Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

2012 წლის არჩევნებამდე «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ ამხედრებულ ხალხს რომ ვუყურებდი და ვუსმენდი, მეუფლებოდა შიში, რომ ხელისუფლებიდან «ნაციონალური მოძრაობის» წასვლისთანავე ქუჩებში სისხლის გუბეები დადგებოდა. უამრავი ჩემი ნაცნობი და პირადად მეც შურისძიებისათვის ვიყავით მზად. კარგია თუ ცუდი, სისხლის აღებისა და შურისძიების უმართავი პროცესი რომ არ დაიწყო და ადამიანურ ჩარჩოში მოექცა? ალბათ, კარგია, მაგრამ, ალბათ, ცუდიცაა, რადგან «ნაციონალური მოძრაობა», როდესაც 1937  წლის რეპრესირებულთა მუზეუმს ხსნიდა, იქვე ახლოს, იმავე ტერიტორიაზე ადამიანებს ისე აწამებდა, 1937 წელს ჯალათებს არც კი დაესიზმრებოდათ.


ადამიანების მცირე ნაწილი დღეს 1924 წლის აჯანყების სურათების აღდგენას ცდილობს, მასზე უამრავ მასალას აქვეყნებს და რატომ არ შეიძლება ნათელი მოეფინოს პანკისის ტრაგედიას, რომლის მონაწილეეებიც ჯერ კიდევ სამსახურებში არიან და თვითმხილველებად რჩებიან? თუ დაწვრილებით ვიკვლევთ მიხეილ ჯავახიშვილის თუ ტიციან ტაბიძის მიმართ ჩადენილ ბოროტმოქმედებას და ცხრა მთას იქით ვედავებით სტალინს, რატომ არ უნდა მოეფინოს მზის სინათლე გირგვლიანის თუ რობაქიძის მკვლელობებს, თუ ისინი, რადგან ჯავახიშვილი და ტაბიძე არ არიან, ადამიანებიც არ არიან? რატომ არ შეიძლება ერთი ფოტო მაინც გადავუღოთ ორას პოლიტპატიმარს, რომლებსაც 3-4-ჯერ უფრო მეტი ხნით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი, ვიდრე სტალინის პერიოდის ნებისმიერ პოლიტპატიმარს და «ნაცმოძრაობის ლიდერების» ფოტოების გვერდით დავკიდოთ? გამოგონილი მუზეუმების ნაცვლად, გავხსნათ ნამდვილი წამების ერთი ოთახი მაინც, რომელშიც ფოტო და ვიდეომასალები ერთად იქნება გამოფენილი.

რატომ არ არის წარმოდგენილი მუზეუმში ის 20 000 ფაილი, რომელიც «ნაცმოძრაობის» მიერ ადამიანთა წამებას ასახავს? თუ «ნაცმოძრაობამ» ცხრა წელიწადში შეძლო, სამმილიონიან ქვეყანაში ციხეებში გამოემწყვდია 200 პოლიტპატიმარი და ბრალდება წაეყენებინა 350 000 ადამიანისთვის, რატომ არ შეიძლებოდა, ორას მილიონიან ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში (1921-1953 წლებში) მილიონზე მეტი პატიმარი ჰყოლოდათ? რატომ არის ამ შემთხვევაში საშინელებათა ავტორი «დემოკრატიის შუქურა», რომელიც დღესაც «ბრწყინავს» უკრაინის «მშვიდობისათვის ბრძოლის ცის ტატნობზე» და სტალინი _ პირსისხლიანი დიქტატორი, რომელმაც «კავიანი რუსეთი ჩაიბარა და ატომური იარაღით დატოვა»?

დღეს მინდა შევეხო თემას _ სტალინი და მწერლები, რომელზეც უამრავი ჭორ-მართალი დადის. არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო და ძველი იარა გავუხსნა, მაგრამ, როდესაც ტყუილს ათასფრად შემოსავენ და სიმართლედ წარმოგვიდგენენ, თავმოყვარეობა მელახება.

