აუცილებელი განმარტება მკითხველებისთვის: ეს პუბლიკაცია არამც და არამც არ არის შოვინისტური გრძნობებით ნაკარნახევი. ეს არის ერთჯერადი გამოსაფხიზლებელი ინიექცია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც დროდადრო, ჯერ კიდევ პატკანოვისა და ვერმიშევის დროიდან, მოწმე ხდება სომეხი მკვლევარების ნაციონალისტური გამოხდომების, რაც შიზოფრენიის პერიოდულ შემოტევას ჰგავს.
არა სომხების საწინააღმდეგოდ
«ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსნისა და ჭკუათამყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება _ დიდად სათაკილო საქციელია» (ილია ჭავჭავაძე, «ქვათა ღაღადი»).
არა და არ არის ეს პუბლიკაცია მოძმე სომეხის ერის წინააღმდეგ მიმართული. დროდადრო გამოვლენილი ტვინგაცხელების საწინააღმდეგო ინიექციაა, ამ შემთხვევაში, თბილისის სომხური ქალაქობის ბოდვითი იდეის დაუცხრომელი სურვილის აკვიატებული მცდელობაა ზოგიერთი სომეხი მკვლევარის მხრიდან.
უკვე მერამდენე!
ამიტომაც იყო (ამიტომაც!), რომ იოსებ სტალინი 1913 წელს თავის ნაშრომში «მარქსიზმი და ეროვნული საკითხი» წერდა: «…საქართველოში არ არის მეტ-ნაკლებად სერიოზული ანტირუსული ნაციონალიზმი… საქართველოში არის ანტისომხური ნაციონალიზმი…»
თბილისის სომხურ ქალაქად მოხსენიების დამადასტურებელ ფაქტად სამველ კარაპეტიანი გვთავაზობს პირველი რანგის მოქალაქეთა სიას, რომელშიც მხოლოდ სომხური გვარებია ჩამოთვლილი. მისი მტკიცებით, სწორედ მათგან ირჩევდნენ თბილისის მერებსა და მელიქებს. 79 გვარიდან, რომლებიც ამ სიაშია შეტანილი, 14 გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს მართავდნენ საქართველოს დედაქალაქს.
აი, ეს სამწუხარო სიაც:
«1. აბესალომოვები: სტეპან ასრატოვი და არუთინ გასპაროვი; 2. აბესალომოვები: სტეპან შაკაროვი და სოგომონ შაკაროვი; 3. ამირანოვი; 4. ახნაზაროვი; 5. ბაისოგოლოვი; 6. ბასტამოვი; 7. ბეზირგანოვი; 8. ბუზუგლოვი; 9. გარსოევი; 10. გზირბეჟოევი; 11. გულაგოვი; 12. გულიფაშოვი; 13. გულულოვი; 14. გურგინბეგოვი; 15. დილაკბეკოვი; 16. ევანგულოვი; 17. ეჯუბოევი; 18. ზახარბეგოვი; 19. ზახრაბოვი; 20. იზანშადინოვი; 21, იზდანოვი; 22. იზიმოვი; 23. იპრუმოვი; 24. კალინაანი; 25. კამაზოვი; 26. კამბაროვი; 27. კაპანაკოვი; 28. კეპინოვი; 29. კეტხუდოვი; 30. ქიშმიშევი; 31. კუზანოვები: დავით გეურქოვი, კარაპეტ გეურქოვი, მიხაილ გეურქოვი, ოსეპ სანველოვი, სოლომონ სანველოვი, ნასყიდ ხეჩატუროვი, ალექსეი სტეპანოვი, გაბრიელ ოგანეზოვი, გრიქულ ოსკიევი, გეურქ ასატუროვი, იჟან ასატუროვი და აკოპ მატუზოვი; 32. კუზანოვი სტეპან ზალიევი; 33. კუკუჯანოვი; 34. მალაკოვი; 35. მანანოვი; 36. მანგოევი; 37. მანდენოვი; 38. მატინოვი; 39. მელიქ ზურაბოვი; 40. მელიქ სააკოვი; 41. მელიქ შარმაზანოვი; 42. მესანტლოვი; 43. მირზოევი; 44. მირიმანოვი; 45. მუნტოევი; 46. მუშრიბოვი; 47. ნაზარბეგოვი; 48. ოკოევი; 49. პარკუზატოვი; 50. პიროვი; 51. პიტოევი; 52. ფორაქოვი; 53. ფრიდონოვი; 54. პუგიევი; 55. როტინოვი; 56. სარაჯევი; 57. ტავლდაროვი; 58. ტაკოევი; 59. თამამშევი; 60. ტატოევი; 61. ტერასატუროვი; 62. ტერკაზაროვი; 63. ტერპოღოსოვი; 64. ტერშმოანი ტერ ისაევი; 65. უზბაშევები: ისაი შაკაროვი, გეურქ შაკაროვი, გაპრიელ შაკაროვი; 66. უზბაშევები: სოგომონ ისაევი და მიკირტუმ ისაევი; 67. უსტიანოვი; 68. ხანკალამოვი; 69. ხარაზოვი; 70. ხატისოვი; 71. ხახუტოვი; 72. ხუდადოვი; 73. ცუგადუზოვი; 74. ცურინოვი; 75. ჩაოლან ბაბანასოვი; 76. ჩიტახოვი; 77. შაბუდაგოვი; 78. შერგილოვი; 79. შიოევი».
