Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ ფაცაცია _ 85

ოთარ ფაცაცია _ 85

2383

ოთარ ფაცაცია 1929 წლის 15 მაისს დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. დაამთავრა ზუგდიდის მეხუთე საშუალო სკოლა. სწავლობდა მონდომებით _ «ოთხებზე» და «ხუთებზე». საზოგადოებრივი ცხოვრების აქტივისტი იყო, ქართულ ცეკვებში განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა და, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხა (ორი ქულა დააკლდა), მამას განუცხადა, რომ დარჩებოდა თბილისში და მომავალი წლის გამოცდებისთვის მოემზადებოდა. დაუჯერეს მშობლებმა. ოთარი კი ფილარმონიაში წავიდა, წარდგა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის წინაშე. მოიწონეს. მიიღეს. შემოდგომაზე მამამისი _ ბატონი ამბაკო ჩავიდა თბილისში შესამოწმებლად, თუ როგორ ემზადებოდა შვილი გამოცდებისთვის… ოთარი შეეცადა თავის მართლებას. არაფერი გამოუვიდა. მამამ შვილი ზუგდიდში დააბრუნა და ასე დამთავრდა ოთარის, როგორც მოცეკვავის, კარიერა.

 

ნევის ნაპირებზე

მისი ბედი ქაღალდკომბინატმა გადაწყვიტა: ლენინგრადის მოლოტოვის სახელობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა მისაღები გამოცდები _ მომავალ ინჟინერს ზუგდიდის ქაღალდის საწარმოში გარანტირებული ჰქონდა ადგილი.

მძიმე წლები იყო. სტუდენტებს ფული, მაშასადამე, ცხოვრებაც განსაკუთრებით უჭირდათ. ფულს მშობლები უგზავნიდნენ, მაგრამ საფოსტო გზავნილის ლენინგრადში ჩაღწევას საკმაო ხანი სჭირდებოდა. სულ მთლად მშრალზე რომ არ დარჩენილიყო, მუსიკალური კომედიის თეატრში მოცეკვავედ დაიწყო მუშაობა _ ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც ერთგვარი ფინანსური შეხიდება იყო.

«ერთხელ ნევის პროსპექტზე ვსეირნობთ მე და ბორის პაჭკორია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშიდან იყო და საფეიქრო ინსტიტუტში სწავლობდა, _ იხსენებს ოთარ ფაცაცია, _ ჩვეულებრივ, შევდიოდით სასოსისეში, რომელიც ანიჩკას მახლობლად იყო. იმ დღეს გვერდი ჩავუარეთ, ჯიბეები ცარიელი გვქონდა. მივდივართ და ვხედავთ, განცხადებაა გამოკრული ალექსანდრეს თეატრის კედელზე: «ვყიდულობთ თმებს პარიკებისთვის». შევხედე ბორიას _ ხშირი თმები აქვს, ხუჭუჭა, როგორც პუშკინს. «მოდი, ჩავაბაროთ!» _ ვუთხარი. «შენ ჭკუაზე ხომ არ შეიშალე?» _ მიპასუხა. მოვილაპარაკეთ, მაინც გვეჩვენებინა თავი, შეიძლება, არც არაფერი ღირდა. შევედით თეატრში, შეხედეს ბორიას კულულებს და 750 მანეთად შეაფასეს». «უთმებოთ რა მეშველება?» _ გაკვირვებით შემომხედა ბორიამ. «ისევ გაგეზრდება», _ ვუპასუხე დაბეჯითებით. და წავედით ლენინგრადის საუკეთესო რესტორანში, რომელიც სასტუმრო «ევროპეისკაიასთან» იყო… მშვენიერი საღამო გავატარეთ».

თავიდან ოთარ ფაცაცია საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, შემდეგ კომუნალურ ბინაში ერთი კუთხე დაიქირავა თვეში 150 მანეთად. 18-მეტრიან ოთახში ფიცრის საწოლზე ეძინა, რომელსაც ფიცრისავე სასთუმალი ჰქონდა. «ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ამ სივიწროვეში, აბაზანაში შესასვლელად რიგში უნდა ჩამდგარიყავი…»

ბატონი ამბაკო შესამოწმებლად კვლავ თავს დაადგა, ამჯერად _ ნევის ნაპირზე. «რევიზიის» შედეგებით კმაყოფილი დარჩა. მოელაპარაკა დიასახლისს, რომ 500 მანეთს გამოუგზავნიდა, თუ მის ვაჟს სადილსაც მოუმზადებდა და ტანსაცმელსაც გაურეცხავდა: «შენ დრო მხოლოდ სწავლაზე უნდა დახარჯო», _ უთხრა შვილს.

