მთავარი პოლიტიკა ნეოლიბერალიზმის მამათმავლური ხიბლი

ნეოლიბერალიზმის მამათმავლური ხიბლი

710
გააზიარეთ

ტაილანდში ოპოზიცია ბობოქრობს, ინდონეზიაში _ ვულკანი, იტალიის სამხრეთში წყალდიდობაა, ჩრდილოეთში _ დიდთოვლობა, მიუნხენში მოკრივე კლიჩკო უკრაინის მთავრობას ზურგიდან ურტყამს, ჩვენი ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის მამობილ ამერიკელ სენატორ მაკკეინს ხვდება. ანომალიების აჯაფსანდალია გაუგებარი ქმედების სურნელებით შეზავებული.

 

ამ ფონზე ევროპამ თითქოს თვალები მოიფშვნიტა, გამოფხიზლდა, გაიხსენა, რომ ხალხია ქვეყნის ბატონ-პატრონი და საფრანგეთის ავანგარდული რაზმით შეუტია სოდომ-გომორის უბედურებას და უმუშევრობას, რაც, თუ რამ ჰყვავის და აღზევებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ეგაა.

ნეოლიბერალური მამათმავლური ხიბლისა და ფსევდოსოციალიზმის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა ისტორიულმა ლუტეციამ, ამჟამინდელმა პარიზმა.

26 იანვარს 50-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პარიზში «მრისხანების დღე» გამართა. თავსხმა წვიმის მიუხედავად, ათასობით ადამიანი გამოვიდა საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში. დემონსტრანტებმა მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება უმუშევრობის დასაძლევად და «ერთსქესიანთა კანონმდებლობის» გაუქმება.

განსხვავებით ქართველი საზოგადოებისგან,  რომლისთვისაც ევროპელი ნეოლიბერალების ცხვირის აბზუებამ და ჰომოფობიის დაბრალების პროვინციულმა შიშმა ლამის დამბლა დამართა, ფრანგებმა თავიანთი პრინციპული პოზიცია არ დათმეს.

საფრანგეთის ხელისუფლებამაც გამოაჩინა ბრჭყალები, კიევის მოვლენებისგან განსხვავებით, როცა უკრაინის ხელისუფლებამ რადიკალებს ხელი არ შეუშალა კიევის ცენტრის გატიალება-გაბინძურებასა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას დედაქალაქში თუ პერიფერიაზე, ფრანგულმა პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაარბია. აქციის 262 მონაწილე დააპატიმრა.

ფრანგებს უმუშევრობა და სოდომია მობეზრდათ

შუა იანვარში საფრანგეთის რეიტინგდაცემულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეკონომიკური კურსის მკვეთრი ცვლილების შესახებ განაცხადა. მისი პროგრამით, 3 წლის განმავლობაში საბიუჯეტო დანახარჯების 50 მილიარდი ევროთი შემცირებაა გათვალისწინებული.

ასეთი მკვეთრი ცვლილება პირველად ხორციელდება. ოლანდმა იცის, რაოდენ არაპოპულარულია ამ ღონისძიების განხორციელება და შეეცადა, დაერწმუნებია თანამემამულეები, რომ საფრანგეთის, როგორც მსოფლიო სახელმწიფოს, როლის აღდგენა ზედმეტად ხელგაშლილი სოციალური სისტემის დემონტაჟითაა შესაძლებელი. არადა, საპრეზიდენტო მარათონში ოლანდმა იმით გაიმარჯვა, რომ ამომრჩევლებს დაჰპირდა, პრინციპულად შეუტევდა «ფინანსურ სამყაროს», რომ მსხვილი კაპიტალი დაიბეგრებოდა 75-პროცენტიანი გადასახადით, რაც მთავრობას შესაძლებლობას მისცემდა, უპრობლემოდ დაეფინანსებინა მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენები, გაეზარდა მინიმალური ხელფასის დონე და ა. შ.