დააკვირდით ამ გვარებს _ მათგან ზოგიერთი (და არა მხოლოდ მეორმოცე ნომერი) ბევრ საფიქრალს გაგიჩენთ.
ახლა კი განვაგრძოთ სამველ კარაპეტიანის ანტიქართული ნაშრომის კითხვა.
ტიფლისის მართვა 1840-1864 წ.წ.
ბიუროკრატიზაციის ახალი ფორმა, რომლის ინიციატორიც იყო კავკასიის ცალკე კორპუსის მეთაური და კავკასიის სამოქალაქო მმართველობის მმართველი ვ. ა. გოლოვინი (1834-1842 წ.წ.), მიმართული იყო იმისკენ, რათა ქალაქის მმართველობის სისტემის რეფორმის გზით უფრო მეტად მისცემოდა სტიმული ქალაქის განვითარებას. მის დროს შემუშავდა თბილისის საქალაქო საზოგადოებრივი მართვის დებულებაც, რომელიც მოწონებული და დამტკიცებული იქნა უმაღლეს დონეზე 1840 წლის 10 აპრილს და ამოქმედდა იმავე წლის 21 აგვისტოს. ამ დებულებით ქალაქს მიეცა უფლება, ჰქონოდა ქალაქის გამგეობა ქალაქის თავისა და 6 წევრის შემადგენლობით. ქალაქის თავს ირჩევდა ქალაქის ობივატელების საზოგადოება სრულად, წევრებს კი _ სამი წოდება: სახლების მფლობელები, ვაჭრები და ხელოსნები, 2-2 წევრს თითოეული წოდება.
ქალაქის გამგეობის დადგენილებების განხორციელებას უზრუნველყოფდა 6 მამასახლისი-უსტაბაში, რომლებსაც ირჩევდნენ წოდებები _ თითოეულისგან ორი კაცის რაოდენობით და 2 თანაშემწით. აღნიშნული წესით, ტიფლისის პირველ ქალაქის თავად აირჩიეს ოვანეს იზმირიანცი.
1841 წელს დამტკიცდა საგუბერნიო ქალაქ ტიფლისის მმართველობის სისტემა.
1840 წლიდან მოყოლებული ტიფლისის ქალაქის თავის თანამდებობას, მემკვიდრეობითობის წესით, იკავებდნენ სომხური გვარების ტიფლისის მკვიდრი წარჩინებული მოქალაქეების წარმომადგენლები. ეს ტრადიცია პირველად დაირღვა მხოლოდ 1864 წელს, როცა ქალაქის თავად აირჩიეს ახალმოსული და არა მკვიდრი მოქალაქე გალუსტ შერმაზიანცი.