დიასახლისი, ევდოკია ანდრიას ასული სიზოვა, კეთილი გულის ადამიანი გამოდგა. გადაიტანა ბლოკადა, ღრმად მორწმუნე იყო და სტუდენტს, როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლიდა. ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელიც სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა და უქმე დღეებში შინ მოდიოდა. მაგიდასთან დასვამდა ორივეს სიზოვა და ჩვეულებრივ უფრო დიდ ულუფას შესთავაზებდა სტუმარს შორეული საქართველოდან. ეს თვალშისაცემი იყო და ოთარი ყოველთვის შენიშნავდა ევდოკია ანდრიას ასულს, რომ თანაბრად გაეყო საჭმელი. «ჭამე, ოთარიკო, ჭამე, _ უპასუხებდა დიასახლისი, _ ჩემი უქნარა სასწავლებელშიც შეჭამს».

…ორი ათეული წლის შემდეგ ოთარ ფაცაცია ჩავიდა ლენინგრადში და ესტუმრა სიზოვას, შევიდა ოთახში და შირმის უკან ის ფიცრის საწოლი დახვდა, რომელზეც ორწელიწად-ნახევარი იწვა. წაიყვანა ევდოკია ანდრიას ასული ავეჯის უახლოეს მაღაზიაში და ყველაზე უკეთესი ტახტი უყიდა.

ჯიქის ნახტომი

ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ოთარ ფაცაცია ინგირის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატში გაანაწილეს. დაიწყო საქონელმცოდნიდან, იყო ნორმადარი, ინჟინერი. ნახევარ წელიწადში ფაბრიკის პროფკავშირულ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.

შემდეგ ზუგდიდის პარტიის რაიკომში მიიწვიეს სამუშაოდ. ორ წელიწადზე ცოტა მეტ ხანს იმუშავა მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებაში ინსტრუქტორად. ამას მოჰყვა არაჩვეული ნახტომი საკარიერო კიბეზე, ისეთი, როგორიც მხოლოდ ჯიქს შეუძლია: ინსტრუქტორობიდან განყოფილების გამგის და მესამე მდივნის თანამდებობებისთვის გვერდის ავლით, რაიკომში მეორე კაცის სავარძელი დაიკავა. მალე მხარეში პირველი კაცი გახდა: 1963 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიის სამრეწველო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს.

1965 წელს გარდაიცვალა ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის დირექტორი ბესარიონ ჯანაშია. ოთარ ფაცაცია საქართველოს კომპარტიის ცკ მეორე მდივანთან _ პეტრე როდიონოვთან მივიდა და უთხრა, რომ სურს სპეციალობით მუშაობა, რადგან უმაღლესი განათლების მქონე მექაღალდეა. როდიონოვმა მოუწონა და თქვა, რომ პირველად ხედავს ადამიანს, რომელიც პარტიული სამუშაოდან სამეურნეოზე გადადის.

ოთარ ფაცაციას «ატომური ბომბი»

უინსტონ ჩერჩილმა სტალინზე თქვა, _ ჩაიბარა კავის რუსეთი და დატოვა ატომური ბომბითო. ზუგდიდის რაიონის მასშტაბით სწორედ ასეთი გმირობა ჩაიდინა ოთარ ფაცაციამ. მან ჩაიბარა საწარმო, რომელის სულს ღაფავდა, რომელშიც 700 ადამიანი მუშაობდა და რომელიც წელიწადში 7 მილიონი მანეთის ზარალს იძლეოდა. ორი წლის შემდეგ სამუშაო ადგილების ოდენობამ უკვე 4500 შეადგინა და საწარმოს მოგებამ 25 მილიონს გადააჭარბა.

ენგურის კომბინატს წიწვოვანი ხეტყის მასალას სვანეთიდან აწვდიდნენ, უფრო ზუსტად, მოჭრილ მორებს ენგურით ზუგდიდამდე ჩამოაცურებდნენ. ახალმა დირექტორმა შეძლო სვანეთის ტყეების _ ბუნების ამ უნიკალური ძეგლის _ გაჩეხვის მინიმიზება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სვანეთის ტყეები შეტანილ იქნა კაცობრიობის მემკვიდრეობის ობიექტების იუნესკოსეულ სიაში. 1976 წელს მერქნის ჩამოტანა დაიწყეს უდმურტეთიდან, 1980 წლიდან კი ენგურის კომბინატში საერთოდ უარი თქვეს მერქნის ეკოლოგიურად მავნე გადამუშავების მეთოდზე და გადავიდნენ ბრატსკიდან და არხანგელსკიდან გამოგზავნილი ცელულოზიდან ქაღალდის ნაკეთობათა დამზადებაზე.

