Home რუბრიკები საზოგადოება როგორ მოხდა საქართველოს გამოსააკაშვილება

როგორ მოხდა საქართველოს გამოსააკაშვილება

1733

როგორ დავიცვათ თავი ფარული ოკუპაციისგან

გსმენიათ «ოვერტონის სარკმელზე»? თუ არა, წაიკითხეთ ნებისმიერი იდეის ლეგალიზაციის ტექნოლოგიის შესახებ და თქვენთვის გასაგები იქნება, როგორ ახდენენ ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამერიკელმა სოციოლოგმა ჯოზეფ პ. ოვერტონმა (1960-2003) აღწერა ტექნოლოგია, როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც ადრე აბსოლუტურად მიუღებლად თვლიდა. აღწერა, როგორ უნდა ამოიღო ნაგვის ყუთიდან საზოგადოებისთვის სრულიად უცხო იდეები, გარეცხო და შემდეგ კანონმდებლობით გაამყარო. ეს არ არის ტვინების გამორეცხვის ჩვეულებრივი მეთოდი, ეს გაცილებით დახვეწილი ტექნოლოგიაა, რომელსაც ეფექტიანს ხდის თანმიმდევრული, რეგულარული და საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი გამოყენება.


«ოვერტონის სარკმლის» მიხედვით, ყოველი იდეის ან პრობლემისთვის საზოგადოებაში არსებობს შესაძლებლობების სარკმელი. ამ სარკმლის საზღვრებში იდეაზე შეუძლიათ ფართოდ იმსჯელონ ან არ იმსჯელონ, მხარი დაუფარავად დაუჭირონ, აწარმოონ პროპაგანდა და შეეცადონ, კანონმდებლობით გაამაგრონ.

სარკმელს ამოძრავებენ და ამით ცვლიან შესაძლებლობებს სტადიიდან «შეუძლებელია», ანუ საზოგადოებრივი მორალისთვის სრულიად მიუღებელ სტადიამდე «აქტუალური პოლიტიკა», ანუ უკვე ფართოდ განხილულ, მასობრივი ცნობიერებისთვის მიღებულ და კანონებში ასახვის სტადიამდე.

განვიხილოთ მაგალითები, როგორ იწყებს საზოგადოება რაღაც მიუღებელზე მსჯელობას, შემდეგ მას მისაღებად თვლის და ეგუება ახალ კანონს, რომელიც იცავს იმას, რაც ოდესმე წარმოუდგენლად მიაჩნდა.

სამაგალითოდ ავიღოთ რაღაც სრულიად წარმოუდგენელი, დავუშვათ, კანიბალიზმი, ანუ იდეა იმის ლეგალიზებისა, რომ მოქალაქეებს უფლება მივცეთ, ერთმანეთი შეჭამონ. სასტიკი მაგალითია?

მაგრამ ცხადია, რომ ახლა, 2014 წელს, არ არსებობს კანიბალიზმის პროპაგანდის შესაძლებლობა _ საზოგადოებრიობა ყალყზე დადგება. ასეთი ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ კანიბალიზმის ლეგალიზაცია შესაძლებლობების სარკმლის ნულოვან სტადიაზეა, ამ სტადიას, ოვერტონის თეორიის თანახმად, ეწოდება «შეუძლებელია».

ახლა დავიწყოთ მოდელირება, როგორ უნდა მოხდეს ამ «შეუძლებლის» რეალიზაცია «ოვერტონის სარკმლის» ყველა სტადიის გავლით.

ტექნოლოგია

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ _ ოვერტონმა აღწერა ტექნოლოგია, რომელიც ნებისმიერი იდეის ლეგალიზების შესაძლებლობას იძლევა. მან აღწერა თანმიმდევრობა ისეთი მოქმედებებისა, რომლებიც აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ადამიანების საზოგადოების გასანადგურებლად კი ეს ტექნოლოგია თერმობირთვულ აფეთქებაზე უფრო ეფექტიანი იქნება.

კანიბალიზმის თემა ჯერჯერობით სრულიად მიუღებელია საზოგადოებისთვის. ამ თემაზე არც პრესაში მსჯელობენ და არც ახლობლების წრეში. ჯერჯერობით ეს აბსურდული და აკრძალული მოვლენაა. შესაბამისად, ოვერტონის სარკმლის პირველი გადაადგილება ასეთი უნდა იყოს: კანიბალიზმის თემა «შეუძლებელიას» სტადიიდან «რადიკალიზმის» სტადიაში უნდა გადავიყვანოთ.

ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება და რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ კანიბალიზმზე? მეცნიერები ხომ, საერთოდ, ყველაფერზე ლაპარაკობენ _ მათთვის აკრძალული თემა არ არსებობს, მათ უფლება აქვთ, ყველაფერი შეისწავლონ. და თუ ასეა, ჩავატაროთ ეთნოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე «პოლინეზიის ტომების ეგზოტიკური წეს-ჩვეულებები», ვიმსჯელოთ ისტორიულ მოვლენებზე, შემდეგ განვიხილოთ მეცნიერულად და მივიღებთ ავტორიტეტების გამონათქვამებს კანიბალიზმის შესახებ.

ხედავთ, კაციჭამიობაზე, როგორც ჩანს, საგნობრივად შეიძლება საუბარი სამეცნიერო რესპექტაბელურობის საზღვრებში. «ოვერტონის სარკმელი» უკვე დაიძრა, ანუ უკვე აღინიშნა პოზიციების გადასინჯვა. ამით მოხდა საზოგადოების უარყოფითი და მიუღებელი დამოკიდებულებიდან უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებაზე გადასვლის უზრუნველყოფა. მეცნიერულ დისკუსიასთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს «რადიკალური კანიბალების» მსგავსი რაღაც საზოგადოება. მისი წარდგენა უნდა მოხდეს თუნდაც ინტერნეტში _ რადიკალურ კანიბალებს აუცილებლად შენიშნავენ და მათზე აუცილებლად დაწერენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. პირველ რიგში, ეს არის გამოხატვის კიდევ ერთი ფაქტი, მეორეც _ სპეციალური გენეზისის ეპატაჟური გამოხდომები რადიკალურად განწყობილი საფრთხობელის შესაქმნელად არის საჭირო. ესენი _ «ცუდი კანიბალები» _ სხვა საფრთხობელის _ «ფაშისტების, რომლებიც მოუწოდებენ, ცეცხლზე დაწვან ისინი, ვინც მათი მსგავსი არ არის» _ საპირწონედ გამოდგებიან, თუმცა საფრთხობელაზე _ ცოტა ქვემოთ. თავდაპირველად საკმარისი იქნება მასალების გამოქვეყნება იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები და რადიკალურად განწყობილი პირები ადამიანის ხორცის ჭამაზე.

«ოვერტონის სარკმლის» პირველი მოძრაობის შედეგი: მიუღებელი თემა საზოგადოებაში დატრიალდა, ტაბუ დესაკრალიზებულია, მოხდა პრობლემის ერთმნიშვნელობის რღვევა _ შეიქმნა «ნაცრისფერის გრადაციები».

რატომაც არა?

შემდეგი ნაბიჯით «სარკმელი» წინ მიიწევს და კანიბალიზმის თემა «რადიკალიზმის» სტადიიდან «შესაძლებლის» სტადიაზე გადააქვს.

ამ სტადიაზე გრძელდება «მეცნიერთა» ციტირება. ცოდნის უარყოფა ხომ დაუშვებელია?! _ კანიბალიზმის შესახებ! ნებისმიერს, ვინც ამ თემაზე მსჯელობას გაექცევა, ფარისევლისა და თვალთმაქცის იარლიყი უნდა მიეწებოს.

ფარისევლების დაგმობისას, კანიბალიზმისთვის აუცილებლად მოფიქრებული უნდა იქნას ელეგანტური სახელწოდება, ფაშისტებმა სხვაგვარად მოაზროვნეებს იარლიყები რომ არ მიაწებონ.

ევფემიზმის (ბერძნ. _ კეთილსიტყვაობა საჩოთიროდ და სახიფათოდ მიჩნეული სიტყვების ნაცვლად უფრო ზრდილობიანი და უვნებელი სიტყვების გამოყენება) შექმნა უაღრესად საჭირო მომენტია. შეუძლებელი, წარმოუდგენელი იდეის ლეგალიზაციისთვის აუცილებელია მისი ნამდვილი სახელწოდების შეცვლა და კანიბალიზმი უკვე აღარ არსებობს. ახლა მას ეწოდება, მაგალითად, ანთროპოფაგია, მაგრამ ამ ტერმინსაც შეურაცხმყოფლად ჩათვლიან და მალე გამოცვლიან.

