წარმოდგენილი მონაცემები აანალიზებს 25 მილიონამდე ჩანაწერს და უკეთებს აგრეგირებას ბიზნეს ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: კომპანიების რაოდენობა, ჯამური შემოსავალი, საერთო მოგება, საერთო ხარჯი, თანამშრომლების რაოდენობა, თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები, კომერციული ფართების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები. წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს არა მარტო მთლიანი ინდუსტრიის სქრინინგი, არამედ ინდუსტრიის ეკონომიკის შეფასება კონკრეტულ ლოკაციაზე.
წარმოგენილი ინფორმაცია კრიტიკულია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე მცირე დასაშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რომელთაც სჭირდებათ შეაფასონ პოტენციური ბიზნესის ბაზარი სხვადასხვა ჭრილში, შეადარონ საკუთარი აქტივობა ბაზრის საშუალოს და ნახონ თუ სად შეუძლიათ პოზიციის გაუმჯობესება.
„საქართველო და მსოფლიო“ წარმოგიდგენთ 6 ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიზნესსექტორს საქართველოში, სია ასე გამოიყურება:
- აზარტული თამაშების სექტორი
აზარტული თამაშების სექტორი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. თუ 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 2,121,744,711 ლარს შეადგენდა, 2016 წელს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგებამ 363 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 50 მილიონით მეტია 2015 წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა წარმოდგენილი. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ საინტერესოა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. კაზინოები გადასახადს მოსაკრებლის სახით იხდიან, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშები არანაირი დამატებითი გადასახადით არ იბეგრებიან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საბიუჯეტო შენატანების სახით 2016 წელს აზარტული თამაშების ბიზნესმა ბიუჯეტში მხოლოდ 109 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც მიღებული შემოსავლისა და ყველაზე მაღალი მოგების ფონზე საკმაოდ მიზერული თანხაა.
2017 წლის პირველ 3 თვეში აზარტული თამაშების სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი პირველ კვარტალში 1,4%-ს არ აღემატება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 0,8%-ს შეადგენდა. წელს შედარებით გაზრდილი შენატანი დაბეგვრის ახალი რეჟიმიდან გამომდინარეობს.
ონლაინ აზარტული თამაშები ერთ-ერთი მთავარი მაგენერირებელია აზარტული თამაშების სექტორის, რომელიც ცალკე დაბეგვრას არ ექვემდებარება. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ერთ-ერთი კვლევის თანახმად მხოლოდ ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს სფერო სრულიად უკონტროლოა და თავის ნებაზეა მიშვებული.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი სექტორი აზარტული თამაშებია. საქართველო ცდილობს მიმზიდველი გახდეს დაბალი საგადასახადო პოლიტიკით, ბიზნესის სიმარტივით და ზოგადად საინვესტიციო მიმზიდველობით.
ეს კარგია, მაგრამ, აზარტული თამაშების ოპერატორთა აბსოლუტური უმრავლესობა ოფშორშია რეგისტრირებული, შესაბამისა, საქართველოს მოსახლეობის ნათამაშები და წაგებული ფული ქვეყნიდან გაედინება. ეს ცუდია და ყურადღებამისაქცევია.
მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების საკითხზე აქტიური განხილვები დაიწყო. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან. დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება. აღსანიშნავია, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და, ჯერჯერობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულირების მოდელზე მუშაობს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი იქნება თუ მთავრობა აზარტული თამაშების მოსაკრებლის გაზრდაზე და ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ცალკე დაბეგვრაზეც დაიწყებს ფიქრსა და მუშაობას.
- ბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირის შემოსავლებმა 2015 წელს 2 424 802 234 ლარი შეაგინა, 2016 წელს კი ინდუსტრიის შემოსავალი 300 მილიონით გაიზარდა და 2 764 081 271 ლარი შეადგინა. კომპანიების რაოდენობა ჯამში 198. ბუნებრივი აირის ძირითადი მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანი ადა შესაბამისად აზერბაიჯანული კომპანია სოკარი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკი გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს. საზოგადოებაში და ანალიტიკოსებში არის მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდება, შესაბამისად, სექტორის მოგებაც გაიზრდება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, – საქართველო ამ მხრივ იმპორტდამოკიდებულია და აქ ვერაფერს შეცვლი. თუმცა, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბუნებრივი აირის მოწოდებისა და განაწილების სქემაში ბევრი მკვდარი სული ორგანიზაციაა, რაც ბუნებრივია, საბოლოო ფასს საგრძნობლად აძვირებს.