ენგურის კომბინატი გახდა საბჭოთა კავშირში პირველი საწარმო, რომელშიც მუშებისთვის შემოიღეს კვების შვედური სისტემა _ «შვედური მაგიდა».

ოთარ ფაცაცია იხსენებს: «შუა 1980-იან წლებში ჩვენი საწარმოს თანამშრომლების საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის იდეა დაგვებადა. მოსკოვში, დარგობრივ სამინისტროში მხარი დაგვიჭირეს, გამოგვიყვეს საჭირო სახსრები. საკითხი დადგა, თუ ვინ უნდა დაგვენიშნა ჩვენთვის ახალი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ხელმძღვანელად.

ადგილობრივი კადრებიდან არავინ გამოგვადგებოდა. ვეძებე და ვიპოვე თემურ ქარჩავა. გაგვიმართლა ამ კაცმა: რამდენიმე წელიწადში, არ მოვერიდები ასეთ შეფასებას, ჩვენს რეგიონში რევოლუცია მოახდინა _ გამოუსადეგარი, ჭაობიანი მიწები, რომლებიც ჩვენ გამოგვიყვეს, ნაყოფიერ სავარგულებად აქცია. ავაშენეთ მეცხოველეობის კომპლექსები, მათ შორის, კამეჩების ფერმა, ჰოლანდიური ტიპის სათბურები და ასე შემდეგ. შედეგად, ჩვენი მუშები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მოვამარაგეთ. «შვედური მაგიდა» ჩვენს მუშას ერთი მანეთი უჯდებოდა».

კომბინატის ირგვლივ ახალი, თანამედროვე ქალაქი გაშენდა, რომელსაც ხუმრობით ოთარგრადი უწოდეს.

პრემიერის სავარძელი მას ელოდებოდა

1992 წლის აპრილი იდგა. ოთარ ფაცაციას კაბინეტში ედუარდ შევარდნაძემ დარეკა: «გამარჯობა, ბატონო ოთარ, როგორ ხარ?». «ვემზადები პენსიაზე გასასვლელად», _ უპასუხა ოთარმა. «რომელ პენსიაზე ლაპარაკობთ, იპოვეთ დრო, საქართველოს ახლა რომ უღალატოთ?» _ ხმამაღლა წარმოთქვა შევარდნაძემ და ყურმილი დააგდო. მეორე დილით ზუგდიდში ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს საორგანიზაციო განყოფილების გამგე თემურ ფიფია და ჩაიტანა ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი განკარგულება ოთარ ფაცაციას ზუგდიდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე.

ასე, ოცი წლის შემდეგ ბედმა ინება, რომ ოთარ ფაცაცია მეორედ შესულიყო ერთსა და იმავე მდინარეში. კომუნისტური პერიოდისგან განსხვავებით, პირველ პირს ევალებოდა კონფლიქტური მხარების _ მხედრიონელებისა და ზვიადისტების მშვიდობიანად დაშორიშორება. ერთი წლის განმავლობაში ხუთჯერ ესროლეს ზუგდიდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მანქანას, ერთხელ დაიჭრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ცაცა შელია, რომელიც ოთართან ერთად მგზავრობდა.

1993 წლის აგვისტოში ოთარ ფაცაცია სასწრაფოდ მიიწვიეს თბილისში სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ქუთაისში ჩასასვლელად ვერტმფრენი გამოუგზავნეს (სამეგრელოს ტერიტორიას მაშინ ლოთი ქობალიას რაზმები აკონტროლებდნენ).

ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობაში ფაცაცია პირისპირ შეხვდა შევარდნაძეს. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 50 წუთის განმავლობაში ცდილობდა, დაერწმუნებინა ოთარ ფაცაცია, ამ მძიმე დროს, როცა დაიწყო აფხაზეთის ომი, როცა გრძელდება სამოქალაქო დაპირისპირება, სწორედ იგი უნდა ჩასდგომოდა სათავეში საქართველოს მთავრობას.

პრემიერმინისტრად 26 თვე იმუშავა.

40 დღე ჭუბერში იყო, უზრუნველყოფდა ლტოლვილების უღელტეხილზე გადმოსვლას უმძიმეს პირობებში.

