Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ მაისაია: გავიხსენოთ მამუკა ზერეკიძე, როინ შავაძე, სერგო თეთრაძე, რომლებიც დახოცეს. კაცობრიობის...

ვახტანგ მაისაია: გავიხსენოთ მამუკა ზერეკიძე, როინ შავაძე, სერგო თეთრაძე, რომლებიც დახოცეს. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, აბა, რა არის?!

1098

ორმაგი სტანდარტები, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა, ამაში, ალბათ, ახალი არაფერია. ,,ბებერი მეძავი» ევროპა რამდენადაც მკაცრი და შეუპოვარია სამართლიანობის სადარაჯოზე თავის საკუთარ ტერიტორიაზე (ნიურნბერგის პროცესი, ნაპოლეონის გადასახლება, ჩაუშესკუ, მილოშევიჩი და . .), იმდენად უგულისყუროა და წაყრუებისა თუ წათამამების მეთოდებს იყენებს სააკაშვილისა და მისთანების რეჟიმებთან დაკავშირებით.

 

გაუჩნდება თუ არა ხელისუფლებას თუნდაც იმისი თქმის სურვილი, რომ პატიმრების მკვლელები კანონის წინაშე დამნაშავეები არიან, ოდესმე გასამართლდება ვინმე რეალურად თუ ყველას სასაცილო 2-3-წლიანი მუხლები შეეფარდება, «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

_ ბატონო ვახტანგ, თქვენ ხართ «ნაცების» რეჟიმის მსხვერპლი. ერთი უპირველესი არქიტექტორთაგანი ამ რეჟიმისა, ანუ ადეიშვილი დემოკრატიულ ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს; მეტიც, ითქვა, პრეზიდენტის მრჩეველიაო, მაშინ, როცა საქართველოში 200-მდე პოლიტპატიმარი გამოუშვა ციხიდან «ნაცების» შემდგომმა ხელისუფლებამ, როგორ ფიქრობთ, ევროპული დემოკრატია ორმაგ სტანდარტს ხომ არ იყენებს საქართველოსთან დაკავშირებით? და რა განცდა გაქვთ, როცა სადიზმის იდეოლოგი და დამაარსებელი ადეიშვილი დღეს თურმე სკაიპით უნდა დაიკითხოს, მაშინ, როცა ის უკვე კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო გასამართლებული და მისჯილი ჰქონდეს უვადო პატიმრობა?

_ ადეიშვილის, ამ პოლიტიკური დამნაშავისა და, თქვენი თქმის არ იყოს, იმ პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორის სკაიპით დაკითხვა, მართლაც, უპრეცედენტო და ამაზრზენი ფაქტია. შეიძლება იყოს რაღაც  ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც მოითხოვდეს ადეიშვილთან სკაიპით დაკავშირებას, მაგრამ ეს პრინციპულად არასწორია (მხოლოდ მოწმის სახით თუა, მაინც არ უნდა ხდებოდეს ასე, არ აქვს მნიშვნელობა). დიახ, არსებობს კიდევ მორალური და ფორმალურისამართლებრივი მხარე და, ორივედან გამომდინარე, ადეიშვილის სკაიპით დაკითხვა, სულ მცირე, ამორალური ქმედებაა. ეს ერთი.

მეორე, _ რადგან ასეთი ადამიანის მიმართ არ არის წაყენებული ბრალდება, მაშინ, როცა ყველაფერი ზედაპირზე დევს, ეს საქართველოს ახალი პროკურატურის არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობას ნიშნავს.

მესამე _ რაც შეეხება ევროპას. რა თქმა უნდა, ევროპას გააჩნია თავისი ორმაგი სტანდარტები, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ აქ ერთი მომენტია ისიც, რომ ურბანს, მის პიროვნებას თვითონ უნგრეთში უწოდებენ არაორდინალურს. ურბანი არის იქაური მიხეილ სააკაშვილის ფენომენი, ოღონდ ოდნავ რბილი ვარიანტი, მაგრამ დიდად არ განსხვავდება სააკაშვილისგან. ზოგადად, უნგრეთი დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ მისი დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ უნგრეთში დემოკრატიის ის ნიშან-წყალი, რომელიც არსებობდა მანამდე, კიდევ უფრო განმტკიცებულიყო. აი ეს, ბუნებრივია, ადეიშვილის მომენტზეც აისახა. როგორც იტყვიან, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს.

მეოთხე, _ თუ ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს იმის საშუალება, რომ ურბანს და ევროკავშირს დაუმტკიცოს, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი და პოლიტიკური დამნაშავე, სულ მცირე, ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, თავიდანვე რომ არ გააკეთა ამ პოლიტიკური რეჟიმის შეფასება. რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, პოლიტიკური შეფასება არ მისცა-მეთქი, მოგახსენებთ. საკმარისი იქნებოდა, გაეკეთებინა ეს პარლამენტის დონეზე დეკლარაციის ან რეზოლუციის სახით, სადაც დაიწერებოდა, რომ წინა ხელისუფლების სისტემა იყო ავტორიტარული, ანუ რეჟიმს შეფასება უნდა მისცემოდა რაიმე დოკუმენტის სახით. და აი, ამ შეფასების შედეგად, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მყარი არგუმენტების წარდგენა ევროპელი კოლეგებისთვის, რომლის საფუძველზეც, მერწმუნეთ, ადეიშვილს არავინ მისცემდა პოლიტიკურ თავშესაფარს. იმედია, ახლაც არ არის დაგვიანებული ასეთი დოკუმენტის მიღება და მე ყველას, ვისთვისაც დემოკრატიული და ჩვენი ეროვნული ფასეულობები ძვირფასია, მოვუწოდებ, მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ დოკუმენტის აუცილებლად მიღება.