მოქალაქეთა ის ფენა, რომელიც საფრანგეთში ნაკლებად უზრუნველყოფილად არის მიჩნეული, საქართველოში სოციალურად დაუცველად არის წოდებული. ტერმინოლოგიური განსხვავება არაფერ შუაშია: იქ ნაკლებ უზრუნველყოფაზეა საუბარი, აქ _ დაუცველობაზე!

იქ მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს, აქ _ შეგუებულია. მოსახლეობაც და მთავრობაც.

ოლანდის სოციალიზმი გაქრა, როგორც შარშანდელი თოვლი. 2012-ის შემოდგომაზე საქართველოში სოციალიზმზე ლაპარაკიც არ ყოფილა, სიტყვაზე ნდობა იყო! შედეგი კი ორივეგან ნეგატიურია: დაიჩაგრა ის, ვინც ისედაც დაჩაგრული იყო.

გამწარებული ფრანგები ამბობენ, რომ სოციალისტური პარტია წამყვან ნეოლიბერალურ ძალად გადაიქცა, მსხვილი საფინანსო კაპიტალის ხელქვეითად.

ჩვენც ხომ არ გვემუქრება ამგვარი ფერიცვალება?

დაველოდოთ?!

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ განცხადებული რეფორმების პროგრამის თავიდათავი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის გაფორმებული «პასუხისმგებლობის პაქტია». ხელისუფლება კისრულობს, სერიოზულად შეუმციროს კომპანიებს შენატანები სოციალურ ფონდებში. ეს ხელს შეუწყობს მწარმოებლებს, 35 მილიარდი ევროთი შეუმცირდეთ საწარმოო ხარჯები. სანაცვლოდ, არნახული უმუშევრობის შესამცირებლად უნდა შექმნან მილიონი სამუშაო ადგილი. უმუშევრობა კი მართლაც ზღვარს მიღმაა გადასული: 2013 წლის III კვარტლის შედეგების მიხედვით 10,5 პროცენტს მიაღწია, ხოლო 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის _ თითქმის 25 პროცენტი გახდა. საფრანგეთში დღეს 3 მილიონზე მეტი უმუშევარია.

ეკონომიკის სუსტად განვითარების პირობებში უმუშევრობის შემცირება ეკონომისტებს პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნიათ. 2013 წელს საფრანგეთის მშპ, არსებული გათვლებით, სულ 0,2 პროცენტით გაიზარდა. ევროკომისიის ექსპერტების პროგნოზით, წლევანდელი ზრდა შარშანდელის იდენტური იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ სტაგნაცია გრძელდება, მაშასადამე, უმუშევრობის შემცირება ფუჭი დაპირებაა.

«პასუხისმგებლობის პაქტის» წინააღმდეგ გაილაშქრა საფრანგეთის პროფკავშირებმა, ხოლო საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ყოფილმა მინისტრმა ლორან ვოკიემ განაცხადა, რომ «სახეზეა სრულიად საფრანგეთის უკმაყოფილება _ ფერმერების, კომერსანტების, ხელოსნების, მოსამსახურეების».

ახალი კურსის წინააღმდეგ გამოვიდნენ მემარცხენე ძალები, მათ შორის, კომუნისტების ლიდერი ჟან-დიუკ მელანშონი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 11 პროცენტზე მეტი მიიღო, ხოლო ოლანდი მისი მხარდაჭერით იქნა არჩეული.

ეს _ მემარცხენეები.

მაგრამ მემარჯვენეებიც სერიოზულად არიან დაეჭვებულები, რომ პრეზიდენტი შეძლებს ამ კურსის განხორციელებას. საფრანგეთი სერიოზული შიგაპოლიტიკური კონფლიქტების წინაშე დგას.