ანდრე ჟიდის შთაბეჭდილებები და პაოლო იაშვილი

1936 წელს საქართველოდან მოსკოვში 127 რჩეული ჩავიდა, რაც ქვეყნის დედაქალაქში ტრიუმფით აღინიშნა. რჩეულთა შორის რჩეულებიც იყვნენ, რომლებიც მთავრობის უმაღლესი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ, დაჯილდოვდნენ ისინიც, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო მოსკოვში არ იმყოფებოდნენ, დაჯილდოებულთა შორის იყო პაოლო იაშვილიც.

დარბაზობა, რომელიც სტალინმა ქართულ დელეგაციას კრემლში გაუმართა, ბევრი რამით იყო საინტერესო. გამორჩეული კი ის იყო, რომ სუფრას თამადობდა სახელგანთქმული პოეტი პაოლო იაშვილი. მას გვერდით სტალინი ეჯდა. მომხიბლავი იყო პაოლოს ყველა ჟესტი და სიტყვა, არა მრავალსიტყვაობა, არამედ აზრის სისადავე და სიცხადე. სტალინმა ამ დარბაზობაზე პაოლო იაშვილს შვილიც კი უწოდა.

იმ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ანდრე ჟიდი, რომლის მოგზაურობა საქართველოში არ იყო დაგეგმილი, მაგრამ, ბერიას თხოვნით, სტალინმა ანდრე ჟიდს საქართველოში ჩასვლაც ურჩია. სტუმარს ბერიამ მასპინძლებად პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე დაახვედრა. ანდრე ჟიდს საქართველოში მოგზაურობისას, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა, თან ახლდნენ პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე, რომლებმაც მწერალი დიდი პატივისცემითა და მოწიწებით გააცილეს მშობლიურ საფრანგეთში.

საქართველოში ჟიდის მოგზაურობიდან გავიდა ხანი და სტალინმა საფრანგეთში საბჭოთა საელჩოდან მიიღო დაშიფრული ტელეგრამა, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი ანდრე ჟიდის შთაბეჭდილების აღმაშფოთებელი სურათები, აშკარად იგრძნობოდა არაკეთილმოსურნის ხელი.

სტალინმა ბერიას დაურეკა და უთხრა საფრანგეთიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ, რომელსაც, რა თქმა უნდა, საყვედურები და გაფრთხილება მოჰყვა. შესაბამისად, ბერიამ სასწრაფოდ გამოიძახა პაოლო იაშვილი, რომელსაც სტალინის საყვედურის შინაარსი გააცნო. პაოლოს თავის მართლება არ დაუწყია. მან უკომენტაროდ დატოვა ბერიას კაბინეტი და მწერალთა კავშირს მიაშურა, სადაც «პაოლომ თავი მოიკლა».

1957 წელს პაოლო იაშვილის დაღუპვიდან 20 წლის თავზე ჩემმა უსაყვარლესმა პოეტმა ირაკლი აბაშიძემ ლექსი მიუძღვნა თავის მეგობარს. პაოლოს უდანაშაულობაში დარწმუნებული პოეტი დაბეჯითებით ამბობს: «…მაგრამ იმ ამბავს, დღეს რად გვინდა ამის მტკიცება, იქნებ ყველასგან, მაგრამ შენგან არვინ ელოდა». მიუხედავად თავისი «ცისფერყანწელობისა» პაოლო იაშვილი ქართველ ხალხს წარმოდგენილი ჰყავდა, და იყო კიდეც, როგორც მისი უპირველესი წარმომადგენელი და მეთაური. მას განუზომლად უყვარდა საქართველოს როგორც წარსული, ისე მომავალი. აკი, ამაზე მიუთითებს პოეტი, როცა ამბობს: «…შენ ორთავ ქვეყნის ტრფობა გეკრა გულის ფიცარზე, როგორც ყმაწვილ კაცს _ სიყვარული გაყრილ მშობლების».

