Home რუბრიკები საზოგადოება რას მოითხოვს ჩვენგან ევროინტეგრაცია და რას მოგვიტანს რეალურად ევროკავშირი

რას მოითხოვს ჩვენგან ევროინტეგრაცია და რას მოგვიტანს რეალურად ევროკავშირი

1256

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი «განსაკუთრებულ» მნიშვნელობას იძენს. რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას არჩეული კურსი და რას მივიღებთ რეალურად იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მივაღწევთ, _ ამ საკითხთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიომ» აზრის გამოთქმა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს სთხოვა.

 

ელიზბარ ჯაველიძე, პუბლიცისტი, მეცნიერი:

_ ჩემთვის ეს ე. წ. ევროინტეგრაციის პროცესი შემაშფოთებელია იმდენად, რამდენადაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რას გულისხმობს ის. მეტიც, დასავლეთის ფსევდოლიბერალური ძალების პროპაგანდისტული მანქანა იმდენად მძლავრია, ადამიანების ტვინზე სერიოზულად მუშაობს და ხალხს არც კი უჩნდება შეკითხვა, საით მივდივართ. ახლა ნახეთ, რა ხდება: მოვაწერეთ ხელი რაღაც დოკუმენტს, რომელიც სამასზე მეტი პუნქტისგან და, შესაბამისად, ამდენივე ვალდებულებისგან შედგება, კაციშვილი არ კითხულობს, რა წერია მასში. რომ ჰკითხო, ყველა პროდასავლურია, ყველას ევროპა უნდა, ამ დროს წარმოდგენაც არ აქვთ არც ევროპულ კულტურაზე, არც ცივილიზაციაზე. ჩვენდა საუბედუროდ, მგონია, რომ ჩვენ ისევ ვართ პოლიტიკური მუხანათობის მსხვერპლნი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მას ჯერ ვერ ვხვდებით. როცა მივხვდებით, ძალიან გვიანი იქნება, რადგან იმ დროს უკვე ამათ საკანონმდებლო დონეზე ექნებათ უფლება, განახორციელონ ყველა ის ქმედება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ცნობიერებას, ზნეობასა და მორალს.

_ ევროპულ ოჯახში შესვლა დღეს ისტორიულ არჩევნადაა გამოცხადებული. თქვენი აზრით, ეს მიდგომა საფუძველს მოკლებულია?

_ ევროპა თვითონ არაა ის ევროპა, როგორიც ისტორიულად იყო. ესენი რომელ არჩევანზე მელაპარაკებიან?! სხვათა შორის, იმ დოკუმენტში, ფანჯიკიძემ რომ მოაწერა ხელი, 17 პუნქტადაა სექსუალური უმცირესობების უფლებები განსაზღვრული და მკაფიოდ წერია, რომ ეს უნდა იყოს მკაცრად დაცული. ახლა  გეკითხებით: რა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი _ გეიაღლუმები?! ერთსქესიანთა ქორწინებები?! თუ რელიგიისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენაა ევროპაში?! მე კიდევ ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს თქვენი გაზეთის საშუალებითაც: რასაც ესენი ევროპულ ღირებულებებს ეძახიან, ეს არ არის ჩვენი კულტურის, ჩვენი ცივილიზაციის ბუნებრივი სივრცე და, თუ იქ შევალთ, აღმოვჩნდებით სრული გადაგვარების, გადაშენების საფრთხის წინაშე.

ზვიად ირემაძე, ანტიგლობალიზაციის ცენტრ «ივერიელების» წარმომადგენელი:

_ პირველ რიგში, ყოველგვარი ხატოვანი შედარების გარეშე უნდა ვთქვათ სიმართლე, _ «ხე ნაყოფით შეიცნობა». დავაკვირდეთ, რა მიიღეს პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში შევიდნენ წლების წინ და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა ბედი გვეწევა ჩვენ.

ჯერ ერთი, არ მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ, თუ მოხდა რაღაც სასწაული და მიგვიღეს, ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით ბალტიისპირეთის ბედს გავიზიარებთ, უარესს თუ არა. აქ საუბარია იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, საბოლოოდ ჩაკვდება, ფასები, როგორც საკვებზე, ისე ყველა სხვა სახის პროდუქციაზე გაიზრდება, იქნება ინფლაცია, მაღალი მიგრაცია და ა. შ. მოკლედ, ევროკავშირი საქართველოს ვერ მოუტანს ვერანაირ სიკეთეს, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაიცლება მოსახლეობისაგან. ცალკე საკითხია კიდევ ღირებულებით ნაწილში რა წერია ამ დოკუმენტში, რომელიც ვილნიუსის სამიტზე გაფორმდა.

_ თქვენი აზრით, რა წერია?

_ მე ვიცი მარტო ორი პუნქტი: ერთი, რომელშიც ლაპარაკია სამცხე-ჯავახეთისთვის გარკვეული სტატუსის მინიჭებაზე და მეორე, რომელიც ეხება უმცირესობების უფლებების დაცვას. ორივე მხრივ ისეთ რაღაცებზეა საუბარი, რომ წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. უბრალოდ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საზოგადოებას: ნუ გავაკეთებთ არჩევანს ბრმად. ამას ვამბობ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 60-70 პროცენტს მაინც ზუსტად ეცოდინება, რა ე. წ. ცვლილებებს მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირის თუნდაც ასოცირებული წევრობა, ეს 60-70 პროცენტი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება ევროინტეგრაციის.