_ მართლა გჯერათ, რომ კოაბიტაციის, საარჩევნო დაპირებების შეუსულებლობის ფონზე ასეთ დოკუმენტს მიიღებენ? ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის გასაკეთებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს

_ შეიძლება პოლიტიკური ნება არ არის, მაგრამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ პოლიტიკური ნება გაჩნდეს. ხალხი თუ სერიოზულად მოითხოვს, ცხადია, «ოცნებაც» დათანხმდება. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, რომ აცხადებენ, დასავლეთი გვაიძულებსო, ეს არის ტყუილი, დასავლეთი არის მითი, დამიჯერეთ. მე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც მქონდა ურთიერთობები და იქ არავინ ამბობს, რომ «ნაცმოძრაობას» ნაფტალინი მოაყარეთ და შეინახეთო. პირიქით, ბევრს უკვირს, რატომ არ ხდება იმ რეალური სურათის წარმოდგენა, რომელიც იყო წინა რეჟიმის პერიოდში. ისეთი ფაქტები წარმოჩინდა ნავთლუღის ბაზრის ინციდენტთან დაკავშირებით (ადამიანები ჩახოცეს ვიღაც ნაძირლებმა მაზმიშვილმა, დათა ახალაიამ და ქარდავამ), მე თუ მკითხავთ, ეს სამი ნაძირალაა დასახვრეტი; იმედია, უვადო პატიმრობა მაინც არ ასცდებათ.

_ დოკუმენტი არ აჩვენესო, აცხადებთ, თუმცა ციხის კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა, ანუ ადეიშვილი უკვე უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და არა სკაიპით იკითხებოდეს, როგორც მოწმე

_ როგორც ვთქვით, პოლიტიკური ნება არ არსებობს. გარდა ამისა, ასეთი მომენტია მოგონილი: ვაითუ რამე გავაფუჭოთ გაუთვალისწინებელი მოქმედებითო. ამ დროს ნებისმიერი მოქმედების ეშინიათ და ეს სრულიად ზედმეტი სიფრთხილე და პოლიტიკური სინაზე, ალბათ, კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.

_ იქნებ მარტო ეს არ არის და სხვა ფაქტორიც მუშაობს? ხომ არ ევაჭრებიან ადეიშვილს და იმ შემთხვევაში, თუ ის სააკაშვილის კრიმინალურ საქმეებს თავის თავზე არ აიღებს და დადებს მიშაზე კომპრომატებს, მას სრული ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემენ?

_ შეიძლება ევაჭრებიან კიდეც. ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადეიშვილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ხელშეუხებლობის გარანტია. ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი და ახალაია არიან, ფაქტობრივად, იგივე ხროვა, როგორიც იყო გებელსი, კალტენბრუნერი, ჰიმლერი, ბორმანი და ჰიტლერი. როგორც ამ ადამიანებს მოექცა სასამართლო (ამ ხალხმა ერთმანეთი ჩაუშვა, ბორმანმა მთელი დოსიები დადო, მაგრამ არაფერმა უშველა, მაინც ჩამოახრჩეს), ასევე ამ ხროვის წევრებიც უნდა გასამართლდნენ კანონის მთელი სიმკაცრით. არავითარი შეღავათი არ უნდა იქნას გამოყენებული ვინმეს ჩაშვების სანაცვლოდ.

_ საქართველოს რომ შეეფარებინა უნგრეთის სისხლის სამართლის დამნაშავე, ძალიან დიდი ამბავი ატყდებოდა არა მარტო ევროპის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, ადეიშვილს კი ძალიან წყნარად მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი

_ რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდებოდა, თუ ჩვენ მოგვივიდოდა ამის დამადასტურებელი საბუთები და ის წამების კადრები ან ის ამბავი, რომელიც ნავთლუღის ბაზართან მოხდა. ეს არ არის მარტო ეროვნული დანაშაული, ეს არის საერთაშორისო დანაშაული. და როცა ადამიანი ჩაიდენს კაცობრიობის წინაშე დანაშაულს, ის უნდა დაისაჯოს. როცა შენ ადამიანს ხვრეტ ქუჩაში, როცა შენ ადამიანს დანით კლავ სასაფლაოზე, იმისთვის, რომ მან თავისი პოზიცია გამოხატა, როცა შენ ციხეებში ადამიანებს აწამებ, აუპატიურებ და პლუს ადამიანების მკვლელობას გეგმავ, გავიხსენოთ, მამუკა ზერეკიძე, როინ შავაძე, სერგო თეთრაძე, რომლებიც დახოცეს (ეს იყო პოლიტიკური მკვლელობები), კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია, აბა, რა არის! სერგო თეთრაძე, მამუკა ზერეკიძე და როინ შავაძე პოლიტიკური მოტივებით დახოცეს ციხეებში ამ სიკვდილის ესკადრონებმა, მაგრამ არავინ დასჯილა. აქვე გეტყვით, გამომძიებელმა და პროკურორმა გამოკვეთეს, რომ ჩემი ლიკვიდაციის ბრძანებაც არსებობდა. მოწმეც არსებობს, რომელსაც უშუალოდ დაავალა «ქილერამ», ალექსანდრე მუხაძემ, ჩემი მოკვლა და მე გონივრულ ეჭვს გამოვთქვამ, რომ ეს ბრძანება გასცა გიორგი მაზმიშვილმა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა.

იმედია, დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანობას აღადგენს, ამ სიტუაციას გამოასწორებს, რადგან მოვიდა საზოგადოების დაკვეთით, რათა დაესაჯა ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე. 

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here