…1840 წლის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის გამგეობის შემადგენლობა ასეთი იყო:
1845 წელს ქალაქის თავად არჩეული იყო სტეპან გაბრიელიან ხატისიანცი; ქალაქის მმართველობის მოქალაქე წევრები იყვნენ: ალექსანდრ ოვსეპიან თამამშიანცი, ზაალ ზაქარიანცი, ოვსეპ ოვანესიან ტერ-ოვანესიანცი (დეპუტატი გუბერნიიდან); ახალმოსული წევრები _ ისაკ ოვანესიანი მაისურიანცი, ოვანეს დავითიან სულთანიანცი; ქალაქის მდივანი _ ვასილ ივანეს ძე რაკოვიჩი.
1849 წელს: ქალაქის თავი _ თოვმა დავითიან ფრიდონიანცი; მოქალაქე წევრები _ ზაქარია პეტროსიანც თამამშიანცი, ოვანეს სტეპანიან ალადატიანცი, პეტროს ოვანესიან ამბარცუმიანცი, ავეტიკ ოვანესიან ცატრიანცი, ავთანდილ ალექსის ძე ახვერდიანცი, აღა რევაზის ძერევაზოვი. ახალმოსული წევრები არავინ ყოფილა; ქალაქის მდივანი _ პეტრე ვასილის ძე სოკოლოვსკი.
1850 წელს: ქალაქის თავი _ ზაქარია სტეპანიან ამირაგიანცი; მოქალაქე წევრები _ ზაქარია მინასიან გულასპიანცი; ისააკ მკრტიჩიანც ჯაგატიანცი, აკოპ მიქაელიან გამოიანცი, თოვმა სარქისიან ისკანდერიანცი, კაზარ აბრაამიან ვარდანიანცი. ახალმოსული წევრები არ აურჩევიათ; ქალაქის მდივანი _ პეტრე ვასილის ძე სოკოლოვსკი.
დროთა განმავლობაში ქალაქის მმართველობა ახალი ადმინისტრაციული ორგანოებით შეივსო…
ნიშანდობლივია, რომ 1875 წლამდე ქალაქის თავები ერთმანეთს ჩანაცვლებული მხოლოდ სომხები კი არ იყვნენ, არამედ ქალაქის გამგეობის წევრების უმრავლესობაც (ისინიც, ცხადია, სომხები. _ რედ).
«უკვე 1858 წელს ტიფლისი შეუდარებლად უფრო კეთილმოწყობილი იყო, ვიდრე 2-3 ათწლეულის წინათ (სომხების წყალობით. _ რედ.)… ქალაქის მცხოვრებთა შორის მდიდრები მეტია, ვიდრე ღარიბები, მაგრამ ქალაქის ძველ ნაწილში აშკარად ჩანს აღმოსავლეთის მსხვილი ქალაქებისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებანი, ანუ ვიწრო, დაბრეცილი და ჭუჭყიანი ქუჩები, წვრილ-წვრილი მაღაზიები, უწესრიგოდ აშენებული სახლები»…
ქალაქის განვითარების პარალელურად, 1860 წლიდან მოყოლებული, ქალაქის გამგეობის შემადგენლობა შეივსო ისეთი თანამდებობით, როგორიცაა ქალაქის გამგეობის მდივანი, ქალაქის გამგეობასთან არსებული ობოლთა მეურვეობის სასამართლოს მდივანი, ქალაქის რაიონების მოლარე და კომისრები.
(ამ გაბერილი საშტატო შემადგენლობის მრავალსაფეხურიან ბიუროკრატულ წარმონაქმნში 1860 წლიდან 1867 წლამდე მხოლოდ ორი ქართველი მუშაობდა: მიხეილ დიმიტრის ძე ქიქოძე (ქალაქის გამგეობის მდივანი 1863-1867 წლებში) და ფილიპე იოველის ძე ჩიკვაძე (მე-4 რაიონის კომისარი, 1860-1863 წლებში და 1867 წელს). ქიქოძე 1863 წელს ქალაქის გამგეობასთან არსებული ობლების მეურვე სასამართლოს მდივანიც იყო. _ რედ.).
პირველი ოპოზიცია
1880-იან და 1890-იანი წლების დასაწყისში ქალაქის საბჭოში ჩამოყალიბდა ოპოზიცია, რომელშიც… შედიოდნენ ქართველი სრულუფლებიანი ხმოსნები. ისინი ისწრაფოდნენ, დაეკავებინათ მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქის საბჭოში, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინებულა მერების _ ა. ბატინიანცისა და პ. იზმაილიანცის მმართველობის პერიოდში. ოპოზიციას შეადგენდნენ ქართველები, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწენი _ ნიკოლაძე, ზუბალოვი, ჩელოკაევი, ი. მაჩაბელი და სხვ.
