Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 6 ყველაზე იდუმალი შენობა-ნაგებობა მსოფლიოში

6 ყველაზე იდუმალი შენობა-ნაგებობა მსოფლიოში

პლანეტა დედამიწაზე ადამიანის მიერ შექმნილი ბევრი იდუმალი ადგილია. დღეს ბევრ არქიტექტორსა და ინჟინერს შეუძლია იამაყოს ულტრათანამედროვე, მეგაპროექტების შექმნით. სასპორტო არენები, ძეგლები, ტაძრები _ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს შენების უნარი. ძველად, საუკუნეების წინათ, ჩვენს წინაპრებს არ ჰქონიათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, ტექნოლოგიები და მასალები, რომლებსაც დღეს თანამედროვე ადამიანი იყენებს, მაგრამ მაინც აგებდნენ მონოლითურ კონსტრუქციებს, რომლებიც დღესაც იწვევს განცვიფრებას.

ტაძარი ბორობუდურში

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუდისტური ტაძარი იდუმალებითაა მოცული _ მალავს პასუხს კითხვაზე, როგორ აშენდა ის. ისტორიკოსთა აზრით, ტაძარი ბორობუდურში (ინდონეზია) VIII საუკუნეში ააშენეს შიილენდრას დინასტიის წარმომადგენლებმა. უზარმაზარი ნაგებობა ასი წლის განმავლობაში შენდებოდა, მას 504 სტატუა ამშვენებს.

მორაის ტერასები

მორაი, რომელიც მდებარეობს პერუში ქალაქ კუსკოდან 50 კმ-ის დაშორებით, არის ინკების არქიტექტურულ ქმნილებათა ნანგრევების ერთ-ერთი იდუმალი და განსაცვიფრებელი ადგილი. ეს არის უძველესი ამფითეატრის ნანგრევები წრიული ტერასებით. ყველაზე დიდი ტერასა 150 მ სიღრმეზე წრიულ ფსკერზე ეშვება. საინტერესოა, რომ ამ ნაგებობას მაღალ საინჟინრო დონეზე აქვს გაკეთებული დრენაჟი და წვიმის წყალი საერთოდ არ დგება. კიდევ ერთი განსაკუთრებული ფაქტორი არის ის, რომ ტერასების ზედა და ქვედა რგოლების ტეპერატურებს შორის სხვაობა 15 გრადუსია.

ნანმადოლი

მიტოვებული მეგალითური ქალაქი ნან-მადოლი არქიტექტურისა და ხელოვნების განსაცვიფრებელი მაგალითია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, რა შესაძლებლობები ჰქონდათ ადამიანებს საუკუნეების წინათ.

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ პონპენის (მიკრონეზიის ფედერაციული შტატები) ლაგუნაში აშენებული ნან-მადოლი 60 ჰექტარზე გაშენებული 100 ხელოვნური კუნძულისგან შედგება. ისტორიკოსების აზრით, ნან-მადოლი საუ დელერის დინასტიის (1100-1628 წწ.) ბელადების პოლიტიკური და ცერემონიების გასამართავი ცენტრი იყო, რაც კიდევ უფრო გასაოცარი რაკურსით წარმოაჩენს ქალაქს, რადგან ნან-მადოლის მშენებლებს არანაირი კირი, ალიზი და მით უმეტეს, ცემენტი არ გამოუყენებიათ უზარმაზარი ქვის კოლონების ასაგებად. შენობები აგებულია მხოლოდ თითოეული ქვისა თუ ლოდის წონისა და ფორმის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის არქიტექტურასა და ინჟინერიაზე ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ვიცით, რომ ასეთი პროექტის რეალიზაციას ძალიან განვითარებული ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემა დასჭირდებოდა.