Le Figaro 15 იანვარს წერდა: «პირველ წუთებში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ფრანსუა ოლანდი არის ჩერჩილისა და ბლერის ერთსახეობა. ასეთი ასოციაცია პრეზიდენტის დამაჯერებელმა ტონმა შეგვიქმნა, მისმა მოწოდებამ სიმტკიცისადმი. მაგრამ ეს შთაბეჭდილება წაიშალა, როგორც კი პრეზიდენტმა პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი. სახელმწიფო სახსრების ეკონომია კარგი საქმე რომ არის, გასაგებია. მაგრამ როგორ მოახერხებს ამას, ოლანდს არ უთქვამს… «ახალ სიმღერას» რომ ამბობდა, 50 მილიარდის ეკონომია 2017 წლამდეო, შესანიშნავია! მაგრამ ეს «სიმღერა» ფრანგებს, რამდენიმე თვეა, ესმით და გრძნობენ, რომ ეს ტვირთი საკუთარ მხრებზე დააწვებათ».

იტალიას ღვინომ და ევროკავშირმა ვერ უშველა, ახლა მასხარას იმედიღა აქვს

2013 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა კომიკოსმა ბეპე გრილომ ხმების 26 პროცენტი მიიღო და ქვეყნის უდიდესი პარტიის _ «ხუთი ვარსკვლავის» ლიდერი გახდა. მისი ამომრჩევლების საშუალო ასაკი 31 წელიწადია, მთავარი საორგანიზაციო იარაღი _ ინტერნეტი: მის ბლოგს, რომელიც იტალიის პოლიტიკური კლასის წინააღმდეგაა მიმართული, ყოველდღიურად მილიონზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი კითხულობს. ”ტვიტერშიც” მილიონზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს.

არჩევით კი აირჩიეს მასხარა თავის ამალასთან ერთად ქვეყნის პარლამენტში, მაგრამ ამან იტალიას არ უშველა. მართალია, ყურძნის შარშანდელმა მოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია _ 45 მილიონ ჰექტოლიტრს, რითაც გადაუსწრო საფრანგეთს, ესპანეთსა და აშშ-ს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ამით დიდი შეღავათი არ მიეცა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ ”იტარ-ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მის ქვეყანაში უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება, რომ ეკონომიკური კრიზისი უმეტესად  ახალგაზრდა თაობაზე აისახა და ყოველგვარი იმედი მოუსპო.

ვერც ნატოს, ვერც ევროკავშირის წევრობამ ვერ უშველა იტალიას და უამრავი პრობლემა კვლავ მარწუხებით ახრჩობს ქვეყანას: დიდი საგარეო ვალი, დაუსრულებელი ეკონომიკური ვარდნა, გალაღებული ბიუროკრატია და სოციალური უზრუნველყოფის არასაკმარისად სამართლიანი სისტემა, რაც მთავარია, უმუშევრობის მაღალი დონე ახალგაზრდობას შორის.

2013 წლის III კვარტალში იტალიის მშპ 1,8 პროცენტით შემცირდა. 2008 წლის შემდეგ მომხდარი ორი რეცესიის შემდეგ მშპ კრიზისამდელ, ანუ 2007 წლის IV კვარტლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით ნაკლები რჩება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იტალიის მშპ 2014 წლისთვის შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 0,4 პროცენტით, ხოლო 2015 წლისთვის _ არაუმეტეს 0,9 პროცენტისა. ქვეყნის რეიტინგი ისე დაეცა, რომ მხოლოდ ორი საფეხურიღა დარჩა . . ნაგვის რეიტინგამდე.

საგარეო ვალი კოლოსალურია _ შარშანდელი ნახევარი წლის მიხედვით 2,076 ტრილიონი ევრო, რაც მშპ-ს 130 პროცენტია, მაშინ, როცა მაასტრიხტის ხელშეკრულებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 60 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს.

2013 წლის ივნისის ბოლოს ინგლისურ The Financial Times-ში გამოქვეყნებული  მასალის მიხედვით კრიზისს სათავე დაედო იტალიის ევროზონაში გადასვლის წინ განხორციელებული ოპერაციით, სახელმწიფო დეფიციტის მოჩვენებითი შემცირებისთვის რომ იყო გამიზნული. ამ «მიწერის» წყალობით იტალია ევროზონაში კი შევიდა, მაგრამ ახლა მთავრობა იძულებულია მრავალმილიარდიანი ვალი გაისტუმროს იმ ოპერაციის საფასურად.