ვალერიან დოლიძე, პროფესორი:

_ ვინც ამბობს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია არამარტო ევროკავშირთან, არამედ თურმე მთლიანად ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. მათ ან, უბრალოდ, არ ესმით, რა არის ეს სტრუქტურა, ან ესმით და მოქმედებენ გარე ძალების მითითებით საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა რატომ ვამბობ ამას: ყველაფერს თავი დავანებოთ და ერთ მშვენიერ დღეს მართლა რომ დადგება ჩვენი იქ შესვლის საკითხი, როგორ მიგვიღებენ _ ტერიტორიულად მთლიანს თუ დაშლილს, როგორც დღეს ვართ?! თუ დაშლილს მიგვიღებენ, მაშინ ხომ უნდა დავფიქრდეთ, გვაძლევს ეს ხელს თუ არა?! რას გვთავაზობს სანაცვლოდ დასავლეთი ან როგორ უზრუნველყოფს ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას?!

_ ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე დაჩქარდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

_ ჰოდა, მაგ ვარაუდით ეგ ექსპერტები იმას ამტკიცებენ, რომ ექსპერტობის არაფერი გაეგებათ. უკრაინის მოვლენებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა კი არ ცხადყო, პირიქით, აშკარად წარმოაჩინა, რომ კრემლი ამ პროცესის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რას მოგვცემს ეს ინტეგრაცია ეკონომიკური თვალსაზრისით: თუ მოხდება ის საერთოდ, უმჯობესია მაგალითებით ვიმსჯელოთ: ნახეთ, რა ხდება ბულგარეთში, რუმინეთში ან თუნდაც საბერძნეთში, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირძველი წევრია, და დასკვნების გამოტანა იოლია…

_ რას გულისხმობთ?

_ ჩვენ არ გვაქვს წარმოება, არ გვაქვს სამრეწველო ინდუსტრია და არც განვითარებული სოფლის მეურნეობა. ამის გავალისწინებით კი, უბრალოდ, გაუგებარია, რას გვაძლევს ევროკავშირის წევრობა. საუბარია იმაზე, რომ ნახევარმილიარდიანი ბაზარი გაგვეხსნება. კი, ბატონო, გაგვეხსნება, მაგრამ რა მიგაქვს იმ ბაზარში? ციტრუსი, რომელიც ევროსტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, თუ ღვინო, რომელიც თავზესაყრელად აქვთ ევროპელებს?! მე იმის თქმა მინდა, რომ ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა არ არის საქართველოს გამოსავალი; ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ვინც არას ამბობს, ან არ ესმის, ეს რას ნიშნავს, ან მათთვის უმთავრესი არაა სახელმწიფოს ინტერესები და მოქმედებენ გარე ძალთა მითითებებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ახლა ისეთი სიტუაციაა, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ რუსეთის ჯინაზე დაჩქარებულად მიგვიღებენ ევროკავშირშიც და ნატოშიც, მაგრამ ეს არ მოხდება. მერწმუნეთ, აღშფოთების პერიოდი დასავლეთს გაუვლის დაახლოებით ერთ კვირაში, შეიძლება უფრო ადრეც, და დაიწყება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც იყო მანამდე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ახლა თუ მაინცდამაინც განვიხილავთ იმ სასწაულებრივ ალბათობას, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მართლა მიგვიღონ ევროპულ ოჯახში, გეტყვით, რომ საქართველოს ეს ჩააგდებს უმძიმეს მდგომარეობაში. მიზეზი ძალიან მარტივია, _ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ ევროპული დონის ცხოვრების რიტმს, ან ვიღაცამ უნდა შეგვინახოს, ან აღმოვჩნდებით უმწვავესი კრიზისის ზღვარზე.

_ თუ ასეა, რატომ სურს თვითონ ევროპას ჩვენი დაახლოება?

_ ეკონომიკური თვალსაზრისით რომ მათ საქართველო არ აინტერესებთ,  ამაში ყველა დამეთანხმება; რაც შეეხება მიმზიდველობას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო კულმინაცია და მაშინ ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რა პოლიტიკური ფასი აქვს საქართველოს დასავლეთისთვის. ანუ ის რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ნატოს ქოლგაში თავს თუ შევყოფთ, ბუზს ვერ აგვიფრენს ვერავინ, აღმოჩნდა ბლეფი. სამაგიეროდ, დავინახეთ, რა დანიშნულება გვაქვს ჩვენ ამერიკისთვის და კიდევ რა ფორმით შეიძლება მან გამოგვიყენოს კრემლის წინააღმდეგ.

_ რა ფორმით, როგორ ფიქრობთ?

_ მეცინებოდა ხოლმე, როდესაც ამბობდნენ, რომ, თუკი რუსეთი საქართველოს დაარტყამდა, რუსეთს მოაქცევდნენ მკაცრ ეკონომიკურ ბლოკადაში. ახლა საქართველოზე ათჯერ უფრო დიდ უკრაინას ურტყამს და თითის განძრევას ვერ ბედავს ვერავინ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ნატო, არც ევროკავშირი და არც რომელიმე სხვა მსგავსი ორგანიზაცია ჩვენთვის ცალსახად კეთილდღეობის გზა ვერ იქნება. ჩვენი მომავალი შეიძლება იყოს მხოლოდ გონივრულად დაბალანსებული _ პოლიტიკაში და დიალოგში, როგორც რუსეთთან, ისე პარალელურ რეჟიმში იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, რომლისკენაც დღეს ერთმნიშვნელოვნად მივისწრაფვით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. «ქართული ოცნების» «ულტრალიბერალური ფრთის» თვალსაჩინო წარმომადგენლები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვახსენებენ ხოლმე, რომ აგვისტომდე, ანუ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ერთობ რთული ეტაპი გვაქვს გასავლელი. ჰოდა, სანამ ეს «რთული» ეტაპი დასრულებულა, «მარტივი» დაწყებულა და თავი შარში გაგვიყვია, იქნებ კარგად გავიაზროთ, რა წერია იმ 350-პუნქტიან დოკუმენტში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here