ახალი სახელწოდებების გამოგონების მიზანი ყურადღების გადატანაა პრობლემის არსიდან მის შინაარსზე. სიტყვის შინაარსიდან სიტყვის ფორმაზე ყურადღების გადატანა ნიშნავს, რომ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს ლაპარაკის უფლება წაართვა. კანიბალიზმი გარდაიქმნება ანთროპოფაგიად, შემდეგ _ ანთროპოფილიად. მსგავსად იმისა, თუ როგორ იცვლის ბოროტმოქმედი გვარსა და პასპორტს.

სახელწოდების შეცვლის პარალელურად იწყება ისტორიული, მითოსური, აქტუალური და, გნებავთ, გამოგონილი პრეცენდენტის შექმნა _ მთავარია, ლეგიტიმური იყოს. მისი მოძებნა ან მოფიქრება შეიძლება, როგორც «მტკიცებულება» იმისა, რატომ არის შესაძლებელი ანთროპოფილიის დაკანონება.

* «გახსოვთ ლეგენდა თავგანწირული დედის შესახებ, რომელმაც თავისი სისხლი წყურვილისგან მომაკვდავ შვილებს დაალევინა?»

* «ისტორია ანტიკური ღმერთებისა, რომლებიც, საერთოდ, ყველაფერს მიირთმევენ _ ეს რომაელებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო».

* «ჩვენთან უფრო ახლოს მდგომ ქრისტიანებს ანთროპოფილიასთან ყველაფერი რიგზე აქვთ! ისინი დღემდე რიტუალურად სვამენ სისხლს და მიირთმევენ თავიანთი ღმერთის ხორცს. რამეში ხომ არ ადანაშაულებთ ქრისტიანულ ეკლესიას? ვინ ხართ, ჯანდაბას თქვენი თავი?

ამ ეტაპის ბაკქანალიის მთავარი მიზანი ადამიანების, ნაწილობრივ მაინც, სისხლის სამართლის დევნის შიშისგან გათავისუფლებაა.

ესეც ასე!

მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება მალეგიტიმირებელი პრეცენდენტი, ჩნდება შესაძლებლობა «ივერტონის სარკმლის» გადატანისა «შესაძლებლის» ტერიტორიიდან «რაციონალიზაციის» სფეროში. ეს არის მესამე ეტაპი. აქ მთავრდება პრობლემის დანაწევრება.

* «ჭამის სურვილი ადამიანების გენეტიკაშია ჩადებული. ის ადამიანის ბუნებაშია».

* «ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებელია, არსებობს გადაულახავი გარემოებები»;

* «არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ შეჭამონ».

* «ანთროპოფილებს პროვოკაცია მოუწყვეს!»

* «აკრძალული ხილი ყოველთვის ტკბილია»;

* «თავისუფალ ადამიანს უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, რა ჭამოს»;

* «არის კი ანთროპოფილიაში მავნებლობა? ეს დამტკიცებული არ არის»;

საზოგადოების ცნობიერებაში ხელოვნურად იქმნება «ბრძოლის ველი» პრობლემისთვის. ფლანგებზე განლაგებულნი არიან საფრთხობელები _ კაციჭამიობის რადიკალური მომხრეები და რადიკალური მოწინააღმდეგეები, ცდილობენ, რომ რეალური მოწინააღმდეგეები, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც არ სურთ კანიბალიზმისთვის ტაბუს ახსნის პრობლემისადმი გულგრილნი იყვნენ, საფრთხობელებთან ერთად შეფუთონ და რადიკალური მოწინააღმდეგეების რიგებში ჩაწერონ. ამ საფრთხობელების როლი შეშლილი ფსიქოპათების სახის აქტიურად შექმნაშია _ ესენი არიან ანთროპოფილიის აგრესიული მოძულენი, რომლებიც მოუწოდებენ, რომ ცოცხლად დაწვან კაციჭამიები, ებრაელები, კომუნისტები და შავკანიანები.

მასმედიაში გამოჩენა ყველას უზრუნველყოფილი აქვს, ლეგალიზაციის ნამდვილი მოწინააღმდეგეების გარდა.

