორები

ღორები

632

იმისათვის, რაც ახლა უნდა ვთქვა, ბოდიშს ვუხდი ღორებს, ამ უწყინარ ცხოველებს, რადგან იმ ორფეხა ღორებზე უნდა ვილაპარაკო, რომელთა ღორობა ცხოველისას ბევრად აჭარბებს. რატომ დამჭირდა ამ მეტად სასარგებლო შინაური ცხოველის გახსენება? იმიტომ, რომ ახლახან მოწმენი გავხდით ადამიანთა ისეთი გაუმაძღრობისა, რომელიც დიდად სცილდება ზნეობის ყველა ნორმას…


ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების კვირაძალზე თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ანუ ხალხის რჩეულებმა უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოასწრეს და ხელფასზე  სამჯერ მეტი(!) ოდენობის პრემიები გამოიწერეს.

ჩვენი ხელისუფლებისგან, ძველია ის თუ ახალი, ყველაფერს უნდა ელოდო კაცი, მაგრამ ამგვარი ღორობა ნამეტანია მაშინ, როცა მოსახლეობა სულს ღაფავს, პენსიონერებს შუქისა და გაზის გადასახადებისთვის ძლივს ჰყოფნით უბადრუკი 150 ლარი (თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები არიან და წამალი არ სჭირდებათ!). 

ღორობის გარდა რა ეწოდება ამას?

ღორობა ღორობაა, მაგრამ ამ თავიანთი ღორობის გამართლება როგორ სცადა საკრებულოს თავმჯდომარემ (ჰმ!)  თუ იცით? იცით, აბა, რა! ვის არ დაამახსოვრდებოდა მისი ინტელექტუალური (ჰო, ნიჭიერი!) ახსნა: ეს ამხელა პრემიები რომ დავირიგეთ, ჩვენთვის კი არ გვინდოდა, გაჭირვებულთა დასახმარებლად ქველმოქმედებას ვაპირებდითო. ესეც რომ არ იყოს, რა, არ გვეკუთვნის მაღალი პრემიები და ხელფასები, რასაც ჩვენ თქვენს საკეთილდღეოდ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთო…

არაფერს არ ვაჭარბებ და არც ვაშარჟებ. ზუსტად ასე თქვა იმ დედაგანათლებულმა და მამაცხონებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ.

რას ეტყვი, დაამუნათებ და დატუქსავ თუ კარგ საქციელზე მიუთითებ, რომ გვითხრას, ჩვენზე მაღლა მდგომმა მთავრობამ მოგვცა მაგალითიო? თავდაცვის მინისტრი რომ პრემიის სახით 80 000 ლარს იღებს, ეს მისი ხელფასის რამდენი პროცენტიაო, რომ გვკითხოს, რას ვეტყვით? ვეტყვით, მომავალი დიდგორისა და ბასიანის ბრძოლებში გამარჯვებებისა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს საზღვრების გაფართოებისათვის მიიღო ავანსადო? იქნებ ვუთხრათ კიდეც, მაგრამ ისიც გვეტყვის, ამ ბოლო სამ დღეში ჩვენც ვაპირებდით თბილისისა და თბილისელების აშენებასო. რატომ ვერ გვეტყვის, ჭკუა დაუშლის თუ კაცობა?!

ამ . . ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს კი მოვუძებნე, მგონი, ზუსტი სახელი, მაგრამ ჩვენ თვითონ ვინ ვართ, რა ჯიშისა და ჯილაგისანი, ვინ მეტყვის? ხალხი ვართ, ვითომ? კი გვითხრა დიდმა ილიამ საუკუნენახევრის წინათ, ვინც ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ დიდად შევიცვალეთ _ ღირსების გრძნობა გაგვიქრა და განათლებასა და განსწავლულობას ვუწოდებთ ამას.

ილიას დროს თუ ქართველთა 80%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, ტელევიზორი და რადიო არავის ჰქონდა, ახლა ხომ ამდენივე პროცენტი ინტერნეტშია ჩართული და ნუთუ მაინც ისეთივე ყრუები და ბნელები ვართ, როგორც საუკუნენახევრის წინათ იყვნენ ჩვენი წინაპრები? სამი ქართველი თუ შეიყარა, უსათუოდ  ოთხ პარტიას შექმნის, ამას ვერ ვხედავთ და იმ 1%-იანი რეიტინგის მქონე ათკაციანი პარტიების აქციებზე სიარულითა და ტაშიკვრით ვიკლავთ თავს, რომელთა ბოსებსაც 20-30-ათასლარიანი ხელფასები აქვთ?

ვინ არიან ეს  გოგობიჭები, რომლებმაც პოლიტიკოსები დაირქვეს და ჩვენს წინამძღოლობას იჩემებენ?

ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, _ ნათქვამია. ჩვენ სხვის შეცდომებზე კი არა, საკუთარზეც ვერაფერს ვსწავლობთ. ასეთი მასობრივი გამოთაყვანება, ჩვენ რომ გვჭირს, სხვაგან არ შეიმჩნევა.

ჩვენი ღორები მარტონი არ არიან. მათ უკან ძლიერი მტაცებლები დგანან, რომლებიც ანგელოზის ნიღბებით ეჩვენებიან ჩვენს ბრიყვ საზოგადოებას და ბრძენის მანტიამოსხმულები გვმოძღვრავენ: თქვენს ხელისუფლებს, მართალია, ღორული სიფათები და საქციელი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში დემოკრატიის შუქურები არიან, რომლებიც წაგიძღვებიან ბედნიერი მომავლისკენ, ანუ ნატოსკენო.

