Home რუბრიკები საზოგადოება პუბლიკაციის კვალდაკვალ

პუბლიკაციის კვალდაკვალ

781

უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის _ ევგენი უშვერიძისა და მისი კოლეგების მიერ აგებული, სრულად აღჭურვილი და ამუშავებული გაზის ბალონების დამამზადებელი ქარხნის პრობლემებზე «საქართველო და მსოფლიომ» ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე გამოაქვეყნა წერილი რუბრიკით «პრემიერმინისტრის საყურადღებოდ».


სამწუხაროდ, პრობლემები არ გადაწყვეტილა, პირიქით, ისეთ ჩიხში შევიდა, რომლიდანაც გამოსვლა, ახალი ბარიერების წარმოქმნის გამო, კიდევ უფრო გართულდა.

არადა, პერსპექტივა, რომელსაც გვთავაზობს ბატონი ევგენი, მართლაც მიმზიდველია. ამის შესახებ წერილის გამოქვეყნება გვთხოვეს ავტორთა ჯგუფის წევრებმა _ მეცნიერებმა, ინჟინრებმა, პრაქტიკოსმა მეურნეებმა.

წერილი საქართველოს პრემიერმინისტრის _ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზეა გაგზავნილი, ანუ უმაღლესი დონის ხელმძღვანელის სახელზე; და როგორი რეაქცია ექნება მას ამ პრაქტიკულ შეთავაზებაზე, წარმოაჩენს, რამდენად არის დაინტერესებული ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან სიახლეთა დანერგვით ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზაზე.

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უთუოდ ახსოვს, 2006 წლის სექტემბერში სააკაშვილმა როგორი პომპეზურობით აღნიშნა ჩვენი აშენებული, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებისთვის მაღალი წნევის მთლიანლითონური ბალონების გამომშვები ქარხნის ექსპლოატაციაში შესვლა, მაგრამ რად გინდა: ქარხანამ გახსნიდან ერთ თვეში 1000 ბალონის გამოშვება შეძლო, საწარმო კი დაიხურა «პრივატიზაციის რეჟიმში გადასვლასთან» დაკავშირებით. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მაშინ საქართველო მსოფლიოში მე-10 სახელმწიფო იყო, რომელშიც ამუშავდა ამ ტიპის საწარმო, რომელიც დღემდე გაჩერებულია. ეკონომიკის ყველა მინისტრსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, როგორც სააკაშვილის, ისე «ოცნებისას», მივმართეთ თხოვნით, ქარხანა გადმოეცათ ჩვენთვის სიმბოლურ ფასად, ვინაიდან, 6-ჯერ აუქციონზე გამოტანის მიუხედავად, არც ერთ ინვესტორს არ გამოუთქვამს სურვილი ქარხნის შეძენაზე, ხოლო ბანკები სესხს არ გვაძლევდნენ, რადგან ქარხანა სახელმწიფო საკუთრება იყო.

მაშინ, როცა საქართველოს მილიარდობით ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცათ ისეთ პირებს, რომელთაგან თითქმის ყველამ არათუ დაასაქმა ხალხი, არამედ გაანადგურა მუქთად შეძენილი, წინა თაობების მიერ დიდი შრომითა და რუდუნებით შექმნილი საქართველოს სიმდიდრე, ჩვენ უარით გვისტუმრებდნენ.

მოგახსენებთ, რომ ბალონების ქარხნის ჩვენთვის სიმბოლურ ფასად გადმოცემის შემთხვევაში, ბიზნესგეგმის მიხედვით მისი აღდგენის, გაფართოება-მოდერნიზაციის შემდეგ ქარხანაში დასაქმდებოდა 250 ადამიანი და წელიწადში მივიღებდით მოგებას, სულ მცირე, 6,0 მილიონ ევროს ოდენობით, რაც მოგვცემდა საშუალებას:

აგვეშენებინა ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს (როვინგის) მისაღებად ორი ღუმელი;

შეგვეძინა ბაზალტოპლასტიკური არმატურის მისაღებად 1 ხაზი;

შეგვეძინა მატერიის საქსოვი ორი დაზგა;

დაგვემზადებინა კონვექტური შრობის ერთი დანადგარი;

დაგვემზადებინა 4 თბოგენერატორი სარწყავი წყლის პასტერიზაციისა და შენობის გასათბობად;

შეგვეძინა ერთი, პლასტავტომატი სოკოს მისაღებად საჭირო ცელოფნის პარკების დასამზადებლად;

შეგვეძინა მიცელიის სათესად მოსამზადებელი ლაბორატორიის დანადგარები;

შეგვეძინა მინების მოლირების ერთი ხაზი;

აგვეშენებინა ერთი 400 კვადრატული მეტრი სასარგებლო ფართის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტების სადღეღამისო მოყვანის მატერიაზე თესვის ორსართულიანი კომპლექსი თავისი სარდაფით, რომლის პირველ სართულზე განთავსდებოდა ხორბლის მოსაყვანად საჭირო კონვეიერი თავისი ინფრასტრუქტურით, ხოლო მეორე სართული მთლიანად დაეთმობოდა სოკოს მოყვანას.