- საბანკო სექტორი
წლებია საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულად ფუნქციონირებადი სექტორია. 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით კი 3 მილიარდს. თუმცა, შემოსავლების სამსახური ეროვნული ბანკისგან განსხვავებულად ითვლის და რადგან ბიზნეს რუკა მათი თანამონაწილეობითაა შექმნილი, შესაბამისად, ინფორმაციაც მათ მონაცემბეზე დაყრდნობითაა მოცემული.
საბანკო სექტორის შემთხვვაში, ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2016 წელს ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 მლნ ლარი შეიტანა, 2015 წელს _ 67 მლნ ლარი, 2014-ში _ 79 მნ ლარი, 2013-ში _ 44 მლნ ლარი.
იმის ფონზე, რომ მათი მოგება მზარდია, საბანკო სექტორიც ვერ დაიკვეხნის ქვეყნის მთავარ ხაზინაში შენატანი თანხის მოცულობით. ვხედავთ, რომ როგორც აზარტული თამაშებიდან, ასევე საბანკო სექტორიდანაც ქვეყნის ბიუჯეტში მიზერული თანხა შედის.
ქართული საბანკო სექტორი მომგებიანობის მხრივ მსოფლიოს ათეულშია. თუ ვინმეს ეს კარგი ჰგონია, ცდება. მით უფრო იმ ფონზე, როცა ბოლო კვლევები ამბობს, რომ მოსახლეობის 65%-ს საფინანსო სექტორის ვალი აქვს. ახლა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საფინანსო სექტორის 90%-ს სწორედ საბანკო სექტორი შეადგენს, რომლეიც თავისი საქციელით ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საფონდო ბაზრის, ანუ ალტერნატიული კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ძნელი სათქმელი აღარ არის ქართული საბანკო სექტორის იგავმიუწვდომელი მოგება კარგია თუ ცუდი. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოცემულ ეტაპზე. აქვე, ერთიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართვეოში მოქმედი ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურ კაპიტალს წარმოადგენს, აღნიშნული მოგებაც ქვეყნიდან გაედინება.
- საწვავის ბაზარი
ბენზინით საცალო და საბითუმო ვაჭრობის შემოსავლები 3.3 მილიარდ ლარამდეა. აქედან საბითუმო მილიარდ 902 მილიონი ლარია, ხოლო საცალო მილიარდ 492 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საწვავზე აქციზის ფასი ე. წ. ესტონური მოდელის დანერგვით გამოწვეული საბიუჯეტო დანაკლისის შესავსებად გაიზარდა. საწვავის ფასებთან დაკავშირებით მუდმივად ისმის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ნავთობკომპანიების მოგების მარჟა არ ასახავს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს და ის ხელოვნურადაა გაზრდილი. ამასთან, ნავთობკომპანიებმა ჯერ კიდევ მაშინ ასწიეს საწვავზე ფასები, სანამ აქციზის გადასახადი გაიზრდებოდა. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა სწრაფად ისახება ხოლმე საწვავის ქართულ ბაზარზე, მისი შემცირება კი, ხშირ შემთხვევაში, დროში საკმაოდ გაწელილია.
საწვავის ბაზარი ბუნებრივი აირის ბაზრის მსგავსად იმპორტამოკიდებულია და თამაშის წესებში საზოგადოების ინტერესების შესაბამისი ცვლილებები მეტწილად კონკურენციის სააგენტოს სწორ და აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული.