ამ ეტაპზე «მეცნიერები» და ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანები დროდადრო ერთმანეთს ჭამდნენ.

ახლა კი ანთროპოფილიის თემა «რაციონალიზაციის» სფეროდან შეიძლება გადავიდეს «პოპულარულის»კატეგორიაში. «ოვერტონის სარკმელი» წინ მიიწევს.

პოპულარიზაცია

კანიბალიზმის თემის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია კონტენტი (ტექსტი, გრაფიკა, მულტიმედია), რომელიც დატვირთული იქნება ისტორიული და მითოსური პიროვნებებით, და, შესაძლებლობის მიხედვით, _ თანამედროვე მედიაპერსონებით.

ანთროპოფილია მასობრივად შეიჭრება ახალ ამბებსა და თოქშოუებში. ადამიანებს ჭამენ ფილმებში, ვიდეოკლიპებსა და სიმღერების ტექსტებში.

პოპულარიზაციის ერთ-ერთი მეთოდის სახელწოდებაა «მიმოიხედეთ ირგვლივ!»

*»განა არ იცოდით, რომ ერთი ცნობილი კომპოზიტორი არის… ანთროპოფილი?»

*»ერთი ცნობილი პოლონელი სცენარისტი მთელი ცხოვრება ანთროპოფილი იყო, მას დევნიდნენ კიდეც».

* «მათგან რამდენი მოათავსეს ფსიქიატრიულში! რამდენი მილიონი გაასამართლეს, მოქალაქეობა რამდენს ჩამოართვეს?! სხვათა შორის, თუ მოგწონთ ლედი გაგას ახალი კლიპი «Eat Me, Beby»?

ამ ეტაპზე თემა ტოპათეულში ხვდება და ავტომატურად იწყებს კვლავწარმოებას მასმედიაში, შოუბიზნესსა და პოლიტიკაში.

სხვა ეფექტური ხერხი: პრობლემის არსზე აქტიურად ჭორაობენ ინფორმაციის ოპერატორებთან (ჟურნალისტებთან, ტელეწამყვანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ა. შ.), სპეციალისტებს კი დისკუსიაში ჩართვის უფლებას არ აძლევენ.

შემდეგ, როცა უკვე ყველას მოწყინდება და პრობლემის განსჯა ჩიხში შევა, მოდის სპეციალურად შერჩეული პროფესიონალი და ამბობს: «ბატონებო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. უნდა გაკეთდეს ეს და არა _ ის». და აძლევს იმ მომენტისათვის საჭირო მიმართულებას, რომლის ტენდენციურობასაც «სარკმელი» განსაზღვრავს. ლეგალიზაციის მომხრეების გასამართლებლად იყენებენ ბოროტმოქმედთა გაჰუმანურების მეთოდს, რომელიც დადებითი პიროვნების შექმნას ითვალისწინებს და რომლის დანაშაულზეც აქცენტი არ უნდა გაკეთდეს.

* «ეს ხომ შემოქმედი ადამიანია, მერე რა, რომ ცოლი შეჭამა?»

* «მათ გულწრფელად უყვარდათ თავიანთი მსხვერპლი. ჭამს, ესე იგი უყვარს!»

* «ანთროპოფილებს მაღალი IQ აქვთ, სხვა დანარჩენში ისინი მკაცრი მორალით გამოირჩევიან».

* «ანთროპოფილები თვითონ არიან მსხვერპლნი, მათ ცხოვრებამ აიძულა ეს».

* «ისინი ასე აღზარდეს» და ა. შ.

ქვემოთ მოყვანილი ფრაზები კი პოპულარული თოქშოუების მარგალიტები იქნება:

«ჩვენ მოგითხრობთ ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას! ვაჟს უნდოდა გოგონას შეჭმა! მას კი სურდა, შეჭმული ყოფილიყო! ჩვენ ვინ ვართ, ისინი განვსაჯოთ? სრულიად შესაძლებელია, რომ ეს სიყვარულია. თქვენ ვინ ხართ, რომ სიყვარულს გზაზე გადაეღობოთ?!