მატინიანც-იზმაილიანცის კამპანიის მსხვერპლი… ამჯერად აღმოჩნდნენ ქართველები, იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიას ყოფილ ქალაქის საბჭოში. აქედან გამომდინარე, არჩევნების დროს ბრძოლა გამოიხატა სომხების დაპირისპირებად ქართველების წინააღმდეგ. მაგრამ ასე მხოლოდ ჩანდა. მატინიანც-იზმაილიანცი მეგობრებთან ერთად ადგენდნენ ამომრჩეველთა სიას იმ პირებისას, რომელთა რაოდენობრივ უპირატესობაში თავად იყვნენ დარწმუნებულნი. მათ მიმდევართა უმრავლესობა მდიდარი, სახლების მფლობელი სომხები იყვნენ, რომლებსაც, 1892 წლის წესდების თანახმად, ქალაქის არჩევნების დროს მინიჭებული ჰქონდათ გადამწყვეტი ხმის უფლება.
1883 წელს, როცა ქალაქის მერის თანამდებობა ა.ა. მატინიანცს ეკავა, მმართველობის წევრები იყვნენ ა.ა. თამაშიანცი (ვიცემერი), პ.ა. იზმაილიანცი (ვიცემერი 1883 წლის 17 ოქტომბრიდან), ნ.ა. პაპიანცი (ხელმეორედ აირჩიეს 1883 წლის 31 იანვარს), ე.ე. ხოსროევი (ხელმეორედ აირჩიეს 1883 წლის 31 იანვარს).
მისივე მერობის დროს _ 1884 წელს ვიცემერი იყო პ.ა. იზმაილიანცი, წევრები _ ნ.ა. პაპაიანცი, ე.ე. ხოსროევი.
1885 წელს ა. ა. მატინიანცის მერობის დროს მმართველობის წევრები იყვნენ პ. ა. იზმაილიანცი (ვიცემერი), ნ. ა. პაპაიანცი, ე. ე. ხოსროევი.
ეროვნებათაშორისი ურთიერთობა ქალაქის საბჭოში (დუმაში) 1880-იანი წლების ბოლოს და 1890-იანი წლების დასაწყისში
1886 წ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტიფლისელ სომხებს, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 47 პროცენტს შეადგენდნენ, ქალაქის საბჭოში ხმების 72 პროცენტი ჰქონდათ. ნიშანდობლივია, რომ ქართველებს, რომლებიც მოსახლეობის 28 პროცენტს შეადგენდნენ, ქალაქის საბჭოში მხოლოდ ხმათა 4 პროცენტი ერგოთ, ხოლო სხვა ეროვნებებს (რუსებს, გერმანელებს, პოლონელებს, ბერძნებს და სხვ.) იმავე წელს ხმების 24 პროცენტი ჰქონდათ.
სომხების რაოდენობრივ უპირატესობას კ. ტურიანი ასე განიხილავდა (კ. ტურიანი, ერთი კვირა თბილისში, «ანდეს ამსორეა», 1890, გვ. გვ. 202-203. სომხურ ენაზე): «აქედან გამოდის ისიც, რომ ფული უმთავრესად სომხების ხელშია. ძირითადად მათ ხელშია ვაჭრობა და ყველა მომგებიანი ფულიანი საწარმო. თიფლისის ფულის მაგნატები არ ჰგვანან იმათ, ვისაც არ შეუძლიათ მჭიდროდ გაერთიანდნენ რომელიმე ფულიანი წარმოების გარშემო. ტიფლისის ბანკები დაარსებულია სომხების ანაბრებით. «ტიფლისის კომერციული ბანკი», «ურთიერთ კრედიტირების საზოგადოება», «ქალაქის საკრედიტო საზოგადოება», «ქალაქის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოება» შექმნილია სომხების მიერ და ისინი არიან ძირითადად მათი აქციონერები.
