Home რუბრიკები ისტორია როგორ აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას

როგორ აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას

კიევის ცენტრალურ მოედანზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უკრაინას ახალი, ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი და მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ფაშისტების დამხმარე, უამრავი სისასტიკის ჩამდენი სტეპან ბანდერას იდეოლოგიის მიმდევარი ხელისუფლება ჰყავს. ახალმა ხელისუფლებამ, რომლის ლეგიტიმურობაც ძალიან საეჭვოა, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება და კანონი მიიღო, რომლებმაც უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია.

 

შედეგად, არეულობები დაიწყო უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში (დონეცკში, ხარკოვში) და ყირიმის ნახევარკუნძულზე. უკრაინის შემადგენლობაში შემავალმა ყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ კი 16 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა უკრაინიდან გამოყოფისა და რუსეთთან მიერთების თაობაზე, რომელსაც რეფერენდუმში მონაწილეთა 96 პროცენტმა დაუჭირა მხარი. დღეს, როდესაც ვითარება უკრაინისა და რუსეთის საზღვრებზე ძალიან დაძაბულია, დიდია სამხედრო დაპირისპირების საფრთხე, საინტერესოა, გავიხსენოთ ყირიმის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.

სხვადასხვა დროს ყირიმი იყო რუსეთის იმპერიის გუბერნია, ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა რსფსრ-ს (რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა) შემადგენლობაში, ოლქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში. ასე რომ, ყირიმი ხშირად იცვლიდა სტატუსს და სახელწოდებას, მაგრამ ყოველთვის რუსულ მიწად რჩებოდა.

ყირიმი უძველესი დროიდან თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს რუსეთის ისტორიასა და კულტურაში. სწორედ ყირიმში, ხერსონესში, მიიღო თავადმა ვლადიმირმა ქრისტიანობა 988 წელს და მართლმადიდებლობა რუსეთის სახელმწიფოს რელიგიად აქცია _ ყირიმი რუსული მართლმადიდებლობის აკვანია. ყირიმის სამხრეთ სანაპიროებზე პირველი რუსული დასახლებები XII-XIII საუკუნეებში გაჩნდა, X და XI საუკუნეებში კი ასეთი დასახლება საკმაოდ ბევრი იყო. ეს ისტორიული ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ყირიმი ოდითგანვე რუსეთის სოციალურ-კულტურული სივრცის, რუსული ცივილიზაციის ნაწილი იყო.

XIII საუკუნეში ყირიმი მონღოლთა «ოქროს ურდოს» ნაწილი გახდა და დაიწყო ყირიმის სახანოს ჩამოყალიბება. XV საუკუნეში კი ნახევარკუნძულს თურქები დაეპატრონენ, თუმცა რუსეთი არასოდეს ივიწყებდა ამ ნახევარკუნძულის მნიშვნელობას და ცდილობდა მის გათავისუფლებას.

XVIII საუკუნეში ყირიმისთვის ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა, გამოჩენილი მხედართმთავრების _ ალექსანდრე სუვოროვისა და მიხეილ კუტუზოვის _ ხელმძღვანელობით რუსებმა თურქები სასტიკად დაამარცხეს, ხოლო ჩესმენსკის ბრძოლაში თურქეთის ფლოტი სრულიად გაანადგურეს.

ყირიმი რუსეთს 1783 წელს შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი დაიწყო მშენებლობა ციხესიმაგრისა, რომელსაც ეკატერინე II-მ სევასტოპოლი  უწოდა.

ყირიმის მიერთებით დასრულდა რუსეთის, როგორც იმპერიის, ჩამოყალიბება. რუსეთისთვის ყირიმი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი გახდა შავ ზღვაზე. ეს ნახევარკუნძული რუსეთის ფლოტის ბაზად იქცა. შავი ზღვა კი XIX საუკუნეში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილი იყო მსოფლიო ოკეანეში. აქ თავისი ინტერესები ჰქონდა ავსტრო-უნგრეთის სამეფოს, საფრანგეთსა და იმჟამინდელ ზესახელმწიფოს _ დიდ ბრიტანეთს. 1853-1856 წლების ყირიმული სამხედრო კამპანია ერთ-ერთი იყო დიდი სახელმწიფოების მრავალრიცხოვანი დაპირისპირებიდან, რომლებიც მიმართული გახლდათ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად.