- ფარმაცევტული ბაზარი
ფარმაცევტული საქნლით საბიუთმო და საცაო ვაჭრობის შემოსავლებმა 2016 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი შეადგინა. კერძოდ, ფარმაცევტული საქონლით საცაო ვაჭრობის შემოსავალი 808 მილიონი იყო, ხოლო საბითუმო მილიარდ 242 მილიონი ლარი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგად ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ფარმაცევტული კომპანიების მოგებამ 2014 წელს 190 მილიონი ლარი შეადგინა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წამლების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი და მათზე 200-300%-იანი ფასნამატია. საზოგადოებაში იყო მოლოდინი და ამ მოლოდინის გაჩენას ხელისუფლების მთელი რიგი განცხადებებიც უწყობდა ხელს, ომ კომპანია ჰუმანითის შემოსვლის შემდეგ ფასები შემცირდებოდა და ეს ხარისხის ხარჯზე არ მოხდებოდა. პირველ ეტაპზე ჰუმანითის ეფექტმა იმოქმედა კიდეც და წამლებზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, თუმცა ჰუმანითი გაქრა… ლარი გაუფასურდა… წამლებიც გაძვირდა… ძველი განცხადებები კი არავის ახსოვს…
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს. ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე.
ფარმაცევტული სექტორი დღემდე რჩება გამოცანად. ბაზარი იმპორტზე დამოკიდებულია. ერთის მხრივ, ქვეყანაში ოპერირებს რამდენიმე ათეული კომპანია, მეორეს მხრივ ბაზარზე თამაშის წესებს ადგენს მათგან რამდენიმე. რეალურად, ფარმაცევტული სექტორი საქართველოში ოლიგოპოლიურია. ამას ემატება საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერება (იმედი L – ჯანმრთელობის დაზღვევა, ევექსი – ამბულატორიული სექტორი, ჯი პი სი აფთიაქები და ეი ბი სი ფარმაცია (ფარმადეპო), სავარაუდო ინტერესები პირველად ჯანდაცვაში და ჰოსპიტალურ სექტორში), რაც ბაზარზე არსებულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
- თამბაქოს ინდუსტრია
ბიზნეს რუკის მიხედვით, სამბაქოს საცალო და საბითუმო ვაჭრობის საერთო შემოსავლებმა მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. კერძოდ, საცაო ვაჭრობის შემოსავლებმა 2016 წელს 290 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16 მილიონით მეტია. 2015 წელსთამბაქოს საცალო ვაჭრობის შემოსავალი 274 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება თამბაქოს საბითუმო ვაჭრობის შემოსავალს, 2016 წელს ის მილიარდ 581 მილიონი ლარია, რაც 2015 წლის მონაცემზე 182 მილიონით ნაკლებია. კომპანიების რაოდენობა საბითუმო სექტორში 440, ხოლო საცალოში 764.
თამბაქოზე აქციზის ზრდამ ფასის შესაბამისი ზრდა გამოიწვია. ამას სამომავლოდ დაემატება ახალი რეგულაციები თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც თამბაქოს ბიზნესი არნახულად იზღუდება და დიდია ალბათობა, რომ აქ შემოსავლების კლების ტენდენცია იქნება.
თამბაქოს სექტორში ადგიოლბრივი წარმოების წილი მიზერულია და ისიც მხოლოდ დაბალფასიან სეგმენტშია წარმოდგენილი. მიუხედავად ტრანსნაციონალური კორპორაციების უპირობო დომინირებისა, ირკვევა, რომ ამ მიზერულ წილსაც საფრთხე ემუქრება, რამდენადაც შესაბამის საფასო სეგმენტში დემპინგით მოქმედებენ და უკიდურესად ზღუდავენ ადგილობრივ ბიზნესს.
ფაქტია, დღეს აზარტული თამაშები, ბუნებრივი აირი, საბანკო სექტორი, საწვავი, ფარმაცია და თამბაქოს ბიზნესი რეალურად ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ეს კარგია. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ დღევანდელ მოცემულობას ავიღებთ ერთგვარ საწყის წერტილად და ყველა ერთად, თავად ეს ბიზნესები, ხელისუფლება, მედია, სრულიად საზოგადოება ირუნებს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნას ვითარება, როცა ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესების ხუთეული მოგებას ქვეყანაშივე დატოვებს.
ბაჩო ჯინჭარაძე