ეხმაურება რა დასავლეთის რეაქციას უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე, ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე, ბატონი სოსო შემდეგ შეფასებებს გვთავაზობს:
«პირველი შემთხვევაა (ხაზი ყველგან ჩემია – ი. ლ.), როცა ნატოს წევრი ქვეყნები, აშშ და ევროკავშირიც ერთიანნი არიან თავიანთ წარმოდგენებში. იმდენად უხეში ჩარევა იყო უკრაინაში (იგულისხმება რუსეთის მხრიდან – ი. ლ.) მიმდინარე პროცესებში, რომ სხვაგვარი მოლოდინი, ალბათ, არც არსებობდა. ასეთი კოლექტიური და მკაცრი სანქციების გამოცდილება ცივილიზებულ დასავლეთს არ აქვს».
ერთობ გასაკვირია ასეთი მოსაზრებების მოსმენა ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარისგან, მაგრამ ის საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსთან» მოკლე საუბარში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრ უცნაურობას ამბობს.
ჯერ ერთი, გაუგებარია, რომელ «მკაცრ სანქციებს» გულისხმობს ბატონი სოსო. ისეთი სანქციები, რუსეთი ოდნავ მაინც რომ შეეწუხებინა, ჯერჯერობით არ არსებობს; და მეორეც _ როგორ არის ეს «პირველი შემთხვევა» და როგორ არ აქვს «დასავლეთს კოლექტიური სანქციების გამოცდილება»?! დასავლეთს თუ არ აქვს ასეთი გამოცდილება, აბა, ვის აქვს – რუსეთს თუ ჩინეთს, ან აქვს კი ვინმეს საერთოდ?! მაგალითისთვის მარტო ირანი კმარა, რომელიც, მიუხედავად მართლა მკაცრი სანქციებისა, მაინც ვერ მოდრიკა დასავლეთმა, და ეს დასავლეთი რუსეთს დააჩოქებს ამ გზით?!
რაც შეეხება რუსეთის «იმდენად უხეშ ჩარევას უკრაინაში» – ეს არასწორი და ცოტა უხერხული შეფასებაც კია, რადგან რუსეთმა ერთი გასროლის გარეშე, ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე დაიბრუნა ბოლო ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ყირიმი, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვმა 60 წლის წინათ ვოლუნტარისტულად მიუერთა უკრაინას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყირიმის მოსახლეობამ, რომლის 58%-ს რუსები შეადგენენ, 25%-ს – უკრაინელები და 12%-ს – ყირიმელი თათრები, ძალიან მაღალი, 83%-იანი, აქტივობის ფონზე 96,8%-ით(!) მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას(!), ანუ, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ რუსებმა, არამედ უკრაინელებისა და თათრების უმრავლესობამაც, და ამას ჰქვია უკრაინაში უხეში ჩარევა?! მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყირიმი არასოდეს(!) ყოფილა უკრაინა ან როგორ იქნებოდა, როდესაც თვითონ უკრაინა არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო არასოდეს. უკრაინის ტერიტორია საუკუნეების განმვლობაში ხან პოლონეთის იმპერიაში შედიოდა, ხანაც – ლიტვისა და ავსტრო-უნგრეთის, ბოლო პერიოდში კი, 200 წელზე მეტი – რუსეთის შემადგენლობაში!
საკუთარი მიწის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას თუ უხეში ჩარევა ჰქვია, მაშინ აფხაზეთ–სამაჩაბლოს დაბრუნება რეფერენდუმის გზით (ეს სრულიად შესაძლებელია ლტოლვილების დაბრუნების შემთხვევაში) უხეშ ჩარევად ჩაგვეთვლება?! უხერხული შეფასება კი იმიტომ არის, რომ როგორ შეიძლება რუსეთის «უხეშ ჩარევაზე» ილაპარაკოს ექსპერტმა და იმ დასავლეთის იმედი ჰქონდეს, რომელიც მართლაც უცერემონიოდ ერევა სახელმწიფოების შინაურ საქმეებში, ოღონდ არა «უხეშად», არამედ «დემოკრატიულად», «სამშვიდობო მისიის» ეგიდით! იქნებ ამ გზით «გაბედნიერებული» ქვეყნების და მათი გაძარცული მუზეუმების ჩამოთვლაა საჭირო?!
