Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის სპეცსამსახურებს ნება დართეს, ნებისმიერი ქვეყნის სერვერიდან მოიპოვონ ინფორმაცია

აშშ-ის სპეცსამსახურებს ნება დართეს, ნებისმიერი ქვეყნის სერვერიდან მოიპოვონ ინფორმაცია

505

ფედერალურმა სასამართლომ მოსამართლის _ ჯეიმს ფრენსისის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნა ინტერნეტკორპორაციების მომხმარებელთა მონაცემების გაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მონაცემები უცხოეთში ინახება.


Reuters-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ გამოიტანა კორპორაცია «მაიკროსოფტისა» და აშშ-ის ხელისუფლების სასამართლო პროცესზე. კორპორაციის იურისტებმა უარი უთხრეს სპეცსამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთი კლიენტის მონაცემების გადაცემაზე, რადგან ეს მონაცემები დუბლინში (ირლანდიაში) ინახებოდა. ხელისუფლება დაინტერესებული იყო ამ პიროვნების მიმოწერის, საბანკო გადარიცხვებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციით, თუმცა რატომ გამოწერა სასამართლომ ორდერი ამ მონაცემების სპეცსამსახურებისთვის გადაცემაზე, საიდუმლოდ დარჩა.

«მაიკროსოფტის» იურისტები მიუთითებდნენ კანონზე, რომლის თანახმადაც, დაპატიმრების ორდერი ძალას კარგავს, თუკი ეჭვმიტანილი უცხოეთში იმყოფება, და ეს წესი ინტერნეტის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზეც უნდა გავრცელებულიყო. სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ ციფრული კონტენტის (ინფორმაციული რესურსი _ ტექსტები, მულტიმედია, გრაფიკა, ხმოვანი და ვიდეოფაილები) მოპოვების შესახებ ორდერის გაცემას არეგულირებს კანონი «ინფორმაციის შენახვის» (Stored Communications Act) შესახებ.

და რადგან სასამართლოს  ეს  გადაწყვეტილება პირველია, ის პრეცედენტად ითვლება და ავტომატურად გავრცელდება ყველა ამერიკულ კომპანიაზე.

მაგალითად, თუკი ამერიკულ კომპანიას აქვს სერვერი საქართველოში, აშშ-ის ხელისუფლებას ქართული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლია აიღოს ნებისმიერი მონაცემი, რომელიც კი ამ სერვერზე ინახება.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო ედვარდ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული მამხილებელი დოკუმენტების შედეგად ატეხილი სკანდალის ფონზე _ სნოუდენმა აშშ-ის ხელისუფლება გლობალურ თვალთვალსა და მოსმენებში დაადანაშაულა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here