Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ გადააყოლა ახალმა ხელისუფლებამ ამომრჩევლის ოცნება და იმედი ნაციონალებთან სიამტკბილობას?

რატომ გადააყოლა ახალმა ხელისუფლებამ ამომრჩევლის ოცნება და იმედი ნაციონალებთან სიამტკბილობას?

497

ვაჰ, დრონი, დრონი! ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკაში წაკითხულ ლექციებს შორის შუალედში სააკაშვილი მიუნხენში ჩაქანდებოდა, რათა ამერიკელ კონგრესმენებს იქ მაინც შეხვედროდა? ან იმას თუ ივარაუდებდა ვინმე, რომ პრეზიდენტყოფილი მიშა ჟურნალისტებს ამას ეტყოდა: «მე საერთოდ პოლიტიკას ჩამოვშორდი, რაც ხდება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკა. ნუ ჩამრევთ».

 

ახლა კი არა, იმთავითვე რომ არ ჩარეულიყო პოლიტიკაში, ჩვენთვისაც აჯობებდა და მისთვისაც, მაგრამ ახლა უკვე «რუსთავი 2»-დან პოლიტიკაში ჩარეულმა ირმა ნადირაშვილმა ისე გულისამაჩუყებლად გვამცნო, სააკაშვილი კლიჩკომ დაპატიჟაო, რომ ნათელია – სხვა დამპატიჟებელი სააკაშვილს აღარავინ დარჩა, ტაფტის ინსტიტუტის გარდა.

აბა, გამოიცანით, რა ახალი რიტორიკით გამოიჩინეს თავი ოფიციალურად დაპატიჟებულმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა? გამოცანა გერგებათ! რა თქმა უნდა, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის ქვეშევრდომული ერთგულების მტკიცებით!

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება: «ერთერთი მთავარი და ძირითადი თემა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ნატო მომავალი სამიტი იყო, ასევე ის შანსები, რომლებიც საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს აქვთ, რათა სოლიდური ნაბიჯები გადავდგათ წინ მეტი ინტეგრაციისკენ. ვისაუბრეთ, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს საქართველოს დღეს, ასევე საქართველოს შეერთებას სწრაფი რეაგირების ძალებში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სამხედროების ინტეგრაცია _ ეს პოლიტიკურ დაახლოებასა და საქართველოსა და ნატოს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციას მოიტანს».

უბრალო ენაზე რომ ვთარგმნოთ, ხომ ხედავთ, რამდენ ჯარისკაცს ვაგზავნით თქვენების მაგივრად ცხელ წერტილებში და დაგვიფასეთ, ბიძია-ბაბუებოო!

სესიას, რომელზეც სიტყვით პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამოვიდა, ერთობ მრავლისმთქმელი სახელწოდება ჰქონდა:  «გლობალური ძალაუფლება და რეგიონული სტაბილურობა». საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელსაც შინ პრობლემები ჯერაც ვერ მოუგვარებია, ახლა «გლობალურ ძალაუფლებაში» ჩართვას ლამობს! პოლიტკორექტულობას რა ვუთხრა, თორემ ამაზე ერთი ძველი ქართული ანდაზა გვაქვს, ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა… 

კონფერენციის მონაწილეებს ღარიბაშვილმა დეტალურად აუხსნა, თუ როგორ «თანაცხოვრობდნენ» 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ძველი და ახალი ხელისუფლება და როგორ შეძლეს, «მშვიდობიანად გაძღოლოდნენ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესს». მერე რა, რომ ამომრჩევლის უმრავლესობას ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი ეს «თანაცხოვრება», მთავარი ხომ ის არის, რომ დასავლეთი სწორედ ამ სიტყვებს და შეფასებებს ელის…

«ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას. ჩვენ ნამდვილად ჩავატარეთ სამართლიანი, თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები. ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი გამოკვლევა მოწმობს, რომ 85%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის მხარს უჭერს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის პროცესს. ეს პროცესი ნამდვილად შეუქცევადი გახდა. საქართველოს სწრაფვა, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ იმავე ფასეულობებს ვიზიარებთ და მივისწრაფვით, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ეს სწრაფვა დიდი ხანია ჩვენს გულებში და გონებაშია», _ დასძინა ღარიბაშვილმა.

ერთი სიტყვით, იპოვეთ განსხვავება «ნაციონალებისა» და «ოცნების» მთავრობის რიტორიკაში! ვერ იპოვით, მაგრამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ახლებს არ დაუფასეს ერთგულების «ინდექსი» და მყისიერად მოჰყვნენ მათ კრიტიკას.