შემდეგი შეფასება:
«ბოლოს და ბოლოს გაიღვიძა სახელმწიფოებრივმა თავმოყვარეობამ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს 40-მდე სახელმწიფოს მოსახლეობაში». მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ასეთი სახელმწიფოების ხელისუფლებებისთვის მისაღები შესაბამისი გადაწყვეტილებები, რისი მოწმენიც ვართ».
რაღა დაგიმალოთ და ამ სიტყვებმა ღიმილი მომგვარა – როდის ყოფილა, ან რომელ სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება «მოსახლეობის სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის» მიხედვით იღებდა «შესაბამის გადაწყვეტილებებს» – სანქციების დაწესება იქნებოდა ეს, ფერადი რევოლუციების მოწყობა თუ პირდაპირი სამხედრო აგრესია? მიამიტობას ვერ ვაკადრებ ბატონ სოსოს, მაგრამ მიზანმიმართულად რომ ცდილობს დასავლეთის მშვიდობის მტრედად წარმოჩენას, ფაქტია; დავიჯერო, კიევის «მაიდნის» ირგვლივ მხოლოდ CNN-BBC–ით იღებდა ინფორმაციას?!
შემდეგი:
«მხოლოდ რეიგანმა შეძლო ის, რაც არც ერთ სახელმწიფოს არ ხელეწიფებოდა. მან დაარქვა ყველაფერს საკუთარი სახელი და ბოროტების იმპერიად მონათლული საბჭოთა კავშირი დასცა მუხლებზე». უბრალოდ, მას ვერ წარმოედგინა, რომ ამ მონსტრის ნამსხვრევები იქნებოდნენ საკუთარი რეაბილიტაციის შემძლე და თვითაღდგენის უნარის მქონე».
სიმართლე გითხრათ, 1990-იან წლებში ზუსტად ასე ვფიქრობდი მეც და, ალბათ, მოსახლეობის 99%-საც რეიგანი მიაჩნდა საბჭოთა კავშირის დამშლელად. მას შემდეგ, ინტერნეტის წყალობით, ბევრი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი და რუსეთში განვითარებული მოვლენების შედარებით ობიექტური ანალიზიც – შესაძლებელი. და უკვე კარგა ხანია, გარკვეულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი შემოქმედი და დავალებების შემსრულებელი გორბაჩოვი იყო (ციხე შიგნიდან ტყდება)თუ შევადარებთ იმჟამინდელ რუსეთსა და დღევანდელ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მაშინ, ბატონი სოსოს ლოგიკით, პროამერიკული გადატრიალება კიევში ახლანდელ რეიგანს ანუ ამერიკის პრეზიდენტ ობამას უნდა დაბრალდეს (იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ ხუთი მილიარდი დახარჯა «მაიდნის» მომზადებაში, შეიარაღებული რაზმების გაწვრთნაში ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ასეთი დასკვნა ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან). მაგრამ მაშინ რა ვუყოთ იმას, რომ ანალოგიური «ნომერი» ამერიკას არც მოსკოვში გაუვიდა და არც მინსკში? იქ ხომ უფრო ადრე და თან რამდნჯერმე(!) იყო ამის მცდელობა? ძალისხმევა და მილიარდები არც რუსეთ-ბელარუსში დაუკლია დასავლეთს – მაიდნის მსგავსი ნიადაგი იქაც შეამზადა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია. ვერ მიაღწია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია სახელმწიფოს ლიდერების სიმტკიცე, მათი გონივრული და დროული ქმედება. ამ მხრივ ივარგეს პუტინმა და ლუკაშენკომ, ვერ ივარგეს იანუკოვიჩმა და თავის დროზე – ნიკოლოზ მეორემ, ხოლო მიხეილებმა (გორბაჩოვმა და სააკაშვილმა) ერთმა _ «პერესტროიკის», მეორემ კი «დემოკრატიის» შუქურების ერთობ შემოსავლიან წოდებებს გამოჰკრეს ხელი.
