Home რუბრიკები სამართალი რას ფიქრობენ პატიმრები წიწაკის გაზსა და დამაწყნარებელ სკამზე

რას ფიქრობენ პატიმრები წიწაკის გაზსა და დამაწყნარებელ სკამზე

1075

როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში ჩავარდა. თუ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში პატიმრები სასტიკ მოპყრობაზე წუწუნებდნენ, ახლა ვითარება  შეცვლილია და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში «პარადი» სწორედ პატიმრებს მიჰყავთ. სოზარ სუბარი კი ამტკიცებს, სიტუაცია სხვაგვარიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ციხეებში წესრიგი ისევ არ არის და  ამის მიზეზი პარლამენტში  წარდგენილი ახალი კანონპროექტი უნდა იყოს.

 

პარლამენტში წარდგენილ «პატიმრობის კოდექსში» შესატანი ცვლილებების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება დასაშვები.

პროექტი, ბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, ითვალისწინებს პატიმრის მიმართ ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლმდენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი, ცხენი….

საინტერესოა, რას ფიქრობენ თვითონ პატიმრები ამ საკითხზე. «საქართველო და მსოფლიოს» აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების ერთერთი, ნახევრად ღია დაწესებულების . . მაყურებელი ესაუბრა.

_ პირველ რიგში, იმას გკითხავ, რატომ არიან მაყურებლებით უკმაყოფილო პატიმრები. ადრე თითქოს ასე არ იყოარადა, ეს «ინსტიტუტი», როგორც ვიცი, სულ არსებობდა.

_ და ის ჯობდა, აბა, წინა ხელისფულება რომ აკონტროლებდა მაყურებლებსაც და, საერთოდ, ყველაფერს? «არესტანტზე» «არესტანტი» უფრო იფიქრებს თუ «ნადზირატელი»?

_ იმას კი არ გეკითხები, ადრე რა იყო, ახლა რატომ არიან უკმაყოფილონიმეთქი.

_ ვინც მაგას ამბობს, «კრისაა». «ნაციონალების» დროს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული _ ბოზები ბლატაობდნენ. წარმოიდგინეთ, კაცი ან ბარიგობაზე იჯდა, ან არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე და ხმას იღებდა რა. ახლა ასე აღარ არის, ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.

_ ადგილის მიჩენაში რა იგულისხმება?

_ რას ჰქვია, რა იგულისხმება? თუ პატიოსანი კაცი ხარ, ნუ ჩაერევი, კაი ბიჭები რას იზამენ და რას იმოქმედებენ. თუ «კაზიოლი» ხარ, შენი საქმე აკეთე. ზოგადად, ქურდების არყოფნის შემდეგ აირია ყველაფერი, თორემ მაშინ მართლა თავისი სახელი ერქვა ყველაფერს.

_ იცი, რა მაინტერესებს? ადმინისტრაციამ ხომ იცის, რომ შენ ხარ ამ კონკრეტული ზონის მაყურებელი?

_ იცის.

_ ისიც ხომ იცის, რომელ ზონაში არიან ეს მაყურებლები და ვინ არიან?

_ წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც მხოლოდ გლდანის ციხეს არ ჰყავდა მაყურებელი. სხვაგან, ყველგან იყო მაშინაც და ახლაც  იქნება.

_ ჰოდა, თუ იციან, მუხლი რომ არის «ქურდული სამყაროს წევრობისთვის», რატომ არ გიყენებენ?

_ ნახევარზე მეტი «კაი ბიჭია» და მაშინ პატიმრების 70 პროცენტს უნდა დაუმატონ სასჯელი. ასე კიდევ არ გამოვა, რა… ადმინისტრაციას ის ურჩევნია, რამდენიმე მაყურებელს ელაპარაკოს, ვიდრე მთელ ზონას.

_ ანუ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობთ?

_ ეს თანამშრომლობა არ არის, ურთიერთობა გვაქვს, პატიმრების უკეთეს ყოფაზე ვზრუნავთ. ჩვენ გვეუბნებიან პატიმრები, რა უჭირთ და ჩვენც ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად ვაგვარებინებთ ამ პრობლემებს.

_ ერთი კონკრეტული მაგალითი შეგიძლია მითხრა?

_ მაგალითად, ვინმეს ოპერაცია სჭირდება ან გარედან ვინმეს დიდი ამანათი მოუტანეს და არ უშვებენ. არადა, არიან პატიმრები, რომელთაც წელიწადში ერთხელ აკითხავენ და, რაც მოაქვთ, ადგილამდე ხომ უნდა მოვიდეს? კიდევ…

_ მოიცა, ამბობ, რომ მაყურებლები წყვეტთ, ვის უნდა გაუკეთონ ოპერაცია და ვის _ არა?

_ არა, ჩვენ, უბრალოდ, ვერევით, რომ პროცესი დაჩქარდეს. ექიმები კი სვამენ დიაგნოზს, რომ ეს კაცი საოპერაციოა, მაგრამ მნიშვნელობა ხომ აქვს, ერთ კვირაში წაიყვანენ საოპერაციოდ თუ ორ თვეში?

_ ექიმი არ ამბობს, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა?

_ ამბობს, მაგრამ ვინ უსმენს? ადმინისტრაციამ თუ «დაბრო» არ თქვა, რომ კვდებოდე, არსადაც არ წაგიყვანენ. დაწერს ზონის უფროსი, რომ ამ პატიმრის გაყვანა არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, გაქცევა სცადოს და დამთავრდა.

_ გვითხრეს, ზონაში თამაშობენ და წაგებულის ოჯახის წევრი მოგებულის ახლობელს ფულს გარეთ აბარებსო

_ კი, ასეც ხდება ხანდახან, მაგრამ ეს ზონასთან რა კავშირშია? ვიღაცას თუ თამაში უნდა და იმის იმედი აქვს, რომ გარედან გადაუხდიან, რა პრობლემაა? რატომ უნდა დავუშალო?!

_ ვიღაცები იმასაც ჩივიან, მაყურებლები გვცემენო

_ თუ პატიმარი თავისი მოქმედებით მასას ვნებს და «პალაჟენიას» აფუჭებს, კი უნდა გაილახოს ხანდახან.

  _ ახალ კანონპროექტზე რას ფიქრობწიწაკის გაზით დაგაწყნარებენ მალე

_ ამას წინათ საავადმყოფოში ჰყავდათ ერთი წაყვანილი და უკან მოიყვანეს ისე, რომ არ უმკურნალეს. ექიმს აგინა და იცი, რატომ? _ ექთანს უთხრა თურმე, ცოცხი გაიტანე ოთახიდან, პატიმრებში ცუდ ასოციაციას იწვევსო. «ეიაზვა» რა. ამანაც აგინა. აქ რომ წიწაკის გაზითა და ხელკეტებით შემოვიდნენ, კარგი არაფერი მოხდება. პატიმრების ცემა-ტყეპამ სადამდე მიიყვანა წინა ხელისუფლება, კი ხედავთ კარგად. იმათ არ ჰქონდათ უფლება და ყველაფერს იყენებდნენ, ამათ კიდევ დაკანონება უნდათ და ვნახოთ, აბა, რა გამოვა.

ესაუბრა

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here