გიორგი კანდელაკმა ჯერ არასწორად დასმულ პოლიტიკურ აქცენტებზე იქილიკა, მერე კი იმაზე იხალისა, რომ შტეფან ფულემ ღარიბაშვილს სიტყვა გააწყვეტინა: «უკრაინაზე კომენტირებისას მხოლოდ ძალადობა დაგმო და მეტი არაფერი. არ დაუჭირა მხარი უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს და თქვა, იმედია, ყველა მხარე, მათ შორის, ევროკავშირი და რუსეთი, იპოვიან გამოსავალსორითაც ძალაუნებურად აღიარა გავლენის სფეროთა კონცეფცია! რატომ უნდა ელაპარაკოს ევროკავშირი უკრაინის მომავლის შესახებ რუსეთს??? მაშინ საქართველოს მომავალიც უნდა შეუთანხმოს, ასე არ გამოდის? წელთაღრიცხვა 2012-დან იწყება _ რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის ინტერესშიაომოკლედ, საერთოდ აცდა დისკუსიის კონტექტს და ამ წამს ფულემ გააწყვეტინა, დროზე დაამთავრეო»…

მკრეხელობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისტორია 2003 წლიდან იწყება, ღარიბაშვილმა კი «აღმშენებლობის» 9 წელი გამოტოვა!

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი იმას იწუნებს, რომ «პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვა ევროპულ მომავალზე არა ზოგადი სიტყვებით,  არამედ  უფრო ფართოდ უნდა გაეჟღერებინა».

არასამთავრობო ორგანიზაცია «გრასის» ერთ-ერთი დამფუძნებლის _ ელენე ხოშტარიას შეფასებით, პრემიერმა აღნიშნული სტრატეგიული ფორუმი ვერ გამოიყენა და მისი დრო წვრილმანებზე საუბარს დაუთმო. «საუბრობდა კოჰაბიტაციაზე, ერთ წელზე, ისეთ წვრილმანებზე, რომლებიც არ იყო საინტერესო. დიდ სტრატეგიულ კონტექსტში აბსოლუტურად ვერ ჩასვა ეს სურათი».

«ნაცებისთვისაც» თუ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანია ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია და მათი დაუსჯელად პარპაში, ახლა ხალხს ჰკითხონ! და თუ ეს მართლაც ასე უმნიშვნელოა, მაშინ რატომ გადააყოლა ახალმა ხელისუფლებამ ამომრჩევლის ოცნება და იმედი «ნაციონალებთან» სიამტკბილობას?

ხოშტარიას აზრით, პრემიერმა ვერ გამოიყენა ეს ფორუმი. «ერთი მიზეზი იყო მისი გამოუცდელობა, რაც ნაწილობრივ აისახა გამოსვლაზე. როცა ვსაუბრობდით, რომ ექსპერიმენტია ასეთი ადამიანის დანიშვნა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, აქ იგულისხმებოდა ის, რომ ამ ექსპერიმენტს სწორედ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმებზე ვაწყდებით. გამოცდილების მიღებას წლები სჭირდება».

კარგი, რა! ახლა გახდა საჭირო წლები გამოცდილების შესაძენად? თქვენ რომ წამოსკუპდით მაღალ-მაღალ სკამებზე, მაშინ გამოცდილება სულ არ იყო საჭირო?! თუმცა მეორე მიზეზი კიდევ უფრო საყურადღებოა: «მეორე მიზეზი არის ის, რომ მას გუნდიც არ ჰყავს, რომელიც გაიაზრებდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ეს ფორუმი». მოკლედ, ჩვენ ვართ ასეთი გუნდი და უჩვენოდ  წარმატება არ გიწერიათო!

იქნებ სწორედ ამიტომაა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გამოტენილი «ნაციონალური» კადრებით? ბატონო პრემიერმინისტრო, ეგენი რომ გვდომებოდა ისევ, 1 ოქტომბერს ხუთ ნომერს ვერ შემოვხაზავდით?

საკადრო საკითხზე «ტაბულას» რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც არიგებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: «გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგი სამი წელი (თუ რამდენიცაა 2016 წლის არჩევნებამდე), სასურველია, ხელისუფლება არ შეიცვალოს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ტრადიცია შენარჩუნდეს, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილს ვთავაზობთ შემდეგს: შევკრებ საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების მცოდნე 10 ადამიანს (ვისაც მე შევარჩევ, დამიჯერეთ, უკეთესს ვერავინ შეგირჩევთ) და მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტამდე, პრემიერს დაბრიფავენ, ანუ მოამზადებენ. გვინდა, არ გვინდა, ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და საჭიროა, მომზადებული იყოს, რომ პირი არ დააღოს და არ გვაზარალოს. გადადეთ გვერდზე პატივმოყვარეობა და დამთანხმდით», _ წერს ჩერგოლეიშვილი.

ერთი სიტყვით, ეს ჯგუფი უმრავლესობაშია თუ უმცირესობაში, მაინც მან უნდა მართოს ქვეყანა, რასაც «მეოცნებე» ხელისუფლების წყალობით ახერხებენ კიდეც. აბა, სხვას რას უნდა დავაბრალოთ, რომ მთელი ქვეყნის დამტერორებელი პროკურატურა უეცრად «უკბილო» (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და უსუსური გახდა? პროკურატურის მოსამსახურე სასამართლო ერთი ხელის მოსმით გახდა დამოუკიდებელი? ყველა სამსახურში ძველი სახეები დარჩნენ და ვითომ დასჯილ ძველ კადრებს ძალოვან სტრუქტურებში ისევ აწინაურებენ. ბნელა? თუ იმის იმედი გაქვთ, რომ ასეთ «შემწყნარებლობას» დაგიფასებენ ნაცისტები?