აქ ხელისუფლება ჩვენ ვართ

«ოვერტონის სარკმლის» მეხუთე ეტაპზე მაშინ გადადიან, როდესაც თემა უკვე «გახურებულია» და არის შესაძლებლობა, ის «პოპულარობის» სფეროდან «აქტუალურ პოლიტიკაში» გადაიტანონ. იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება, ხელისუფლებაში არსებული ლობისტური ჯგუფები გამოდიან ჩრდილიდან. ქვეყნდება სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს, რომ კანიბალიზმის ლეგალიზაციას მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს. პოლიტიკოსები უკვე საჯაროდ გამოთქვამენ აზრს ამ თემის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის თაობაზე. საზოგადოების ცნობიერებაში ნერგავან ახალ დოგმას _ «ადამიანების შეჭმის აკრძალვა აკრძალულია».

ლიბერალიზმის საფირმო კერძი _ ეს არის ტოლერანტობა, როგორც ტაბუს აკრძალვა, საზოგადოებისთვის დამღუპველი გადახრების გამოსწორების აკრძალვა.

«სარკმლის» ბოლო ეტაპზე, კატეგორია «პოპულარულიდან» კატეგორია «აქტუალურ პოლიტიკაზე» გადასვლის მომენტში, საზოგადოება უკვე გატეხილია. მისი ყველაზე ცოცხალი ნაწილი ასე თუ ისე მაინც ეწინააღმდეგება ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი და მიუღებელი იდეის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოება გატეხილია. ის უკვე შეეგუა დამარცხებას.

მიღებული კანონებით შეიცვლება ადამიანის არსებობის ნორმები, შემდეგ კი თემა აუცილებლად მიაღწევს სკოლებსა და საბავშვო ბაღებამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ თაობას გადარჩენის შანსი აღარ ექნება. ასე მოხდა პედერასტიის (ახლა ისინი ითხოვენ, რომ გეებად იწოდებოდნენ) ლეგალიზების შემთხვევაში. ამჟამად კი ევროპა ჩვენ თვალწინ ახდენს ინცესტისა და ბავშვების ევთანაზიის ლეგალიზებას.

ტექნოლოგიის არსი

აქციო ნორმალურ და ჩვეულებრივ მოვლენად ის, რაც აკრძალული იყო ადამიანის მორალიდან გამომდინარე _ აი არსი ტექნოლოგიისა, სახელწოდებით «ოვერტონის სარკმელი».

«ოვერტონის სარკმელი» იოლად მოძრაობს (ვრცელდება) ტოლერანტულ საზოგადოებაში; იმ საზოგადოებაში, რომელსაც არ აქვს იდეალები, და, აქედან გამომდინარე, _ კეთილისა და ბოროტის მკაფიოდ გამიჯვნის უნარი.

«ოვერტონის სარკმლის» ტექნოლოგია დაფუძნებულია პიროვნების ბაზისურ სისუსტეებზე. ამ ტექნოლოგიის «მომხიბვლელობა» მდგომარეობს იმაში, რომ ის მაშინაც კი მუშაობს, როდესაც ადამიანი აცნობიერებს _ ამ ტექნოლოგიით მასზე ზემოქმედებენ. ჩვეულებრივი მანიპულაციები მაშინვე წყვეტს მუშაობას, როგორც კი ადამიანი ხვდება მათ ნამდვილ არსს. «ოვერტონის სარკმლის» შემთხვევაში კი ადამიანის ქვეცნობიერზე ზემოქმედება მის საბაზისო მოთხოვნილებებზე ზემოქმედებით ხდება.

აი ადამიანზე ზემოქმედების ძირითადი ბერკეტები:

1. ტოლერანტობა;

2. ევფემიზმი;

3. რომელიმე გუნდის წევრობა;

4. ავტორიტეტის ილუზია;

5. კანონიერია, ე. ი. სწორია.

«ოვერტონის სარკმელი» დაფუძნებულია ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებებზე, რომლებსაც მასლოუს პირამიდაში მე-2, მე-3 და მე-4 საფეხურები უკავია.

აი «მასლოუს პირამიდა»:

* ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები: შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა და ა. შ.

* უსაფრთხოების მოთხოვნილებები: თავდაჯერებულობის განცდა, შიშისა და და წარუმატებლობისგან თავის დაღწევა.

* კუთვნილებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები.

* პატივისცემის მოთხოვნილება: წარმატების მიღწევა, აღიარება, შექება.