მეორე მსოფლიო ომში ყირიმი ფაშიზმთან ბრძოლის ბასტიონად იქცა. სევასტოპოლის გმირული დაცვა, რომელიც 349 დღეს გრძელდებოდა, ყირიმის ფრონტის ტრაგედია, საპუნ-გორის შტურმი რუსეთის ისტორიის ნაწილია. 1945 წლის 4-11 თებერვალს სწორედ ყირიმში, იალტის კონფერენციაზე, სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების _ იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის მიერ განისაზღვრა ომისშემდგომი მსოფლიოს მომავალი. ექსპერტები ისტორიულ კაზუსად მიიჩნევენ 1954 წელს ყირიმის გადაცემას უკრაინისთვის. ეს მოხდა ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და უკრაინის გაერთიანების 300 წლისთავის აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 23 წელი გავიდა, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ყირიმს მაინც რუსულ მიწად მიიჩნევს.

საინტერესო ფაქტები ყირიმის ნახევარკუნძულის შესახებ

 ყირიმის ნახევარკუნძული: ფართობი _ 27 ათასი კვ.კმ. დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გარს აკრავს შავი და აზოვის ზღვები. მატერიკთან დაკავშირებულია პერეკოპის ყელით. ყირიმის აღმოსავლეთ კიდეზე, შავ და აზოვის ზღვებს შორის მდებარეობს ქერჩის ნახევარკუნძული. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ველებია, სამხრეთი ნაწილი _ მთიანი. კლიმატი ჩრდილოეთ ნაწილში ზომიერად მშრალია, სამხრეთში _ ხმელთაშუაზღვისპირეთის მსგავსი. საშუალო ტემპერატურა: ზამთარში _ 1-40ჩ.

* ანტიკური ხანიდან მოღწეული ცნობების თანახმად, ყირიმის პირველი მცხოვრებნი იყვნენ კიმერიელები (XII საუკ. ჩვ.წ.აღ-მდე) _ ინდოევროპელი ტომები, რომლებიც სახლობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით. მათ ჩვ.წ.აღ-მდე პირველ ათასწლეულში კოლხეთის დაპყრობაც მოახერხეს.

ყირიმის ნახევარკუნძულიდან კიმერიელები სკვითებმა გააძევეს.

* ჩვ.წ.აღ-მდე VIII-IV საუკუნეებში ბერძენმა კოლონისტებმა დააარსეს ქალაქები პანტიკაპეა, ფეოდოსია და ხერსონესი.

* ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა.

* III-IX საუკუნეში ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ მომთაბარე ტომები; IX-V საუკუნეებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა.

* X საუკუნეში ყირიმის აღმოსავლეთი ნაწილი ტმუტარაკანის სამთავროს (ძველი რუსეთის სათავადო) შემადგენლობაში მოექცა.

* XIII საუკუნეში ყირიმში თათარ-მონგოლები შეიჭრნენ და იქ ოქროს ურდოს ყირიმის ულუსი შექმნეს.

* ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს, წარმოიქმნა ყირიმის სახანო.

* 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა ბოლო მოუღო თურქეთის ბატონობას ყირიმის ნახევარკუნძულზე; 1774 წელს ოსმალებმა უარი თქვეს ყირიმზე.

* 1783 წელს ყირიმი რუსეთს შეუერთდა.

* 1784 წელს ყირიმი შევიდა ტავრიდის ოლქში (1787 წლიდან გუბერნია), რომლის ცენტრი იყო ქალაქი სიმფეროპოლი.

* 1917 წელს შეიქმნა ყირიმის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც არსებობა შეწყვიტა 1918 წლის იანვარში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ.

* 1920 წელს ყირიმი შევიდა რსფსრ-ს შემადგენლობაში.

* მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტების მიერ დაპყრობილი ყირიმი 1944 წლის მაისში გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ.

* 1954 წლის 19 თებერვალს სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის იმჟამინდელი გენერალური მდივნის _ ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ყირიმი რსფსრ-ს შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გადასცეს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას.

* ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 2013 წლის 1 მარტს შეადგენდა 1,9 მილიონ ადამიანს (ქ. სევასტოპოლის გარეშე). ყირიმის უდიდესი ქალაქია სევასტოპოლი _ 390 ათასი მცხოვრები. ყირიმში ცხოვრობენ: რუსები, უკრაინელები, ყირიმელი თათრები, პოლონელები, ბულგარელები, გერმანელები, ებრაელები, ბოშები, სომხები, ბერძნები, ბელარუსები და მოლდოვები.

* დიდმა რუსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ, რომელიც ყირიმს ხშირად სტუმრობდა, ყირიმს მიუძღვნა ნაწარმოები «სევასტოპოლის მოთხრობები».

* ანტონ ჩეხოვმა, რომელიც ყირიმში დასახლდა, იალტაში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები «ქალი ძაღლით».

* მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 95 კმ-ს სიგრძის სატროლეიბუსო გზა ერთმანეთთან აკავშირებს იალტასა და სიმფეროპოლს.

 

1 COMMENT

  1. კარგი იქნებოდა ავტორს მოეთხრო ყირიმის რფ-დან უკრაინის რესპუბლიკისთვის გადაცემის იურიდიული საფუძველბის შესახებ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here