იზრდება ვალი, იზრდება უმუშევრობა, რომელმაც 2013 წლის ოქტომბერში 12,5 პროცენტს მიაღწია, უმუშევართა საერთო რაოდენობამ კი _ 3,198 მილიონს. საერთაშორისო სარეიტინგო ასოციაცია &P- გამოთვლით, უმუშევრობის ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, 2-3 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული.

სამათხოვრო შემწეობა

იტალიაში, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, უმუშევრები შემწეობებს იღებენ. იმ მუშაკების შემწეობა, რომელთა ხელფასი თვეში 2014 ევროს არ აღემატებოდა, 931 ევროა დაწესებული, მათთვის კი, ვინც 2014 ევროზე მეტს იღებდა _ 1119 ევრო, გადახდის ვადა 240 დღითაა განსაზღვრული. თუ დათხოვნის მომენტისთვის მუშაკი 50 და მეტი წლისა იყო, ეს ვადა 360 დღემდე იზრდება. შემდეგ კი ყველამ თავის თავს თვითონ უშველოსო.

უარესადაა საქმე ახალგაზრდობის უმუშევრობაში. პრობლემა მხოლოდ რაოდენობა კი არ არის, რაც თავისთავად 41,2 პროცენტია, არამედ ის, რომ სკოლის და უმაღლესის კურსის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები სამუშაოს ვერ პოულობენ და ბედის ანაბარა რჩებიან _ არც სამუშაო, არც უმუშევართა შემწეობა!

«ახლანდელ ახალგაზრდებს არ ექნებათ ის ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. ამიტომ გაურთულდებათ ცხოვრება: სამუშაო ადგილის პოვნა იქნება ეს თუ ბინის ყიდვა, ოჯახის შექმნა თუ შვილების ყოლა და გაზრდა», _ ასკვნიან მილანის ბოკონის უნივერსიტეტის სოციოლოგები 2013 წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით. მათი კატეგორიული აზრით, სახეზეა «ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა».

2013 წელს 106 ათასმა იტალიელმა დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოს საძებრად.

უმუშევრობა გაღატაკებას იწვევს. სიღარიბის დონით იტალია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ჩემპიონი საბერძნეთია.

საფრანგეთში გაღატაკების რისკი მოსახლეობის 19,1 პროცენტს ემუქრება, გერმანიაში _ 19,6 პროცენტს, ფინეთში _ 17,2 პროცენტს, ჰოლანდიაში _ 15 პროცენტს. საფრანგეთში გაღატაკების საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობის 29,9 პროცენტი, საბერძნეთი 34,6 პროცენტით აქაც ჩემპიონობს.

სადაა ხელის გამწვდენი და დამხმარე?

რით უდგას მხარში წევრ ქვეყნებს ევროკავშირი?

პასუხის მჭევრმეტყველი გამცემი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მოიძებნება, მაგრამ რა ვუყოთ პროცენტულ მაჩვენებლებს, რომლებიც ისეთივე რეალობაა, როგორც თბილისის ქუჩებში ხელგაწვდილი მათხოვრები?

ეს პროცენტები ისე გთრგუნავს, როგორც ნაგვის ურნებში თავჩარგული ადამიანების მიერ ნარჩენების ქექვით საარსებო საშუალების პოვნის ეფემერულობა.

არადა, საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, ევროკავშირისა, რომლისკენაც ხელებაპყრობილი მივემართებით.

ალილუია!

არმაზ სანებლიძე

უცხოური პრესაში გამოქვეყნებული მასალების

მიხედვით

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ოსეთი და აფხაზეთი რომ ააყვავა რუსეთმა ისე ჯობია ავყვავდეთ რა ევროპა? სტატია ასე გავიგე.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბიძინა ივანიშვილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here