30 წუთი ბრძანების შესასრულებლად

აფხაზეთის ომის შემდეგ ასიათასობით ლტოლვილი გაჩნდა საქართველოში, გრძელდებოდა ზვიადისტების თავდასხმები. პრემიერმინისტრს მოახსენეს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა კარსაა მომდგარი, ფქვილი და ხორბალი მხოლოდ 48 საათისთვის არის საკმარისი, ხოლო გემი, რომელსაც ხორბალი მოაქვს საქართველოსთვის, მხოლოდ 18 დღეში შემოვა ფოთში. მიიღეს სხვა ინფორმაციაც: ფოთიდან ბაქოსა და ერევნისკენ ხორბლით დატვირთული 25-25 ვაგონი დაიძრა. ოთარ ფაცაციამ კაბინეტში გამოიძახა რკინიგზის უფროსი რემი ვაშაკიძე და უბრძანა: 10-10 ვაგონი ჩამოეხსნა აზერბაიჯანისა და სომხეთისკენ მიმავალი შემადგენლობებისთვის და მიეწოდებინათ საქართველოს საფქვავი კომბინატებისთვის. «ამის გაკეთება შეუძლებელია», _ უპასუხა რემიმ. «მე თქვენ გიბრძანებთ!». «მაშინ, თუ შეიძლება, ეს ბრძანება წერილობითი ფორმით გადმომეცით», _ სთხოვა რკინიგზის უფროსმა. «წერილობითი ფორმით იქნება განკარგულება თქვენი მოხსნის შესახებ, _ უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, _ ოცდაათ წუთს გაძლევთ ბრძანების შესასრულებლად და არც ერთი წუთით მეტს!». ერთ უბედურებას მეორე მოსდევდა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მოწოდება 6 მილიონი მანეთის დავალიანების გამო… იგივე ბრძანება, რომელიც რემი ვაშაკიძეს მიეცა, გაუმეორა ოთარ ფაცაციამ საქართველოს გაზის მრეწველობის სამმართველოს უფროს დავით ელიაშვილს: რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთისთვის გამავალი გაზი გადაემისამართებინა თბილსრესისთვის.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე შევიდა ედუარდ შევარდნაძესთან და ვითარების შესახებ მოახსენა. «შეიძლება, ახლა დაგირეკონ ალიევმა და პეტროსიანმა, _ უთხრა შევარდნაძეს ფაცაციამ, _ მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ მქონდა სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად».

სამი კვირის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუბრუნეს რეკვიზირებული ხორბალი, გამონახეს სახსრები გაზის დავალიანების დასაფარადაც.

მოსკოვში, დსთ ქვეყნების მეთაურების სამიტზე შევარდნაძე და ფაცაცია სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მიიწვია. ბატონმა ოთარმა მობოდიშება დაიწყო, მაგრამ ტერ-პეტროსიანმა შეაწყვეტინა: «არა უშავს. მე ყველაფერი ვიცი. იმიტომ ვართ მეზობლები, რომ გაჭირვებაში ერთმანეთს დავეხმაროთ».

ელცინის არყის ბოთლის სამალავი

1994 წელს ბორის ელცინი თბილისში ერთი დღით ჩამოვიდა. მოსკოვში დაბრუნების წინ იგი და მისი თანმხლები პირები «მეტეხი პალასის» რესტორანში დაპატიჟეს. 100 კაცამდე შეიკრიბა მდიდრულად გაწყობილ ქართულ სუფრაზე.

ელცინის მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე იჯდა. იგი სუფრას თამადობდა, მარცხენა მხარეს _ ოთარ ფაცაცია.

«მე დავინახე კონიაკით ელცინის ჭიქის შევსება, _ იხსენებს ექსპრემიერი, _ უცებ მის ზურგს უკან გამოჩნდა პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციიდან ერთ-ერთი და ჟესტებით მიმანიშნა, არ დამესხა კონიაკი. გულის ჯიბიდან არყის ბოთლი ამოიღო და რუსეთის პრეზიდენტს ჭიქა აუვსო». საათ-ნახევარი გაგრძელდა პურის ჭამა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრი კონიაკს სვამდა, რუსეთის პრეზიდენტს კი არაყს უსხამდნენ გულის ჯიბეში დამალული ბოთლიდან.

როცა სხვისი ბედნიერებით ხარ ბედნიერი

«ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, სიცოცხლეა, _ წერდა ნიკოლაი ოსტროვსკი, _ იგი მას ერთხელ ეძლევა და ისე უნდა იცოცხლო, რომ არ შეგრცხვეს უმიზნოთ გატარებული წლების». ოთარ ფაცაცია ყოველთვის ცხოვრობდა და ცხოვრობს ნამდვილი ცხოვრებით. ნამდვილი ცხოვრება კი ისაა, როცა ადამიანი სხვისი ბედნიერებითაა ბედნიერი. ოთარ ფაცაციათი, ამ მამულიშვილით, პატრიოტით, დამსახურებული პიროვნებით ამაყობს საქართველო.

ბესიკ ფიფია,

ჟურნალისტთა საერთაშორი ფედერაციის წევრი

«საქართველო და მსოფლიოს» რედაქცია სულითა და გულით ულოცავს ბატონ ოთარს 85 წლის იუბილეს, უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here