ეს უკანასკნელი საზოგადოება ახლახანსაა ჩამოყალიბებული, იფიქრეს, რატომ უნდა ვუხადოთო უზარმაზარი თანხა რუსულ ან სხვა საზოგადოებებს, უმჯობესია ეს ფულიც ჩვენთვის დავიტოვოთო».
1890 წელს არა მარტო მერი და მისი თანაშემწე, არამედ ქალაქის საბჭოს წევრების უმეტესობა სომხები იყვნენ: «იმისათვის, რომ აირჩიო, ან იყო არჩეული, უნდა გქონდეს გარკვეული თანხის უძრავი ქონება, ან, უფრო სწორად, გადაიხადო გარკვეული ბაჟი ქალაქის ხაზინაში. მიუხედავად იმისა, რომ ტიფლისის სომეხი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია, არჩეულთა და, მაშასადამე, ასარჩევთა შორის, რომლებიც ქალაქს გარკვეულ ბაჟს უხდიან, სომხები მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ»…
ცნობილია, რომ 1890 წელს ქალაქის საბჭოში არჩეული 72 წევრიდან 38 სომეხი იყო, 22 _ ქართველი, 11 _ რუსი და ერთი გერმანელი.
1890-იანი წლების დასაწყისში, კერძოდ არჩევნების შემდეგ, რომელიც 1893 წლის 16 მაისს გაიმართა, უაღრესად გამწვავდა ურთიერთობა სომხურ და ქართულ-რუსულ დაჯგუფებებს შორის. ამის მიზეზი იყო ის, რომ სომხებმა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის 1/3-ზე ცოტა მეტს შეადგენდნენ, ქალაქის საბჭოში კვლავ მიიღეს ხმების 2/3. სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებმა, ერთად აღებულმა, საბჭოში ხმების მხოლოდ 1/3 მიიღეს. ამან გამოიწვია, კერძოდ, ქართველებისა და რუსების კანდიდატებისა და მათი დამცველი პარტიების პროტესტის ტალღა. საკმარისია, აღინიშნოს, რომ, მაგალითად, 1893 წლის 16 მაისს არჩეულ 80 სრულუფლებიან ხმოსანს შორის მხოლოდ ერთი იყო ქართველი _ თავადი ქოლუბანსკი, 16 იყო რუსი, 3 _ გერმანელი, 63 _ სომეხი.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი ქართველი მოღვაწე მიიჩნევდა, რომ სომხები ქალაქის საბჭოში გაცილებით ნაკლები ხმებით უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ სომეხი სრულუფლებიანი ხმოსნების რაოდენობა 1/3-ზე ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო. რუსულ-ქართული პარტია, რომელსაც სათავეში ილია ჭავჭავაძე ედგა, სომეხი სრულუფლებიანი ხმოსნებისთვის ითვალისწინებდა 22 ადგილს, რუსებისთვის _ 23-ს, ქართველებისთვის _ 28 ადგილს.
რუსი სრულუფლებიანი ხმოსნების ქალაქის საბჭოში მცირე რაოდენობით წარმოდგენის შესახებ რუსული გაზეთის _ «კავკაზის» რედაქტორი ველიჩკო შენიშნავდა: «ზედმეტია ლაპარაკი რუსული ელემენტის მონაწილეობის თაობაზე ამ საქმეში, ეს თავისთავად ჯოჯოხეთური ფაქტია, ყველაფერი, რასაც ცივილიზაციის ბეჭედი აზის, შექმნილია რუსული ფულით, რუსული ინიციატივით ან რუსეთის მთავრობის ქველმოქმედებით, გადარჩენილია რუსული მახვილით და უცებ მრავალი წლის განმავლობაში თბილისის თვითმმართველობაში რუსული ელემენტი წარმოდგენილია ასეთი უცნაური, ასეთი აუხსნელი უმცირესობით! ეს აბუჩად აგდებაა…»
ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, თუ რომელი ლოგიკით ასაბუთებდა «კავკაზის» რედაქტორი ქართველებისა და რუსების უფრო მეტი რაოდენობით არჩევის აუცილებლობას: «სომხებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ტიფლისი საქართველოს ყოფილი სამეფოს დედაქალაქია, რუსების არჩევა საჭიროა იმიტომ, რომ რუსეთის მფარველობით ქვეყანაში შემოვიდა განათლება…»
ქართველი სრულუფლებიანი ხმოსნების მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით არჩევა ქალაქის საბჭოში თავის დროზე ასე იყო კომენტირებული: ქართველები _ ქართლელები და კახელები _ ყველაზე ნაკლებად არიან ქალაქელები. ისინი, უწინარეს ყოვლისა, მიწის ხალხია, შემდეგ _ იარაღის ხალხი. სოფლის მეურნეობა და სამხედრო სამსახური ათადან-ბაბადან იყო აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებთა საყვარელი საქმე. დრო ბევრ რამეს ცვლის: თანდათან ქართველი მოსახლეობის სხვადასხვა კლასებიდან ცნობილი ელემენტი ბურჟუაზიად გამოიყო. გაჩნდნენ ქართველი კომერსანტები, თავისუფალი პროფესიის პირები. მაგრამ ისინი ჯერ ცოტანი არიან. მათ უმეტესობას ტიფლისში არჩევნებში მონაწილეობის ცენზიც არ გააჩნია».