პაოლო იაშვილის ტრაგედია უამრავმა მოლაყბემ თუ ცილისმწამებელმა ათასნაირად შეკერა და გადაასხვაფერა, რაც ტიპური მოვლენაა ქართველი კაცის შორეულ თუ ახლო წარსულში. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი და მკითხველი, დარწმუნებული ვარ, რომ პაოლო იაშვილი მხოლოდ ვაჟკაცობისა და მეგობრობის მსხვერპლია.

სტალინის ცრემლი და ანა ახმატოვა

1935 წლის 24 ნოემბერს ანა ახმატოვას ქმარი და შვილი ლენინგრადში დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. ახმატოვა, რომლის წიგნებიც კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდა საზოგადოებაში, ლენინგრადიდან მოსკოვში გაემგზავრა ქმრისა და შვილის საშველად, იმხანად მწერალთა წრეში აღიარებულ და სტალინისტად წოდებულ მიხეილ ბულგაკოვს მიაშურა, რომელთანაც მიიტანა სტალინის სახელზე დაწერილი განცხადება ოჯახის წევრების განთავისუფლების თაობაზე. ბულგაკოვმა ურჩია ანას, არა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი, არამედ თავისი ხელით დაწერილი განცხადება გაეგზავნა სტალინისთვის, მისი აზრით, ეს უფრო ღირებული იქნებოდა. წერილი ხელნაწერის სახით 1 დეკემბერს ჩაბარდა კრემლის კომენდატურას. ანა ახმატოვას განცხადებას თან ერთვოდა ბორის პასტერნაკის სარეკომენდაციო წერილი ანა ახმატოვას მოკრძალებული ცხოვრების თაობაზე. მეორე დღეს ანა ახმატოვას წერილზე გაჩნდა რეზოლუცია: «ამხანაგ ეჟოვს. გაათავისუფლეთ და შესრულების შესახებ მომახსენეთ!».

პოეზიისა და სწავლის მოყვარული სვეტლანა ალილუევა მაგიდასთან იჯდა და წიგნიდან სასკოლო რვეულში ლექსებს იწერდა, როდესაც თავზე სტალინი წამოადგა.

«რატომ იწერ წიგნიდან რვეულში ლექსებს და წიგნით რატომ არ ხელმძღვანელობ? _ ჰკითხა მამამ.

«მამა ეს წიგნი იშვიათობაა, არ იშოვება, მე კი ამხანაგმა მათხოვა და მალე უნდა დავუბრუნო», _ უპასუხა სვეტლანამ.

«რა წიგნია ასეთი», _ თავისთვის ჩაილაპარაკა მამამ და წიგნი ხელში აიღო. _»ანა ახმატოვა. ლექსები». ნუთუ ასე მოგწონს ახმატოვას ლექსები?» _ კვლავ იკითხა სტალინმა.

«ის ჩემთვის ყველაფერია, დედაც კი».

ამ ფრაზამ ყველაფერი შეცვალა არა მხოლოდ ანა ახმატოვას ცხოვრებაში, არამედ სტალინშიც.

«ცრემლმორეული მამა ოთახიდან გავიდა», _ იგონებს სვეტლანა ალილუევა.