* შემეცნებითი მოთხოვნილებები: ცოდნა, მოხერხება, გამოკვლევა.

* ესთეტიკური მოთხოვნილებები: ჰარმონია, წესრიგი, სილამაზე.

* თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება: რეალიზაცია საკუთარი მიზნებისა და შესაძლებლობებისა, პიროვნების განვითარება.

გამომდინარე იქიდან, რომ მე-2, მე-3 და მე-4 მოთხოვნილებები სრულად და სამუდამოდ, პრაქტიკულად, არასდროს კმაყოფილდება, ისინი იოლად ხდებიან მანიპულაციის ობიექტები თითქმის ყველა ადამიანში.

ტოლერანტობა იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე საზიზღარი იდეაც კი წესად აქციო. საინტერესოა, რომ ტოლერანტობის განმარტებაში (ვიკიპედია), გარდა შემწყნარებლობისა, არის კიდევ ერთი განსაზღვრება _ ტანჯვის ნებაყოფლობით ატანა. სწორედ ეს განსაზღვრება მიესადაგება ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, შეურიგდნენ და გაიზიარონ მათთვის საწინააღმდეგო თვალსაზრისი, უფრო ზუსტად _ თავსმოხვეული აზრები და აღიქვან, როგორც საკუთარი ქონების ნაყოფი.

კუთვნილებისა და პატივისცემის მოთხოვნილებები გვაიძულებს, უარი ვთქვათ საკუთარ თვალსაზრისზე, რადგან გვეშინია, ოპონენტების აგრესია და უკმაყოფილება არ გამოვიწვიოთ.

ევფემიზმი შინაგანი წინააღმდეგობის გადასალახად აუცილებელია. ეს არის მაშველი რგოლი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს შინაგანი წონასწორობა საკუთარ და სრულიად საწინააღმდეგო ფასეულობებს შორის. მაგალითად, ჩვენს კულტურაში უხეში სიტყვა «პედერასტის» ნაცვლად შემოვიდა უფრო ნეიტრალური სიტყვა «გეი». ხოლო ფრაზები «ჩემი ნაცნობი გეი» და «ჩემი ნაცნობი პედერასტი» განსხვავებული ემოციური დატვირთვისაა.

გუნდისადმი კუთვნილება უსაფრთხოების, საზოგადოებისადმი კუთვნილებისა და პატივისცემის მოთხოვნილებებთან ერთად უნდა განვიხილოთ. თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსულა, იცის, რა რთულია იმ წუთების გადატანა, როდესაც ყველას ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი. თუკი გაქვთ ასეთი გამოცდილება, გაიხსენეთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გამოხატოთ უთანხმოება ამ ადამიანებისადმი _ პატივსაცემი პერსონებისადმი, მეგობრებისადმი და ნაცნობებისადმი, ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისადმი. ამასთანავე, უთანხმოებაზე ევფემიზმის გარეშე უნდა ილაპარაკოთ, სხვაგვარად მსმენელამდე ზუსტ აზრს ვერ მიიტანთ. ადამიანები, რომლებსაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია.

ავტორიტეტის ილუზია ხელს უწყობს საკუთარი თვალსაზრისის ნიველირებას გარედან თავსმოხვეულის ხარჯზე. მაგალითად, თუკი თქვენში არსებობს უთანხმოება, «ავტორიტეტი» მაშველ რგოლს გადმოგიგდებთ და პასუხისმგებლობას თვითონ დაიკისრებს. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად იცით თუ არა, ვინ არის ეს «ავტორიტეტი». უბრალოდ, გაგიხარდებათ, რომ თქვენი ტანჯვის ტვირთი მან საკუთარი მხრებით აიღო. ბოლო ხანს «ავტორიტეტები» პერსონალიებიც აღარ არიან _ სულ უფრო ხშირად გვესმის: «მეცნიერებმა აღმოაჩინეს»… «ფსიქოლოგებმა განაცხადეს»…, «მხარემ განაცხადა…» და ა. შ.

ასე იქცევა კანონზომიერებად ჩვენთვის უცხო ნორმების დაწესება.