ჩემს მოსაზრებას წინამძღოლის როლის თაობაზე თვითონ ბატონი სოსო ადასტურებს, როცა ამბობს, რომ, «მონსტრის ნამსხვრევებს თვითაღდგენის უნარი თუ ექნებოდათ», ვინ წარმოიდგენდაო. ოღონდ «ოდნავ» ეშლება – თვითაღდგენა კი არ მოახერხეს ნამსხვრევებმა (ასეთი რამ არ ხდება) ნამსხვრევები გაამთელა და რუსეთი ფეხზე დააყენა ერთი კაცის, პუტინის გონიერმა პოლიტიკამ. ამას ყველა აღიარებს მსოფლიოში! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ელცინის მმართველობის პერიოდში, რუსეთი უფრო უარეს დღეში იყო ეკონომიკურად, ვიდრე უკრაინა, პუტინის მოსვლის შემდეგ კი მან ყველა მონაცემით გადაუსწრო უკრაინას. ლიდერის განმსაზღვრელი როლი უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და ისიც აქსიომაა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური აღმავლობა და სამხედრო გაძლიერება მხოლოდ მაშინ ხერხდება, თუ მას ჭკვიანი, სამშობლოს მოყვარული და უშიშარი წინამძღოლი უდგას სათავეში!
დასასრულ, ბატონი სოსოს კიდევ ერთი მიგნება თუ ნატვრა:
«უკვე ცხადია, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად ჩნდება რონალდ რეიგან-2-ის აუცილებლობის მოლოდინი».
ანუ, ბატონი სოსო ცისკარიშვილი ამჯერად რუსეთის დაშლის მოლოდინშია და სიხარულითაც მოელის მას! ჯერ ერთი, რეიგან-2-ის მოლოდინი მცდარია, რადგან რამდენი რეიგანიც უნდა გამოჩნდეს პუტინის მმართველობის პერიოდში, ყველა ობამას «ბედს» გაიზიარებს, და მეორეც, განა ამ ნატვრის ასრულება, ანუ რუსეთის დაშლა სასიკეთოდ წაადგება საქართველოს? ჩვენთვის ეს არის მთავარი კითხვა და ყველა ექსპერტიც ამ თვალთახედვით უნდა უდგებოდეს ნებისმიერ საკითხს. ვთქვათ, რეიგან-2-ის და პუტინის შემცვლელის (გორბაჩოვისნაირის) წყალობით ისე დაიშალა რუსეთი, რომ ვერც ჩვენ გვავნო ვერაფერი და ვერც სხვას (ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც). მაინტერესებს, ჩრდილოკავკასიური საშიშროებისგან და, რაც ყველაზე მთავარია, თურქეთის ექსპანსიისგან ამერიკა დაგვიცავს _ არიქა, ამ უძველესი კულტურის, საკუთარი დამწერლობის მქონე მართლმადიდებელ ერს გათქვეფა–გაქრობა არ დაემუქროსო?!
ნეტარ არიან მორწმუნენი! ამაზე ლაკონიურად ვერაფერს ვიტყვი!
იაკობ ლეჟავა
გაიხარეტ ბატონო იაკობ!!! ასეტიუტვინო "ეკსპერტების" და "პილიტიკოსების" ხელში რომ არის დღეს საკარტველო იმიტომ გვაკვს კარგად საკმე. ვის ებრძვიან რუსეტს?? ეს გამოტვინებული ადამიანები( მაპატიეტ)…