1893 წლის 16 მაისის არჩევნების შედეგები გაუქმდა. ახალი არჩევნები 30 მაისს გაიმართა: «30 მაისს მხოლოდ 90-მა კაცმა გამოთქვა სურვილი არჩეული ყოფილიყო, ამასთან, მათი რაოდენობა 16 მაისს 175 იყო. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მეორე არჩევნების დროს, 2 კაცის გარდა (გ. წერეთელი და ბატონი ქოლუბანსკი), ყველა ქართველმა კანდიდატმა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე უკან წაიღო თავ-თავიანთი ურნები იმის მომიზეზებით, რომ ისინი შეურაცხყოფილები არიან 16 მაისს მათგან მხოლოდ 6 კაცის არჩევით, და 30 მაისს იგივე მოხდებოდა. უარი თქვა ზოგიერთმა რუსმა კანდიდატმაც და ახალგაზრდა სომეხთა სიიდან იმათ, ვინც 16 მაისს არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა.
საყოველთაო აღფრთოვანების მომლოდინე ქართველებმა საზოგადოებრივი საყვედური დაიმსახურეს, რადგან მათი საქციელი ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასი იყო…» («მურჩი» («ურო»), 1893, გვ. 823 (სომხურ ენაზე).
სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა საკითხი, რომელი ეროვნების უნდა ყოფილიყვნენ სრულუფლებიანი ხმოსანი სომხები და, განსაკუთრებით, ქალაქის თავი. ქალაქის საბჭო კი… განაგრძობდა მუშაობას მისთვის ჩვეულ რეჟიმში. 1892 წელს დამტკიცდა ქალაქის ახალი დებულება, რომლითაც გაძლიერდა საგუბერნიო ხელისუფლების კონტროლი ქალაქის თვითმმართველობაზე და შეიზღუდა მისი უფლებები.
1897 წლის 18 მაისს ქალაქის სრულუფლებიან ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 177 კანდიდატმა. აირჩიეს 57 (37 სომეხი, 8 ქართველი, 10 რუსი, 2 გერმანელი). იმავე წლის 1 ივნისს დამატებითი არჩევნების შედეგად დამატებით 29 სრულუფლებიანი ხმოსანი აიჩრიეს (18 სომეხი, 9 რუსი, 2 ქართველი), სულ 86 კაცი. მათგან 55 იყო სომეხი, 19 _ რუსი, 10 _ ქართველი, 2 _ გერმანელი.
პირველ მსოფლიო ომამდე თბილისის საქალაქო საბჭო ინარჩუნებდა ისეთ ეროვნულ თანაფარდობას, როგორიც ჩამოყალიბდა 1880-იანი წლების დასაწყისში.
თბილისის განვითარების მრავალრიცხოვანი დოკუმენტები მოწმობს, რომ ქალაქის მმართველობას… ყოველთვის სომეხი მერი მართავდა და ყოველთვის, ეჭვგარეშეა, მიმართული იყო ერთი მიზნისკენ _ ქალაქის განვითარებისა და კეთილმოწყობისკენ (ამაზე მეტყველებს დიდი ფულადი ანაბრები, ანდერძები, რომლებიც ზოგიერთ მერსა და სრულუფლებიან ხმოსანს ქალაქის საბჭოში შეჰქონდა).