სამ წელიწადში დავამზადებდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების შრობისა და ფქვილად ქცევის იმდენ დანადგარს, რამდენიც სავსებით საკმარისი იქნებოდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში არ გაფუჭებულიყო არც ერთი კილოგრამი მოსავალი, მათ შორის, მანდარინი, ატამი და ყურძენი.

შესაძლებლობა გვექნებოდა, მაქსიმუმ სამ წელიწადში აგვეშენებინა რუსთავში, თბილისში, ზესტაფონში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალქალაქში ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს (როვინგის) მიღების საწარმოები, ხოლო საქართველოს ყველა რეგიონში _ ფიბრობეტონის ქარხნები, რომლებიც დაამზადებდა როგორც საწარმოო ფიბრობეტონს, ასევე, ბაზალტოპლასტიკური არმატურით არმირებულ ფიბრობეტონის კონსტრუქციებს. ისინი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე 5-ჯერ მსუბუქი და ორჯერ იაფია. ქუთაისსა და თბილისში ავაშენებდით ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოსგან მატერიის, ბაზალტოპლასტიკური არმატურისა და მილების დამამზადებელ ქარხნებს.

შევძლებდით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც მოგებას გაზრდიდა ხუთ წელიწადში 1,0 მილიარდ დოლარამდე და, ამასთან ერთად, 6-10-ჯერ შეამცირებდა ატმოსფეროს დანაგვიანებას მავნე აირებით.

რაც ყველაზე მთავარია, 7 წელიწადში ავაშენებდით რვასართულიან კომპლექსებს თავისი სარდაფის სართულებით, რომლებიც დააკმაყოფილებდა საქართველოს მოთხოვნას ხორბალზე. ერთი რვასართულიანი კომპლექსი, თავისი სარდაფით, მესამე წლიდან მოგვცემდა 1,0 მილიონი ევროს წმინდა მოგებას და დაასაქმებდა 90 კაცს. 7 წლის შემდეგ საქართველოს წლიური მოგება იქნებოდა 12,0 მილიარდი ევრო, ხოლო დასაქმებული იქნებოდა ერთ მილიონზე მეტი კაცი. მომდევნო ხუთ წელიწადში ასეთივე რაოდენობის კომპლექსების აშენებით მთლიანად დაკმაყოფილდებოდა საქართველოს მოთხოვნილება ბრინჯზე, შაქარზე, ბოსტნეულსა და სამკურნალო მცენარეებზე.

პირველივე წელიწადს დაიწყებოდა უკაშხალო მიკროჰესების პროექტირება, ხოლო მეორე წლიდან _ მასალების მომზადება და მშენებლობა.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, 5 წლის თავზე საქართველოში წყალი გახდებოდა უფასო, დენი ეღირებოდა, მაქსიმუმ, 4 თეთრი, ხოლო გაზის გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა 50 თეთრი. მომდევნო ხუთ წელიწადში მთლიანად გაუქმდებოდა სამრიცხველო მეურნეობა, დაუსაქმებელი არავინ დარჩებოდა. იპოთეკარების დავალიანებების დასაფარად მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიეცემოდა სახელმწიფოდან 2,0-პროცენტიანი სესხები გადახდის 1 წლიანი გადავადებით. ყველა მეანაბრეს დაუბრუნდებოდა თავისი თანხები, მაქსიმუმ, სამ წელიწადში. ერთ წელიწადში საპენსიო ვადა ქალებისთვის 55 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი გახდებოდა. ყველაზე მცირე პენსია 1000,0 ლარს მიაღწევდა.

ჩვენს ამ გაანგარიშებას საფუძველი გამოაცალა ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ბალონების ქარხანა რატომღაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა.

ბატონო პრემიერმინისტრო, მადლობელი დაგრჩებით, თუ დაავალებთ ეკონომიკის სამინისტროს, საჯაროდ განგვიმარტოს, რა გახდა ასეთი გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი.

ბალონების ქარხნის ყოფილი თანამშრომლების სახელით:

ევგენი უშვერიძე _ ქარხნის დირექტორი, ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ვლადიმერ კუჭუხიძე _ მთავარი ინჟინერი;

ავთანდილ სვანიძე _ წარმოების უფროსი;

ალექსანდრე გორდეზიანი _ თერმული საამქროს უფროსი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;

ვახტანგ წიკლაური _ ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი, პროფესორი;

სლავა მებონია _ მეცნიერი-კონსულტანტი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;

არჩილ ქვირია _ მთავარი ენერგეტიკოსი;

მურმან მაჭარაძე _ მაღალი ძაბვის ქვესადგურის უფროსი, პროფესორი;

მიხეილ ასიტაშვილი _ საგლინავი საამქროს უფროსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here