მიწისქვეშა კლდოვანი ტაძრები ლალიბელაში

11 ქვის ძველი ეკლესია ლალიბელაში არის დასტური იმისა, რომ ეთიოპიაში ქრისტიანობა უფრო დიდი ხანი არსებობს, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ეთიოპიაში რელიგიას, მიუხედავად ქვეყანაში არასტაბილურობისა და სიღარიბის მაღალი დონისა, წამყვანი ადგილი უკავია 330 წლიდან.

მონოლითური კონსტრუქციები დედამიწის ზედაპირის ქვეშ 12-15 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული, ბევრი მეცნიერი ცდილობდა და ცდილობს ამ განსაცვიფრებელი ტაძრების წარმოშობის ისტორიას მიაკვლიოს. ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზა ასეთია: საკულტო ნაგებობების აშენების ბრძანება გასცა მეფე ლალიბელამ XII საუკუნეში.

ადგილობრივი მორწმუნეები, რომლებიც დადიან მიწისქვეშა ეკლესიებში, ამ თეორიაში ღვთაებრივ აზრს ხედავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მეფე ლალიბელამ 11 ეკლესია ერთ ღამეში ააგო ანგელოზების არმიის დახმარებით.

ციტადელ საკსაიუამანის კედლები

კუსკო (პერუ) _ ამ ადგილას შეიძლება ინკების უამრავი არქიტექტურული ნანგრევი იპოვოთ, მაგრამ მათგან ყველაზე შთამბეჭდავია ციტადელი საკსაიუამანი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ინკებმა თავიანთი დინასტიის ყოფილი დედაქალაქი ციხესიმაგრედ ააგეს, მაგრამ დღეს კომპლექსის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. ყველაფერი, რაც მისგან დარჩა, დიდებული კედელია, რომელიც საგონებელში აგდებს მეცნიერებს.

როგორც ინკების ბევრი ნაგებობა, ციტადელ საკსაიუამანის კედლები მძიმე ლოდებისგანაა აშენებული და თითქოს ფაზლებივითაა შეერთებული. ლოდებს არასწორი ფორმები აქვთ, მაგრამ ისეა განლაგებული, მათ შორის ნემსი არ გაეტევა. კედლები 6 მ სიმაღლისაა, მათ შორის ყველაზე გრძელი კი 400 მ-ს აღწევს.

კედლები ისეთი შთამბეჭდავია, რომ, როდესაც ესპანელებმა კუსკო დაიპყრეს, მათი დანგრევა დაიწყეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ასეთი ნაგებობის შექმნა მხოლოდ დემონებს ხელეწიფებოდათ, მაგრამ ბევრი ლოდი ძალიან მძიმე იყო და ადგილიდან ვერ დაძრეს. როგორ შეძლეს ინკებმა ამ ციხესიმაგრის აგება, დღემდე უცნობია.

პუმაპუნკუ

ეს ადგილი ბოლივიის ანდებში განლაგებული ტაძრების კომპლექსის ნაწილია. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვის ნაგებობები პუმა-პუნკუ 536-დან 600 წლამდე პერიოდში აუშენებიათ.

რატომ არის პუმა-პუნკუ უნიკალური? ქვები საკმაოდ მასიურია, მათგან ყველაზე დიდი 131 ტონას იწონის. ეს 2-ჯერ მეტია მიწისმთხრელი მანქანების უმრავლესობის წონაზე. არავინ იცის, 1420 წლის წინათ როგორ შეძლეს ადამიანებმა ამ ქვების გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე.

პუმა-პუნკუ მთებში 3900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ხეები არ იზრდება და ადამიანები მორებს ვერ გამოიყენებდნენ ამ უზარმაზარი ლოდების გადასატანად. ყველაზე დიდი გამოცანაა ტექნიკა, რომელიც გამოყენებულია ბლოკების დასამუშავებლად: ქვები დაუჯერებელი სიზუსტითაა დამუშავებული და მათ სწორი ფორმები აქვს. საუკუნეების წინათ ადამიანები, ალბათ, არც ისეთი პრიმიტიულები იყვნენ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here