სულ მალე კრემლის გეორგიევსკის დარბაზში მიწვეულ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს, რომელთათვისაც მთავრობის მაღალი ჯილდოები უნდა გადაეცათ, სტალინმა მოულოდნელად მიმართა: «სად არის ანა ახმატოვა, რატომ არ იბეჭდება

იმავე დღეს ლენინგრადში დაიწყო ანა ახმატოვას ადრე თუ გვიან გამოქვეყნებული ლექსების შეგროვება და დამუშავება. უსწრაფესად გამოიცა დიდი ტირაჟით ახმატოვას ლექსები «ექვსი წიგნიდან» და სქელტანიანი რჩეული. შემდეგ პოეტი ხუმრობით ამბობდა, რომ ეს წიგნები მამის საჩუქარია შვილისადმი (სტალინისა სვეტლანასადმი). მზადდებოდა ანა ახმატოვას ერთტომეული სტალინურ პრემიაზე წარსადგენად. პოეტი მიწვეული იყო გამარჯვების აღსანიშნავ ვახშამზე, რომელიც სტალინმა კრემლში გაუმართა სარდლებს. ვახშმის შემდეგ კონცერტზე მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ხელოვნების მუშაკები, მწერლები, პოეტები. როცა სცენაზე ანა ახმატოვა გამოვიდა, იქუხა ტაშმა და მთელი დარბაზი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ფეხზე ამდგარი ოვაციებს არ იშურებდა რუსული პოეზიის დედისადმი. ასეთი ტაში მხოლოდ ერთ კაცს რგებია ამ დარბაზში, მეორე ახმატოვაა, _ წერს თვითმხილველი.

ახმატოვას ბედი თითქოს ცაში იყო გადაწყვეტილი, სტალინმა იგი ფერფლიდან აღადგინა. ახმატოვა ბლოკადაში მოქცეული ალმოდებული ლენინგრადიდან სწორედ სტალინის უშუალო ბრძანებით გადაიყვანეს კუიბიშევში. პოეტის ლექსები რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალგაზეთებში, გამოსცემდნენ წიგნებს, რომელშიც ასახული იყო პოეტის ფიქრები წარსულსა და მომავალზე. და სწორედ ამ დროს აბაკუმოვმა სტალინთან შეიტანა პატაკი ანა ახმატოვას დაპატიმრებაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით.

სტალინი გულდასმით გაეცნო პატაკს, გაარკვია, რომ რამდენიმე დღის წინათ ანა ახმატოვა თავის ბინაში შეხვდა ცნობილ ინგლისელ ლიტერატორსა და ფილოსოფოს ისაია ბერლინს და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მასთან. სტალინმა სცადა პოეტისათვის ბრალდების შემსუბუქება, მაგრამ მას მოასმენინეს ანა ახმატოვას ბინაში დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერი. საქმეს ართულებდა ის, რომ პატაკში მოყვანილი იყო ჯაშუშობისთვის ხელმეორედ დაპატიმრებული პოეტის შვილის ჩვენება, რომელიც დედას თანამონაწილეობაში ამხელდა. ყველაფრის მიუხედავად, ანა ახმატოვასთვის ხელი არავის უხლია.

ანტისტალინური კამპანიის მიმდინარეობისას ხრუშჩოვის მცდელობა, ანა ახმატოვა სტალინის წინააღმდეგ გამოსულიყო, უშედეგოდ დამთავრდა. პოეტმა უცხოურ პრესას განუცხადა, რომ მის მიმართ სტალინი მართალი იყო.

ხალხისადმი საბჭოთა მთავრობის მიმართვის ხელმოწერაზე, რომელსაც საბჭოთა მწერლობისა და ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლებიც აწერდნენ ხელს, ბორის პასტერნაკმა სასტიკი უარი განაცხადა. ეს ამბავი სასწრაფოდ სტალინს მოახსენეს და პოეტის დასჯა მოითხოვეს. სტალინმა კატეგორიულად არ მიიღო წინადადება და პასტერნაკის დასჯის მომხრენი მკაცრად გააფრთხილა: «თავი დაანებეთ ცის ბინადარს!». პასტერნაკი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად იცვლიდა თვალსაზრისს: ხან თავგამოდებული სტალინისტი იყო, ხან _ მოწინააღმდეგე. სტალინი ამას ჩვეულებრივ მოვლენად იღებდა და პასტერნაკისადმი პატივისცემა არასოდეს განელებია. პოეტს ხშირად უთქვამს სიამაყით: სტალინისათვის მე ბევრი რამ მითხოვია, მას კი ჩემს თხოვნაზე უარი არასოდეს უთქვამს. არც შექება დაუკლია სტალინისთვის, მას «ქრისტიანობამდელ გიგანტს» უწოდებდა.