იმ მტაცებელთა შორის ზოგჯერ სხვებზე გულწრფელიც გამოერევა ხოლმე და პირდაპირ გვეუბნება: მართალია, თქვენი ხელისუფლები ნამდვილი ღორიშვილები არიან, მაგრამ იცოდეთ, ისინი ჩვენი ღორიშვილები არიან და პატივისცემით მოექეცითო.

ჩვენს ხალხსაც მეტი რა უნდა: საკუთარ კაციშვილებს ძლიერი უცხოელის ღორიშვილები ურჩევნიათ!

რა ითვლებოდა ყველაზე უღირს საქციელად წარსულში (და ახლაც)? _ მათხოვრობა! მათხოვარს ჩვენში «გლახა» ერქვა, უფრო სწორად, «ღვთის გლახა», თუმცა გლახა გლახაა, ღვთის არის თუ ანგელოზის. ლეგენდა თუ მითი, ჩვენი ხალხის გამორჩეული თავმოყვარეობისა და სიამაყის შესახებ, ჩვენ თვალწინ გაქარწყლდა. დღეს ქალაქი სავსეა ქართველი მათხოვრებით.

რა ვქნათ, ვის მივაკითხოთ რჩევისთვის? იქნებ, ისევ იმ პოლიტიკური «პარტიების» იმედად ვიყოთ, რომელთა ლიდერები უცხოური ძღვენით (გრანტით) ივსებენ გაღორებულ მუცლებს?! ხომ ვცადეთ ბევრჯერ და არაფერი გამოვიდა. არც გამოვა, ვიდრე ეშტონი თუ რასმუსენი იქნებიან ჩვენი საქმის გამრიგენი, ვიდრე ჩვენს ფესვებთან არ დავბრუნდებით და ჩვენს დიდ წინაპრებს არ დავუგდებთ ყურს. იქნებ მაშინ მაინც მივხვდეთ, რომ ჩვენი თავი «ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს», იქნებ ვირწმუნოთ, რომ «ვინც არ არის კახაბერი», მას ნუ ვიტყვით კახაბერად, იქნებ დავიჯეროთ, ბოლოს და ბოლოს, რომ «სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი», რომ «თავია სიცრუე, ყოვლისა უბადობისა» და ჭიტლაყი ამოვკრათ იმ ღორებსა და ძაღლიშვილებს, ამდენი წელი რომ გვატყუებდნენ, თვითონ და მათი ნაშიერნი კი სრასასახლეებს იდგამდნენ აქ თუ სხვაგან.

ახლა ვინც სრულ ჭკუაზეა და კაცობაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, დაინახავს, რომ ჩვენი ხელისუფალნი არა მხოლოდ გაღორდნენ, არამედ გაგიჟდნენ კიდეც ან ჩვენ გვთვლიან გიჟებად. აი, მაგალითად, «ოცნების» ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი _ თითქმის მთლად ლიდერი ვაჟბატონის ცოლი და დეპუტატი, დღეში ცხრაჯერ, კაპასი ბიცოლაჩემის მსგავსად, გაჰყვირის ტელეეთერში: არჩევნებმა აჩვენა, რომ «ნაციონალური მოძრაობა», როგორც ჩვენი ოპოზიცია, გაქრა პოლიტიკური სივრციდანო. ფა-ფუ, გაქრაო! «ნაციონალების» ასეთივე ლიდერი, პრეზიდენტის ყოფილი ნოტარიუსი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ამ ქალბატონს დასცინის,_ ოცდაშვიდი ექვსზე მეტიაო. დასცინებს, აბა, რა! «ნაციონალებმა» მეორე ადგილი აიღეს არჩევნებზე _ 27%; მესამე ადგილზე გასულმა, მგონი, შვიდი პროცენტი მოაგროვა (თბილისის მერის არჩევნებს ვგულისხმობ). ოცდაშვიდი მართლაც მეტია შვიდზე, რაც, არა მგონია, იმ ბიცოლაჩემის მსგავსმა კაპასმა ქალმა არ იცოდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს (ძალიან გონივრული), რომ ორივე ჩვენ გვაბითურებს.

კი, გვაბითურებენ ნამდვილად! ჩვენს დასანახავად ვითომ ჩხუბობენ, ცხადია, ისე კი ერთმანეთთან ჩახუჭუჭებულები არიან!

ანდა ის რად ღირს, ქვეყანა რომ თავზე გვემხობა და ვითომ ქართული ტელევიზიები დღედაღამ იმაზე მსჯელობენ, სიყვარულით ესალმებიან თუ არა ერთმანეთს პრეზიდენტი (მეტი არაა ჩვენი მტერი, ის პრეზიდენტი არ იყოს!) და პრემიერმინისტრი (ანუ, როგორც ვასიკო ოდიშვილი ამბობს, პრემიეროვიჩი)!

ასე აღარ შეიძლება! უკან დასახევი გზა, ანუ ლოდინის დრო ჩვენ აღარ გვაქვს!

1941 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს ლეგენდარულმა სერჟანტმა მოსკოვის მისადგომებთან სანგარში მყოფ თვრამეტ პანფილოველ ჯარისკაცს მიმართა: «არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან მოსკოვია!», ანუ სამშობლოაო და არც დაუხევიათ: თვრამეტმა ჯარისკაცმა 25 ტანკი ააფეთქა, თვითონაც დაიღუპნენ, მაგრამ სამშობლო გადარჩა!

ასეა ჩვენი საქმე ახლა!

ასე თუ არ ვიზამთ, ჩვენც ისეთივე ღორები ვიქნებით, როგორიც არის ჩვენი ახალი თუ ძველი ხელისუფლება!

ზურაბ ცუცქირიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here