ნუ ხართ ილუზიაში; ეგ ის ხალხი არ არის, ან რამე მოგიწონოს, ან სიკეთე დაგიმახსოვროს. როგორც არ უნდა ეცადოთ დასავლეთისთვის ერთგულების დამტკიცებასესენი მაინც რუსეთუმეებს და კრემლის აგენტებს დაგიძახებენ! მათსავით ვერავინ ელაციცება დასავლეთს. ამით მაინც მიხვდით, ბატონებო, რომ ცუდ გზას ადგახართ; რამდენიც უნდა შეეჯიბროთ, დასავლეთისთვის ერთგულების მტკიცებაში თქვენ მაგათ ვერ აჯობებთ, ხოლო მადლობის მაგიერ ასეთ ეპითეტებს დაიმსახურებთ: «უსუსური», «არაპროფესიონალური», «რუსეთის გაღიზიანების შიში ჰქონდა», «მოერიდა», «მიაფუჩეჩა», «არ ახსენა ნატო, როგორც ჩვენი არჩევანი», და ა. შ.

მიუნხენში 1938 წელს დიდი გარიგება მოხდა. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სანქცია მისცეს ჰიტლერს, რათა მას ჩეხოსლოვაკიის მიწები მიეტაცებინა. თავად ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი ამ გარიგებას არ დაასწრეს. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფაშისტური გერმანიის გაძლიერებას და მოგვიანებით _ მთელი ევროპის დაპყრობას. «ნაციონალების» მიერ ფაშისტებთან გაიგივებული საბჭოთა ჯარი რომ არა, სად იქნებოდა დღეს საფრანგეთი ან ბრიტანეთი, არავინ იცის.

დღეს «ნაციონალები» უკრაინის საკითხთან რუსეთის არმიშვების პოლიტიკას «აწვებიან». მათ მსოფლიო ისტორია ისევე იციან, როგორც სააკაშვილმაგეოგრაფია. თუ «ქართული ოცნება» «ნაციონალების» ხიბლიდან არ გამოვა და მათ თამაშს განაგრძობს, ეს საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.

ჩვენი ადგილობრივი ევროინტეგრატორები იმ დავალებას ასრულებენ, რომელიც მიუნხენში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაახმოვანა: «უკრაინამ უნდა აირჩიოს, ვისთან იყოს _ მთელ მსოფლიოსთან თუ ერთ ქვეყანასთან». იმ «ერთი ქვეყნის» პრზიდენტმა 2007 წელს იმავე მიუნხენში მკაფიოდ განაცხადა, რომ ერთპოლარული მსოფლიო აღარ იარსებებს. დღეს ექსპერტებად ქცეულ «ნაციონალებს» სმენის და გაგების უნარი რომ ჰქონოდათ, 2008-ში იმას არ მოიმოქმედებდნენ, რაც ჩაიდინეს.

ახლა 2014 წელია და აშშის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის, რომელიც მიუნხენში მისი თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლისთავისთვის გამართულ ფურშეტზე მიდიოდა, გერმანელებმა «მკვლელი» და «ომის გამჩაღებელი» უძახეს. ვისვის და გერმანელებს «ომის გამჩაღებლის» ცნობა არ უჭირთ. ქართველებისგან განსხვავებით, მათ საკუთარი ისტორია ზედმიწევნით კარგათ იციან და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.

ჩვენ კი ვერაფერი ვისწავლეთ; საქართველოში საკუთარი «მიუნხენის გარიგება» ხდება _ ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს ქართველი ხალხის ზურგსუკან ურიგდება. ახლებიც იმავე გზას ადგანან, რომელსაც ძველები და მთელი სახელმწიფო მანქანაც ისევ «ნაციონალების» კლანჭებშია. დასავლეთის მიმართ ქვეშევრდომული დამოკიდებულება არ შეცვლილა და ამიტომაც არის, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის თანამეცხედრე დაუფარავად სთავაზობს პრემიერმინისტრს დახმარებას მის მიერ შერჩეული «საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების მცოდნე 10 ადამიანს (ვისაც მე შევარჩევ, დამიჯერეთ, უკეთესს ვერავინ შეგირჩევთ)»!

ფრთხილად, ბატონო პრემიერო, თორემ ეგენი მართლაც «დაგბრიფავენ», ანუ «მოგამზადებენ», ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რისთვის!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ეეჰ,ქალბატონო თამარ,ვერ ხვდებით,რომ ამასაც ეგ უნდა რომ დაგრიფონ"?მე მგონი დროა მოვემზადოთ ერთადერთი მოთხოვნით:დანიშნეთ,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!მიიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კუკური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here