1925 წელს სტალინმა პასტერნაკი, ესენინი და მაიაკოვსკი კრემლში მიიღო და დიდხანს ესაუბრა; სთხოვა მათ, უფრო მჭიდრო მეგობრობა დაემყარებინათ ქართველ მწერლებთან და დაეწყოთ ქართული ლიტერატურის თარგმანა რუსულ და ევროპულ ენებზე.

ქართველი ხალხისადმი და ქართული ლიტერატურისადმი სიყვარული თითოეულმა მათგანმა სიკვდილამდე გულით ატარა და დიდი შრომაც გასწია ქართული სიტყვის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში. ორი უდიდესი პოეტის ტრაგიგული დაღუპვის შემდეგ პასტერნაკმა იტვირთა სტალინის დავალების შესრულება. ის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართველ ხალხს და ქართველ მეგობრებს.

მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მწერლები, მაგინებელნი თუ მაქებარნი სტალინისა, თავიანთ ადგილს ლიტერატურაში თუ საზოგადოებაში იმკვიდრებენ იმით, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაკავშირებული იყვნენ სტალინთან. მაგალითად, დიმიტრი ვოლკოგონოვი ვერაფრით შერჩება ვერც სამხედროისტორიულ და ვერც მხატვრულ ლიტერატურას, თუ მის გვერდით ავად თუ კარგად მოხსენიებული არ იქნება სტალინი. არც იუდას სახელი შემორჩებოდა საქრისტიანოს, ქრისტე რომ არ გაეცა.

რატომ დაიცვა სტალინმა მანდელშტამი

ოსიპ მანდელშტამის პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მან პოეტისთვის შეუფერებელი უხამსი ლექსი დაწერა სტალინზე. ბელადზე ასე აშკარა გალაშქრება იმას ნიშნავდა, რომ მას ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებისა და საბჭოთა წყობის მიმართ. პოეტი მანდელშტამი დააპატიმრეს, რაც, რა თქმა უნდა, სტალინმაც შეიტყო. პატაკს მან ასეთი რეზოლუცია დაადო: «მოაქციეთ იზოლაციაში. დაიცავით». მანდელშტამს მეუღლეც გაჰყვა გადასახლებაში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქალმა სტალინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც თხოვდა, დედაქალაქთან უფრო ახლოს გადმოესახლებინათ. ეს თხოვნა სტალინმა დაუყონებლივ დააკმაყოფილა. სამი წლის შემდეგ მანდელშტამი თავის მეუღლესთან ერთად ჩვეულებრივად განაგრძობდა როგორც ცხოვრებას, ასევე ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომლისთვისაც საბჭოთა ორგანოებმა კიდევ ერთხელ დააპატიმრეს. მას ხანგრძლივი პატიმრობა ელოდა. სტალინს მხედველობიდან არ გამორჩენია მანდელშტამის ბედი, მაგრამ მისი ხელმეორედ დაცვა, ალბათ, მიზანშეუწონლად ჩათვალა და სხვა ხერხს მიმართა _ შეეცადა, შეექმნა საზოგადოებრივი აზრი მანდელშტამის მიმართ და მის დამცველად საზოგადოება გამოეყვანა. სტალინი, პირველ რიგში, მწერალთა კავშირს დაუკავშირდა.

_ გამარჯობათ, ამხანაგო თავმჯდომარევ, იცით თუ არა, რომ დაიჭირეს თქვენი კავშირის წევრი, პოეტი მანდელშტამი?