რა შედეგს გამოიღებს «ოვერტონის სარკმელი»

ყველაზე საშინელი შედეგი, რომელიც «ოვერტონის სარკმელმა» შეიძლება გამოიწვიოს არის ის, რომ ადამიანი დაკარგავს ჰარმონიას და მის ნაცვლად მიიღებს ყოყმანს, შინაგან შფოთვასა და ტანჯვას. აქედან გამომდინარე, ამ ტექნოლოგიის დამნერგავს სულაც არ აინტერესებს, ადამიანი ბედნიერი იქნება თუ არა. ამ ტექნოლოგიის მიზანი განვითარების ახალი და საჭირო ვექტორის მიღებაა.

ამის შემდეგ ადამიანი იძულებული იქნება, მიიღოს უცხო ფასეულობები. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად იქნებიან ადამიანურები, ისინი დაკარგავენ კავშირს თავიანთ ფესვებთან, კულტურასთან. ამის მაგალითია სუიციდის მაღალი დონე განვითარებულ ქვეყნებში. ადამიანები, რომლებიც კომფორტში ცხოვრობენ, თავს ბედნიერად ვერ გრძნობენ, რადგან ამ კომფორტს ადამიანური თვისებების დაკარგვის ფასად აღწევენ.

როგორ შევეწინააღმდეგოთ «ოვერტონის სარკმელს»

შეწინააღმდეგება, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატება უარის თქმაში _ ყოველთვის და ყველგან ვიყოთ «ნორმალური». იმ მომენტში, როდესაც «ინდივიდუალური» გადადის «ნორმალურში», ჩვენ საკუთარ თავზე კონტროლს გადავცემთ სხვას, საბოლოოდ კი მიზანმიმართული მანიპულაციის მსხვერპლნი ვხდებით. ინდივიდუალურობის შენარჩუნების საშუალებას კი კულტურა, ზნეობა და წინაპრებისგან გადმოცემული ადათ-წესები გაძლევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად მივსდიოთ უძველეს ტრადიციებს. ისინი უნდა გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ.

ცნება «ტოლერანტობა» უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ როგორც «შემწყნარებლობა», ან უნდა დავიცვათ საზღვრები. მაგალითად, შეიძლება მოვუსმინოთ მსჯელობას ევროპაში გამართული გეიაღლუმების შესახებ, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ გეიქორწინებების დაკანონებაზე ჩვენს ქრისტიანულ კულტურაში.

ევფემიზმსა და ინფორმაციის არსის შეცვლას ინფორმაციის ჭეშმარიტი არსის გაცნობიერებით უნდა ვებრძოლოთ, ანუ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მაგალითად, თუ გვეუბნებიან (პირდაპირ საუბარში ან ტელეკრანიდან), რომ აშშ-სა და ევროპას სურს, საქართველოში დემოკრატია ზეიმობდეს. უნდა დასვათ კითხვა: «ყველაფერი სწორად გავიგე? თვლით, რომ ქვეყნებმა, რომლებიც მსოფლიოს ბანკირები არიან, ქართველების კეთილდღეობის დაფინანსება მხოლოდ დემოკრატიის აყვავების გამო გადაწყვიტეს?»

გუნდის კუთვნილებასაც უნდა ვებრძოლოთ. საჭიროა, მივხვდეთ, სად არის ჩვენი გუნდი. მაგალითად, შეეცადეთ, ფრაზა «ჩვენი საზოგადოება არ არის ისეთი დემოკრატიული, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვას», გადააკეთოთ ასე: «დემოკრატია ხალხის ნების გამოხატულებაა და, შესაძლოა, სწორედ ერთსქესიანთა ქორწინება არ მიესადაგება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს კულტურას».

ავტორიტეტული აზრი მყისვე ნაცარტუტად იქცევა, თუკი საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას _ ვინ არის ეს ავტორიტეტი და იმსახურებს თუ არა ის ჩემს ნდობას სოციალური რეგალიების გარეშე? გახსოვდეთ, რომ ამ ავტორიტეტს თქვენი ნდობის მოპოვება სურს.

მომზადდა

უცხოური პრესის მასალების მიხედვით

P.S. ამ სტატიის დედააზრი გამოიხატება ჯოზეფ პ. ოვერტონის ერთი ფრაზით: «ყველაფრის მიუხედავად, შენ, პირადად, ვალდებული ხარ, დარჩე ადამიანად. ადამიანს კი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია. და რასაც ვერ შეძლებს ერთი ადამიანი, შეძლებს საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხი».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here