ამავე დროს, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ამ მოღვაწეთა უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც ქალაქის უსაზღვრო ერთგული იყო, გულგრილი რჩებოდა ეროვნული ამოცანების მიმართ. ამ ფაქტს ითვალისწინებდა «ოვიტის» («ველი») კორესპონდენტი, 1914 წ. ჩერქეზოვის მმართველობის პერიოდს რომ ეხებოდა და წერდა: «რა ზიანი მიაყენა სომხებს ჩერქეზოვის მმართველობამ? არავითარი. ბოლოს და ბოლოს, რა კავშირი აქვს ქალაქის მართვას ეროვნებასთან? ეროვნული და ქალაქის ინტერესები სრულიად განსხვავებულია. ყველაზე უფრო ჩამორჩენილი და პატარა სომხური სოფლის რომელიღაც სკოლას ან აბანოს არ გავცვლი თბილისის საქალაქო საბჭოს ყველა სომეხ წევრზე მათ სრულუფლებიან ხმოსნებთან ერთად».
სომხურ სკოლასთან შორს მყოფი, მაშასადამე, თვითშეცნობის შესაძლებლობას მოკლებულები, სახელმწიფო (რუსულ) სკოლებსა და გიმნაზიებში განათლებამიღებულები, აქედან გამომდინარე, დენაციონალიზაციისა და გარიდების გავლენის ქვეშ მყოფი სომეხი მერები და სრულუფლებიანი ხმოსნები, უდიდესი სურვილიც რომ ჰქონოდათ, მშობლიური ხალხის მხარდამჭერები ვერ იქნებოდნენ.
ისინი, როგორც ზუსტად აღნიშნავდა იმდროინდელი სომხური პრესა, ჩამოყალიბდნენ არა ერის წარმომადგენლებად, არამედ _ კაცობრიობის…
ტიფლისის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, კერძოდ, 1917 წელს, უკანასკნელი სომეხი მერის _ ა. ხატისიანცის სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თბილისის მერებისა და სრულუფლებიანი ხმოსნების ისტორია სრულიად ახალ ფაზაში შევიდა. მართალია, ჯერ კიდევ 1919 წელს, მერის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ეროვნებით სომეხ მ. ათაბეკიანს, და საბჭოთა წლებში, 1960-იან წლებამდე, მერის მოადგილეებად ხშირად სომხები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე 1921 წლიდან მოყოლებული, დღემდე თიფლისის-თბილისის მერები მხოლოდ ქართველები იყვნენ.
წმინდა მამამ ვაან ოვანისიანმა, რომელიც 1960 წელს ქალაქს ეწვია, თბილისის ფერიცვალებაზე ორმოცწლიანი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ასეთი რამ დაწერა: «მშენებლობის სფეროში ახალი არაფერია. როგორც კავკასიაში მეფისნაცვლის ქალაქს, მას მდიდრული სასახლეები ჰქონდა, პროსპექტები და მწვანე სკვერები. ქართველებმა იციან, რომ თიფლისი სომხების აშენებულია. როცა 1801 წელს საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა თიფლისი დიდი სოფელი იყო, ლტოლვილი სომხების, მელიქების, მანთაშიანცის, არამიანცის და სხვა მდიდარი სომხების წყალობით საქართველოს აქვს ლამაზი თიფლისი, ქართველებმა კი იგი სიმპათიური კინტოებით დაამშვენეს».
(სამველ კარაპეტიანი, თანამედროვე ქართული პრესის თბილისის მერების ისტორიისადმი არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაზე რომ წერს, აღნიშნავს, რომ პუბლიკაციები სავსეა მოგონილი ამბებით და შეცდომებით. _ რედ.)
«მაგალითად, _ წერს კარაპეტიანი, _ ჯ. ამირანაშვილი არამართლზომიერად უარს ამბობს ქართველ მერზე ვასილ ჩერქეზოვზე, და სინანულს გამოთქვამს, რომ თბილისის ქალაქის თავების ისტორიაში (1917 წლამდე) იყო ერთადერთი ქართველი _ დიმიტრი ყიფიანი».
გაგრძელება იქნება