 _ ვიცით, ამხანაგო სტალინ, მაგრამ იგი ჩვენი წევრი თავისი იდეოლოგიითა და შეხედულებით არასოდეს ყოფილა. მთავრობამ ჩვენზე უკეთ იცის თავისი საქმე.

_ ჩვენ მწერალთა კავშირი იმიტომ შევქმენით, რომ მწერლები დაეცვა მთავრობისგან, ახლა ისე გამოდის, მთავრობამ უნდა დაიცვას წევრები მწერალთა კავშირისგან?! _ უკმაყოფილო სტალინმა ყურმილი დაკიდა.

 ამის შემდეგ სტალინმა პასტერნაკთან დარეკა:

_ გამარჯობათ, ამხანაგო პასტერნაკ! რას იტყვით მანდელშტამზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ დააპატიმრეს?

_ ვერაფერს, ახლოს არ ვიცნობ, ის სხვა მიმართულებისაა, მე კი _ სხვა.

_ კი, მაგრამ, ის ხომ ოსტატია, ოსტატი?!

_ თუ ლიტერატურასა და ისტორიაზე გსურთ ლაპარაკი, გეახლებით და ადგილზე ვისაუბროთ.

_ ჩემს მეგობარს რომ უჭირდეს, კედელს გავიტანდი, ჩვენ, ბოლშევიკები ასე არ ვმეგობრობდით ერთმანეთთან, _ თქვა გაბრაზებულმა სტალინმა და ყურმილი დაკიდა.

 სტალინის საუბარი პასტერნაკთან ელვის სისწრაფით მოედო მთელ მოსკოვს. მწერალმა და მკვლევარმა ბენედიქტ სარნოვმა ამ მოკლე საუბრის ცამეტი ვერსია შეისწავლა და გამოაქვეყნა ახლახან გამოცემულ მრავალტომეულში «სტალინი და მწერლები». სტალინი არა მხოლოდ მისი პერიოდის, არამედ თანამედროვე მწერლებისთვისაც ის სასიცოცხლო მუხტია, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს თანამედროვე მსოფლიოს მწერალთა უძრაობის ეპოქა.

აქვე მოვიყვან ბელადის არცთუ მოყვარული კაცის, მწერალ ბორის ილიზაროვის გამონათქვამს სტალინზე: «სტალინი ძალიან ბევრს კითხულობდა და წაკითხულს უამრავ კომენტარს უკეთებდა. კითხულობდა არა მხოლოდ ისე, როგორც უმაღლესი სახელმწიფო და პარტიული მაღალჩინოსანი კითხულობს დოკუმენტს, არამედ კითხულობდა, როგორც მთავარი რედაქტორი და უზარმაზარი სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკური და სულიერი ცენზორი. კითხულობდა, აგრეთვე, როგორც ჩვეულებრივი და, ამასთანავე, მგზნებარე ადამიანი, რომელიც იქვე ახდენს წიგნის, სტატიის, სახელმძღვანელოს, რომანის თუ კინოსცენარის ხელნაწერის კომენტირებას. აი, ეს არის თუმცა კი მცირე, მაგრამ მაინც ხელჩასაჭიდი მასალა, რომელიც შეიძლება სტალინის სულში შეღწევაში დაგვეხმაროს».

კორნეიჩუკის პიესა «ფრონტი»

სტალინი ნამდვილად რომ გულისყურით კითხულობდა, ასწორებდა და კომენტარებს უკეთებდა ნაწარმოებებს, ამის ნათელი მაგალითია ალექსანდრე კორნეიჩუკის პიესა «ფრონტი».

1941 წელი, სამამულო ომის დაწყების წელი, დიდი ტრაგედიითა და წარუმატებლობით აღინიშნა. დაშვებული იყო სერიოზული შეცდომები და გათვლები. ომის წარმოება ევროპის უპირველეს არმიასთან სამოქალაქო ომის მოძველებული ხერხებითა და მეთოდებით შეუძლებელი ჩანდა. სწორედ ეს მძიმე პერიოდი აღწერა კორნეიჩუკმა პიესა «ფრონტში», რომელიც ხელნაწერის სახით კონსპირაციულად გადასცა სტალინს. ერთგული კაცის თვალით დანახული ფრონტული სურათები, სტალინისთვის ერთობ ნაცნობი და ახლობელი იყო. მან ხელნაწერი წაკითხვისთანავე სრულიად საიდუმლოდ გადაუგზავნა გაზეთ «პრავდას» მითითებით: მეორე დღესვე დაეწყოთ პიესა «ფრონტის» დაბეჭდვა გაზეთის ფურცლებზე. 1942 წლის 24-27 აგვისტოს 4 ნომერში პიესა «ფრონტი» სრულად დაიბეჭდა.

1942 წლის 28 აგვისტოს პრესის გამოქვეყნებისთანავე ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სარდალმა, მარშალმა ტიმოშენკომ სტალინს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც აღშფოთებული წერდა:

«ამხ. კოლნეიჩუკის პრესაში გამოქვეყნებული პიესა «ფრონტი» განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ეს პიესა დიდ ზიანს მოგვაყენებს, ის უნდა აიკრძალოს, ავტორი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ამასთან დაკავშირებით დამნაშავეები უნდა გამოირკვნენ. მარშალი ტიმოშენკო».

იმავე დღესვე სტალინმა დეპეშითვე უპასუხა მარშალ ტიმოშენკოს.

«მივიღე თქვენი დეპეშა კორნეიჩუკის პიესა «ფრონტის» შესახებ. მის შეფასებაში სწორი არ ხართ. პიესას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ექნება საბჭოთა არმიისა და მისი მეთაურთა შემადგენლობისთვის, პიესა სწორად აღნიშნავს წითელი არმიის ნაკლოვანებებს და სწორი არ იქნება ამ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა. ვაჟკაცობა უნდა გვეყოს, ნაკლოვანებების ასაღიარებლად და მათი გამოსწორებისთვის ზომების მისაღებად. ესაა წითელი არმიის გაუმჯობესებისა და სრულყოფის ერთადერთი გზა».

1942 წლის 1 სექტემბერს სტალინმა ტიმოშენკოსგან მიღებული დეპეშის ასლს დააწერა: «ამხ. კორნეიჩუკს. გიგზავნით ცნობისათვის ამხ. ტიმოშენკოს დეპეშას და ჩემს პასუხს. ტიმოშენკოს დეპეშის სტილი მთლიანად შენარჩუნებულია. ი. სტალინი». 3 სექტემბერს კი კორნეიჩუკმა საპასუხო წერილით სტალინს გულითადი მადლობა გადაუხადა.

სტალინის თხოვნით, პიესა «ფრონტის» საფუძველზე, კინორეჟისორებმა სერგეი და გიორგი ვასილიევებმა 1943 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია წითელ არმიას პირველხარისხოვან არმიად ჩამოყალიბების საქმეში.

მილიონერი მწერლები

ერთხელ ფინანსთა მინისტრი ზვერევი სტალინს ეახლა და დიდი მწუხარებით აუწყა, რომ საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ მილიონერი მწერლები. სტალინმა თავისი ისტორიული ჩიბუხით ხელში ნელი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა კაბინეტში და თავის აუწევლად მინისტრის წინ გაჩერდა.

_ მაინც რამდენი იქნებიან ისინი, ამხანაგო ზვერევ?

_ შვიდს ან რვას არ გადააჭარბებს ამხანაგო სტალინ.

 სტალინი ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა, შემდეგ კვლავ მინისტრის წინ გაჩერდა, ცივად თვალებში ჩააცქერდა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უთხრა:

_ სამწუხაროა… სამწუხაროა… ასე ცოტა გვყავს მილიონერი მწერლები?!

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here